ბიბლიის თვალსაზრისი
არასწორია გლოვა?
„გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელთა 4:13).
ბიბლია განსვენებულებთან დაკავშირებით იმედს იძლევა. როგორც იესოს მიერ რამდენიმე მკვდრის აღდგენის ფაქტი, ისე მისი სწავლებები მიუთითებს იმაზე, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან (მათე 22:23—33; მარკოზი 5:35, 36, 41, 42; ლუკა 7:12—16). როგორ უნდა იმოქმედოს ამ იმედმა ჩვენზე? მოციქული პავლეს ზემოხსენებული სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ ამ იმედმა უნდა გვანუგეშოს, როდესაც გვიკვდება საყვარელი ადამიანი.
ახლობლის სიკვდილი თქვენში უეჭველად იწვევს ემოციურ ტკივილს. ტერეზა, რომლის მეუღლეც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულის ოპერაციიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, აღნიშნავს: „ამ შემთხვევამ შოკში ჩამაგდო! პირველი, რაც ვიგრძენი, იყო პანიკური შიში. ამას მოჰყვა აუტანელი ტკივილი, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. თვალზე ცრემლი არ შემშრობია“. ნიშნავს თუ არა ასეთი რეაქცია იმას, რომ არასაკმარისად გწამს იეჰოვას მიერ აღთქმული მკვდრეთით აღდგომა? ნიშნავს პავლეს სიტყვები იმას, რომ არასწორია გლოვა?
გლოვის ბიბლიური მაგალითები
ჩვენ ვიპოვით ამ კითხვებზე პასუხს, თუ განვიხილავთ გლოვის ბიბლიურ მაგალითებს. გლოვა ოჯახის წევრის სიკვდილის გამო, მრავალ შემთხვევაში, დიდხანს გრძელდებოდა (დაბადება 27:41; 50:7—10; ფსალმუნი 34:14).
გავიხსენოთ ღვთის ის ერთგული მამაკაცები, რომლებიც გლოვობდნენ თავიანთ საყვარელ განსვენებულებს. მაგალითად, აბრაამს მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთს მკვდრების აღდგენის ძალა შესწევდა (ებრაელთა 11:19). მიუხედავად ასეთი რწმენისა, მისი ცოლის სიკვდილის შემდეგ „მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად“ (დაბადება 23:1, 2). როდესაც იაკობი თავისმა ვაჟებმა მოატყუეს და მისი საყვარელი ძის, იოსების, დაღუპვის ამბავი შეატყობინეს, მან „ტანზე შემოიხია“ და „დასტიროდა მას“ (დაბადება 37:34, 35). მრავალი წლის შემდეგაც კი, ფიქრი მისი ძვირფასი შვილის სიკვდილზე, დიდად ამწუხრებდა იაკობს (დაბადება 42:36—38). მეფე დავითიც დაუფარავად გლოვობდა და ძლიერ განიცდიდა მისი ორი ვაჟის, ამნონისა და აბესალომის, სიკვდილს. თუმცა ორივემ მრავალი პრობლემა შეუქმნა დავითსა და მის ოჯახს, ისინი დარჩნენ დავითის შვილებად და მათმა სიკვდილმა ის დიდად დაამწუხრა (მეორე მეფეთა 13:28—39; 18:33).
ხანდახან, მთელი ისრაელი ერი გლოვობდა, როგორც ეს მოსეს სიკვდილის დროს მოხდა. მეორე რჯულის 34:8-ში აღნიშნულია, როგორ დასტიროდნენ მას 30 დღის განმავლობაში.
დაბოლოს, იესო ქრისტეს მაგალითი: როდესაც მისი ახლო მეგობარი, ლაზარე, გარდაიცვალა და როდესაც იესომ დაინახა, თუ როგორ ტიროდნენ ლაზარეს დები, მართა და მარიამი, აგრეთვე მათი მეგობრები, ის „შეიძრა სულით და აშფოთდა“. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, ძალიან მალე დაუბრუნებდა თავის მეგობარს სიცოცხლეს, იესო „აცრემლდა“. იესოს უყვარდა თავისი მეგობრები მართა და მარიამი, ამიტომ ის ღრმად შეძრა მათი ძმის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებამ (იოანე 11:33—36).
აბრაამი, იაკობი, დავითი, იესო — ყველანი იეჰოვასა და მისი აღთქმებისადმი ძლიერი რწმენით გამოირჩეოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გლოვობდნენ. იყო თუ არა გლოვა მათი სულიერი სისუსტის მაჩვენებელი? ნიშნავდა ეს წუხილი მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენის უქონლობას? სრულიადაც არა! გლოვა, ეს არის ნორმალური რეაქცია საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას.
რატომ ვგლოვობთ
ადამიანთა სიკვდილი არასოდეს ყოფილა ღვთის განზრახვა. იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, როგორც ეს ადამსა და ევას განუცხადა, დედამიწის მშვენიერ სამოთხედ გადაქცევა იყო, სადაც, მოსიყვარულე და ბედნიერი ოჯახები იცხოვრებდნენ. სიკვდილი, მხოლოდ პირველი წყვილის იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შემოვიდოდა (დაბადება 1:28; 2:17). სამწუხაროდ, ადამმა და ევამ გამოავლინეს დაუმორჩილებლობა და ამის გამო „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12; 6:23). ამრიგად, სიკვდილი არის ის დაუძინებელი მტერი, რომელსაც არასოდეს უნდა ეარსება (1 კორინთელთა 15:26).
მაშასადმე, გონივრულია, რომ ისეთი არაბუნებრივი მოვლენა, როგორიც ადამიანის სიკვდილია, მრავალში იწვევს ღრმა ემოციურ ტკივილს. ის ქმნის უშველებელ სიცარიელეს მათ ცხოვრებაში. ზემოხსენებულმა ქვრივმა, ტერეზამ, თავის ქმართან დაკავშირებით აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ვიხილავ მას მკვდრეთით აღდგომისას, მაგრამ ახლა ძალიან მაკლია მისი თავი. ეს, მართლაც, ძალიან მაწუხებს“. მშობლის სიკვდილი შესაძლოა გვახსენებს, რომ ჩვენც მოკვდავები ვართ; ახალგაზრდების სიკვდილი განსაკუთრებით დიდი ტრაგედიაა — მათ ხომ ასე ცოტა ხანს იცხოვრეს (ესაია 38:10).
დიახ, სიკვდილი არაბუნებრივი მოვლენაა. სიკვდილის შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება ბუნებრივია და ამის გამო გლოვას იეჰოვა არასოდეს უყურებს, როგორც მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენის ნაკლებობას. როგორც აბრაამის, იაკობის, დავითის, ისრაელი ერისა და იესოს მაგალითებიდან დავინახეთ, გულისტკივილის აშკარად გამოხატვა არ არის ჩვენი სულიერი სისუსტის მაჩვენებელიa.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, სიკვდილი უდავოდ გვაყენებს ტკივილს, არ ვნაღვლობთ ისე, როგორც ისინი, „რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელთა 4:13). ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, მივეცეთ არაგონივრულ, უკიდურეს გლოვას, იმიტომ რომ არ ვართ გაურკვევლობაში მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არ გრძნობენ ტკივილს ან მწუხარებას, არამედ მათი მდგომარეობა ჰგავს ღრმა, მშვიდ ძილს (ეკლესიასტე 9:5; მარკოზი 5:39; იოანე 11:11—14). ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ იესო — „აღდგომა და სიცოცხლე“ — აღასრულებს დაპირებულს და აღადგენს ‘ყველას, ვინც სამარხებში არიან’ (იოანე 5:28, 29; 11:24, 25).
ამიტომ, თუ შენ ახლა გლოვობ, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გრძნობს შენს ტკივილს. დაე ეს შემეცნება და მკვდრეთით აღდგომის იმედი იყოს მალამო შენი მწუხარებისთვის და დამხმარე ამ დანაკლისის გადატანაში.
[სქოლიო]
a მწუხარებასთან გასამკლავებლად იხილეთ იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოშვებული ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, 14—19 გვერდები.