ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავუმკლავდე თანატოლების ზეგავლენას?
„სადაც უნდა იყო, თანატოლები ყველგან ახდენენ შენზე გავლენას“ (16 წლის ჯესი).
„სკოლელი თანატოლების ზეგავლენა იმ უდიდეს სირთულეებს განეკუთვნებოდა, რომლებთანაც მოზარდობის დროს მიწევდა ბრძოლა“ (21 წლის იონათანი).
თანატოლების ზეგავლენა იმდენად ძლიერია, რომ ის მართლაც ანგარიშგასაწევია. მაგრამ გჯეროდეს: შენ შეძლებ მასთან გამკლავებას. უფრო მეტიც: შეგიძლია ეს ძალა სასურველი მიმართულებით წარმართო და შენდა სასიკეთოდაც კი გამოიყენო. მაგრამ, საინტერესოა როგორ?
ამ სერიის წინა სტატიაში განვიხილეთ პირველი უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგა: ეს არის თანატოლების ზეგავლენის ძალისა და იმის აღიარება, რომ ამ ძალას პირადად შენზეც შეუძლია გავლენის მოხდენაa. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლია ამის შემდეგ? ღვთის სიტყვაში სწორედ იმ სასარგებლო ხელმძღვანელობას იპოვი, რომელიც შენ გჭირდება. იგავების 24:5-ში ვკითხულობთ: „მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას“. რა სახის ცოდნა გაგიმტკიცებს ძალას, რომ თანატოლების ზეგავლენას გაუმკლავდე? ვიდრე ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოდი განვიხილოთ ერთი პრობლემა, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო გაამწვავოს თანატოლების გავლენა შენზე.
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა სახიფათოა
რადგან სხვებს თავიანთი მრწამსის შესახებ ესაუბრებიან, იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებისთვის ზოგჯერ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავება (მათე 28:19, 20). ხომ არ გიძნელდება ზოგჯერ სხვა ახალგაზრდებთან შენი რწმენის შესახებ საუბარი? ასეთი რამ მხოლოდ შენ არ გემართება. აი, რას ამბობს 18 წლის მელანი: „თანატოლებისთვის იმის გამხელა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე ვფიქრობდი“. იგი დასძენს: „როდესაც გამბედაობას მოვიკრებდი და ის-ის იყო უნდა მეთქვა, იეჰოვას მოწმე ვარ-მეთქი, უცაბედად, კვლავ შიში ამიტანდა ხოლმე“. თავშეკავებისკენ, როგორც ჩანს, მას თანატოლების ცუდი ზეგავლენა უბიძგებდა.
ბიბლია გვანუგეშებს, რომ, მხოლოდ ჩვენ კი არა, თურმე სამაგალითო რწმენით გამორჩეული მამაკაცები და ქალებიც კი ყოყმანობდნენ, ესაუბრათ თუ არა ხალხთან ღვთის შესახებ. მაგალითად, ახალგაზრდა იერემიამ იცოდა, რომ, თუ ღვთის ბრძანებას დაემორჩილებოდა და ხალხს გაბედულად აუწყებდა მის სიტყვებს, იგი დაცინვისა და დევნის ობიექტი გახდებოდა. გარდა ამისა, იერემია თავის თავშიც არ იყო დარწმუნებული. საიდან ვიცით ეს? აი, რა უთხრა მან ღმერთს: „მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ“. ნუთუ ღმერთიც ფიქრობდა, რომ სიყმაწვილის გამო იერემია ჯერ მზად არ იყო, ხალხთან ღვთის შესახებ ესაუბრა? არა. იეჰოვამ ანუგეშა წინასწარმეტყველი: «ნუ იტყვი: „ყმაწვილი ვარ“». იეჰოვა ამან ვერ შეაჩერა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მერყევ ახალგაზრდა მამაკაცს მნიშვნელოვანი დავალებაც კი მისცა (იერემია 1:6, 7).
როდესაც საკუთარ თავში არა ვართ დარწმუნებული, თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავება შეიძლება ძალიან ძნელი იყოს. სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. მაგალითად, 1937 წელს მეცნიერმა მუზაფერ შერიფმა ბევრისთვის კარგად ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ბნელ ოთახში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეიყვანა, მანათობელი წერტილი უჩვენა და სთხოვა, მოსაზრება გამოეთქვათ, რამდენად გადაადგილდებოდა ეს წერტილი.
სინამდვილეში, მანათობელი წერტილი საერთოდ არ გადაუადგილებიათ — ეს უბრალოდ მხედველობითი ილუზია იყო. როდესაც ამ ჯგუფის წევრებს ცალ-ცალკე სცდიდნენ, ყველა თავის ინდივიდუალურ მოსაზრებას გამოთქვამდა ამ მოჩვენებითი გადაადგილების შესახებ. მაგრამ, ჯგუფური ექსპერიმენტის ჩატარებისას, მათ სთხოვდნენ, რომ ხმამაღლა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება. გაინტერესებთ, რა მოხდა? რადგან ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სიზუსტეში, ისინი ერთმანეთის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. რაც უფრო მეტჯერ იმეორებდნენ ექსპერიმენტს, მათი პასუხები მით უფრო ემსგავსებოდა ერთმანეთს, ბოლოს კი ერთ ჩარჩოში მოექცა და, ასე ვთქვათ, ჯგუფურ სტანდარტად იქცა. მოგვიანებით, როდესაც კვლავ ცალ-ცალკე სცდიდნენ, ექსპერიმენტში მონაწილეებზე კვლავ ჯგუფური მოსაზრება ახდენდა გავლენას.
ამ ექსპერიმენტიდან კარგ გაკვეთილს ვსწავლობთ: თუ ვინმე საკუთარ თავში ბოლომდე არ არის დარწმუნებული, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის თანატოლების გავლენის ქვეშ მოექცევა. მართლაც რომ საგულისხმოა, არა? ბოლოს და ბოლოს, თანატოლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც კი შეუძლიათ გავლენის მოხდენა, როგორიცაა ახალგაზრდის ცხოვრებისეული მიზნები, მისი შეხედულება ქორწინებამდელ სექსსა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაზე. თუ დავუშვებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებაზე „ჯგუფურმა სტანდარტმა“ მოახდინოს გავლენა, მაშინ ჩვენი მომავალი შეიძლება ძირეულად შეიცვალოს ცუდისკენ (გამოსვლა 23:2). როგორ უნდა მოვიქცეთ?
როგორ ფიქრობ, შენ როგორ მოიქცეოდი ამ ექსპერიმენტის დროს, თუკი დანამდვილებით გეცოდინებოდა, რომ მანათობელი წერტილი საერთოდ არ იძვროდა ადგილიდან? შენზე, ალბათ, არ მოახდენდა გავლენას ჯგუფური აზრი. დიახ, აუცილებელია, დარწმუნებული ვიყოთ. მაგრამ, რაში დარწმუნება და ვისზე მინდობაა უფრო აუცილებელი და როგორ შევძლებთ მათ განვითარებას?
მიენდე იეჰოვას
შეიძლება ბევრი რამ გსმენია თვითრწმენის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა საქმე იმას ეხება, თუ რამდენად ძლიერი უნდა იყოს ის ან როგორ უნდა განივითარო, აქ უკვე უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს. ბიბლია ასეთ გაწონასწორებულ რჩევას გვაძლევს: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად“ (რომაელთა 12:3). სხვა თარგმანი ამგვარად გადმოსცემს ამ მუხლს: „მსურს, ყველა თქვენგანს გითხრათ, რომ საკუთარი თავი არ მიიჩნიოთ იმაზე მეტად, რასაც სინამდვილეში წარმოადგენთ, არამედ ობიექტურად შეაფასეთ“ (ჩარლზ უილიამსის თარგმანი).
იმის „ობიექტურად შეფასება“, რასაც „სინამდვილეში წარმოადგენ“, გამორიცხავს პატივმოყვარეობას, თავდაჯერებულობასა და თავმომწონეობას. მეორე მხრივ კი, ასეთი გაწონასწორებული თვალსაზრისი იმასაც გულისხმობს, რომ ზომიერად იყო დარწმუნებული საკუთარი აზროვნების, განსჯისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარში. შემოქმედმა „გონიერება“ გიბოძა და ეს სულაც არ არის უბრალო საჩუქარი (რომაელთა 12:1, სსგ). თუ ეს ყოველთვის გემახსოვრება, მაშინ ნებას არ დართავ გარშემო მყოფთ, შენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები. მაგრამ, მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულობა საკმარისი არ არის. კიდევ რა არის საჭირო?
ღვთის შთაგონებით დავით მეფემ დაწერა: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე“ (ფსალმუნები 70:5). დიახ, დავითი სიყრმიდანვე მთელი გულით იყო თავის ზეციერ მამაზე მინდობილი. იგი „ყმაწვილი“ — როგორც ჩანს, მოზარდი — იყო, როდესაც ფილისტიმელმა ბუმბერაზმა მეომარმა, სახელად გოლიათმა, ორთაბრძოლაში გამოიწვია ისრაელი მეომრები, ისინი კი შიშისგან ვერ ბედავდნენ მასთან შერკინებას (პირველი მეფეთა 17:11, 33). შესაძლოა, მათ თანატოლების ზეგავლენამ დააკარგვინა ხალისი. უეჭველია, ისინი შავ ფერებში ხატავდნენ სურათს — პესიმისტურად ლაპარაკობდნენ გოლიათის შთამბეჭდავი აღნაგობისა და უბადლო სიმამაცის შესახებ და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ჭკუაზე შეშლილი თუ გაბედავდა მასთან შებმას. ასეთ ცუდ ზეგავლენას დავითზე საერთოდ არ უმოქმედია. რატომ?
ნახე, რა უთხრა დავითმა გოლიათს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი“ (პირველი მეფეთა 17:45). დავითი, რა თქმა უნდა, კარგად ხედავდა, რომ გოლიათი ტანადი, ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყო. სამაგიეროდ, ის ერთ რამეში ისევე იყო დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ზემოდან მზე დანათოდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა ღმერთთან შედარებით გოლიათი არარაობა იყო. თუკი დავითს იეჰოვა ედგა მხარში, მაშ, რატომღა უნდა შეშინებოდა გოლიათის? ღვთისადმი ასეთი მინდობა დავითს შეუვალს ხდიდა. თანატოლების მხრიდან ვერანაირი გავლენა ვერ არყევდა მის სიმტკიცეს.
შენც ასევე ხარ იეჰოვაზე დაიმედებული? იგი არ შეცვლილა დავითის დროიდან მოყოლებული (მალაქია 3:6; იაკობი 1:17). რაც უფრო მეტს გაიგებ ღვთის შესახებ, მით უფრო დარწმუნდები იმაში, რომ ყველაფერი, რასაც ის გვასწავლის ბიბლიის მეშვეობით, ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17). ბიბლიაში იპოვი უცვლელ, სანდო პრინციპებს, რომლებითაც შეგიძლია ცხოვრებაში იხელმძღვანელო და თანატოლების გავლენას გაუმკლავდე. იეჰოვაზე მინდობასთან ერთად, შეგიძლია სხვა ნაბიჯებიც გადადგა.
იმეგობრე კარგ ადამიანებთან
ღვთის სიტყვა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჩვენი მხრიდან კარგი ხელმძღვანელობის ძიების საჭიროებაზე. „გაგებული ადამიანი კარგ ხელმძღვანელობას ჰპოვებს“, — ნათქვამია იგავების 1:5-ში (აქ). მშობლები, რომლებსაც მთელი სულითა და გულით სურთ შენთვის საუკეთესო, კარგ ხელმძღვანელობას გაგიწევენ. ინდირა საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა ამაში. ის ამბობს: „თუ იცით, რატომ დავდივარ ჭეშმარიტების გზით ახლა? იმიტომ, რომ მშობლები მუდამ წმინდა წერილებიდან შემაგონებდნენ და დამეხმარნენ, რომ იეჰოვა ჩემთვის ძალიან ახლობელი და რეალური გამხდარიყო“. სხვა ბევრი ახალგაზრდაც ასევე ფიქრობს.
თუ ქრისტიანული კრების წევრი ხარ, იქ შესანიშნავი მხარდამჭერები გეყოლება — ესენი არიან თეოკრატიული წესით დანიშნული ზედამხედველები, ანუ უხუცესები და სხვა მოწიფული ქრისტიანები. ახალგაზრდა ნადია გვიამბობს: „ჩემი კრების უხუცესებს მართლაც ძალიან ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. მახსოვს, ერთხელ თავმჯდომარე ზედამხედველი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყო გამიზნული. შეხვედრის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი აღფრთოვანებული ვიყავით — მან ზუსტად იმაზე ისაუბრა, რასაც ჩვენ განვიცდიდით“.
თანატოლების ცუდი ზეგავლენის წინააღმდეგ მიმართული სხვა მძლავრი იარაღი თანატოლების სასიკეთო გავლენაა. თუ გონივრულად შეარჩევ მეგობრებს, ისინი კარგი მიზნების დასახვასა და სწორი ნორმების მტკიცედ დაცვაში დაგეხმარებიან. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? გახსოვდეს ეს შეგონება: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). ნადია სიფრთხილეს იჩენდა სკოლაში და ცდილობდა გონიერ ახალგაზრდებთან — თავის თანამორწმუნეებთან — ემეგობრა, რომლებიც იმავე ზნეობრივ ნორმებს იცავდნენ. ის იხსენებს: «როდესაც სკოლელი ბიჭები მოდიოდნენ და ჩვენთან „დალაპარაკებას“ ცდილობდნენ, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვიცავდით». კარგი მეგობრები საუკეთესო თვისებების გამოვლენაში გვეხმარებიან. მართლაც რომ ღირს ძალისხმევად ასეთი მეგობრების პოვნა.
ასე რომ, გჯეროდეს: თუ იეჰოვას მიენდობი, მოწიფულ ქრისტიანებს მიმართავ ხელმძღვანელობისთვის და გონივრულად შეარჩევ მეგობართა წრეს, შენ შეძლებ თანატოლების ზეგავლენასთან გამკლავებას. უფრო მეტიც, შეგიძლია, თვითონვე მოახდინო კარგი გავლენა მეგობრებზე და დაეხმარო მათ, შენთან ერთად დარჩნენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე.
[სქოლიო]
a იხილეთ სტატია „ნამდვილად ძლიერია თანატოლების გავლენა?“ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 დეკემბრის გამოშვებაში.
[ჩანართი 16 გვერდზე]
აირჩიე კარგი მეგობრები, რომლებსაც შენსავით უყვართ ღმერთი და მისი პრინციპები.
[სურათები 16 გვერდზე]
„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33).
„ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება“ (იგავები 13:20).