სიკვდილი ყველაფრის დასასრულია?
ალბათ ადამიანს ყველაზე მეტად შემდეგ კითხვაზე აინტერესებს პასუხის მიღება: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ათასწლეულების მანძილზე ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა განათლებულ ადამიანებს. მაგრამ, ფილოსოფიამ და მეცნიერულმა კვლევებმა თავისი თეორიებითა და ვარაუდებით კიდევ უფრო გაუგებარი გახადა ეს საკითხი.
რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით? ზოგის აზრით სიკვდილისა და საიქიო ცხოვრების შესახებ ბიბლიაც მსგავს დამაბნეველ პასუხს იძლევა. მაგრამ, გულწრფელად რომ ითქვას, დაბნეულობას სინამდვილეში იწვევენ ის რელიგიები, რომლებიც სიცრუითა და ლეგენდებით აბინძურებენ ბიბლიის ჭეშმარიტ სწავლებებს. თუ მაინცდამაინც არ ჩაეჭიდებით ტრადიციულ შეხედულებებს და გამოიკვლევთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით, დაინახავთ რომ მისი სწავლებები აბსოლუტურად ლოგიკური და იმედის მომცემია.
ვიდრე დაიბადებოდით
მაგალითად, მოდი ყურადღება მივაქციოთ მეფე სოლომონის ორ გამონათქვამს, რომლებიც წინა სტატიაში მოვიყვანეთ. იმ მუხლებიდან გავიგეთ, რომ მკვდრებმა — როგორც ადამიანებმა, ისე ცხოველებმა — არაფერი არ იციან. ამგვარად, ბიბლიის თანახმად მკვდარი უმოქმედო მდგომარეობაშია, ის ვერაფერს გრძნობს და მას არც ფიქრის უნარი აქვს (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).
ძნელი დასაჯერებელია ეს? დაფიქრდით: რა მდგომარეობაშია ადამიანი, ვიდრე ის არსებობას დაიწყებს? სად იყავით მანამ, სანამ თქვენი მშობლების პაწაწინა უჯრედები ერთმანეთს შეერწყმებოდა და არსებობას დაიწყებდით? თუ ადამიანში არის უხილავი რამ, რაც მისი სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს, სად არის ის ადამიანის ჩასახვამდე? ფაქტია, რომ თქვენ ჩასახვამდე საერთოდ არ არსებობდით, ამიტომაც არაფერი გახსოვთ. ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა.
ამგვარად, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ როდესაც ვკვდებით, ჩვენი ცნობიერება ზუსტად იმავე მდგომარეობას უბრუნდება, როგორშიც იყო მანამ, სანამ არსებობას დავიწყებდით. ეს ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ღმერთმა ადამს შეცოდების შემდეგ უთხრა: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). ამ მხრივ ადამიანი არაფრით არ განსხვავდება ცხოველისგან. გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ ბიბლია ზუსტად ამას ამბობს: „ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს“ (ეკლესიასტე 3:19, 20).
ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანმა მხოლოდ რამდენიმე ათწლეული უნდა იცოცხლოს, მერე კი სამარადისოდ შეწყვიტოს არსებობა? თუ არსებობს რაიმე იმედი გარდაცვლილთათვის? დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტორზე.
სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილი
შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი ყველასთვის უსიამოვნო თემაა. მართალია, უმრავლესობა გაურბის საკუთარ სიკვდილზე ლაპარაკს და მასზე გაფიქრებაც კი არ სურს, მაგრამ ისინი ტელეეკრანებზე წამდაუწუმ ხედავენ ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული სიკვდილის სცენებს; გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებშიც საკმაოდ ხშირად იბეჭდება ისეთი სტატიები, რომლებსაც თან დართული აქვს სიკვდილის ამსახველი რეალური ფოტომასალა.
შედეგად, სხვა, უცხო ადამიანების სიკვდილი შეიძლება ნორმალურად აღიქმებოდეს. მაგრამ მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი საყვარელი ადამიანის ან ჩვენს საკუთარ სიკვდილს, ეს აბსოლუტურად არ მიგვაჩნია ნორმალურად. ეს იმიტომ, რომ ადამიანებში ღრმად არის გამჯდარი სიცოცხლის სურვილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დროის შეგრძნებისა და მარადიულობის გაცნობიერების უნარი. მეფე სოლომონმა დაწერა, რომ ღმერთმა ადამიანთა ‘გულებში მარადიულობა ჩადო’ (ეკლესიასტე 3:11). ნორმალურ პირობებში ჩვენ გვსურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ და ჩვენი სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს. არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ცხოველებსაც აქვთ მსგავსი სურვილი. ისინი ისე ცხოვრობენ, რომ არ შეუძლიათ მომავლის გაცნობიერება.
ადამიანის უდიდესი შესაძლებლობები
ადამიანებს არა მხოლოდ სურთ, რომ მარადიულად იცხოვრონ, არამედ იმის უნარიც აქვთ, რომ მთელი მარადიულობის განმავლობაში ათასნაირი საქმით იყვნენ დაკავებული და, მათ შორის, შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდნენ. როგორც ჩანს, ადამიანს სწავლის უსაზღვრო უნარი აქვს. როგორც ამბობენ, სირთულითა და აღდგენის უნარით ბუნებაში ვერაფერი შეედრება ადამიანის ტვინს. ცხოველებისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ტვინი, რომლის წყალობითაც შეგვიძლია მსჯელობა და აბსტრაქტული ცნებების გაგება. მეცნიერებმა ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს.
როდესაც წლები გვემატება, ტვინი მაინც ინარჩუნებს თავისი პოტენციალის უდიდეს ნაწილს. არც ისე დიდი ხნის წინ ნევროლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის დაბერებისას ტვინის უმეტესი ფუნქცია უცვლელი რჩება. ფრანკლინის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ამბობენ: „ადამიანის ტვინს აქვს მუდმივი ადაპტაციისა და განახლების უნარი. ასაკოვანი ადამიანის ტვინსაც კი შეუძლია ახალი ნეირონების წარმოქმნა. სერიოზულ გონებრივ დაქვეითებას ჩვეულებრივ იწვევს დაავადებები, მაშინ როცა ასაკთან დაკავშირებული მეხსიერებისა თუ მოტორული ფუნქციების დაქვეითება უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია პასიურობით და გონების გაუვარჯიშებლობითა თუ ნაკლები სტიმულირებით“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გონებას ყოველთვის გავავარჯიშებთ და ტვინი დაცული იქნება დაავადებებისგან, ის მარადიულად შეძლებს ფუნქციონირებას. მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერმა, დნმ-ის ფიზიკური სტრუქტურის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ჯეიმზ უოტსონმა „ტვინს სამყაროში დღემდე აღმოჩენილ სტრუქტურათა შორის ყველაზე ურთულესი“ უწოდა. ნევროლოგი ჯერალდ ედელმანი თავის წიგნში ხსნის, რომ, თუ ავიღებთ ტვინის ნებისმიერ მონაკვეთს, რომელიც ზომით ასანთის ღერის თავისოდენა იქნება, ის „შეიცავს დაახლოებით მილიარდ სინაფსს, რომლებსაც იმდენი სახით შეუძლიათ ურთიერთქმედება, რომ ეს რიცხვი — ერთიანი მილიონობით ნულით — ასტრონომიულსაც კი აღემატება“.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურად გეჩვენებათ, რომ ასეთი პოტენციალის მქონე ადამიანი მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს უნდა ცოცხლობდეს? ეს ისევე არალოგიკურად ჟღერს, როგორც ის, რომ მრავალვაგონიანი ძლიერი ლოკომოტივი გამოიყენო ქვიშის ერთი მარცვლის რამდენიმე სანტიმეტრზე გადასატანად! მაშ, რატომ აქვს ადამიანს სწავლისა და შემოქმედების ასეთი უდიდესი უნარი? იმიტომ ხომ არა, რომ ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანი საერთოდ არ უნდა კვდებოდეს, რომ ის მარადიული სიცოცხლისთვის შეიქმნა?
იმედი, რომელსაც სიცოცხლის მომცემი გვაძლევს
იმ ფაქტს, რომ სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილი და სწავლის უდიდესი უნარი გვაქვს, მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე — ადამიანი იმისთვის შეიქმნა, რომ 70 ან 80 წელზე გაცილებით დიდხანს იცოცხლოს. ეს კი, თავის მხრივ, სხვა დასკვნის გამოტანაში გვეხმარება: უნდა არსებობდეს შემოქმედი, ღმერთი. ფიზიკური სამყაროს უცვლელი კანონები და დედამიწაზე არსებული სიცოცხლე, რომელიც თავისი განუზომელი სირთულით გვაოცებს, შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს.
მაგრამ, თუ ღმერთმა იმის უნარი მოგვცა, რომ მარადიულად ვიცხოვროთ, რატომღა ვკვდებით? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? აქვს ღმერთს განზრახული, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს? ლოგიკური იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ბრძენი და ყოვლადძლიერი ღმერთი უპასუხოდ არ დაგვტოვებდა, და ეს ასეც არის. განვიხილოთ ზოგი საკითხი:
◼ ღვთის თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა ის, რომ ადამიანები მომკვდარიყვნენ. ბიბლიის მონაკვეთი, სადაც სიკვდილი პირველად მოიხსენიება, გვიჩვენებს, რომ ღვთის თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა ის, რომ ადამიანები მომკვდარიყვნენ. ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, „დაბადება“ გვიხსნის, რომ ადამიანთა პირველ წყვილს, ადამსა და ევას, ღმერთმა შესაძლებლობა მისცა, მისადმი სიყვარული და ერთგულება გამოეხატათ, რისთვისაც უბრალო გამოცდა მოუწყო. ეს გამოცდა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ არ უნდა ეჭამათ ერთი კონკრეტული ხის ნაყოფი. ღმერთმა თქვა: „რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:17). ადამი და ევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდებოდნენ, თუ გამოცდას ვერ გაუძლებდნენ და ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მათ ღვთისადმი ერთგულება არ შეინარჩუნეს, რის გამოც დაიხოცნენ. ამის შედეგად, არასრულყოფილება და სიკვდილი გავრცელდა ადამიანთა მთელ მოდგმაზე.
◼ ბიბლია სიკვდილს ძილს ადარებს. ის საუბრობს ‘სიკვდილის ძილით დაძინებაზე’ (ფსალმუნი 13:3). სანამ თავის მეგობარ ლაზარეს აღადგენდა, იესომ უთხრა მოციქულებს: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. იესო ასეც მოიქცა! ბიბლია ამბობს, რომ მის დაძახებაზე ‘კაცი [ლაზარე], რომელიც მკვდარი იყო, გამოვიდა სამარხიდან’ ცოცხალი! (იოანე 11:11, 38—44)
რატომ შეადარა იესომ სიკვდილი ძილს? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანი უმოქმედოდაა. ღრმა ძილში ადამიანი ვერ გრძნობს, რა ხდება მის ირგვლივ, და ვერც დროის სვლას ამჩნევს. ამ დროს ის ვერც ტკივილს გრძნობს და არც არაფერზე წუხს. მსგავსადვე, მკვდარი უმოქმედოდაა და ვერაფერს გრძნობს. მაგრამ, ეს შედარება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. მძინარე ადამიანი იღვიძებს. სწორედ ასეთ იმედს იძლევა ბიბლია გარდაცვლილებთან დაკავშირებით.
შემოქმედი გვპირდება: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?“ (ოსია 13:14). სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8). გარდაცვლილებისთვის სიცოცხლის დაბრუნებას მკვდრეთით აღდგომა ეწოდება.
◼ სად იცხოვრებენ აღდგენილები? როგორც ადრე აღვნიშნეთ, ადამიანებს უწყვეტი სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილი აქვთ. სად ისურვებდით მარადიულად ცხოვრებას? დაგაკმაყოფილებდათ იმის ცოდნა, რომ სიკვდილის შემდეგ განაგრძობდით არსებობას როგორც აბსტრაქტული მსოფლიო სულის ნაწილი, როგორც ამას ზოგიერთი რელიგია ასწავლის? ისურვებდით, განგეგრძოთ სიცოცხლე როგორც სხვა პიროვნებას, რომელსაც საერთოდ არ ეხსომებოდა, თუ ვინ იყო მანამ, სანამ მოკვდებოდა? მოგეწონებოდათ ის აზრი, რომ ამ ქვეყნად დაბრუნებულიყავით როგორც ცხოველი ან ხე? არჩევანი რომ თქვენთვის მოენდოთ, ისურვებდით ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც მოკლებული იქნებოდით იმ ყოველივეს, რასაც ახლა განიცდით და რაც ახლა გახარებთ?
დედამიწაზე სამოთხისებური იდეალური პირობები რომ ყოფილიყო, განა არ ისურვებდით ასეთ სამოთხეში მარადიულად ცხოვრებას?! სწორედ ამ იმედს გვაძლევს ბიბლია — აქ, დედამიწაზე, მარადიული ცხოვრება იქნება. ღმერთმა დედამიწა იმ განზრახვით შექმნა, რომ ის დასახლებული ყოფილიყო იმ ადამიანებით, რომლებსაც მარადიულად ეყვარებოდათ ღმერთი და სიხარულით ემსახურებოდნენ მას. სწორედ ამიტომ ბიბლია ამბობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29; ესაია 45:18; 65:21—24).
◼ როდის დაიწყება მკვდრეთით აღდგენა? რამდენადაც სიკვდილი შედარებულია ძილთან, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აღდგენა, ჩვეულებრივ, მაშინვე, სიკვდილის შემდეგ არ ხდება. „ძილის“ პერიოდი მოიცავს დროს სიკვდილიდან აღდგენამდე. ბიბლიაში მოხსენიებულმა კაცმა, სახელად იობმა, შემდეგი კითხვა დასვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ შემდეგ თავადვე გასცა პასუხი: ‘დავიცდი [სამარეში], სანამ შვება მოვიდოდეს. დამიძახებს [ღმერთი] და მე პასუხს გავცემ’ (იობი 14:14, 15). რა სასიხარულო იქნება, როდესაც ეს დრო დადგება და აღდგენილები კვლავ იხილავენ თავიანთ ახლობლებს!
პანიკური შიშის მიზეზი არ არსებობს
ფაქტია, რომ ის იმედი, რომელსაც ბიბლია გვაძლევს, არ გვათავისუფლებს სიკვდილის ყოველგვარი შიშისგან. არაფერია უჩვეულო იმაში, თუ ადამიანს აშინებს ტკივილი, რომლის ატანაც მას სიკვდილამდე მოუწევს, და ის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ის აღმოჩნდეს. გასაგებია, რომ შეიძლება საყვარელი ადამიანის დაკარგვის გეშინოდეთ. და თუ თქვენ გაშინებთ ის მტკივნეული შედეგები, რაც თქვენმა სიკვდილმა შეიძლება თქვენს ახლობლებს მოუტანოს, ესეც ნორმალურია.
და მაინც, იმის ცოდნა, თუ ბიბლიის თანახმად სინამდვილეში რა მდგომარეობაში არიან მკვდრები, გვეხმარება, რომ გავთავისუფლდეთ სიკვდილის პანიკური შიშისგან. არც იმის უნდა გვეშინოდეს, რომ თითქოს არსებობს საიქიო, სადაც დემონები ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებენ იქ მოხვედრილებს. ჩვენ არც მოჩვენებათა სამყაროსი გვეშინია, სადაც თითქოსდა სულები მთელი მარადიულობის განმავლობაში მოუსვენრად დაძრწიან. ჩვენ არც ის უნდა გვაშინებდეს, რომ სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ შევწყვეტთ არსებობას და ჩვენთვის არანაირი იმედი აღარ იარსებებს. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთს უსაზღვრო მეხსიერება აქვს და ის გვპირდება, რომ მის მეხსიერებაში მყოფ ყველა გარდაცვლილს სიცოცხლეს დაუბრუნებს დედამიწაზე. ეს რომ აუცილებლად მოხდება, ბიბლია ამაში შემდეგი სიტყვებით გვარწმუნებს: „ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი მხსნელი ღმერთია; იეჰოვას, უზენაეს უფალს, ეკუთვნის სიკვდილისგან თავდახსნის გზები“ (ფსალმუნი 68:20).
[ჩანართი 5 გვერდზე]
„მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19)
[ჩანართი 6 გვერდზე]
ღმერთმა ადამიანთა ‘გულებში მარადიულობა ჩადო’ (ეკლესიასტე 3:11)
[ჩარჩო/სურათი 8 გვერდზე]
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები ამ კითხვებზე
ფაქტია, რომ სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით კიდევ ჩნდება სხვა კითხვები, რომლებსაც ამ სტატიებში არ შევხებივართ. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად ბევრმა დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო ასეთ კითხვებზე. მოგიწოდებთ, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხებს მიიღებთ:
◼ რა იგულისხმება სიტყვებში „ჯოჯოხეთი“ და „ცეცხლის ტბა“?
◼ თუ არ არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, როგორღა ისჯებიან ბოროტები?
◼ ბიბლიის თანახმად სიკვდილის დროს სული ტოვებს სხეულს. რა სულზეა აქ საუბარი?
◼ რით აიხსნება გარდაცვლილებთან ურთიერთობის მრავალი შემთხვევა?
◼ რა მნიშვნელობით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა „სული“?
◼ როდის მოხდება მკვდრეთით აღდგომა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე?
◼ აღდგება ყველა გარდაცვლილი, მიუხედავად იმისა, თუ სიკვდილამდე როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ?
გთხოვთ იხილოთ ამ ჟურნალის ბოლო გვერდი, საიდანაც გაიგებთ, თუ როგორ შეგიძლიათ თითოეულ ამ კითხვაზე მიიღოთ ნათელი და გასაგები პასუხები ბიბლიიდან.
[სურათი 7 გვერდზე]
იესომ თქვა, რომ ლაზარეს ‘გააღვიძებდა’
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები იქნებიან ადამიანები, როცა კვლავ იხილავენ მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ახლობლებს!