გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
რა სარგებლობას მოგვიტანს სოლომონის გამაფრთხილებელი მაგალითის გათვალისწინება?
ღმერთმა აკურთხა მეფე სოლომონი და თავისი ნების შესასრულებლად გამოიყენა. მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში მან უგულებელყო ღვთის მითითება. სოლომონმა ცოლად შეირთო ფარაონის წარმართი ქალიშვილი. მას ბევრი ცოლი ჰყავდა, რომლებმაც სოლომონს თანდათანობით ცრუ თაყვანისმცემლობა დააწყებინეს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დროთა განმავლობაში არასწორი სურვილები და მიდრეკილებები არ განგვივითარდეს (კან. 7:1—4; 17:17; 1 მეფ. 11:4—8) (12/15, გვერდები 10—12).
რატომ შეიძლება ვუწოდოთ სარას ღვთისმოშიში ქალი და ძვირფასი ცოლი?
როცა ღმერთმა აბრაამს ქალაქ ურიდან წასვლა უბრძანა, სარასთვის ეს ოჯახისა და მეგობრების დატოვებას ნიშნავდა. მან არ იცოდა, როგორი ცხოვრება ელოდა წინ. მიუხედავად ამისა, სარა მხარს უჭერდა თავის მეუღლეს და დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი აკურთხებდა მას. ის პატივს სცემდა აბრაამს და შესანიშნავ თვისებებს ავლენდა (1/1, გვერდი 8).
რატომ სთხოვა იეჰოვამ აბრაამს, მისთვის საყვარელი შვილი შეეწირა?
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღმერთმა არ მისცა აბრაამს ისაკის შეწირვის ნება. ეს იმის მაგალითი იყო, თუ რა ძვირად დაუჯდებოდა ღმერთს თავისი საყვარელი ძის, იესოს, მსხვერპლად გაღება (1/1, გვერდი 23).
რა ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის იყვნენ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები დედამიწაზე?
„ხორბალსა“ და „სარეველაზე“ იესოს იგავში „კარგი თესლი“ ნიშნავს „სამეფოს ძეებს“ (მათ. 13:24—30, 38). სარეველა ხორბალთან ერთად უნდა გაზრდილიყო მკამდე. ცხადია, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვინ მიეკუთვნებოდა ხორბლის კლასს, მაგრამ ისინი პირველი საუკუნიდან დღემდე ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ (1/15, გვერდი 7).
რა მოვლენები უძღვის წინ არმაგედონს?
ერები მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ (1 თეს. 5:3). მთავრობები გაილაშქრებენ ცრუ რელიგიის წინააღმდეგ (გამოცხ. 17:15—18). ისინი იერიშს მიიტანენ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე. ამის შემდეგ დადგება აღსასრული (2/1, გვერდი 9).
როგორ დავძლიოთ შური?
შურის დაძლევაში დაგვეხმარება შემდეგი რჩევები: განივითარეთ სიყვარული და ძმათმოყვარეობა, ურთიერთობა იქონიეთ ღვთის ხალხთან, ეცადეთ, აკეთოთ კარგი და „მოხარულებთან იხარეთ“ (რომ. 12:15) (2/15, გვერდები 16, 17).
ვინ ლაპარაკობს ნაუატლი ენაზე და რა კეთდება მათთვის?
ამ უძველეს აცტეკების ენაზე დღემდე 1,5 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მექსიკაში. მოწმეები ქადაგებენ მათთან. ამ ენაზე ჩვენი პუბლიკაციებიდან ზოგიერთი ხელმისაწვდომია (3/1, გვერდები 13, 14).
რომელი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ რჩევის მიცემისას?
დაინახეთ რეალური სურათი. ნაჩქარევად ნუ გასცემთ პასუხს. თავმდაბლად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა. ისარგებლეთ თეოკრატიული ბიბლიოთეკით. ნუ ეცდებით სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას (3/15, გვერდები 7—9).
რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, ორ კილომეტრზე გაჰყევით? (მათ. 5:41)
იმ დროს ისრაელში რომაელი დამპყრობლები აიძულებდნენ ხალხს გარკვეული სამუშაოების შესრულებას. ამიტომ, როცა იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, ვინმეს „ორ კილომეტრზე გაჰყოლოდნენ“, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა ის საქმე, რასაც ძალაუფლების მქონენი დაავალებდნენ, წუწუნის გარეშე გაეკეთებინათ (4/1, გვერდი 9).