მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
მოგვითხრო ივან მიკიტკოვმა
„თუ ამ ქალაქში დარჩები, კვლავ ციხეში ამოყოფ თავს“, — გამაფრთხილა საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტმა (სუკ). 12-წლიანი სასჯელი ახალი მოხდილი მქონდა. მშობლები სერიოზულად იყვნენ ავად და მოვლას საჭიროებდნენ. როგორ გადაწყვეტილებას მივიღებდი?
დავიბადე 1928 წელს მოლდავეთის სოფელ ცსაულში. ერთი წლის რომ ვიყავი, მამაჩემი იაშში (რუმინეთი) ყოფნისას ბიბლიის მკვლევარებს (ასეთი სახელით იყვნენ ცნობილნი იეჰოვას მოწმეები) შეხვდა. როდესაც შინ დაბრუნდა, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს იმის შესახებ ესაუბრა, რაც მოწმეებისგან გაიგო. მალე ცსაულში ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა.
მე სამი ძმა მყავდა. რადგან ყველაზე უმცროსი ვიყავი, ბავშვობიდანვე სულიერ გარემოში ვიზრდებოდი; ოჯახის წევრები კარგ მაგალითს მაძლევდნენ. დროთა განმავლობაში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იეჰოვას მსახურებაში წინააღმდეგობებს წავაწყდებოდი. დღემდე მახსოვს, პოლიცია ჩვენს სახლში რომ დადიოდა და გადამალულ ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს ეძებდა. ამ დროს საერთოდ არ მეშინოდა. ბიბლიის შესწავლისას გავიგე, რომ ღვთის ძეს, იესო ქრისტეს, და მისი მოწაფეებს დევნიდნენ. ქრისტიანულ შეხვედრებზე ხშირად გვახსენებდნენ, რომ იესოს მიმდევრები დევნილები იქნებოდნენ (იოანე 15:20).
დევნისთვის მომზადებული
1934 წელს ექვსი წლის ვიყავი, როცა კრებაში წერილი წაიკითხეს იმის თაობაზე, თუ როგორ ტანჯავდნენ ნაცისტები ჩვენს თანამორწმუნეებს. ძმებმა გვთხოვეს, გველოცა მათთვის. თუმცა ბავშვი ვიყავი, ის წერილი დღემდე მახსოვს.
ოთხი წლის შემდეგ ღვთისადმი ჩემი ერთგულება პირველად გამოიცადა. სკოლაში რელიგიის გაკვეთილებზე მართლმადიდებელმა მღვდელმა არაერთხელ მითხრა, ჯვარი ჩამომეკიდა. როდესაც უარი ვთქვი, ყველა ბავშვს სთხოვა, რომ როგორც ეკლესიის სრულფასოვან წევრებს, ჯვრები ეტარებინათ. შემდეგ კლასს თითით ჩემზე მიანიშნა და იკითხა: „გინდათ მისნაირი გახდეთ? ვისაც არ გსურთ, ხელი აიწიეთ“.
ვინაიდან მოსწავლეებს მღვდლის ეშინოდათ, ხელი ყველამ ასწია. შემდეგ მღვდელი მე მომიბრუნდა და მითხრა: „ხედავ, შენთან ურთიერთობა არავის სურს. დაუყოვნებლივ დატოვე სკოლის შენობა!“. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში სკოლის დირექტორმა მომაკითხა. თავდაპირველად მშობლებს ესაუბრა, მერე მე მკითხა, თუ მსურდა სკოლაში დაბრუნება. ვუთხარი, რომ მსურდა. „სანამ დირექტორი ვარ, მღვდელი პრობლემებს ვერ შეგიქმნის,“ — მითხრა მან. მართლაც, ამის შემდეგ მღვდელს მეტად აღარ შევუწუხებივარ.
დევნა ძლიერდება
1940 წელს ბესარაბია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. 1941 წლის 13-14 ივნისს ისინი, რომლებსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა ეკავათ ან პოლიტიკაში იყვნენ ჩაბმულნი, ციმბირში გადაასახლეს. ეს არ შეხებიათ იეჰოვას მოწმეებს. თუმცა, იმ დროიდან მოყოლებული უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენდით კრებების ჩატარებისა თუ ქადაგების დროს.
1941 წლის ბოლოს ნაცისტური გერმანია მოულოდნელად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, რომელიც მანამდე მის მოკავშირედ ითვლებოდა. მალე რუმინელებმა ხელმეორედ დაიპყრეს ბესარაბია და კვლავ რუმინეთის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით.
ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოწმეებმა უარი თქვეს რუმინეთის ჯარში მსახურებაზე. ისინი დააპატიმრეს და უმრავლესობას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შრომა–გასწორების კოლონიაში. მამა პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე იყო, მხეცურად სცემეს. მე კი სკოლიდან იძულებით წამიყვანეს, რათა საეკლესიო მსახურებას დავსწრებოდი.
მოულოდნელად მეორე მსოფლიო ომი სრულიად სხვაგვარად წარიმართა. 1944 წლის მარტში საბჭოთა არმიამ ბესარაბიის ჩრდილოეთ ნაწილი დაიპყრო, აგვისტოში კი — მთელი ქვეყანა. იმ დროს 16 წლის ვიყავი.
მალე ჯარში გაიწვიეს ჩვენს სოფელში მცხოვრები ყველა ჯანმრთელი მამაკაცი. მოწმეები ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავიდნენ, რის გამოც მათ ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა; გერმანელები დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, მოლდავეთში ბევრი მოწმე 1949 წლამდე ციხეში იჯდა.
ომის შემდგომი გასაჭირი
ომის დამთავრების შემდეგ მოლდავეთში საშინელი გვალვა დაიწყო. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, საბჭოთა მთავრობა ფერმერებისგან გადასახადის სახით მოსავლის დიდ ნაწილს მოითხოვდა. ამას საშინელი შიმშილობა მოჰყვა. 1947 წელს ცსაულის ქუჩები გვამებით იყო სავსე. ჩემი ძმა, იაფემიც, დაიღუპა; მე კი რამდენიმე კვირა ისე ვიყავი შიმშილისგან დასუსტებული, რომ სიარული მიჭირდა. როდესაც მძიმე დღეებმა ჩაიარა, მოწმეებმა, რომლებიც ცოცხლები დავრჩით, მსახურება განვაგრძეთ. მე ჩვენს სოფელში ვქადაგებდი, ჩემი ძმა ვასილი კი, რომელიც ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, ახლომდებარე სოფლებში დადიოდა.
ჩვენ აქტიურად ვქადაგებდით, რის გამოც ხელისუფლებამ უფრო მეტად დაგვიწყო თვალთვალი. რადგან ქადაგებას არ ვწყვეტდით, პოლიტიკაში არ ვმონაწილეობდით და სამხედრო სამსახურზე უარს ვამბობდით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი სახლების ჩხრეკა დაიწყეს. ისინი ბიბლიურ ლიტერატურას ეძებდნენ და გვაპატიმრებდნენ. 1949 წელს ახლომდებარე კრებებიდან ზოგი მოწმე ციმბირში გადაასახლეს. ისინი, რომლებიც გადასახლებას გადავურჩით, ქადაგების დროს უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენდით.
მალე სერიოზულად დავავადდი. თანდათანობით მდგომარეობა მიუარესდებოდა. ექიმებმა ძვლების ტუბერკულოზი დამიდგინეს. 1950 წელს მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჩამისვეს.
ციმბირში გადასახლება
მე და ჩემი ოჯახი სხვა მოწმეებთან ერთად 1951 წლის აპრილში ციმბირში გადაგვასახლესa. იმ დროს ფეხი ჯერ კიდევ თაბაშირში მქონდა. რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მოგვცეს, თან მხოლოდ მცირეოდენი საკვები წავიღეთ. მალე სურსათის გარეშე დავრჩით.
ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ ტომსკის ოლქში, ასინოში, ჩავედით. მატარებლიდან ისე ჩამოგვყარეს, თითქოს ცხოველები ვიყავით. ძალიან ყინავდა, თუმცა სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა გვესიამოვნა. მაისში, როდესაც მდინარეში ყინული დადნა, 100 კილომეტრის მოშორებით გემით ტორბეში წაგვიყვანეს, სადაც ციმბირის ტაიგაში ანუ სუბარქტიკული ტყის მასივში ბანაკი მდებარეობდა; აქ ხის მასალას ამზადებდნენ. ჩვენ იძულებით გვამუშავებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასოდეს გაგვათავისუფლებდნენ.
რადგან ეს ბანაკი ციხისგან განსხვავდებოდა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით. ჩემი ოჯახი ღამეს მატარებლის ვაგონში ათევდა. ზაფხულში გადასახლებულებმა სახლები ავიშენეთ. ეს იყო უბრალო, ნახევრად მიწაში ჩაფლული შენობები, სადაც გამოზამთრება შეგვეძლო.
ვინაიდან ფეხი თაბაშირში მქონდა, სამუშაო შემიმსუბუქეს და ლურსმნების გაკეთება დამავალეს. ამან შესაძლებლობა მომცა, ფარულად გამემრავლებინა „საგუშაგო კოშკი“ და სხვა ბიბლიური პუბლიკაციები. ლიტერატურას საიდუმლოდ ვღებულობდით რეგულარულად ათასობით კილომეტრით მოშორებული ტერიტორიიდან — დასავლეთ ევროპიდან.
დაპატიმრება
თაბაშირი 1953 წელს მომხსნეს. სიფრთხილის მიუხედავად, სუკ-ს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ სულიერი საქმიანობით ვიყავი დაკავებული და ბიბლიურ ლიტერატურას ვამრავლებდი. შედეგად სხვა მოწმეებთან ერთად 12-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს ტყვეთა ბანაკში. სასამართლოს მსვლელობისას შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, იეჰოვა ღმერთისა და კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებული მისი დიდებული განზრახვების შესახებ დაგვემოწმებინა.
საბოლოოდ პატიმრები შორეულ აღმოსავლეთში, ასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკთან ახლოს მდებარე ბანაკებში გადაგვიყვანეს. ეს ბანაკები იმ პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მტრებად მიიჩნევდნენ. 1954 წლის 8 აპრილიდან 1960 წლის დასაწყისამდე 12 ასეთ ბანაკში მომიწია ყოფნა. ამის შემდეგ დასავლეთით, 3 000–ზე მეტი კილომეტრის მოშორებით, მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში გადამიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობდა. იქ შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებულ ერთგულ მოწმეებს შევხვედროდი.
საბჭოთა მთავრობამ დაინახა, რომ, როდესაც მოწმეებს სხვა პატიმრებთან ურთიერთობის ნება დართეს, მათგან ზოგი იეჰოვას მოწმე გახდა. ამიტომ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში, რომელიც შრომა–გასწორების კოლონიებისგან შედგებოდა და დაახლოებით 30 კილომეტრზე იყო გაშენებული, გადაწყვიტეს, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით გავეყვანეთ. ჩვენს კოლონიაში 400–ზე მეტი მოწმე ვიყავით. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სხვა კოლონიაში, სულ ცოტა, 100 და იყო.
აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებაში და ბანაკში ფარულად შემოსული ბიბლიური ლიტერატურის გამრავლებაში. ციხის ზედამხედველებს არც ეს დარჩენიათ შეუმჩნეველი. მალევე, 1961 წლის აგვისტოში მოსკოვის ჩრდილო–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ვლადიმირის ციხეში გადამიყვანეს. ამ ციხეში, ძირითადად, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ისხდნენ. აქ 1962 წლის თებერვლამდე აშშ–ის პილოტი ფრანსის გარი პაუერიც იჯდა, რომელმაც 1960 წლის 1 მაისს დაზვერვის მიზნით რუსეთს გადაუფრინა.
ვლადიმირის ციხეში ყოფნისას ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ, რომ არ მოვმკვდარიყავით. ამას თავი ადვილად გავართვი, რადგან შიმშილობა ახალგაზრდობაშიც მქონდა გამოცდილი, მაგრამ გაცილებით რთული 1961—1962 წლების მკაცრი ზამთარი აღმოჩნდა. ჩემს საკანში გასათბობი საშუალება მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. როდესაც ექიმმა დაინახა, რომ საშიშროება მემუქრებოდა, ჩემი სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. იქ რამდენიმე კვირა ვიყავი, სანამ ცოტა არ დათბა.
გამოცდების დროს გაძლიერებული
ციხის ზედამხედველები იმედოვნებდნენ, რომ ციხეში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ პატიმარს უარყოფითი აზრები სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა. მაგრამ მე განუწვეტლივ ვლოცულობდი და ვგრძნობდი, როგორ მაძლიერებდა იეჰოვა თავისი წმინდა სულით და ბიბლიური მუხლებით, რომლებიც იმ პერიოდში მახსენდებოდა.
ვლადიმირის ციხეში ყოფნისას განსაკუთრებით პავლეს სიტყვებზე ვფიქრობდი: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ“ (2 კორინთელები 4:8—10). ერთი წლის შემდეგ კვლავ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში დამაბრუნეს. 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1966 წლის 8 აპრილს, გამანთავისუფლეს. დახასიათებაში ჩამიწერეს, რომ „შეუძლებელი იყო ჩემი გამოსწორება“. ეს ჩემთვის იმის დამადასტურებელი იყო, რომ იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნე.
ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდით საბჭოთა ბანაკებსა და ციხეებში ბიბლიური ლიტერატურის მიღებასა და გამრავლებას, მაშინ როცა ამის გაკეთება აკრძალული გვქონდა. ერთმა ლატვიელმა პოლიტპატიმარმა, რომელიც 4 წელი იჯდა ქალთა ბანაკში, აღნიშნა, რომ ეს იდუმალებით მოცული იყო. გათავისუფლების შემდეგ, 1966 წელს, მან დაწერა: „მოწმეები როგორღაც ახერხებდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიტერატურის მიღებას. თითქოს ღამით ანგელოზები მოფრინავდნენ და მათთვის ლიტერატურა მოჰქონდათ“. მართლაც, მხოლოდ ღვთის დახმარებით იყო შესაძლებელი ჩვენი ქრისტიანული მსახურების შესრულება!
უფრო მეტი თავისუფლება
გათავისუფლების შემდეგ, იმ ძმებმა, რომლებიც სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ, მთხოვეს, მოლდაველი ძმების დასახმარებლად დასავლეთ უკრაინაში გადავსულიყავი. როგორც ყოფილი პატიმარი, სუკ-ის მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი, რაც ძალიან მზღუდავდა. ორი წლის განმავლობაში კვლავ დაპატიმრებით მემუქრებოდნენ, რის გამოც ყაზახეთში გადავედი. იქ ხელისუფლების წარმომადგენლები იშვიათად ამოწმებდნენ პიროვნების დამადასტურებელ საბუთებს. 1969 წელს, როდესაც მშობლები სერიოზულად დაავადდნენ, მათ მოსავლელად უკრაინაში დავბრუნდი. სუკის წარმომადგენელი, როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნე, დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არტიომოვსკში ყოფნისას დამემუქრა, რომ კვლავ ციხეში დამაბრუნებდა.
როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ მაშინებდა, რადგან მას ბრალდების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, გამეგრძელებინა ქრისტიანული მსახურება. სადაც უნდა წავსულიყავი, სუკი ფეხდაფეხ დამყვებოდა. ამიტომ ისე ვიქცეოდი, თითქოს მხოლოდ მშობლების მოვლით ვიყავი დაკავებული. მშობლები სიკვდილამდე იეჰოვას ერთგულები იყვნენ. მამა 1969 წლის ნოემბერში დაიღუპა, დედა კი — 1976 წლის თებერვალში.
უკრაინაში რომ დავბრუნდი, ორმოცი წლის ვიყავი. კრებაში ახალგაზრდა და, მარია, გავიცანი. ის მხოლოდ რვა წლის იყო, როდესაც ჩემი ოჯახის მსგავსად, მშობლებთან ერთად 1951 წლის აპრილში მოლდავეთიდან ციმბირში გადაასახლეს. მარიამ მითხრა, რომ კარგად ვმღეროდი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა ორივე მსახურებით ვიყავით დაკავებულნი, მაინც ვახერხებდით ჩვენი ურთიერთობის გასაღრმავებლად დროის გამოყოფას. 1970 წელს მარია დამთანხმდა, რომ ცოლად გამომყოლოდა.
მალე გოგონა შეგვეძინა. მას ლიდია დავარქვით. 1983 წელს, როდესაც ლიდია 10 წლის იყო, ყოფილმა მოწმემ სუკ-ის აგენტებზე ჩემი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იმ დროისთვის თითქმის ათი წელი იყო, რაც მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი აღმოსავლეთ უკრაინაში. მოწინააღმდეგეებმა შეძლეს სასამართლოზე ცრუ მოწმეების მოყვანა. შედეგად 5 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
ციხეში სხვა მოწმეებისგან განცალკევებით მომათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე წელი გაგრძელდა, ვერავინ და ვერაფერმა შეძლო იეჰოვასგან ჩემი ჩამოშორება; ის ყოველთვის მაძლიერებდა. სხვა პატიმრებთან მაინც ვახერხებდი ქადაგებას. ციხიდან 4 წლის შემდეგ გამათავისუფლეს და კვლავ დავუბრუნდი ცოლსა და ქალიშვილს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.
კვლავ მოლდავეთში
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთი წელი ისევ უკრაინაში ვცხოვრობდით. შემდეგ სამუდამოდ გადავსახლდით მოლდავეთში, სადაც გამოცდილი ძმების დახმარება იყო საჭირო. იმ დროისთვის საბჭოთა მთავრობამ ნება დართო ხალხს, რომ თავისუფლად გადასულიყო ერთი ქვეყნიდან მეორეში. 1988 წელს ბელცში ჩავედით, სადაც მარია 37 წლის წინათ გადასახლებამდე ცხოვრობდა. 1988 წლისთვის ამ ქალაქში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქად ითვლებოდა მოლდავეთში, დაახლოებით 375 მოწმე იყო. დღეს აქ 1500–ზე მეტი მოწმეა! მიუხედავად იმისა, რომ მოლდავეთში ვცხოვრობდით, უკრაინაში მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი.
1991 წლის მარტში საბჭოთა ხელისუფლებამ კანონიერად სცნო ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა. ათასობით ადამიანი იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ კომუნიზმმა მარცხი განიცადა. ბევრი მომავალს უიმედოდ უყურებდა. ასე რომ, როდესაც მოლდავეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის ქადაგებისთვის ნაყოფიერ ტერიტორიად იქცა. ყოფილი მდევნელებიც კი დაინტერესდნენ ჭეშმარიტებით. 1951 წელს, ჩვენი გადასახლების შემდეგ, მოლდავეთში მხოლოდ რამდენიმე მოწმე დარჩა. მაგრამ ახლა ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 4 200 000–ია, 18 000–ზე მეტი მოწმეა. ასეთმა ზრდამ და სასიხარულო შემთხვევებმა დაგვავიწყა ის ტანჯა, რაც წარსულში გამოვიარეთ!
90–იანი წლებში ჯანმრთელობის გამიუარესდა და მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება ვეღარ შევძელი. ხანდახან ავადმყოფობის გამო გულგატეხილობაში ვვარდები. მაგრამ იეჰოვამ იცის, რა არის საჭირო ჩვენს გასაძლიერებლად; ის ყოველთვის დროულად გვამხნევებს. ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ მქონოდა, სხვანაირად ვიცხოვრებდი? არა. პირიქით, უფრო გაბედულად და აქტიურად ვიქადაგებდი.
აშკარად ვხედავ, იეჰოვა კურთხევებს არ მაკლებს, და სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, მისი ყველა მსახური კურთხეულია. ჩვენ რეალური იმედი, იმის ძლიერი რწმენა, გვაქვს, რომ მალე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება.
[სქოლიო]
a 1951 წლის აპრილის პირველ ორ შაბათ–კვირას საბჭოთა ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა დასავლეთ ნაწილში მცხოვრები 7 000–ზე მეტი მოწმის ერთად შეკრება და ოჯახებთან ერთად ათასობით კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთით — ციმბირში გადაასახლა.
[სურათი 20, 21 გვერდებზე]
ჩვენი სახლი ტორბაში (ციმბირი) გადასახლების დროს, 1953 წელი. მშობლები (მარცხნივ) და ჩემი ძმა ვასილი თავის ვაჟთან ერთად (მარჯვნივ).
[სურათი 21 გვერდზე]
ტყვეთა ბანაკში, 1955 წელი.
[სურათი 23 გვერდზე]
ქრისტიანი დები ციმბირში. ამ დროს მარია (ქვემოდან მარცხნივ) დაახლოებით 20 წლის იყო.
[სურათი 23 გვერდზე]
ჩვენს ქალიშვილთან, ლიდიასთან, ერთად.
[სურათი 23 გვერდზე]
ჩვენი ქორწილი, 1970 წელი.
[სურათი 23 გვერდზე]
დღეს მარიასთან ერთად.