ღვინის საბადო მოლდავეთში
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მოლდავეთიდან
მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვთან ახლოს მდებარე დაბა კრიკოვოს ქვეშ, 80 მეტრის სიღრმეზე, გაყვანილია 120 კილომეტრის სიგრძის ლაბირინთი. თავდაპირველად ამ ბნელ გამოქვაბულში კირქვის საბადო იყო.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს ცივი გამოქვაბული ევროპის საუკეთესო ღვინოების იდეალური საწყობი გახდა. კასრები და ბოთლები ძველ საბადოში 60 კილომეტრზე მეტ სიგრძეზეა ჩამწკრივებული. აქ ინახება დაახლოებით 350 მილიონი ლიტრი ღვინო და, ამიტომ, ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ მარნად ითვლება.
უძველესი ტრადიციის გაგრძელება
მოლდავეთი მევენახეობისთვის საუკეთესო ადგილია. ის მდებარეობს იმავე განედზე, რომელზეც ღვინის წარმოებით სახელგანთქმული საფრანგეთის პროვინცია — ბურგუნდია, და ზომიერად თბილი კლიმატითა და ნოყიერი მიწით გამოირჩევა. მოლდავეთში ღვინის დაყენება ძვ. წ. 300 წელს დაიწყეს, როცა ბერძენმა ვაჭრებმა ამ ქვეყანაში ვაზი პირველად შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო საუკუნეებში გუთები, ჰუნები და ადგილობრივი ფეოდალები ბატონობდნენ, ღვინის დაყენების ტრადიცია არ შეწყვეტილა.
მოლდავეთში ოსმალეთის იმპერიის ბატონობის დროს, XVI—XVIII საუკუნეებში, რელიგიური მიზეზების გამო ღვინის წარმოება დაეცა. როდესაც XIX საუკუნეში მოლდავეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რუსმა მეფეებმა აქტიურად შეუწყვეს ხელი ღვინის წარმოებას. მათ საფრანგეთიდან შემოიტანეს ვაზის რამდენიმე ჯიში და მეღვინეობა სწრაფად განვითარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოლდავეთის ახალმა მბრძანებელმა — საბჭოთა კავშირმა — ღვინის წარმოების სისტემატური მოდერნიზება დაიწყო. ფაქტობრივად, მოლდავეთი მეღვინეობისა და მეხილეობის ცენტრად იქცა მთელ საბჭოთა კავშირში. საბჭოთა მეღვინეებმა პირველებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გვირაბი ღვინის იდეალური საწყობი იქნებოდა. მოდი ახლა ვეწვიოთ ამ უნიკალურ მარანს და მის ზოგ საიდუმლოს ვეზიაროთ.
მოგზაურობა მიწისქვეშეთში
მივუახლოვდით თუ არა მარანს, შევამჩნიეთ შესასვლელი კოშკი, რომელიც კირქვის ნაგებობის ნაწილია. ის ფრანგული „შალეს“, ანუ ქალაქგარეთა სახლის, სტილშია აგებული. მისი სტრუქტურა სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ მის ქვეშ ვრცელი კონსტრუქციაა. მთავარი შესასვლელიდან ცოტა მოშორებით დავინახეთ გვირაბი, რომელსაც იმხელა შესასვლელი ჰქონდა, თითქოს კლდეს უზარმაზარი პირი დაუღიაო. გვირაბის შესასვლელი მართლაც გიგანტური ზომისაა — ორი სატვირთო მანქანა თავისუფლად აუქცევს გვერდს ერთმანეთს.
ჩვენ მანქანით დავუყევით მიწისქვეშა ლაბირინთს და რამდენიმე წუთში ექსკურსიამძღოლიც შემოგვიერთდა. მისი დახმარების გარეშე გზას ნამდვილად ვერ გავიგნებდით ამ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში.
— რა უყვეს აქედან ამოღებულ კირქვას? — იკითხა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.
— ქალაქ კიშინიოვში მშენებლობისთვის გამოიყენეს, — გვიპასუხა ექსკურსიამძღოლმა. — კირქვა ხომ საუკეთესო სამშენებლო მასალაა, რადგან კარგი იზოლატორია და ხმას არ ატარებს.
მიწისქვეშ სამოცდაათი მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ, სადაც მქრქალი სინათლე ანათებს და სიცივე და ნახევრად სიბნელეა. ვჩერდებით რამდენიმე გზის გადაკვეთაზე, რომელთა ნაპირებზეც ღვინის უზარმაზარი კასრებია ჩამწკრივებული. ვამჩნევთ, რომ ქუჩებს სხვადასხვა ხარისხის ღვინოების სახელები ჰქვია. „პინო“, „ფეტეასკა“, „კაბერნე“ — ეს მხოლოდ რამდენიმე სახეობაა, რომლებმაც უფრო მეტად გაგვიმძაფრა ინტერესი.
ექსკურსიამძღოლი გვიხსნის, რომ მუხის კასრებს უმთავრესად წყნარი ღვინოების წარმოებისთვის იყენებენ, პატარა ლითონის კასრებს კი — შუშხუნა ღვინოებისთვის. ვხედავთ, რომ მუშები არცთუ ისე ბევრნი არიან, ამიტომ ვინტერესდებით მათი რაოდენობით. „დაახლოებით 300 თანამშრომელი გვყავს, — გვეუბნება ექსკურსიამძღოლი. — მათ მთელი წლის განმავლობაში თბილად აცვიათ, რადგან მარანში ყოველთვის ცივა. ჩვენი თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ სიგრილე მარტო ღვინოებს კი არ ინახავს, ადამიანებსაც უნარჩუნებს ახალგაზრდობას; ამიტომაც სიცივეზე არავინ წუწუნებს“.
შუშხუნა ღვინოების დამზადების პროცესისთვის თვალის დევნება ჩვენი მოგზაურობის კიდევ ერთი საინტერესო მომენტია. ასობით ბოთლი 30-გრადუსიანი კუთხით არის დახრილი. ექსკურსიამძღოლი გვიხსნის: „როდესაც ბოთლები ამ მდგომარეობაშია, ნალექი საცობთან გროვდება. ბოთლის ყელს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყინავენ, რის შემდეგაც საცობის ნალექიანად ამოღება ძალიან იოლია. საბოლოოდ, ბოთლებს თავს ისევ უცობენ“.
ახლა უკვე სამარკო ღვინოებით სავსე ბოთლების საწყობთან ვდგავართ. ექსკურსიამძღოლი სიამაყით გვეუბნება: „აქ სამარკო ღვინოების მილიონზე მეტი ბოთლი ინახება. ჩვენს მიწისქვეშა საწყობებში თითქმის მთელი ევროპის ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან ღვინის საუკეთესო ნიმუშებია წარმოდგენილი. ყველაზე ძველია 1902 წელს ჩამოსხმული ებრაული საპასექო ღვინო იერუსალიმიდან. რამდენიმე წლის წინ აუქციონზე ერთი ადამიანი მზად იყო, ამ ბოთლში 100 000 დოლარი გადაეხადა. მაგრამ მისი წინადადება არ მიიღეს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს ბოთლი ფასდაუდებელი იყო“.
როგორც გვითხრეს, ამ საწყობებში, ჩვეულებრივ, სრული სიბნელე სუფევს და სინათლეს მხოლოდ ექსკურსიების დროს ანთებენ, ისიც მხოლოდ რამდენიმე წუთით. ჩვენ სწრაფად ვათვალიერებთ დამტვერილი ბოთლების ეტიკეტებს და გაოცებულები ვრჩებით — ღვინოების უმეტესობა „ასაკით“ ჩვენზე დიდია!
ჩვენი ექსკურსია სადეგუსტაციო დარბაზებში მთავრდება. მათ შორის ყველაზე დიდია პრეზიდენტის საბანკეტო დარბაზი. მას ამშვენებს გრძელი მაგიდა, რომელიც მუხის მთლიანი ხისგან არის დამზადებული, და 65 სკამი. საბჭოთა პერიოდში აქ ოფიციალური სახელმწიფო ბანკეტები იმართებოდა. ამ დიდებულ და კარგად განათებულ დარბაზს დღესაც ოფიციალური საზეიმო შეხვედრებისთვის იყენებენ.
სასტუმრო დარბაზი „სალა კასა მარე“ 15 ადამიანზეა გათვალისწინებული და ტრადიციულ მოლდავურ სტილზეა გაწყობილი, საბანკეტო დარბაზი „სარმატიის ზღვის ფსკერი“ კი მხოლოდ 10 ადამიანზეა გათვლილი, რომელთაც მრგვალ მაგიდასთან ადგილობრივი საჭმელებისა და ღვინოების გასინჯვა შეუძლიათ. ყველაზე საინტერესო ამ დარბაზში ჭერია. ოდესღაც ამ დარბაზის ადგილას წყალქვეშა გამოქვაბული იყო და ჭერზე ახლაც შემორჩენილია გაქვავებული მოლუსკებისა და ზღვის სხვა ბინადართა ნაშთები. ექსკურსიამძღოლი გვახსენებს, რომ მოლდავეთის ახლანდელი ტერიტორია შორეულ წარსულში „სარმატიის ზღვის ფსკერი“ იყო.
ყველა დარბაზის — მათ შორის იური გაგარინის სახელობის საბანკეტო დარბაზის — ავეჯი ადგილობრივი მუხისგან არის დამზადებული. ეს ცნობილი კოსმონავტი კრიკოვოს 1966 წლის 8 და 9 ოქტომბერს სტუმრობდა. მან თავის სამადლობელ წერილში აღნიშნა, რომ „თვით ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ექსპერტიც კი იპოვის აქ სასურველ ღვინოს“.
ექსკურსიამძღოლი გვეუბნება: «ეს მარანი თავისი არსებობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი შუშხუნა ღვინოები ცნობილი იყო როგორც „საბჭოთა შამპანური“. მაშინ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ მას მოლდავეთში აწარმოებდნენ. დღესდღეობით ეს შუშხუნა ღვინოები „კრიკოვოს“ მარკით გამოდის; ის წითელიც არის და თეთრიც». ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ ექსკურსიამძღოლს ასეთი მშვენიერი ექსკურსიისა და საინტერესო ინფორმაციისთვის.
მიწისქვეშა ლაბირინთიდან ამოვდივართ და ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს სულ სხვა სამყაროში ვიყავით. გარეთ ცხელა და მზე ანათებს. ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არ ჩანს. ვადგებით კიშინიოვის გზას და უკან ვიტოვებთ თვალუწვდენელ რიგებად ჩამწკრივებულ, კარგად მოვლილ და სავსე მტევნებით დახუნძლულ ვაზებს, რომლებიც რთვლის მოლოდინში წელში მოხრილან.
[რუკები 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
უკრაინა
რუმინეთი
მოლდავეთი
კიშინიოვი
[სურათი 24 გვერდზე]
კრიკოვოს მარანი და მთავარი შესასვლელი კოშკი.
[სურათი 24 გვერდზე]
120-კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბის ერთ-ერთი ქუჩის აღმნიშვნელი აბრა.
[სურათი 24 გვერდზე]
ღვინის სარდაფებამდე მიმყვანი სამანქანო გვირაბის შესასვლელი.
[სურათი 24 გვერდზე]
აქ სამარკო ღვინოების მილიონზე მეტი ბოთლი ინახება.