ბიბლიის თვალსაზრისი
თქვენ ძვირფასი ხართ ღვთის თვალში!
„ცხოვრებაში ყველაზე მეტად არასრულფასოვნების გრძნობა მტანჯავს, — წერდა ერთი ქრისტიანი ქალი. — როგორც არ უნდა მიყვარდეს იეჰოვა, და რამხელა ძალისხმევასაც უნდა ვახმარდე მისადმი მსახურებას, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მუდამ თან მსდევს“.
იცნობთ ისეთ ადამიანს, რომელიც არარაობის ანუ არასრულფასოვნების გრძნობას ებრძვის? ან ზოგჯერ თავად ხომ არ გაწუხებთ მსგავსი რამ? ასეთი გრძნობა ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებსაც კი ეუფლებათ, რადგან „საზარელ ჟამში“ ცხოვრების შედეგად გამოწვეული ზეგავლენისგან არავინ არის დაზღვეული. მრავალი უგულებელყვეს და შეურაცხყვეს ისეთმა პირებმა, რომლებსაც აქვთ „უკანასკნელი დღეებისთვის“ დამახასიათებელი პიროვნული თვისებები — ‘შეუკავებლობა, სისასტიკე, კეთილის მოძულეობა’ (2 ტიმოთე 3:1–5). ასეთმა მტკივნეულმა გამოცდილებამ შეიძლება ღრმა ემოციური ჭრილობა მიაყენოს ადამიანს და არასრულფასოვნების შეგრძნებამდეც კი მიიყვანოს.
მეორე მხრივ, უარყოფითი გრძნობები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები საკუთარ თავს მეტისმეტად მაღალ ნორმებს უდგენენ, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უძლიერდებათ. ამის გამომწვევი რა მიზეზიც უნდა არსებობდეს, იმ პირებს, რომლებიც არასრულფასოვნების გრძნობას ებრძვიან, შეიძლება უჭირთ, დაინახონ, რატომ უყვართ ღმერთს ან სხვებს ისინი. ასეთი ადამიანები შეიძლება იმასაც ფიქრობენ, რომ, უბრალოდ, არ იმსახურებენ სიყვარულს.
მაგრამ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისი განსხვავებულია! თავის სიტყვაში ის ხაზგასმით ამბობს, რომ ვუფრთხილდეთ მისი მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის, „მზაკვრობას“ (ეფესელთა 6:11). სატანა თავისი მზაკვრული ხერხების გამოყენებას იმ მიზნით ცდილობს, რომ ღვთისადმი თაყვანისცემა შეგვაწყვეტინოს. ამ მიზნის მისაღწევად ის ისეთ გრძნობებს აღვიძებს ჩვენში, რომ, თითქოს, არარაობები ვართ და ვერასდროს დავიმსახურებთ იეჰოვას სიყვარულს. მაგრამ სინამდვილეში, სატანა „ცრუა“ და „სიცრუის მამაა“ (იოანეს 8:44). ამიტომ არ უნდა შეგვაცდინოს მან თავისი მზაკვრული ხერხებით! ბიბლიაში იეჰოვა თავად ლაპარაკობს და გვარწმუნებს, რომ ძვირფასები ვართ მის თვალში.
გაწონასწორებული თვალსაზრისი ჩვენს ღირსებებზე
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ უარყოფითი ზეგავლენის შედეგად შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს. იგავნის 24:10-ში ხაზგასმულია: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“. თუ უარყოფითი ემოციები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვაწუხებს, შეიძლება დავუძლურდეთ, დავსუსტდეთ და უმწეონი გავხდეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ეს სატანისთვის კარგად არის ცნობილი. ძალიან მტკივნეულია არასრულფასოვნების შეგრძნება; მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც სატანა ცდილობს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ჩვენი ემოციები.
ამიტომ მნიშვნელოვანია, სათანადო და გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ჩვენს ღირსებებზე. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად“ (რომაელთა 12:3). სხვა თარგმანი ამგვარად გადმოსცემს ამ სიტყვებს: „მსურს, ყველა თქვენგანს გითხრათ, რომ საკუთარი თავი არ მიიჩნიოთ იმაზე მეტად, რასაც სინამდვილეში წარმოადგენთ, არამედ გონივრულად შეაფასეთ ის“ (ჩარლზ ბ. უილიამსის თარგმანი). ამგვარად, ეს მუხლი მოგვიწოდებს, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ქედმაღლობას, და, ამავე დროს, ვეცადოთ მეორე უკიდურესობაში კი არ ჩავარდეთ, არამედ, როგორც პავლე გვირჩევს, საკუთარი თავის გონივრულად შეფასებით ვიფიქროთ, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. დიახ, ღვთის შთაგონებით აღძრული პავლე გვიმტკიცებს, რომ თითოეული ჩვენგანი ძვირფასია იეჰოვას თვალში.
საკუთარი ღირსებების შესახებ გაწონასწორებული თვალსაზრისი იესოს სიტყვებიდანაც ჩანს. მან აღნიშნა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვები — „ვითარცა თავი შენი“ — გვიჩვენებს, რომ აუცილებელია გაგვაჩნდეს პირადი ღირსების გრძნობა. მართალია, არასრულყოფილების გამო ბევრს ვცოდავთ, მაგრამ, როდესაც ვცდილობთ ვასიამოვნოთ ღმერთს, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და ვითხოვოთ მისგან პატიება, ისევ გაგვიჩნდება პირადი ღირსების გრძნობა. როცა კრიტიკულად ვუდგებით საკუთარ თავს, შეიძლება ჩვენი გული მსჯავრს გვდებს, მაგრამ „ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია“ (1 იოანე 3:20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენგან განსხვავებით, იეჰოვა სხვაგვარ შეფასებას გვაძლევს.
გულმოდრეკილები და სულით დამწუხრებულები
ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: «ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს [„დამწუხრებულებს“, აქ] იხსნის» (ფსალმუნი 33:19). ამ მუხლთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ეს თვისებები მართალ ადამიანებს გააჩნიათ. . . ისინი გულმოდრეკილები და მომნანიებლები არიან, რადგან ცოდვის გამო მოიდრიკნენ და საკუთარი თავისადმი ინტერესი გაუქრათ; ისინი თავს არაფრად მიიჩნევენ და საკუთარი თავისადმი რწმენა აქვთ დაკარგული“ (Matthew Henry’s Commentary on the Whole Bible).
„გულმოდრეკილები“ და „სულით დამწუხრებულები“ შეიძლება ფიქრობენ, რომ იეჰოვა ძალიან შორს არის მათგან, და იმდენად უმნიშვნელოები არიან მის თვალში, რომ არც კი ზრუნავს მათზე. მაგრამ ეს ასე არ არის. დავითის სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ მიატოვებს მათ, რომლებსაც „საკუთარი თავი არაფრად მიაჩნიათ“. ჩვენმა თანამგრძნობმა ღმეთმა იცის, რომ სწორედ ასეთ დროს, ისე, როგორც არასდროს, ვსაჭიროებთ მის სიახლოვეს, და მზად არის, დაგვეხმაროს.
განვიხილოთ ერთი მაგალითი. რამდენიმე წლის წინათ დედამ სასწრაფოდ წაიყვანა საავადმყოფოში თავისი ორი წლის ბიჭუნა, რომელიც ხორხის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთებისგან იტანჯებოდა. როდესაც ექიმებმა ბავშვი გასინჯეს, დედას აცნობეს, რომ აუცილებელი იყო იმ ღამით მისი საავადმყოფოში დატოვება. სად გაატარა ბავშვის დედამ მთელი ღამე? სკამზე, პალატაში, თავისი ბიჭუნას საწოლის გვერდით. მისი პატარა ავად იყო და მას სწორედ იმ დროს მართებდა მის გვერდით ყოფნა. ცხადია, ჩვენ უფრო მეტს უნდა ველოდეთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისგან, რომლის ხატებადაც ვართ შექმნილი! (დაბადება 1:26; ესაია 49:15). ფსალმუნის 33:19-ში ჩაწერილი ამაღელვებელი სიტყვები გვარწმუნებს, რომ, როდესაც „გულმოდრეკილნი“ ვართ, იეჰოვა, მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, „ახლოს“ არის; ის თვალყურს გვადევნებს, ყურადღებას გვაქცევს და ყოველთვის მზად არის ჩვენ დასახმარებლად (ფსალმუნი 146:1, 3).
„ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“
თავისი მიწიერი მსახურების დროს იესომ ბევრი რამ გამოააშკარავა იეჰოვას თვალსაზრისისა და გრძნობების შესახებ; აგრეთვე მან ნათელი გახადა იეჰოვას დამოკიდებულება თავის მიწიერ მსახურთა მიმართ. იესო არაერთხელ არწმუნებდა თავის მოწაფეებს, რომ ძვირფასები იყვნენ იეჰოვას თვალში (მათე 6:26; 12:12).
მან თითოეული მოწაფის პიროვნული ღირსებების საჩვენებლად შემდეგი მაგალითი მოიყვანა: „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29-31). დაფიქრდით, რას ნიშნავდა ეს სიტყვები იესოს პირველი საუკუნის მსმენელებისთვის.
როგორც ჩანს, ბეღურები ყველაზე იაფფასიანი ფრინველები იყვნენ, რომლებიც საჭმელად გამოიყენებოდა. ამ პატარა ჩიტებს პუტავდნენ, ხის ჯოხებზე აცვამდნენ და ცეცხლზე წვავდნენ. იესოს ბაზარში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქვრივი ქალები, რომლებიც თავიანთ ლეპტებს ითვლიდნენ, რომ განესაზღვრათ, რამდენი ბეღურის ყიდვა შეეძლოთ. მათი ღირებულება იმდენად მცირე იყო, რომ ერთ ასარად (ერთი ასარი დაახლოებით 12 თეთრია) ორი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა.
მოგვიანებით იესომ ეს მაგალითი სხვა კუთხით გააშუქა. როგორც ლუკას 12:6-ში ვკითხულობთ: „განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს?“ დაფიქრდი იმაზე, რომ ერთ ასარად მყიდველს ორი ბეღურა მოუვიდოდა, მაგრამ, თუ ის დახარჯავდა ორ ასარს, ოთხი ბეღურის ნაცვლად ხუთს იყიდდა. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ მეხუთე ჩიტი შევაჭრების შემდეგ, ფაქტობრივად, უფასო გამოდიოდა. იესო განაგრძობს: „და არც ერთი მათგანი [ამ უფასო ჩიტის ჩათვლითაც კი] დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე“. ამ მაგალითით იესომ შემდეგი დასკვნა გააკეთა: „თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (ლუკა 12:7). რა გამამხნევებელი იქნებოდა იესოს სიტყვები მისი მსმენელებისთვის!
ჩაწვდით იესოს მიერ მოყვანილი გამამხნევებელი მაგალითის მნიშვნელობას? თუკი იეჰოვას თვალში პატარა ჩიტებიც კი ფასობენ, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძვირფასები იქნებიან მისთვის მისი მიწიერი მსახურები! იეჰოვას დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ ადამიანს შორისაც კი არავინ ჰყავს დავიწყებული. თითოეული ჩვენთაგანი იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ ჩვენ შესახებ უმნიშვნელო დეტალებიც კი არ რჩება მხედველობიდან. მას ცალკეული ადამიანის თავზე თმის ღერებიც კი დათვლილი აქვს.
რასაკვირველია, ეშმაკი კვლავ ეცდება თავისი „მზაკვრობების“ გამოყენებას; მაგალითად, მას შეუძლია ჩვენი არასრულფასოვნების გრძნობით ისარგებლოს, რომ იეჰოვასადმი მსახურება შეგვაწყვეტინოს. მაგრამ არ მისცეთ სატანას გამარჯვების უფლება! გავიხსენოთ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ქრისტიანი ქალი. მას დაეხმარა „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია, რომელშიც გვაფრთხილებდნენ, რომ სატანა ცდილობს ჩვენი ემოციების გამოყენებასa. ის აღნიშნავს: „მე არასდროს დავფიქრებულვარ, რომ სატანა ეცდებოდა ჩემი ემოციურობით ესარგებლა და გული გაეტეხა ჩემთვის. ეს ფაქტი მიბიძგებს, დავთრგუნო ჩემი გრძნობები. ახლა, საკუთარ თავში დარწმუნებულს, შემიძლია სატანის თავდასხმებს უშიშრად შევხვდე“.
იეჰოვამ „ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:20). დიახ, იეჰოვასთვის ცნობილია, რისი ატანა გვიწევს ამჟამად. მან ისიც კი იცის, რა გადაგვიტანია წარსულში, რის გამოც შეიძლება საკუთარი თავისადმი პატივისცემა დაგვიკარგავს. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშველოვანია, იეჰოვა რას ფიქრობს ჩვენ შესახებ! რამდენად უღირსადაც არ უნდა მიგვაჩნდეს საკუთარი თავი, იეჰოვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თითოეული მისი მსახური ძვირფასია მის თვალში. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვას, რადგან, თავისი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ღმერთი „უტყუარია“ (ტიტე 1:2).
[სქოლიო]
a იხილეთ 1995 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია, „ღვთის თვალში შენ ძვირფასი ხარ!“, გვერდები 10—15.
[ჩანართი 16 გვერდზე]
მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვა ახლოს არის დამწუხრებულებთან.
[სურათები 17 გვერდზე]
თუკი იეჰოვა პატარა ბეღურას არ ივიწყებს, თქვენ როგორღა დაგივიწყებთ?
[საავტორო უფლება]
Lydekker
Illustrated Natural History