ბიბლიის თვალსაზრისი
როგორ ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი
ერთ გაუთხოვარ ქალს ჰკითხეს: „გიფიქრიათ ოდესმე გათხოვებაზე?“ „მიფიქრია? — დაუყოვნებლივ უპასუხა მან, — მე ძალიან მინდა გათხოვება“.
ამ ქალის მოკლე პასუხში კარგად ჩანს ზოგიერთის სიყვარულისა და მეგობრობის ძლიერი სურვილი. ბევრისთვის ცხოვრების თანამგზავრის პოვნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომაა, რომ მთელ მსოფლიოში უამრავი ორგანიზაცია შეიქმნა, რომელთა მიზანიც ადამიანებისთვის ცხოვრების თანამგზავრის პოვნაა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში წარუმატებელ ქორწინებათა რიცხვი წარმატებულ ქორწინებათა შემთხვევებს აჭარბებს.
დასავლეთის ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ყველა თვითონ ირჩევს საქმროს ან საცოლეს. აზიისა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში კი ჯერ კიდევ გარიგებით აქორწინებენ. ორივე შემთხვევაში ეს საკითხი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. ამის გარდა, ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ რამდენიმე სხვა ისეთი საკითხი იყოს, რომლებთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამაც შეიძლება დიდი ბედნიერება ან მწუხარება მოუტანოს ადამიანს. ქორწინებას, რომელსაც სიყვარული ახლავს, უდიდესი სიხარულისა და კმაყოფილების მოტანა შეუძლია. ამის საწინააღმდეგოდ, ქორწინება, რომელსაც მრისხანება ახასიათებს, შეიძლება გაუთავებელი ტკივილისა და სტრესის წყარო გახდეს (იგავნი 21:19; 26:21).
როგორც ყველას, ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც სურთ, ქორწინება სიხარულისა და კმაყოფილების მომტანი იყოს. მაგრამ მათ ისიც სურთ, რომ ასიამოვნონ და პატივი მიაგონ ღმერთს (კოლასელთა 3:23). ვინაიდან ღმერთი ქორწინების შემოქმედი და ოჯახის ფუძემდებელია, მან ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რა გვჭირდება და რა არის ჩვენთვის საუკეთესო (დაბადება 2:22—24; ესაია 48:17—19). გარდა ამისა, კაცობრიობის არსებობის ათასწლეულების განმავლობაში, მან მილიონობით ოჯახი იხილა, კარგიც და ცუდიც. მან იცის, რას მოაქვს ოჯახებისთვის ბედნიერება და რას — უბედურება (ფსალმუნი 31:8). თავისი სიტყვის, ბიბლიის, საშუალებით ის ნათელ და კონკრეტულ პრინციპებს გვაძლევს იმისათვის, რომ ნებისმიერმა ქრისტიანმა სწორი არჩევანი გააკეთოს. რომელია ზოგი ასეთი პრინციპი?
ნუ შეაფასებ გარეგნობის მიხედვით
იქ, სადაც ყველა თვითონ ირჩევს თანამგზავრს, კაცი შეიძლება შემთხვევით შეხვდეს თავის მომავალ მეუღლეს ან ის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გააცნონ. ხშირად თავდაპირველ ინტერესს ადამიანის გარეგნობა იწვევს. თუმცა ეს ბუნებრივი და ძლიერი აღმძვრელი ფაქტორია, ბიბლია გვირჩევს, მხოლოდ გარეგნობით არ შევაფასოთ ადამიანი, არამედ უკეთესად გავიცნოთ, როდესაც დაქორწინებას ვაპირებთ.
„მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“, — ნათქვამია იგავნის 31:30-ში. მოციქული პეტრე ლაპარაკობდა ‘უხრწნელ მყუდროებასა და სულის სიმშვიდეზე, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე’ (1 პეტრე 3:4). დიახ, მომავალი მეუღლის სულიერი თვისებები — ღვთისადმი ერთგულება და სიყვარული და მისი ქრისტიანული პიროვნება — ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სილამაზე. მნიშვნელოვანია დროის დათმობა ობიექტური არჩევნის გასაკეთებლად და იმ ადამიანის ასარჩევად, ვისაც იგივე სულიერი მიზნები აქვს და ვინც ღვთის სულის ნაყოფების გამოვლენისკენ მიისწრაფვის. ეს დიდად შეუწყობს ხელს ბედნიერ ქორწინებას (იგავნი 19:2; გალატელთა 5:22, 23).
‘ქორწინება უფალში’
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელსაც მეუღლედ ირჩევ, იზიარებდეს შენს მიზნებსა და რწმენას. ოჯახის შექმნა არ არის ადვილი და ორივეს მხრიდან საქციელსა და აზროვნებაში მრავალ ცვლილებას მოითხოვს. ლოგიკურია, რომ ამ ცვლილებების მოხდენა მით უფრო ადვილი იქნება, რაც უფრო მეტი საერთო გაქვს შენს მომავალ მეუღლესთან.
ეს გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ მოუწოდებდა პავლე მოციქული ქრისტიანებს, არ ‘შებმოდნენ უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად’ (2 კორინთელთა 6:14). პავლემ იცოდა, რომ ისეთ ადამიანზე დაქორწინებამ, რომელიც არ იზიარებს შენს რწმენას და არ ესმის ბიბლიური პრინციპები, შეიძლება შეხლა-შემოხლა და უთანხმოება წარმოშვას. გაფრთხილება ‘უფალში ქორწინების’ შესახებ ნამდვილად გონივრულია (1 კორინთელთა 7:39). ამაში ღვთის აზრი გამოიხატება. მრავალი, ვინც ამ რჩევას ითვალისწინებს, ბევრ სირთულესა და პრობლემას არიდებს თავს (იგავნი 2:1, 9).
გარიგებით დაქორწინება
რა შეიძლება ითქვას ქვეყნებზე, სადაც ჯერ კიდევ ჩვეულებრივია გარიგებით დაქორწინება? როგორც ვარაუდობენ, მაგალითად, სამხრეთ ინდოეთში ოჯახების 80 პროცენტის შექმნაში მშობლები იღებენ მონაწილეობას. მოიქცევიან თუ არა ქრისტიანი მშობლები ამ ტრადიციის მიხედვით, ეს მათი პირადი გადასაწყვეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები მაშინ არიან წარმატებულები, როდესაც მათში სულიერი ფასეულობანი ჭარბობს.
ისინი, ვინც გარიგებას უჭერენ მხარს, ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას გამოცდილ და მოწიფულ ადამიანებს ანდობენ. „ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ შვილებს ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, ვერ მიანდობენ მომავალი მეუღლის სულიერი მოწიფულობის განსაზღვრას, — ამბობს ერთი აფრიკელი ქრისტიანი უხუცესი. „ახალგაზრდები გამოუცდელები არიან და, ემოციებს აყოლილებმა, შეიძლება არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღონ“, — დასძინა ინდოეთში მცხოვრებმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა. რადგანაც მშობლებმა ყველაზე უკეთ იციან შვილების ხასიათი, ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ შვილების მაგივრად გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს გონივრული იქნებოდა, მათ ახალგაზრდა ქალ-ვაჟის აზრიც მიეღოთ მხედველობაში.
მაგრამ, მშობლებმა, რომლებიც უგულებელყოფენ ბიბლიურ პრინციპებს, შეიძლება მტანჯველი შედეგები მოიმკონ, თუ ახალ ოჯახში პრობლემები წარმოიშვა. რადგანაც ხშირად ასეთ შემთხვევაში მომავალ მეუღლეებს ერთმანეთის უკეთესად გაცნობის საშუალება თითქმის არა აქვთ, შემდგომში შეიძლება პრობლემები შეექმნათ. ხოლო, როცა პრობლემები წამოიჭრება, „ისინი ხშირად მშობლებს ადანაშაულებენ“ — ამბობს ერთი ინდოელი ქრისტიანი მამა.
ქრისტიანმა მშობლებმა, რომლებიც შვილს ცხოვრების თანამგზავრს ურჩევენ, თავიანთი აღძვრებიც უნდა მიიღონ მხედველობაში. როდესაც გარიგებისას მათში მატერიალისტური მიზნები ან პრესტიჟის სურვილი ჭარბობს, პრობლემები უეჭველად წამოიჭრება (1 ტიმოთე 6:9). ამიტომ მშობლებმა თავის თავს შემდეგი კითხვა უნდა დაუსვან: „მაძლევს ასეთი არჩევანი იმის იმედს, რომ წყვილი ბედნიერი და სულიერად ჯანმრთელი იქნება? თუ ამას უფრო ოჯახის სახელისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან ფულადი სარგებლის მისაღებად ვაკეთებ?“ (იგავნი 20:21).
ბიბლიური რჩევა ნათელი და სასარგებლოა. ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას მისი ღირსებები და სულიერობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ კეთდება არჩევანი. როდესაც ასე იქცევიან, პატივს მიაგებენ იეჰოვა ღმერთს, ოჯახის ფუძემდებელს, და ოჯახურ ცხოვრებას მყარ სულიერ საფუძველზე აგებენ (მათე 7:24, 25). ეს ოჯახის ბედნიერებასა და კმაყოფილებას შეუწყობს ხელს.