ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
ჩემთვის არ არსებობდა ღმერთი
დაბადების წელი: 1974
ქვეყანა: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
წარსულში: ათეისტი
მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ), საქსონიის ერთ პატარა სოფელში. თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩამინერგეს ზნეობრივი ფასეულობები. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა კომუნისტური სახელმწიფო იყო, ამიტომ საქსონიაში ბევრი საერთოდ არ ინტერესდებოდა რელიგიით. პირადად ჩემთვის არ არსებობდა ღმერთი. იმ დროს ფართოდ გავრცელებულმა ორმა იდეოლოგიამ, ათეიზმმა და კომუნიზმმა, სრულწლოვანების ასაკამდე ჩემი აზროვნების ფორმირება მოახდინა.
ალბათ, გაინტერესებთ, რით მომხიბლა კომუნისტურმა იდეოლოგიამ. ძალიან მომწონდა ის, რომ ამ იდეოლოგიის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია. ამასთან, ვფიქრობდი, რომ, თუ ყველაფერი ყველა ადამიანზე თანაბრად გადანაწილდებოდა, აღარ იარსებებდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა. ამიტომ ახალგაზრდა კომუნისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი გავხდი. 14 წლის რომ ვიყავი, სპეციალურ პროექტში ჩავერთე, რომელიც უვარგისი ქაღალდების გადამუშავებას ითვალისწინებდა და ბუნების დაცვას ემსახურებოდა. ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ქალაქ აუეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მადლიერების ნიშნად ჯილდო გადმომცეს. ჯერ კიდევ მოზარდმა გდრ-ის რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსი გავიცანი, რაც ჩემი ასაკის ახალგაზრდისთვის დიდი პატივი იყო. მეგონა, რომ ღირებული მიზნები მქონდა და წინ შესანიშნავი მომავალი მელოდა.
თუმცა 1989 წელს, როცა ბერლინის კედელი დაინგრა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური ბლოკი დაიშალა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გაოგნებული ვიყავი — ერთ ცუდ ამბავს მეორე მოჰყვებოდა. მალე შევიტყვე, რომ გდრ-ში ბევრი უსამართლობა ხდებოდა. მაგალითად, მათ, ვინც არ იზიარებდა კომუნისტურ იდეოლოგიას, მეორე კლასის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? განა კომუნისტებს არ გვჯეროდა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია?! ნუთუ კომუნისტური იდეოლოგია მხოლოდ იდეოლოგიად დარჩა?! შიშმა შემიპყრო და შინაგანი სიმშვიდე დავკარგე.
იმედგაცრუებულმა სრულიად სხვა მიზნები დავისახე — მუსიკასა და ხატვას მივუძღვენი თავი. ვინაიდან მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი, კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მქონდა. ამიტომ ოცნებად მექცა, ერთ დღესაც პროფესიონალი მუსიკოსი გავმხდარიყავი. ცხოვრების წესიც შევიცვალე და ბავშვობაში ჩანერგილი ზნეობრივი ფასეულობებიც ფეხქვეშ გავთელე; ერთდროულად რამდენიმე გოგოს ვხვდებოდი. მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიმეღო სიამოვნება. თუმცა ვერც ხელოვნებამ და ვერც ეგრეთ წოდებულმა თავისუფალმა ცხოვრებამ ვერ მომგვარა შინაგანი სიმშვიდე. ჩემს შინაგან სამყაროს ჩემი ნახატებიც კარგად ასახავდა. არ ვიცოდი, რა იყო ცხოვრების აზრი და რა მომავალი მელოდა.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთხელაც ამ კითხვებზე პასუხები მივიღე. ერთ საღამოს მუსიკალურ სასწავლებელში მეგობრებთან ერთად მომავალზე ვმსჯელობდი. მათგან ერთი-ერთი, რომელსაც მენდიa ერქვა, იეჰოვას მოწმე იყო. იმ საღამოს მან კარგი რჩევა მომცა: „ანდრეას, თუ გინდა გაიგო, რა არის ცხოვრების აზრი და რა მომავალი გელის, გულდასმით გამოიკვლიე ბიბლია“.
მართალია, ბიბლიის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ცნობისმოყვარეობაც მკლავდა, რის გამოც გადავწყვიტე, გადამეშალა ეს წიგნი. როდესაც მენდიმ დანიელის მე-2 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება წამაკითხა, გაოცება ვერ დავმალე. აქ აღწერილია, როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მსოფლიო იმპერიები, რომელთა მმართველობამ ღრმა კვალი დააჩნია მთელ მსოფლიოს. მენდიმ სხვა წინასწარმეტყველებებიც მაჩვენა, რომლებიც მომავალს ეხება. როგორც იქნა, ჩემს კითხვებს პასუხი გაეცა! გულში ვფიქრობდი: ვინ დაწერა ეს წინასწარმეტყველებები? ასე ზუსტად ნეტა ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველებინა მომავალი? გამოდის, რომ ღმერთი არსებობს?
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
მენდიმ ერთი წყვილი, ჰორსტი და ანჟელიკა, გამაცნო. სწორედ ისინი დამეხმარნენ ბიბლიის უკეთ გაგებაში. ერთი რამ მალევე შევამჩნიე: იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც თავადაც იყენებს და სხვებსაც ამცნობს ღვთის სახელს, იეჰოვას (ფსალმუნი 83:18; მათე 6:9). ბიბლიიდან გავიგე, რომ იეჰოვა ღმერთი ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება სამოთხეში დედამიწაზე. ფსალმუნის 37:9-ში წერია: „იეჰოვაზე დაიმედებულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“. ძალიან მომეწონა ის აზრი, რომ მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა აქვს ყველას, ვინც ცდილობს, ბიბლიური ნორმებით იცხოვროს.
ღვთისმოსაწონად რომ მეცხოვრა, ბევრი რამ უნდა შემეცვალა, რაც ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი. ხელოვნების სფეროში მიღწეულმა წარმატებამ, ცოტა არ იყოს, გამაამაყა, ამიტომ პირველ რიგში თავმდაბლობა უნდა მესწავლა. არც უზნეო ცხოვრების წესის მიტოვება იყო იოლი. რაოდენ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელიც მოთმინებას და წყალობას ავლენს და გაგებით ეკიდება მათ, ვინც ყველანაირად ცდილობს, ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვროს!
მართალია, კომუნიზმი და ათეიზმი სრულწლოვანების ასაკამდე ჩემი აზროვნების ფორმირებას ახდენდა, მაგრამ ბიბლია დღემდე მეხმარება, ცვლილებები მოვახდინო საკუთარ თავში. ღვთის სიტყვიდან ნასწავლმა შინაგანი სიმშვიდე მომგვარა, მომავლის ყოველგვარი შიში გამიქარწყლა და ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შესძინა. 1993 წელს იეჰოვას მივუძღვენი თავი და მოვინათლე, 2000 წელს კი ერთგულ თანაქრისტიანზე, ტაბითაზე დავქორწინდი. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმოთ იმას, რომ სხვებს ბიბლიის გაგებაში დავეხმაროთ. მსახურების დროს ბევრ ისეთ ადამიანს ვხვდებით, რომლებზეც, ჩემ მსგავსად, ათეიზმმა და კომუნიზმმა დიდი გავლენა იქონია. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა შესაძლებლობა მეძლევა, რომ ასეთებს იეჰოვასთან დაახლოებაში დავეხმარო.
კურთხევები
ჩემმა მშობლებმა აღშფოთება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მაგრამ დროთა განმავლობაში მათ დაინახეს, რა დადებითად აისახა ჩემს ცხოვრებაზე მოწმეებთან ურთიერთობა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი მშობლებიც კითხულობენ ბიბლიას და ესწრებიან იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებს.
მე და ტაბითას ბედნიერი ოჯახი გვაქვს, რადგან ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა ის ბიბლიური რჩევა, რაც ხელს უწყობს ოჯახურ იდილიას. მაგალითად, იმ ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობამ, რომელიც წყვილებს ცოლქმრული ერთგულებისკენ მოუწოდებს, უფრო განამტკიცა ჩვენი ოჯახი (ებრაელები 13:4).
მეტად აღარ მაქვს მომავლის შიში. დღეს მსოფლიო საძმოს წევრი ვარ, რომელთა შორის ნამდვილი მშვიდობა და ერთიანობა სუფევს. აქ ყველა თანასწორუფლებიანია. სწორედ ამას ვნატრობდი მთელი ცხოვრება!
a სახელი შეცვლილია.