თანამედროვე კეთილი სამარიელი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
ბევრ ჩვენგანს სმენია ბიბლიური იგავი გულმოწყალე კაცზე, რომელსაც ხშირად კეთილ სამარიელს უწოდებენ (ლუკა 10:29—37). ამ იგავში იესომ აჩვენა, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა სამარიელს, რათა უცნობ კაცზე განსაკუთრებულად ეზრუნა, მის მიმართ სიყვარული გამოევლინა. არსებობენ დღეს კეთილი სამარიელის მსგავსი ადამიანები? განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა მექსიკიდან.
როდესაც ბეთუელი და მისი ოჯახი მგზავრობიდან ბრუნდებოდნენ, სახლთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში საშინელი ავტოკატასტროფა დაინახეს. ისინი გაჩერდნენ და დახმარება შესთავაზეს დაზარალებულებს. ერთ-ერთმა მათგანმა, ექიმმა, მათ სთხოვა, რომ მისი ფეხმძიმე ცოლი და პატარა ბავშვები უახლოეს საავადმყოფოში წაეყვანათ. ისინი ასეც მოიქცნენ. შემდეგ ბეთუელი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, რათა მძღოლისთვის შემდგომი დახმარება აღმოეჩინა.
ბეთუელი გვიამბობს: „იქ საგზაო პოლიცია მისულიყო და გამოძიებისთვის ექიმი დასაკითხად მიჰყავდათ, რადგან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. როდესაც ექიმმა მკითხა, თუ რატომ დავეხმარე მათ, ავუხსენი, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და ბიბლიის თანახმად მოყვასი უნდა გვიყვარდეს. აგრეთვე ვუთხარი, რომ არ ენერვიულა ცოლ-შვილზე, რადგან ჩვენ ვიზრუნებდით მათზე. მას მადლიერების ნიშნად თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. შემდეგ კი შესანახად თავისი ძვირფასეულობა მომცა“.
ბეთუელმა და მისმა ოჯახმა ამ მამაკაცის ცოლ-შვილი სახლში წამოიყვანა; ისინი რამდენიმე დღე ზრუნავდნენ მათზე. ბეთუელმა მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როდესაც ექიმი გაათავისუფლეს, მან მადლიერება და კმაყოფილება გამოავლინა როგორც ბეთუელის, ისე საერთოდ იეჰოვას მოწმეების მიმართ. ის ბეთუელს დაჰპირდა, რომ ბიბლიის შესწავლას თავის ქალაქში გააგრძელებდა და ისიც უთხრა, რომ ცოლი თუ ბიჭს გააჩენდა, მის სახელს დაარქმევდა. დასასრულს ბეთუელი ამბობს: „ახლახან, ორი წლის შემდეგ, მოვინახულეთ ექიმი და მისი ცოლ-შვილი. ჩემდა გასაოცრად, ისინი ბიბლიას სწავლობენ და მათ პატარა ბიჭუნასაც ბეთუელი ჰქვია!“
[სურათი 13 გვერდზე]
ბეთუელი