რწმენის გამო დაპატიმრებულები — რუსეთი
იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია რუსეთში სავსეა მათი დევნისა და შევიწროების ფაქტებით. თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებდნენ და უსამართლოდ ეპყრობოდნენ მოწმეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვიდობიანი და კანონმორჩილი მოქალაქეების სახელით იყვნენ ცნობილნი. საბჭოთა ხელისუფლება მიზნად ისახავდა, მოწმეები საბჭოური იდეოლოგიის გავლენაში მოექცია. ამის მისაღწევად ისინი დიდ ზეწოლას ახდენდნენ მათზე. მათ ეკრძალებოდათ ბიბლიისა და რელიგიური ლიტერატურის ქონა. მოწმეები მუდმივი კონტროლისა და დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რის გამოც ფარულად უწევდათ კრების შეხვედრების ჩატარება და თუ შეხვედრების მსვლელობის დროს მიუსწრებდნენ, ცემა და ხანგრძლივი პატიმრობა გარდაუვალი იყო. ხელისუფლებამ ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლა ციმბირში.
მდგომარეობა უკეთესობისკენ 1991 წლიდან შეიცვალა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა რეგისტრაციაში გაატარა და ნება დართო მათ, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი თაყვანისცემა. თუმცა ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.
2009 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეები „ექსტრემისტებად“ უნდა შეერაცხათ. ამ პერიოდიდან დაიწყო იეჰოვას მოწმეთა შევიწროება. 2017 წელს, რამდენიმეწლიანი იურიდიული ბრძოლის შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მაინც გამოიტანა განაჩენი იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე იმ მიზეზით, რომ ისინი ორგანიზებას უწევდნენ, ვითომდა, ექსტრემისტულ საქმიანობას. უფლებამოსილმა პირებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოწმეთა ქონების კონფისკაცია, მათი თაყვანისცემის ადგილების დახურვა და რელიგიური ლიტერატურის „ექსტრემისტულ მასალად“ გამოცხადება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ მოწმეთა იურიდიულ პირებზე შეტევა არ იკმარეს. მათ ცალკეული იეჰოვას მოწმეებიც ამოიღეს მიზანში და მათი ღვთისადმი მსახურება აკრძალული ორგანიზაციის მხარდამჭერ საქმიანობასთან გააიგივეს. ამის გამო პოლიცია ჩხრეკებს აწყობს იეჰოვას მოწმეთა სახლებში, უხეშად ეპყრობა და მკაცრ დაკითხვებს უწყობს მათ; პოლიციის თანამშრომლები ყველა ასაკის ქალსა თუ მამაკაცს აკავებენ, აპატიმრებენ ან შინაპატიმრობას უსჯიან.
2017 წლის აკრძალვის შემდეგ, ექსტრემიზმის ბრალდებით, ასობით იეჰოვას მოწმე ჩასვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან ციხეში. 2023 წლის 18 ოქტომბრის მონაცემებით, 113 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული.
საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ იეჰოვას მოწმეთა სასტიკი მოპყრობის გამო
რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს იეჰოვას მოწმეთა ექსტრემისტულ საქმიანობაში დადანაშაულებას მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება განუწყვეტლივ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მოწმეების უმოწყალო დევნა. თუმცა რამდენიმე სასამართლომ გაბედულება გამოიჩინა და ექსტრემისტებად გამოცხადების ნაცვლად, უდანაშაულოდ ცნო ის იეჰოვას მოწმეები, რომელთაც ექსტრემისტული საქმიანობის შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდათ ბრალი წაყენებული. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები ეთანხმება იმ შესწორებას, რომელიც რუსეთის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2021 წლის ოქტომბერში ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებაში შეიტანა. ამ ცვლილების თანახმად, თაყვანისცემა, რომელიც ვისამე კერძო საკუთრებაში სრულდება, აღარ უნდა იქნეს მიჩნეული აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობად.
საერთაშორისო დამკვირვებლები და სასამართლოები გმობენ რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების უმოწყალო დევნას.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს განცხადება: „ევროკავშირს კვლავაც აღელვებს იეჰოვას მოწმეთა მდგომარეობა რუსეთში, სადაც სისტემატურად დევნიან მათ, ჩხრეკენ მათ სახლებს, თვითნებურად აკავებენ, ატარებენ კრიმინალურ გამოძიებებს მათ საქმეებზე და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ … ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, იმოქმედოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების თანახმად, პატივი სცეს აზრის გამოხატვის, ერთად შეკრების, მშვიდობიანი შეხვედრების ჩატარების და რელიგიის თავისუფლების უფლებებს, აგრეთვე დაიცვას უმცირესობების ქონებრივი უფლებები და უზრუნველყოს მათთვის სამართლიანი სასამართლო“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: 2022 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ და დაგმო იეჰოვა მოწმეების დევნა (ტაგანროგის ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ №32401/10 და სხვა 19 საქმე). სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მიერ 2017 წელს იეჰოვას მოწმეთა რელიგიის აკრძალვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. რუსეთი ვალდებულია, „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი და მოუხსნას ყველა ბრალდება იეჰოვას მოწმეებს და გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი მოწმეები“. გარდა ამისა, რუსეთი ვალდებულია, კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი გადაიხადოს არამატერიალური ზიანისთვის და დაუბრუნოს იეჰოვას მოწმეებს ჩამორთმეული ქონება ან 60 მილიონი დოლარი გადაიხადოს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წერილი: 2022 წლის 9 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო: «შემდეგი საქმეების „მოსკოველი იეჰოვას მოწმეები და სხვები“ და „კრუპკო და სხვები“ განხილვის შემდეგ, აგრეთვე მხედველობაში იმის მიღებით, თუ რა გავლენას ახდეს ეს აკრძალვა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე, მათ მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებზე და მათ თავისუფლებაზე, ევროსაბჭო დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ მოხსნას აკრძალვა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე და შეაჩეროს მათ წინააღმდეგ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმე».
არაადამიანური და სასტიკი განაჩენები
ძალადობა, დევნა და დაკავება. სავარაუდოდ, ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით, 2022 წლის 19 დეკემბერს ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ ოთხ იეჰოვას მოწმეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს მამაკაცები მაშინ დააკავეს, როცა 2018 წლის 17 მაისს 150-მა სამართალდამცავმა იეჰოვას მოწმეთა სახლებში რეიდები მოაწყო. გამოძიება და სასამართლო პროცესი ოთხწელიწად-ნახევარი გაგრძელდა. სასამართლომ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა, დიმიტრი ზაგულინს — სამწელიწად-ნახევრით, ალამ ალიევს — ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო სერგეი შულიარენკოსა და ვალერი კრიგერს — შვიდი წლით.
ფულადი ჯარიმები. 2022 წლის 23 დეკემბერს ალატირსკის რაიონულმა სასამართლომ (ჩუვაშეთის რესპუბლიკა) ერთი წყვილი ექსტრემისტული საქმიანობის გამო. ანდრეი მარტინოვს, რომელიც 59 წლისაა, ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მართალია, მის მეუღლეს, ნინას, პატიმრობა არ შეუფარდეს, მაგრამ დააკისრეს ფულადი ჯარიმა 350 000 რუბლის (5 000$) ოდენობით. ამ რაოდენობის თანხის გადახდა ბაგა-ბაღის მასწავლებლისთვის არარეალურია. ამავე თანხის გადახდა დაეკისრა კიდევ ერთ დას, ზოია პავლოვას, რომელიც 57 წლისაა და პენსიონერია.
ხანგრძლივი სასჯელი. 2022 წლის 29 დეკემბერს ზეისკის რაიონულმა სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო ევგენი ბიტუსოვი და ლეონიდ დრუჟინინი და ერთს ექვსი წლით, ხოლო მეორეს ექვსწელიწად-ნახევრით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდათ. ისინი განაჩენის გამოცხადებისთანავე გადაიყვანეს საპატიმროში. ორივე მათგანი დაოჯახებულია. ევგენის ორი შვილი ჰყავს, უფროსი 21 წლის, ხოლო უმცროსი 13 წლის.
არაადამიანური მოპყრობა ხანდაზმულების მიმართ. 70 წლის ვილენ ავანესოვი ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული იეჰოვას მოწმე პატიმარია რუსეთში. მას ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადატანა მოუწია. 1988 წელს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ძალის გამოყენებით სახლი დაატოვებინეს და სომხეთში გადაასახლეს. იმავე წელს ერევანში მიწისძვრა მოხდა და მათ ყველაფერი დაკარგეს. ამის შემდეგ მთელი ოჯახი დონის როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გადავიდნენ. ვილენი და მისი ვაჟი, არსენი, 2019 წლის მაისში დააკავეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით. ორივე მათგანი სასჯელს ულიანოვსკის ოლქის №3 გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის. მათ 2024 წელს გაათავისუფლებენ.
ყველაფერი კეთდება, რომ ბოლო მოეღოს მოწმეების უსამართლო დაპატიმრებებს
მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ რუსეთში ასე უმოწყალოდ ექცევიან მათ თანამორწმუნეებს. მილიონობით იეჰოვას მოწმემ მთელი მსოფლიოდან წერილები გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაპატიმრებული თანამორწმუნეების შეწყალების თხოვნით. დაპატიმრებული მოწმეების ადვოკატებმა საჩივრები წარუდგინეს რუსეთში არსებულ ყველა ინსტანციის სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს. მათ ოფიციალური ანგარიში წარუდგინეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ახორციელებენ მონიტორინგს. იეჰოვას მოწმეები კვლავაც ყველაფერს იღონებენ საიმისოდ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია რუსეთში მათი თანამორწმუნეების მიმართ უმოწყალო მოპყრობის შესახებ, რათა შეწყდეს რელიგიური დევნა.
დროის დიაგრამა
2023 წლის 18 ოქტომბერი
მთლიანობაში დაპატიმრებულია 113 იეჰოვას მოწმე.
2022 წლის 7 ივნისი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაგმო რუსეთის მხრიდან იეჰოვას მოწმეებით მიმართ არასათანადო მოპყრობა.
2022 წლის 24 მაისი
ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ დენის კრისტენსენი ციხიდან გაათავისუფლეს.
2022 წლის 4 მაისი
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ვალენტინა ბარანოვსკაია ციხიდან გაათავისუფლეს.
2022 წლის 12 იანვარი
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“ ექსტრემისტული მასალების სიაში იქნა შეტანილი. ეს არის ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც რუსეთმა ექსტრემისტულად გამოაცხადა.
2021 წლის 25 ოქტომბერი
ტრუსოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ასტრახანი) რუსტამ დიაროვს, ევგენი ივანოვს და სერგეი კლიკუნოვს რვა-რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ევგენის მეუღლეს, ოლგას — სამწელიწად-ნახევრით.
2021 წლის 27 სექტემბერი
სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექსტრემისტულად გამოცხადდა JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია და აიკრძალა მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის მასშტაბით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
2021 წლის 23 სექტემბერი
ტრაქტოროზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ (ვოლგოგრადი) დამნაშავედ ცნო სამი ძმა. სერგეი მელნიკსა და იგორ ეგოზარიანს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ვალერი როგოზინს — ექვსი წლითა და ხუთი თვით.
2021 წლის 11 აგვისტო
ორდღიანი სასამართლო მოსმენის შემდეგ აბინსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოდარის მხარე) ბრალი დასდო ვასილი მელეშკოს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2021 წლის 30 ივნისი
ამურის ოლქში მდებარე ბლაგოვეშჩენსკის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ბერჩუკს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დიმიტრი გოლიკს — შვიდი წლით.
2021 წლის 24 თებერვალი
აბაკანის (ხაკასეთი) საქალაქო სასამართლომ ვალენტინა ბარანოვსკაიას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა, მის ვაჟს, რომან ბარანოვსკის კი — ექვსწლიანი პატიმრობა.
2021 წლის 10 თებერვალი
კრასნოდარის მხარეში მდებარე აბინსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრე ივშინს შვიდწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდა.
2020 წლის 2 სექტემბერი
ბერეზოვსკის საქალაქო სასამართლომ (კემეროვოს ოლქი) სერგეი ბრიტვინსა და ვადიმ ლევჩუკს ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2020 წლის 3 აგვისტო
ფსკოვის საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს გენადი შპაკოვსკის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე. სასამართლო ძალაში ტოვებს მისთვის გამოტანილ განაჩენს, თუმცა ექვსწელიწადნახევრიანი ვადის პატიმრობას იმავე ხანგრძლივობის პირობითი სასჯელით უცვლის.
2020 წლის 13 ივლისი
ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქში სამართალდამცავებმა მოაწყვეს მასობრივი რეიდები იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 100 ბინაში.
2020 წლის 9 ივნისი
ფსკოვის საქალაქო სასამართლომ 61 წლის გენადი შპაკოვსკის განაჩენი გამოუტანა და ექვსწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2020 წლის 6 თებერვალი
2019 წლის 19 სექტემბერს გასამართლებული 6 მოწმიდან 5 გადაიყვანეს ორენბურგის სასჯელაღსრულების №1 კოლონიაში. იქ მიყვანის შემდეგ ციხის მცველებმა ხუთივე სასტიკად სცემეს ხელკეტებითა და წიხლებით. ცემის შედეგად ფელიქს მახამადიევს გაუტყდა ნეკნი, გაეხვრიტა ფილტვი და დაუზიანდა თირკმელები.
2019 წლის 19 სექტემბერი
სარატოვში ლენინის სახელობის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი ლარინმა 6 იეჰოვას მოწმეს — კონსტანტინ ბაჟენოვს, ალექსეი ბუდენჩუკს, გენადი გერმანს, რომან გრიდასოვს, ფელიქს მახამადიევსა და ალექსეი მირეცკის — ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა „ექსტრემისტული“ საქმიანობის ორგანიზებისთვის.
2019 წლის 23 მაისი
ორიოლის საოლქო სასამართლომ დენის კრისტენსენს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
2019 წლის 26 აპრილი
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ასკვნის, რომ დარღვეულია დიმიტრი მიხაილოვის უფლებები და გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა დევნას.
2019 წლის 6 თებერვალი
ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონული სასამართლო დენის კრისტენსენს დამნაშავედ ცნობს და ექვსწლიან პატიმრობას უფარდებს.
2018 წლის 9 ოქტომბერი
ქალაქ კიროვში პოლიცია სპეცრაზმელებთან ერთად მოწმეების სახლებში რეიდს აწყობს. აკავებენ და წინასწარ პატიმრობას უფარდებენ რამდენიმე იეჰოვას მოწმე მამაკაცს, მათ შორის ანჯეი ონიშჩუკს, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა.
2018 წლის 15 ივლისი
პოლიცია ჩხრეკს პენზაში მცხოვრები რამდენიმე მოწმის სახლს და აპატიმრებს ვლადიმერ არუშკინს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
2018 წლის 4 ივლისი
პოლიცია რეიდებს აწყობს ომსკში მცხოვრებ მოწმეთა სახლებში. აპატიმრებენ სერგეი და ანასტასია პოლიაკოვებს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. ანასტასია პირველი იეჰოვას მოწმე ქალია რუსეთის ფედერაციაში, რომელიც ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2018 წლის 12 ივნისი
სარატოვში პოლიცია რეიდს აწყობს მოწმეების სახლებში. ისინი აპატიმრებენ კონსტანტინ ბაჟენოვს, ალექსეი ბუდენჩუკს და ფელიქს მახამადიევს და ათავსებენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. სამ მოწმეს, გენადი გერმანს, რომან გრიდასოვს და ალექსეი მირეცკის, უკრძალავენ ქალაქის დატოვებას.
2018 წლის 3 ივნისი
პოლიცია ჩხრეკს მოწმეთა სახლებს ტომსკსა და ფსკოვში. აკავებენ სერგეი კლიმოვს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ათავსებენ.
2018 წლის 19 თებერვალი
ჟელეზნოდოროჟნიეს საოლქო სასამართლოში იწყება დენის კრისტენსენის საქმის განხილვა, რომელსაც მოსამართლე ალექსეი რუდნევი უძღვება.
2017 წლის 20 ივლისი — 2018 წლის ნოემბერი
დენის კრისტენსენს რამდენჯერმე უხანგრძლივებენ წინასწარი პატიმრობის ვადას, პირველად, სოვიეცკის საოლქო სასამართლოს, შემდეგ კი ჟელეზნოდოროჟნიეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2017 წლის 26 მაისი
სოვიეცკის საოლქო სასამართლომ (ორიოლი) დენის კრისტენსენს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
2017 წლის 25 მაისი
პოლიცია თავს ესხმის რელიგიურ შეხვედრას ორიოლში და აპატიმრებს დენის კრისტენსენს.
2017 წლის 20 აპრილი
რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო აკმაყოფილებს მოთხოვნას რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი 395 იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე.