მსოფლიო ჭაღარავდება
ესპანელმა მკვლევარმა ხუან პონსე დე-ლეონმა, 1513 წელს გაჭირვებით მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკის უცნობ სანაპიროს. ერთ-ერთ ცნობაში ნათქვამია, რომ იქაურობა ყვავილებით იყო გადაპენტილი, ამიტომ ამ ადგილს მან ფლორიდა უწოდა, რაც ესპანურად „აყვავებულს“ ნიშნავს. მკვლევარს, მართალია, სახელის დარქმევა არ გასჭირვებია, მაგრამ ექსპედიციის მიზანი — ისეთი წყაროს პოვნა, რომელსაც გაახალგაზრდავების ძალა შესწევდა, — განუხორციებელი დარჩა. თვეების განმავლობაში ფლორიდაში გაახალგაზრდავების ლეგენდარული შადრევნის უშედეგო ძიების შემდეგ პონსე დე-ლეონმა ნაოსნობა განაგრძო.
გაახალგაზრდავების შადრევანი დღესაც ისეთივე მიუწვდომელი რამ არის კაცობრიობისათვის, როგორც პონსე დე-ლეონის დღეებში; მაგრამ ხალხმა აღმოაჩინა ის, რასაც მწერალმა ბეტი ფრიდენმა „ხანდაზმულობის შადრევანი“ უწოდა. ამის თქმის მიზეზი კი დედამიწის ზურგზე ხანდაზმულთა რიცხვის საგრძნობი მატება იყო. დღეს იმდენად ბევრი აღწევს ხანდაზმულობის ასაკს, რომ მსოფლიო მოსახლეობის შემადგენლობა იცვლება. ფაქტობრივად, მსოფლიო ჭაღარავდება.
„კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი“
დემოგრაფიული მონაცემების თანახმად, ჩვენი საუკუნის დასაწყისში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უმდიდრეს ქვეყნებშიც კი 50 წელზე ნაკლები იყო. დღეს უკვე ამ მაჩვენებელმა 75-ს გადააჭარბა. მსგავსად ამისა, ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც არის: ჩინეთი, ჰონდურასი, ინდონეზია და ვიეტნამი, სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 25 წლით გახანგრძლივდა. ყოველთვიურად მსოფლიოში მილიონი ადამიანი აღწევს 60 წელს. საოცარია, მაგრამ დედამიწაზე სწრაფად იზრდება არა ახალგაზრდების, არამედ 80 წლის და უფრო ხნიერი ადამიანების, ანუ „ხანდაზმულთა შორის ხანდაზმულების“ რიცხვი.
ჟურნალ „საიენსში“ დემოგრაფი ეილინ კრიმინსი აღნიშნავს: „სიცოცხლის გახანგრძლივება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა და ყურადღება მიაპყრო ამ მიღწევას და 1999 წელი ხანდაზმულთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა (იხილეთ ჩარჩო მე-3 გვერდზე).
საჭიროა თვალსაზრისის შეცვლა
ამ გამარჯვებას მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება როდი მოჰყოლია. მან ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ადამიანის თვალსაზრისის შეცვლაც გამოიწვია. მართალია, მრავალს ჯერ კიდევ საგონებელში აგდებს და აშინებს კიდეც ხანში შესვლა, რადგან ამას, ჩვეულებრივ, თან სდევს სხეულის დაუძლურება და გონების დასუსტება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სიბერის შემსწავლელი მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ხანში შესვლა და დაავადება ორი განსხვავებული რამ არის. ადამიანების დაბერების პროცესი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწავლულების აზრით, ქრონოლოგიური და ბიოლოგიური ხანდაზმულობა ერთმანეთისგან განსხვავდება (იხილეთ ჩარჩო „რა არის დაბერება?“) სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანდაზმულობაში შებიჯება მაინც და მაინც დაუძლურებას არ ნიშნავს.
ხანში შესვლასთან ერთად შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც ცხოვრებას გაგიუმჯობესებთ. მართალია, ეს არ გაგაახალგაზრდავებთ, მაგრამ ხანდაზმულობის მიუხედავად, ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. ზოგიერთი ამ ნაბიჯთაგანი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული. თუ ხანში შესვლის საკითხი დღეს თქვენთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ მაინც განაგრძოთ კითხვა, რადგან მალე ეს თემა თქვენთვისაც აქტუალური გახდება.
[ჩარჩო⁄სურათები 3 გვერდზე]
ხანდაზმულთა საერთაშორისო წელი
„რადგან უკვე 60 შემისრულდა . . . ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ახლა უკვე მეც მეხება“, — აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანნანმა, ხანდაზმულთა საერთაშორისო წლის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე. ამ სიაში ბატონი ანნანი მარტო არ არის. მკვლევარების თქმით, მომდევნო საუკუნის დამდეგს მრავალ ქვეყანაში 5-დან ერთი ადამიანი 60 წლის ან მეტის გახდება. ზოგ მათგანს მოვლა დასჭირდება, მაგრამ ყველასთვის აუცილებელი იქნება დამოუკიდებლობის, პირადი ღირსების გრძნობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. „დემოგრაფიული რევოლუციის“ შედეგად შექმნილ ამ სირთულეებთან გამკლავებაში პოლიტიკური მოღვაწეებისთვის დახმარების გასაწევად და „საზოგადოებაში ხანდაზმულთა ფასის“ შესახებ წარმოდგენის გასაუმჯობესებლად „1992 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ 1999 წელი ხანდაზმულთა საერთაშორისო წლად გამოცხადებულიყო“. ამ განსაკუთრებული წლის დევიზი გახლავთ: „საზოგადოებისკენ, რომელშიც ყველა ასაკის ხალხია!“
[სურათი]
კოფი ანნანი.
[საავტორო უფლება]
UN photo.
UN/DPI photo by Milton Grant.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
რა არის დაბერება?
„ხანში შესვლასთან ერთად ჩვენი ბიოლოგიური მომავლის განსაზღვრა ძალზე რთული ხდება“, — აღნიშნა ერთმა მკვლევარმა. „არავის ძალუძს ბოლომდე მისი გაგება“, — ამბობს სხვა სწავლული. მიუხედავად ამისა, გერონტოლოგები (მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ მოძღვრებას სიბერის შესახებ) ცდილობენ, განსაზღვრონ, რა არის სიბერე. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ სიბერე არის ამა თუ იმ ადამიანის, გარკვეულ პერიოდში, არსებობის ქრონოლოგიური აღმნიშვნელი. მაგრამ სიბერეში წლების გასვლის გარდა სხვა რამეც შედის. მიუხედავად იმისა, რომ წლები ბავშვსაც ემატება, მასზე არავინ იტყვის, რომ ბერდება, რადგან სიბერე ცხოველუნარიანობის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. დაბერება სამწუხარო პროცესია, რომელიც თან სდევს წლების მსვლელობას. ზოგი შეიძლება თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, მას თავის წლოვანებას ვერ მისცემო. ქრონოლოგიურ და ბიოლოგიურ დაბერებას შორის განსხვავების გასაკეთებლად, სწავლულები ბიოლოგიურ ხანდაზმულობას (სიბერე, რომელსაც თან სდევს საზიანო ფიზიკური ცვლილებები) დაჩაჩანაკებად მოიხსენიებენ.
ზოოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი სტივენ ნ. ოსტადი დაჩაჩანაკებას აღწერს როგორც „დროთა განმავლობაში ორგანიზმის ყველა ფუნქციის თანდათანობით მოშლას“. ხანდაზმულობის ეროვნული ინსტიტუტის დ-რ რიჩარდ ლ. სპროტი კი ამბობს, რომ დაბერება „იმ ორგანოების თანდათანობითი დაზიანებაა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სტრესზე სათანადო რეაგირების საშუალებას აძლევს“. მაგრამ სწავლულთა უმეტესობა იმ აზრის არის, რომ რთულია ნათლად ახსნა, რა არის დაბერება. მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე დ-რ ჯონ მედინა ხსნის, რატომ არის ეს რთული: „თხემიდან ტერფამდე, ცილებიდან დნმ-მდე, დაბადებიდან სიკვდილამდე, უამრავი პროცესი განაპირობებს ადამიანის 60 ტრილიონი უჯრედის დაბერებას“. გასაკვირი არ არის მრავალი მკვლევარის იმ დასკვნამდე მისვლა, რომ დაბერება „ყველაზე რთული ბიოლოგიური პრობლემაა“!