გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• აღდგებიან არშობილი ბავშვები?
ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისას იწყება. რა ეტაპზეც არ უნდა შეწყდეს ადამიანის სიცოცხლე, იეჰოვას შეუძლია ნებისმიერის აღდგენა, რადგან „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარ. 10:27). თუმცა ბიბლიაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, აღადგენს თუ არა ღმერთი არშობილ ბავშვებს (4/15, გვერდები 12, 13).
• რას ვსწავლობთ ჭიანჭველებისგან, დამანებისგან, კალიებისა და გეკონისგან?
ოთხივე მათგანი ინსტინქტურად ბრძენია და ღვთის სიბრძნეს ირეკლავს (იგავ. 30:24—28) (4/15, გვერდები 16—19).
• რატომ არის 1909 წელი ღირსშესანიშნავი იეჰოვას მოწმეებისთვის?
1909 წელს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველო პიტსბურგიდან (პენსილვანია, აშშ) გადავიდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) და დღემდე იქ ფუნქციონირებს (5/1, გვერდები 22—24).
• ბიბლიის თანახმად, რა დადებითი მხარეები აქვს დუმილს?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დუმილი შეიძლება იყოს პატივისცემის ნიშანი, ფიქრის ხელშემწყობი და გონიერებისა და გამჭრიახობის მაჩვენებელი (ფსალმ. 37:7; 63:6; იგავ. 11:12) (5/15, გვერდები 3—5).
• რა ჰქონდათ საერთო ჯონ უიკლიფს, უილიამ ტინდალს, რობერტ მორისონსა და ადონირამ ჯუდსონს?
თითოეულ მათგანს უყვარდა ღვთის სიტყვა და ის უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე თარგმნეს. უიკლიფმა და ტინდალმა ინგლისურად თარგმნეს ბიბლია, მორისონმა — ჩინურად, ხოლო ჯუდსონმა — ბირმულ (მიანმა) ენაზე (6/1, გვერდები 8—11).
• იუდას რამდენი მეფე ავლენდა განსაკუთრებულ მოშურნეობას ღვთის სახლისადმი?
იუდას სამხრეთი სამეფოს ცხრამეტი მეფიდან მხოლოდ ოთხი ავლენდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი განსაკუთრებულ მოშურნეობას. ესენი იყვნენ: ასა, იეჰოშაფატი, ხიზკია და იოშია (6/15, გვერდები 7—11).
• მონაწილეობს სულიერი საზრდოს მომზადებაში დედამიწაზე მყოფი ყველა სულითცხებული ქრისტიანი?
არა. ყველა ღვთის სულითცხებული ქრისტიანი ერთგული და გონიერი მონის კლასს მიეკუთვნება, მაგრამ სულიერი საზრდოს მომზადებას ცხებულებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო ზედამხედველობს (6/15, გვერდები 22—24).
• რატომ მოეწონათ რომაელ ჯარისკაცებს იესოს სამოსელი?
როცა ჯარისკაცებმა იესო ბოძზე გააკრეს, მისი სამოსელი არ გაყვეს ნაწილებად. ჩვეულებრივ, ასეთი სამოსელი შეკერილი იყო ორი ნაჭრისგან, მაგრამ იესოს სამოსელს ნაკერი არ ჰქონდა, ამიტომ ის მეტად ფასობდა (7/1, გვერდი 22).
• რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს რელიგიური წინამძღოლებისგან ხალხის სიყვარული განასხვავებდა?
რელიგიურ წინამძღოლებს კი არ უყვარდათ უბრალო ხალხი, არამედ სძულდათ. უფრო მეტიც, მათ არც ღმერთი უყვარდათ. იესოს უყვარდა მამა და ხალხისადმი სიბრალულს გრძნობდა (მათ. 9:36). ის მათდამი სითბოს, თანაგრძნობასა და სიკეთეს ავლენდა (7/15, გვერდი 15).
• რატომ შეიძლება წარმოშვას სირთულეები ოჯახში ფულის ხარჯვამ და რა დაეხმარება წყვილს ამ მხრივ?
უთანხმოებამ შეიძლება უნდობლობის, შიშისა და იმის გამო იჩინოს თავი, რომ წყვილი განსხვავებულ ოჯახებშია აღზრდილი. დამხმარე იქნება შემდეგი ოთხი რჩევა: ისწავლეთ, მშვიდად ილაპარაკოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეთანხმდით, რაში დახარჯავთ შემოსავალს, შეადგინეთ ოჯახის ბიუჯეტი და გადაწყვიტეთ, ვინ რას გააკეთებს (8/1, გვერდები 10—12).