ასწავლეთ შვილებს
ნუ ჩაგთვლემთ!
ალბათ, კარგად იცი, რომ გაკვეთილებზე არ უნდა ჩაგთვლიმოს. ბევრ მოსწავლეს კლასში ეძინება, მაგრამ თუ სწავლა გინდა, მათ არ უნდა მიჰბაძო. შეიძლება კრების შეხვედრებზეც დადიხარ, სადაც ბიბლიას სწავლობ.
რა უნდა გააკეთო, რომ არ ჩაგეძინოს? ~a დასაძინებლად ადრე უნდა დაწვე. შეგიძლია შუადღისითაც წაუძინო. მოდი, ვნახოთ, რა დაემართა ერთ ახალგაზრდას გვიან ღამით, როცა პავლე მოციქული ესაუბრებოდა შეკრებილთ. წაიკითხე ბიბლიაში საქმეების 20:7—12.
იმ დროს პავლე კრებას ინახულებდა ზღვისპირა ქალაქ ტროაში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ პავლე „მეორე დღეს წასვლას აპირებდა“ ხომალდით. ამიტომ, მას „სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა“. შემდეგ კი ვკითხულობთ: „როცა პავლე ლაპარაკობდა, ერთ ბიჭს, სახელად ევტიქეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა, ძილი მოერია, [და] ღრმად ჩაეძინა“. რა მოხდა შემდეგ? ~
ევტიქე ფანჯრიდან, „მესამე სართულიდან გადმოვარდა“. პავლე და მასთან მყოფნი სწრაფად ჩავიდნენ დაბლა. ევტიქე მიწაზე უკვე მკვდარი ეგდო. წარმოგიდგენია, როგორ დამწუხრდებოდა ყველა?! ~ ბიბლიაში წერია, რომ პავლე ევტიქეს მოეხვია. ალბათ, მოციქული სიხარულით წამოიძახებდა: „დაწყნარდით, ყველაფერი კარგად არის!“ ღმერთმა ევტიქე გააცოცხლა.
რა შეგიძლია ისწავლო ღმერთზე ევტიქეს შემთხვევიდან? ~ იეჰოვა ღმერთს, ჩვენს ზეციერ მამას შეუძლია მკვდრების გაცოცხლება, მათ შორის ბავშვების. იეჰოვას ესმის შენი და უფრო მეტადაც უყვარხარ, ვიდრე შენს მშობლებს. როდესაც იესო დედამიწაზე მსახურობდა, პატარებს გულში იკრავდა და ლოცავდა. მან აგრეთვე გააცოცხლა ბავშვები, მათ შორის 12 წლის გოგონაც.
როგორ მოქმედებს შენზე იმის ცოდნა, რომ ზეციერ მამას უყვარხარ? ~ ეს აღგვძრავს, ჩვენც გვიყვარდეს იეჰოვა და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ის გვეუბნება. იცი, როგორ შეგვიძლია მის მიმართ სიყვარულის გამოვლენა? ~ თუ ყველას წინაშე ვიტყვით, რომ გვიყვარს ღმერთი. იესომ თქვა: „მამა მიყვარს“. მაგრამ იესო არა მხოლოდ ამბობდა, რომ მამა უყვარდა, არამედ ამას საქმითაც ამტკიცებდა.
იესო ემორჩილებოდა ღმერთს. იგი ამბობდა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“. თუ ყოველთვის იმას გავაკეთებთ, რაც იეჰოვას და მის ძეს, იესოს, სიამოვნებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ არ ჩაგვთვლიმოს მაშინ, როცა სიფხიზლის შენარჩუნებაა საჭირო.
წაიკითხე შენს ბიბლიაში
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.