ნიუ-გრეინჯი უფრო მეტი კითხვა ვიდრე პასუხი?
ჩვენი კორესპონდენტისგან ირლანდიაში
ძველ ირლანდიურ ლიტერატურაში ამ ადგილს ბრუნა ბოინი ეწოდება, რაც „ბეინის სახლს ან სამფლობელოს“ ნიშნავს. დღეს ამ საიდუმლოებით მოცულ ადგილზე, რომელიც დუბლინიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მდინარე ბეინის სანაპიროზე მდებარეობს, სამყაროში უძველესი აკლდამებიდან რამდენიმე იქნა აღმოჩენილი. ერთ-ერთ მათგანს ნიუ-გრეინჯს უწოდებენ. ზუსტად არავინ იცის მისი არსებობის დასაბამი — თუმცა ზოგიერთის აზრით ის ეგვიპტის ხეოფსის პირამიდაზე ძველია. ყოველ წელს ზამთრის ნაბუნიობის დროს ტურისტები ნიუ-გრეინჯს აწყდებიან, რათა იხილონ უძველეს ხალხთა ნამდვილად შთამბეჭდავი შესაძლებლობები.
რატომ ააშენეს ის?
ეს საიდუმლოებით მოცული ძეგლი, ძალზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო თავისი მშენებლებისთვის (იხილეთ ჩარჩო, 16-გვერდზე). რატომ მოახმარეს მას ამდენი დრო, ძალ-ღონე და სახსრები? რატომ ააშენეს მათ ეს საოცარი აკლდამა?
ბრუნა ბოინი, როგორც ჩანს, არა მარტო სამარხად ითვლებოდა, არამედ რიტუალური თაყვანისცემის შესასრულებელ ადგილადაც. პროფესორი მაიკლ ო’კელი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა იქ, იუწყებოდა: „ბრუნა ბოინი დაკავშირებული იყო დაგდასთან — კარგ ღმერთთან, მის ცოლ ბოანთან და მის ვაჟ ენგუსთან; ტუატა დე დანანის ყველა წევრი, როგორც ამბობენ, ირლანდიაში სახლობდა გაელის ანუ კელტების მოსვლამდე და შემდეგ კი უკან დაიხიეს ირლანდიის ჯადოსნური გორაკებისა და ციხე-სიმაგრეებისკენ. მათ პატივს სცემდნენ, როგორც ზებუნებრივ ქმნილებებს, რომლებსაც ყველაფერი შეეძლოთ და აკეთებდნენ კიდეც ყველაფერს, რაც მოკვდავთა ძალებს აღემატებოდა“ („ნიუ-გრეინჯი — არქეოლოგია, ხელოვნება და ლეგენდა“).
ბოანი იყო მითიური ქალღმერთი, რომლის პატივსაცემადაც მდინარე ბეინს დაერქვა მისი სახელი. რადგან ყორღანს სამი მხრიდან მდინარე ესაზღვრება, მშენებლები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ბოანი ამ ადგილს ზიანისგან დაიცავდა. მკვლევარი მარტინ ბრენანის სიტყვების თანახმად, ისინი შეიძლება იმასაც ფიქრობდნენ, რომ ზოგიერთი ღვთაება ნამდვილად ცხოვრობდა ყორღანში. მართლაცდა, ის ამბობს, რომ ადრეული მითოლოგია აკლდამების შესახებ მიუთითებს, რომ ისინი „მიჩნეული იყო ცოცხალი ღვთაებების ადგილსამყოფელად და დაბადების ადგილად“ („ვარსკვლავები და ქვები“).
მაგრამ ნიუ-გრეინჯი უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე მხოლოდ მიცვალებულთა აკლდამას და ღმერთების სამყოფელ ადგილს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული სიზუსტის ძეგლი. არქიტექტორებმა დიდი სიზუსტით დააკავშირეს გრძელი დერეფანი და დასაკრძალი კამერა შესასვლელის ზემოთ ხვრელთან, საიდანაც ზამთრის ნაბუნიობის მზე აღწევს. აკლდამის შესასვლელის თავზე მათ სპეციალური ხვრელი გააკეთეს, რაც მზის სხივებს აკლდამის სიღრმეში შეღწევის საშუალებას აძლევდა.
დღესაც კი უამრავი ტურისტი ჩადის ნიუ-გრეინჯში ზამთრის ნაბუნიობის დროს, როდესაც თითქმის 15 წუთის განმავლობაში აღწევს სინათლე აკლდამის სიღრმეში. ბრუნა ბოინის სავიზიტო ცენტრის მენეჯერმა, კლარ ტეფმა, თქვა: „ზოგს სწამს, რომ მზის შუქი, რომელიც ყორღანის სიღრმეში აღწევს გამოსახავს დედამიწის ქალღმერთისა და მზის ღმერთის ქორწინებას და ამ დროს ხალხი ფიქრობს, რომ ეს მიწისთვის ნაყოფიერების მომასწავებელი იქნება“.
საიდუმლოებით მოცული ქვის ორნამენტები
როგორც ვიცით, საიდუმლოებით მოცული აკლდამის მშენებლებს წერილობითი წყაროები არ დაუტოვებიათ. მაგრამ მათ თავიანთი ხელწერა დატოვეს ქვაზე შესანიშნავად შესრულებლ ამონატვიფრების სახით. ისინი ტვიფრავდნენ სპირალებს, კუთხოვან ხაზებს, სწორკუთხედებს, სამკუთხედებს, დაკლაკნილ ხაზებს, წრეებსა და სხვა ფიგურებს, ალბათ, კაჟის ან კვარცისა და ქვის ჩაქუჩის გამოყენებით. ბრენანი ირლანდიის ამ მემკვიდრეობას „მსოფლიოს მეგალითური ხელოვნების უდიდეს კოლექციას“ უწოდებს.
ზოგი ფიქრობს, რომ ქვაზე ამოტვიფრული ამოუცნობი ფიგურები შეიძლება გაიშიფროს, და რომ ისინი ასტრონომიის კარგად ცოდნას გამოხატავენ. ბრენანი ფიქრობს, რომ ისინი მზისა და მთვარის მოძრაობას აღწერენ. „შესაძლებელია, . . ეს სიმბოლოებიცა და ყორღანებიც მზისა და მთვარისთვის მიძღვნილ წმინდა ადგილებად იყო მიჩნეული, — ამბობს ის. — მხოლოდ ამის ცოდნაც კი უკვე ნათელს ხდის, რომ ამ ხელოვნების ნიმუშებს რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა“. მაგრამ სხვა ექსპერტები ეთანხმებიან უკვე მოხსენიებულ ო’კელს, რომელმაც დაწერა, რომ ამოტვიფრულ ფიგურებს „მათთვის უნდა ჰქონოდათ მნიშვნელობა, ვინც ხედავდა მათ, მაგრამ საეჭვოა ოდესმე გავიგოთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ. ეს იმ საიდუმლოებათა შორის დარჩება, რომელიც დაკავშირებულია ბრუნა ბოინის ან ძველი ღვთაებების სამყოფელთან“.
„ძალიან ჭკვიანი ხალხი“
შეიძლება ჩანდეს, რომ ნიუ-გრეინჯი გამოუცნობი გამოცანაა. ბრუნა ბოინის დერეფნიანი აკლდამის მშენებელთა საიდუმლოებით მოცული ვინაობა ძირითადად ამოუცნობი რჩება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ დადგინდა. მშენებლები პრიმიტიული საზოგადოების წარმომადგენლები არ ყოფილან. მართლაც, ო’კელი ამბობს, რომ ნიუ-გრეინჯის არქიტექტორებს, მხატვრებსა და ხელოსნებს „საკმაოდ მაღალი დონის კულტურა უნდა ჰქონოდათ“. მწერალი პეტრე ჰარბესენი აცხადებს, რომ მშენებლები „გამორიცხულია რომ ყოფილიყვნენ პირველყოფილი მასების ლეგენდარული გმირები. . . ისინი გონიერი ხალხი იყვნენ“.
თუმცა არ ვიცით ვინ ააშენა ნიუ-გრეინჯი ბრუნა ბოინში, ის ნათლად გვიჩვენებს თავის უძველესი არქიტექტორებისა და მშენებლების, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ოსტატობასა და გონიერებას.
[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]
მშენებლები და ნაგებობა
რა ვიცით ნიუ-გრეინჯის მშენებლების შესახებ? ძალიან „ცოტა რამ, — თქვა ბრუნა ბოინის სავიზიტო ცენტრის მენეჯერმა კლარ ტეფმა. — მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც გავიგეთ. ვიცით რომ ფერმერები იყვნენ, ამასთანავე შეძლებულებიც. უნდა ყოფილიყვნენ კიდეც, რათა ჰქონოდათ ამ დიდებული ყორღანის მშენებლობისთვის საჭირო სახსრები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ მაშინ რკინის იარაღები არ ჰქონდათ“.
უზარმაზარი ქვის ფილებით, რომლებიც ათ ტონამდე იწონიდა, მშენებლებმა დაახლოებით 19 მეტრი სიგრძის, 2 მეტრი სიმაღლისა და იმსიგანე დერეფანი ააშენეს, რომ კაცს თავისუფლად გაევლო. დერეფანს მივყავართ 6 მეტრის სიგანის დასაკრძალ კამერასთან, რომელსაც სამი განყოფილება აქვს. დერეფანსა და დასაკრძალ კამერას გრძელი ჯვრის ფორმა აქვს.
დასაკრძალი კამერის თავზე, ამ საზრიანმა მშენებლებმა უფრო მძიმე ქვები გამოიყენეს, კირხსნარის გარეშე, რათა 6 მეტრის სიმაღლის თაღოვანი სახურავი გაეკეთებინათ. შემდეგ მათ აკლდამის თავზე ააგეს 80 მეტრის დიამეტრისა და 12 მეტრის სიმაღლის უზარმაზარი ყორღანი. მათ აგრეთვე ააშენეს მტკიცე კედელი უზარმაზარი ლოდებით და წინა მხარე კვარცით მოაპირკეთეს. ყორღანის კიდეების გარშემო დადგეს უზარმაზარი 97 ბორდიურის ქვა, რომელთაგანაც თითოეული ორიდან ხუთ ტონამდე იწონის. ოდესღაც ბორდიურის ქვები და აკლდამის შესასვლელი დაფლულ იქნა. 1699 წელს მუშა, რომელიც ქვებს ეძებდა, წააწყდა შესასვლელს და ეს უძველესი დერეფნიანი აკლდამა კვლავ გამოაჩინა.
[სურათი]
ნიუ-გრენიჯის კორიდორში შესასვლელი.
[რუკა 14 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ნიუ-გრეინჯი
დუბლინი
[სურათები 15 გვერდზე]
(ზემოთ) ყოველ წელს, 15 წუთის განმავლობაში, ზამთრის ნაბუნიობის დროს მზის სინათლე აკლდამის შუაგულში აღწევს.
(ქვემოთ) დასაკრძალი კამერა სიღრმიდან; შენიშნეთ სპირალისებური სამი ნატვიფრი.
[საავტორო უფლება]
All pictures on pages 14-5 except map: Dúchas, The Heritage Service, Ireland
[სურათი 16 გვერდზე]
ბრუნა ბოინი — მეგალითური ყორღანი და აკლდამა ნიუ-გრეინჯთან.
[საავტორო უფლება]
Dúchas, The Heritage Service, Ireland