ინდონეზია
მოკლე მიმოხილვა
ტერიტორია. ეკვატორის გადაკვეთაზე, ავსტრალიასა და აზიას შორის გადაჭიმული ქვეყანა, ინდონეზია, მსოფლიოს უდიდეს არქიპელაგს წარმოადგენს, რომელშიც 17 500-ზე მეტი კუნძული იყრის თავს. უმეტეს კუნძულზე უსწორმასწორო მთებისა და ხშირი ტროპიკული ტყეების თვალწარმტაცი ლანდშაფტი იშლება. 100-ზე მეტი მოქმედი ვულკანის გამო ეს ქვეყანა ვულკანურად ყველაზე აქტიურ რეგიონად ითვლება.
მოსახლეობა. ინდონეზიას მოსახლეობის სიმრავლით ჩინეთის, ინდოეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია. ეს ქვეყანა 300-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის სამშობლოა. მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ იაველებისა და სუნდების ეთნიკური ჯგუფები.
რელიგია. ინდონეზიელების დაახლოებით 90 პროცენტი მუსულმანია. დანარჩენები ინდუსები, ბუდისტები ან ქრისტიანები არიან. ზოგიც ადგილობრივი რელიგიური ტრადიციების მიმდევარია.
ენა. მთელ არქიპელაგზე 700-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. ოფიციალურ ენად მალაიურისგან წარმოშობილი ინდონეზიური ითვლება. ძალიან ბევრი ოჯახის წევრებთან რეგიონში გავრცელებულ ენაზე საუბრობს.
ეკონომიკა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ან მცირე ფერმერია, ან ვაჭრობითაა დაკავებული. ქვეყანაში უხვად მოიპოვება მინერალები, ხის მასალა, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი. ინდონეზია კაუჩუკისა და პალმის ზეთის ყველაზე დიდი ექსპორტიორია.
საკვები. ძირითადი პროდუქტია ბრინჯი. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება „ნასი-გორენგი“ (შემწვარი ბრინჯი და კვერცხი ბოსტნეულით), „სატე“ (ჩხირზე აგებული შემწვარი ხორცი) და „გადო-გადო“ (სალათა მიწის თხილის სოუსით).
კლიმატი. ცხელი და ტენიანი. მუსონური ქარების გამო ერთმანეთს ენაცვლება მკვეთრად გამოხატული ორი სეზონი — წვიმიანი და მშრალი. ხშირია ჭექა-ქუხილი.