ხმელთაშუაზღვისპირეთის უნიკალური ნაკრძალი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ესპანეთში
ათასწლეულების მანძილზე ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე ქვეყნებმა გაჩეხეს ხე-ტყე, გააჩანაგეს საძოვრები და ნადირობის შედეგად ზოგიერთი გარეული ცხოველი თითქმის გადაშენების პირას მიიყვანეს. ამჟამად ამ რეგიონს მხოლოდ რამდენიმე ხელშეუხებელი ადგილიღა შემორჩა. ესპანეთის ერთ კუთხეშიც არის პატარა ადგილი, რომელიც სხვადასხვა ვითარებების გამო პრაქტიკულად ხელუხლებელი დარჩა. მისი სახელია „მონფრაგუე“, რაც „გაუვალ მთას“ ნიშნავს.
და მაინც, ესპანეთის ამ მხარის მხოლოდ ტერიტორიული სიშორე თავისთავად არ იქნებოდა საკმარისი მისი ფლორისა და ფაუნის დასაცავად. საბედნიეროდ, მონფრაგუეს ტერიტორიის გარშემო მცხოვრებმა ფერმერებმა მეცხოველეობას მიჰყვეს ხელი, რითაც ხმელთაშუაზღვისპირეთის გორაკებზე ერთ დროს გადაშლილი ულამაზესი ველური ტყის უზარმაზარი მონაკვეთების დაცვაში დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ტყიანი ადგილი „დეესას“ სახელით გახდა ცნობილი, რაც „ტყიან საძოვარს“ ნიშნავს.
მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი
საუკუნეების წინ ესტრემადურელმა (ესტრემადურა ესპანეთის ის რეგიონია, სადაც მდებარეობს მონფრაგუე) ფერმერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ადგილებში გავრცელებული მარადმწვანე მუხის ტყეები მათი ფარებისთვის აუცილებელ ჩრდილსა და საკვებს იძლეოდაa. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ხე მოეჭრათ და მთელი ტერიტორია საძოვრებად გადაექციათ, უამრავი მუხა ხელუხლებელი დატოვეს, რითაც ხეებს შორის დიდი მდელოები შექმნეს. მათ გასხლეს კიდეც ხეები, რომ ტოტებს უფრო კარგად აეყარათ ტანი. ამ დიდებული მუხნარის ჩრდილი იცავდა აბიბინებულ საძოვრებს, ხოლო მისი რკო უხვად უმასპინძლდებოდა საქონელსა და ღორების კოლტს ნოყიერი საკვებით. ვინაიდან ამ „დეესამ“ ბუნებრივი ტყის საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიცვა, ცოცხალი სამყაროს ბევრი ადგილობრივი წარმომადგენელიც გადარჩა.
ორი მდინარე — ტახო და ტიეტარი — „დეესას“ გადაკვეთისას კანიონებს ქმნიან და ბოლოს, მონფრაგუეს მთის მწვერვალის დაბლა ერთმანეთს ერთვიან. საბოლოო ჯამში, 1979 წელს ამ ორი მდინარის გასწვრივ მდებარე მთიანი ადგილი და ის ტერიტორია, სადაც ყველაზე უკეთ იქნა შემონახული ხმელთაშუაზღვისპირა ბუნებრივი ტყე, ნაკრძალად იქცა. ვინაიდან და რადგანაც მონფრაგუე ამჟამად ხმელთაშუაზღვისპირეთის ეკოსისტემაში შემონახულ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება, აქ პარკი დაარსდა.
ბიბლიაში მოხსენიებული ფრინველები
მართალია, პარკს შედარებით მცირე ტერიტორია უკავია, მაგრამ ის თავშესაფარს აძლევს გენეტას, კეთილშობილ ირემს — მარალს, ტახსა და მოუხელთებელ ესპანურ ფოცხვერს — ის ერთ-ერთია ევროპის იმ ძუძუმწოვრებიდან, რომლებიც გადაშენების პირას არიან მისული. რადგანაც ცხოველთა უმრავლესობა ღამით აქტიურდება, დღისით მოსულ მნახველებს უმეტესწილად ამ მიდამოებში გავრცელებული უმშვენიერესი მტაცებელი ფრინველების ხილვა უწევთ. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელებული მტაცებელი ფრინველები ბიბლიაშიც არიან მოხსენიებული.
XIX საუკუნის შუა პერიოდში მცხოვრებმა ნატურალისტმა ჰ. ბ. ტრისტრამმა შენიშნა, რომ პალესტინაში მოგზაურობის დროს პრაქტიკულად ყველგან ხვდებოდა ცაში მონავარდე ორბებს. იგივეს თქმა შეიძლება მონფრაგუეზეც, სადაც ამ ფრინველების 400 წყვილი ბუდობს კლდეებში, რომლებიც გადაჰყურებს მდინარეებს — ტახოსა და ტიეტარს. დღის ბოლოსთვის ათობით ორბი დასტრიალებს თავის „კომუნალურ“ ბუდეს და საღამოს ცას უზარმაზარი სილუეტებით ამშვენებსb.
ლაკლაკები (ყარყატის ერთ-ერთი სახეობა), რომლებიც ევროპის მრავალ მხარეში ძველ შენობებზე იშენებენ ბუდეებს, მონფრაგუეში — სადაც თავს შესანიშნავად გრძნობენ — ჯერაც მუხის ხეებზე ბუდობენ (ფსალმუნი 103:17). თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადს ლაკლაკებთან ერთად მიჰყვებიან ხოლმე ბეგობისა და მთის არწივები, რომლებიც ცაში შეუპოვრად განაგრძობენ ლივლივს და ნადავლის მუდმივ ძიებაში ‘შორიდანვე იჭვრიტებიან’ (იობი 39:27—29).
არწივებზე უფრო მარდები და მრავალრიცხოვნები არიან ბორები, რომელთა რიცხვი ზაფხულის თვეებში მკვეთრად იზრდება. მახვილი თვალის პატრონი შავი ძერებიც გამუდმებით ზვერავენ პარკში გამავალ მდინარეებს და უთვალთვალებენ თევზს, რომელიც შეიძლება წყლიდან ამოსრიალდეს (იობი 28:7).
სხვა მტაცებელი ფრინველები, მაგალითად ზარნაშო და ბუხრინწა შებინდებისას იწყებენ ცაში ნავარდს. ზარნაშო ბუდობს მონფრაგუეს მიყრუებულ კლდეებში, რომლებიც ძველი ბაბილონის უკაცრიელ ნანგრევებს მოგაგონებთ — ბაბილონისა, რომლის შესახებაც ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ადრე თუ გვიან ეს ქალაქი ამ ფრინველების სამკვიდროდაც იქცეოდა (ესაია 13:21, აქ).
ნაკრძალის დაცვა და აღდგენა
როდესაც ველური ყვავილები ათასფერად კაბებს მოირგებენ ხოლმე, პარკი განსაკუთრებით იმკობა, უმეტესწილად კი — გაზაფხულზე. Cistus ladanifer-ის ფაქიზი თეთრი ყვავილები და იისფერი ლავანდის კონები ხეებს მოკლებულ თითქმის ყველა ფერდობს ჭრელ ხალიჩასავით ფარავს. ზაფხულის მოახლოებისთანავე, თითქოს მხატვრის ფუნჯს მოუსვამსო, ყველა კუთხე-კუნჭულში ამოსული ყაყაჩოები ალისფრად ღებავენ მწვანე საძოვრებს.
ამჟამად პარკის მესვეურთა უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ამ ძვირფასი ნაკრძალის დაცვა. სწორედ ამ მიზეზით ისინი დაუღალავად რგავენ ადგილობრივი ხეების სხვადასხვა ჯიშებს — მათი მიზანია, ამ ხეებით შეცვალონ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ფიჭვები და ევკალიპტები, რომლებიც პარკის გარემოზე სასიკეთოდ არ მოქმედებენ. „დეესას“ დაცვის მიზნით ისინი ადგილობრივ ფერმერებთანაც თანამშრომლობენ და ურჩევენ, ყველა საჭირო ადგილას კვლავ დარგონ მუხის ხეები. იმედია, ეს ზომები ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ უნიკალური ნაკრძალის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
[სქოლიოები]
a ესპანეთში მარადმწვანე მუხის ძირითადი სახეობებია კორპის მუხა და ქვამუხა. მარადმწვანე მუხის მსგავსი სახეობები ბიბლიური დროის პალესტინაშიც ფართოდ იზრდებოდა.
b ორბების ფრთების შლილი 280 სმ-მდე აღწევს, თავად ორბი კი ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრინველია.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
მარცხნიდან მარჯვნივ: საქონელი ბალახობს ტყის მდელოზე, გენეტა და მარალი.
[სურათი 18 გვერდზე]
სვავი.
[სურათი 18 გვერდზე]
ზარნაშო.
[სურათი 18 გვერდზე]
მთის არწივი.
[საავტორო უფლება]
Fotos: Cortesía de GREFA