ბიბლიის თვალსაზრისი
ნამდვილად არსებობენ დემონები?
მე-17—მე-18 საუკუნეებში თითქმის მთელ ევროპაში სასტიკად გაილაშქრეს ჯადოქრების წინააღმდეგ. მრავალი, ვინც ჯადოქრად ჩათვალეს, სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. ამ წამების თავიდან აცილების მიზნით, ისინი, რომლებსაც ჯადოქრობაში ცილი დასწამეს, „აღიარებდნენ“, რომ ჯადოქრები იყვნენ. უამრავი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით ცრუ ხმების დაყრის ან ეჭვების საფუძველზე.
იმ პერიოდში ჯადოქრობის, დემონიზმის ერთ-ერთი ფორმის, წინააღმდეგ გამოსვლა, ვითომ საღვთო წერილზე იყო დაფუძნებული, მაგრამ სრულიად ფანატიკური იყო. ქრისტიანებისთვის არ დაუვალებიათ, ეწამებინათ ან სიკვდილით დაესაჯათ ჯადოქრები ან ის ადამიანები, რომლებიც სპირიტიზმს მისდევენ (რომაელთა 12:19). როგორი დამოკიდებულებაა დღეს გაბატონებული?
შემწყნარებლური დამოკიდებულება
დღეს ქრისტიანულ სამყაროში უმეტესობა მსგავს სპირიტულ მოქმედებებს სერიოზულად არ უყურებს. ცნობისმოყვარეობის გამო ზოგი შეიძლება ასტროლოგიამ, მაგიამ, მკითხაობამ და ჯადოქრობამ გაიტაცოს, მაგრამ ეს ოკულტური მოქმედება დემონიზმად არ მიიჩნიოს. ზოგჯერ გასართობი პროგრამების წამყვანები, გამოჩენილი სპორტსმენები და პოლიტიკოსები აშკარად აცხადებენ, რომ კავშირი აქვთ ოკულტურ ძალებთან. ზოგ წიგნსა და კინოფილმში ჯადოქრები და მისნები აღწერილი არიან, როგორც „მიმზიდველი, ცოტაოდენ უჩვეულო პიროვნებები, რომელთა ზებუნებრივ მოქმედებას არავისთვის ზიანი არ მოაქვს“, — აღნიშნულია ერთ ენციკლოპედიაში. ბავშვების გასართობად და განათლებისთვის გამიზნული საგნებიც შეიძლება ოკულტურ თემებს ეხებოდეს.
დემონიზმისადმი ასეთი შემწყნარებლური და დაუდევარი დამოკიდებულება დემონების არარსებობაში დარწმუნებამდე მიმყვანია. გჯერათ თუ არა, რომ დემონები არსებობენ და მთელი ძალებით ცდილობენ, ზიანი მოგვაყენონ? დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობამ შეიძლება თქვას, რომ მათ არასოდეს ჰქონიათ დემონებთან ურთიერთობა ან არ ყოფილან მათი მოქმედების მოწმე. საინტერესოა, ნამდვილად არსებობენ დემონები?
დემონების არარსებობაში დარწმუნება წარმოშობს დილემას
ვინც აცხადებს, რომ ეთანხმება ბიბლიას, ხოლო ეჭვი ეპარება დემონების ნამდვილად არსებობაში, დილემის წინაშე დგას. თუ მათ არ სჯერათ, რომ დემონები სინამდვილეში არსებობენ, ისინი, გარკვეულწილად, ბიბლიისადმი ურწმუნოებას ავლენენ. რატომ? იმიტომ, რომ ბოროტი, ზებუნებრივი ძალის მქონე სულიერი ქმნილებების შესახებ სწავლება მოცემულია ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში.
პირველ წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილია, თუ როგორ გამოიყენა საზრიანმა ქმნილებამ გველი, რათა მოეტყუებინა ევა და ღვთის წინააღმდეგ გამოეყვანა (დაბადება 3:1–5). ბიბლიის ბოლო წიგნი, „გამოცხადება“, ამ ბოროტ მატყუარას, ‘ძველ გველს’, ‘სატანასა და ეშმაკს, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელს’ უწოდებს (გამოცხადება 12:9). სატანამ ღვთის წინააღმდეგ სხვა ანგელოზებიც აამხედრა (იუდა 6). ბიბლია ასეთ ანგელოზებს დემონებს უწოდებს. ისინი დედამიწაზე მოქმედებენ და ძალიან განრისხებულები არიან ღმერთსა და მის მსახურებზე (გამოცხადება 12:12).
სატანასა და დემონებს ადამიანებზე ზემოქმედების, მათთვის ზიანის მოტანისა და მათთან ურთიერთობის დამყარების ძალა შესწევთ (ლუკა 8:27–33). ისინი უკვე ათასობით წელია, რაც ადამიანების ბუნებას სწავლობენ. მათ იციან, თუ როგორ გამოიყენონ ადამიანების სისუსტეები. ბიბლია გვამცნობს იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ისინი ეუფლებოდნენ, ანუ როგორც უნდოდათ ისე ამოქმედებდნენ, კაცებს, ქალებსა თუ ბავშვებს (მათე 15:22; მარკოზი 5:2). მათ შეუძლიათ დააავადონ ან ფიზიკურად ნაკლოვანი, მაგალითად ბრმა, გახადონ ადამიანი (იობი 2:6, 7; მათე 9:32, 33; 12:22; 17:14–18). მათ ადამიანთა გონების დაბრმავებაც შეუძლიათ (2 კორინთელთა 4:4). დემონები მუდამ მოქმედებაში არიან, ისევე როგორც მათი მეთაური, სატანა, რომელიც ‘მბრდღვინავი ლომივით დაძრწის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს’ (1 პეტრე 5:8). ბიბლია დემონების არსებობის დამადასტურებელ მრავალ ცნობას შეიცავს. თუ ბიბლიის გწამს, მაშინ უნდა ეთანხმებოდე იმ აზრს, რომ უხილავი ბოროტი ქმნილებები სინამდვილეში არსებობენ.
ბოროტი მატყუარები
მაგრამ როგორ შეიძლება დღეს მძლავრი დემონური მოქმედება ხდებოდეს და ამას მსოფლიო გამუდმებულ შიშში არ ჰყავდეს? რატომ არ არის დემონების არსებობა და მოქმედება უფრო აშკარა? ბიბლია პასუხობს: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს ღებულობს“ (2 კორინთელთა 11:14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ეშმაკი მატყუარაა. დემონების მოქმედება შენიღბულია და ხშირად უწყინარად და ზოგჯერ სასარგებლოდაც კი ეჩვენებათ. მაშასადამე, მათი ამოცნობა ძნელია.
სატანა და მისი დემონები განაგრძობენ ადამიანებისათვის სხვადასხვა სახით ზიანის მოტანას, ისევე როგორც ამას ბიბლიურ დროში აკეთებდნენ. ზოგიერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვინც ერთ დროს ოკულტიზმს მისდევდა, დაგიდასტურებთ, რომ დემონების თავდასხმა ნამდვილად საშინელია. დღეს წარსულთან შედარებით შესაძლოა უფრო დიდი დახელოვნებულობით იყენებენ დემონები თავიანთ ზებუნებრივ ძალას, რათა ადამიანები უშუალოდ ოკულტურ მოქმედებაში ჩაითრიონ. მათი ძალა სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული. დღეს ისინი წარმატებას უმეტესწილად ღვთისგან ხალხის გადაბირებით უფრო აღწევენ, ვიდრე მათი დაშინებით. ბიბლიის თანახმად, სატანა და დემონები ‘მთელი წუთისოფლის მაცდუნებლები’ არიან (გამოცხადება 12:9). ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, დახვეწილი, მზაკვრული მეთოდებით ძირი გამოუთხარონ ჩვენს სულიერობას.
დემონები ნამდვილად არსებობენ. სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას დღეს ადამიანებს შორის ასე აშკარად არსებული სისხლისა და განადგურების დაუცხრომელი წყურვილი? ჩვეულებრივ, ადამიანებს მშვიდობიანად და ბედნიერად ცხოვრების სურვილი აქვთ. მაგრამ დემონები უკეთურებას თესავენ და ძალა შესწევთ, გავლენა მოახდინონ და გახრწნან ადამიანთა გონება.
მაგრამ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია და დემონებზე ძლიერია. ის ძალას გვაძლევს და გვიცავს ‘ეშმაკის მზაკვრობისგან’ (ეფესელთა 6:11–18). ჩვენ ავადმყოფურად არ უნდა გვეშინოდეს დემონების, ვინაიდან ღმერთი გვპირდება: „ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).
[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]
Sipa Icono