ბიბლიის თვალსაზრისი
გამორიცხავს ქრისტიანული ერთიანობა სხვადასხვაობას?
ქრისტიანულ კრებაში ერთიანობა მნიშვნელოვანია. მოძღვრების შეუთანხმებლობას ცხარე კამათი, უთანხმოება და მტრობაც კი წარმოუშვია (საქმეები 23:6–10). ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა“ (1 კორინთელთა 14:33). აქედან გამომდინარე, ქრისტიანებს მიცემული აქვთ რჩევა, ერთი და იგივე ილაპარაკონ და გაერთიანებულნი იყვნენ გონებითა და აზრით (1 კორინთელთა 1:10).
იძლევა ეს სიტყვები და ბიბლიის სხვა ადგილები იმ აზრს, რომ ქრისტიანები ყველაფერში ერთგვაროვნები უნდა იყვნენ? (იოანე 17:20–23; გალატელთა 3:28). უარყოფს ბიბლიაში აღწერილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა ადამიანების სხვადასხვაობას? აუცილებელია, რომ ყველა ქრისტიანი გარკვეულ შაბლონს შეესაბამებოდეს?
ღმერთი თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს
ზოგს მტკიცედ სწამს, რომ ბიბლია მასების თვითნებური დამორჩილების კიდევ ერთი იარაღია. ფაქტია, რომ მას ასეთი არასწორი სახით ხშირად იყენებდა ზოგი სექტა. მაგრამ იესომ სავსებით განსხვავებული სურათი დაგვიხატა საღვთო წერილისა და მისი ავტორის შესახებ. მან ღმერთი დაახასიათა პიროვნებად, რომელიც დიდადაა დაინტერესებული თითოეული თავისი ქმნილებით.
„არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“, — თქვა იესომ იოანეს 6:44-ში. აქ გამოყენებული ზმნა არ ნიშნავს, რომ ღმერთს ძალით მოჰყავს ადამიანები. პირიქით, ღმერთი თბილად მოუწოდებს, რათა მათ გულებს შეეხოს. ბიბლიის ერთი მკვლევარის სიტყვების თანახმად, „ღმერთი მათ გონებას აღძრავს, რომ ირწმუნონ“. შემოქმედი არ უყურებს კაცობრიობას როგორც ხალხის მასას. ის თითოეულს ცალკე ხედავს და სიყვარულით მიჰყავს თავისთან ისინი, ვისაც სწორად განწყობილი გულები აქვთ (ფსალმუნი 10:5; იგავნი 21:2; საქმეები 13:48, აქ).
ყურადღება მიაქციე, როგორი შემგუებელი იყო პავლე. მან იცოდა თითოეული ადამიანის განსაკუთრებული მოთხოვნილებები და აღიარებდა, რომ ცალკეულ ეროვნებებში ან წარმომავლობაში გარკვეული შეხედულებები იყო გავრცელებული. ამიტომ მას მიდგომაც შესაბამისი ჰქონდა. ის წერდა: „იუდეველებისათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. . . უძლურთათვის გავხდი, როგორც უძლური, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე“ (1 კორინთელთა 9:20–22).
ნათელია, პავლე ადამიანებს ინდივიდუალურ პიროვნებებად მიიჩნევდა და ყველას სხვადასხვანაირად ექცეოდა. ის ამხნევებდა მათ: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6). დიახ, პავლესა და სხვა ქრისტიანებს უნდა ეღიარებინათ და პატივი ეცათ თითოეული პიროვნების ინდივიდუალობისთვის, რათა დახმარების გაწევა შესძლებოდათ.
ღვთის თავდაპირველი განზრახვა
პიროვნების ინდივიდუალობის პატივისცემა ქრისტიანული კრების წევრად გახდომის შემდეგაც გრძელდება. ღვთის მსახურები ვალდებულები არ არიან სრულიად ერთნაირები იყვნენ ან აბსოლუტურად შეესაბამებოდნენ ხელმძღვანელობის სურვილებს. პირიქით, სხვადასხვა ინდივიდუალობა, განსხვავებული უნარი, ჩვევები და შეხედულებები აქვთ. ადამიანის ინდივიდუალობა არ ითვლება მომაბეზრებლად ან შემაწუხებლად. ეს ღვთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილია.
მაშასადამე, ახალ ქვეყნიერებაში, რომელსაც ბიბლია სამართლიანებს ჰპირდება, სრულყოფილ ადამიანებს შორის დიდი სხვადასხვაობა იქნება (2 პეტრე 3:13). ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures)a ერთ-ერთ სტატიაში, სათაურით „სრულყოფილება“, მსგავსი აზრებია გამოთქმული: „სრულყოფილება მრავალფეროვნების მოსპობას არ ნიშნავს, როგორც ამას ადამიანები ხშირად ვარაუდობენ. ცხოველთა სამყარო, იეჰოვას „სრულყოფილი შემოქმედების“ შედეგი, მრავალფეროვანია (დაბადება 1:20–24; მეორე რჯული 32:4).
ენციკლოპედია განაგრძობს: „ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ სრულყოფილება დედამიწაზე უარყოფს მრავალფეროვნებას, ცვალებადობას ან სხვადასხვაობას; ის უშვებს სიმარტივესა და სირთულეს, მრავალფეროვნებასა და ერთფეროვნებას, სიმჟავესა და სიტკბოს, უსწორმასწორობასა და სიგლუვეს, მდელოებსა და ტყეებს, მთებსა და ველებს. ის ადრეული გაზაფხულის გამომაცოცხლებელი სიგრილეა, ზაფხულის სითბო და ლაჟვარდოვანი ცა, შემოდგომის მიმზიდველი ფერები და ახალი სპეტაკი თოვლის სილამაზე (დაბადება 8:22). ამიტომ არც სრულყოფილ ადამიანებს ექნებათ ერთნაირი უნარი და ნიჭი“.
სხვებზე ზრუნვა
მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობა მხარს არ უჭერს ჩვენს გარშემო მყოფი ხალხის ეგოისტურად უგულებელყოფას. მოციქული პავლე ცხოვრების ყველა საკითხში ფხიზლობდა და ყურადღებით იქცეოდა, რათა სხვები არ დაებრკოლებინა. კორინთის კრებისადმი მიწერილ წერილში მან თქვა: „ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს“ (2 კორინთელთა 6:3). ზოგჯერ კონტროლი უნდა გავუწიოთ ჩვენს პირად სურვილებს და სხვების საჭიროებები ჩვენს სურვილებზე მაღლა დავაყენოთ. მაგალითად, პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: „უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება“ (რომაელთა 14:21).
ასევე დღესაც, ვინმემ შეიძლება თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან იმ პიროვნების თანდასწრებით, რომელსაც უჭირს ამის გაკეთება (1 კორინთელთა 10:23, 24). ეს კეთდება არა იძულებით, არამედ გულკეთილობითა და სიყვარულით. „ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის“. იესოც ინდივიდუალური იყო, მაგრამ ის არ იცავდა თავის ინტერესებს სხვების გრძნობების ხარჯზე (რომაელთა 15:3).
მიუხედავად ამისა, ძალიან გამამხნევებელია, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობაში ფასდება ბიბლიურ ფარგლებში გამოვლენილი ადამიანის თავისუფლება და სურვილები. ეს გვასწავლის, რომ ღმერთმა თითოეული ადამიანი განსხვავებული და განსაკუთრებული შექმნა. 1-ლი კორინთელთა 2:11-ში ვკითხულობთ: „რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია?“ ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგად გავუგოთ სხვებს. მაგრამ ეს მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი განსაკუთრებულობის მხოლოდ ჩვენ გვესმის და ჩვენს შემოქმედს. ჩვენში ‘გულის დაფარული კაცი’, რომელსაც ჩვენს ნებაზე ვამჟღავნებთ (1 პეტრე 3:4).
ერთიანობა და სხვადასხვაობა — ფრთხილი გაწონასწორებულობა
მოციქულმა პავლემ ქრისტიანული გაწონასწორებულობის კარგი მაგალითი დატოვა. თუმცა როგორც ქრისტეს მოციქულს, უფლებები ჰქონდა, ფრთხილობდა, რომ პირადი აზრები სხვებისთვის თავზე არ მოეხვია.
მაგალითად, პავლეს მტკიცედ სწამდა, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში უმჯობესი იყო დაუქორწინებლად დარჩენა. ის დაუქორწინებელი იყო, როდესაც შემდეგი სიტყვები დაწერა: „ასეთებს [რომლებიც ქორწინდებიან] ხორციელი გაჭირვება ექნებათ“ და „[ქვრივი] უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ჩემი რჩევით“. ის რომ მისი სიტყვები ღვთის ინსპირირებული სიტყვის ნაწილი გახდა, აჩვენებს, რომ მის შეხედულებაში მცდარი არაფერი იყო. მიუხედავად ამისა, მან აგრეთვე თქვა: „ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ“ (1 კორინთელთა 7:28, 40).
ალბათ, მოციქულთა უმეტესობა დაქორწინებულები იყვნენ, როგორც პავლეს სიტყვებით დასტურდება: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანო მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?“ (1 კორინთელთა 9:5). ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ მათ შეეძლოთ ამ საკითხში პავლესგან განსხვავებული არჩევანი გაეკეთებინათ და ის კვლავაც პატივისცემით მოეპყრობოდა მათ.
ღვთის თაყვანისმცემლებს ყოველთვის ჰქონდათ უფლება, რწმენა თავიანთ თავისებურებებთან შეთანხმებულად გამოეხატათ. ფაქტიურად, ღმერთმა ბიბლიის მწერლებსაც კი დართო ნება, თავიანთი სტილით დაეწერათ. მაგალითად, ნეემია მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბალი იყო, თავისი ცნობა პირველ პირში დაწერა (ნეემია 5:6, 19). სხვა მხრივ, მორიდებულმა მოციქულმა იოანემ არც ერთხელ არ მოიხსენია თავისი სახელი სახარების ცნობაში და არც ერთხელ მიუთითებია საკუთარ თავზე. ღმერთმა მოიწონა ორივე სტილი და ბიბლიაში შემოინახა.
მთელს საღვთო წერილს მსგავსი გაწონასწორებულობა და გონივრულობა გასდევს. ნათელია, ქრისტიანული ერთიანობა არ გამორიცხავს მრავალფეროვნებას. რა თქმა უნდა, წარმოშობისა და შეხედულებების სხვადასხვაობამ შეიძლება განხეთქილება გამოიწვიოს, როდესაც სულიერი თვისებები არა გვაქვს (რომაელთა 16:17, 18). მაგრამ, როდესაც ‘სიყვარულით ვიმოსებით, რაც სრულქმნილობის კავშირია’ ვსწავლობთ მივიღოთ და დავტკბეთ სხვების განსაკუთრებულობით (კოლასელთა 3:14).
„მიიღეთ ერთმანეთი, — ამბობს ბიბლია, — ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად“ (რომაელთა 15:7). ღვთის სულის დახმარებით ქრისტიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ფრთხილ გაწონასწორებულობას — არც ერთიანობა დაარღვიონ და იხარონ კიდეც ადამიანების განსაკუთრებულობის სხვადასხვაობით.
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩანართი 27 გვერდზე]
შემოქმედი არ უყურებს კაცობრიობას როგორც ხალხის მასას.
[ჩანართი 28 გვერდზე]
ჩვენი განსაკუთრებულობის მხოლოდ ჩვენ გვესმის და ჩვენს შემოქმედს.