მდინარე, რომელიც ზოგჯერ საპირისპირო მიმართულებით მიედინება
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კამბოჯიდან
გინახავთ ოდესმე ისეთი მდინარე, რომელიც ზოგჯერ საპირისპირო მიმართულებით მიედინება? გსმენიათ ისეთი ტყის შესახებ, რომელიც წელიწადში ექვსი თვე წყლითაა დაფარული? იცოდით, რომ ზოგი წყალზე მოტივტივე სახლებში ცხოვრობს და წყლის დონის დაკლების გამო მათ მუდმივად უწევთ გადაადგილება? თქვენ შეიძლება თქვათ: „ასეთი რამ შეუძლებელია“. მაგრამ, თუ კამბოჯას მუსონურ პერიოდში, ანუ წვიმების სეზონზე ეწვევით, თქვენ აზრს მაშინვე შეიცვლით.
მაისის შუა რიცხვებიდან დაწყებული ოქტომბრის ჩათვლით ყოველ დილით მოწმენდილი ცა იქუფრება და შუადღისას კოკისპირული წვიმა მოდის. წყლის დიდი ნაკადები მტვრიან და ჭუჭყიან მიწაზე მიედინება და მდინარეები ნაპირებიდან გადმოდის.
რატომ იწყებს მდინარე საპირისპირო მიმართულებით დინებას?
დახედეთ თანდართულ რუკას. დააკვირდით, სად ერთვის მდინარე მეკონგი ტონლესაპის მდინარეს და მალევე როგორ იყოფა ორ მდინარედ, რომელთაგანაც ერთს ეწოდება მეკონგი, ხოლო მეორეს — ბასაკი. შემდეგ ორივე მდინარე სამხრეთისკენ განაგრძობს დინებას, გადის ვიეტნამს და ქმნის მეკონგის უზარმაზარ დელტას.
წვიმების სეზონის დაწყებიდან მალევე დელტის ქვედა ნაწილში წყლის დონე მატულობს. წყლების დიდი ნაკადები სწრაფად ავსებს სეზონზე დამშრალი შენაკადების კალაპოტს. რამდენადაც მუსონური პერიოდი გრძელდება, ტონლესაპის მდინარე დიდდება და დელტაში წყლის დონის მომატების გამო მას აღარ შეუძლია ჩვეულებრივ სამხრეთისკენ იდინოს, რის გამოც წყალი გუბდება და საპირისპირო მიმართულებით ჩრდილოეთისკენ იწყებს დინებას. ბოლოს ის ტონლესაპის ტბაში ჩადის.
ეს ტბა მდებარეობს კამბოჯის დედაქალაქ პნომპენიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე წყალმარჩხ ადგილებში. მშრალი სეზონის განმავლობაში ტბის ზედაპირი დაახლოებით 3 000 კვადრატული კილომეტრია. წვიმიანი სეზონის დროს წყალი დიდდება და ის ფართობით დაახლოებით ხუთჯერ მეტი ხდება. სწორედ ამიტომ ეს ტბა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მტკნარი წყლის ყველაზე დიდ მარაგს შეიცავს.
წვიმების სეზონზე წყლით იფარება ტყეები, გზები, აგრეთვე ის ადგილები, სადაც ბრინჯი მოჰყავთ და სოფლებია გაშენებული. მეთევზეები, რომლებიც მშრალ სეზონზე თავიანთი ნავებით ერთი მეტრის სიღრმის წყალში დაცურავდნენ, ახლა 10 მეტრის სიმაღლეზე, ხეების კენწეროების ზემოთ არიან მოქცეულნი. სხვაგან წყლის დონის ასეთი მომატება სტიქიურ უბედურებად ითვლება, მაგრამ აქ კამბოჯელების აზრით ეს მრავალმხრივ არის სასარგებლო. რატომ?
რატომ არის სასარგებლო წყლის დონის მომატება?
ტონლესაპის მდინარეს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით იწყებს დინებას, ტონლესაპის აუზში ჩააქვს ალუვიური ნიადაგის ფენა. გარდა ამისა, მდინარე მეკონგის ბინადარი დიდი რაოდენობის თევზი ტონლესაპის ტბისკენ მიცურავს, სადაც ხელსაყრელი გარემოა თევზის გასამრავლებლად. ტონლესაპის ტბა მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ტბებიდან, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობის მტკნარი წყლის თევზი ბინადრობს. წვიმების სეზონის შემდეგ ტბა ისე სწრაფად იკლებს, რომ მეთევზეები ხეებში გაჩხერილ თევზებს იჭერენ.
წყლის ყოველწლიურად მომატება ეკოსისტემაზე საგძნობლად მოქმედებს. ის ხეები თუ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომლებიც წყლის დონის მომატების დროს წყლით იფარება, ზრდის განსხვავებული პროცესით გამოირჩევიან. ჩვეულებრივ, ტროპიკული ხეები ნელა იზრდება. მათ მშრალი სეზონის დროს ფოთლები სცვივა და წვიმების სეზონზე კვირტები გამოაქვს. ამის საპირისპიროდ, იმ ხეებს, რომლებიც ტონლესაპის რეგიონში იზრდება, ფოთლები მანამდე არ სცვივათ, სანამ ისინი წყლით არის დაფარული. ნაცვლად იმისა, რომ წვიმების სეზონზე მცენარეები სწრაფად გაიზარდოს, მათი ზრდის პროცესი ნელდება. როცა წყალი იწყებს კლებას და მშრალი სეზონი იწყება, მცენარეებს კვირტი გამოაქვს და ფოთლებიც სწრაფად ეზრდება. მას შემდეგ, რაც ტბაში წყალი იკლებს და უწინდელ სახეს იღებს, დამშრალ ადგილებში დიდი რაოდენობის ნეშომპალა რჩება, რაც მშრალი სეზონის განმავლობაში ხეებისა თუ სხვა მცენარეების საზრდოს წარმოადგენს.
ხის ბოძებზე შემდგარი სახლები
რა შეიძლება ითქვას იქ მცხოვრებ ხალხზე? ზოგი, ვინც ტბასთან ცხოვრობს, თავის სახლს ხის ბოძებზე აგებს. მშრალი სეზონის დროს ეს სახლები მიწიდან 6 მეტრის სიმაღლეზეა. მაგრამ, როცა წყლის დონე ყველაზე მეტად მატულობს, ლითონის დიდ ტაშტებს (რომლებსაც ბავშვები ზოგჯერ გადასაადგილებლად იყენებენ) და სათევზაო ნავებს პირდაპირ სახლის ზღურბლთან ტოვებენ.
ზოგიერთები თავიანთ სახლებს ისე აგებენ, რომ ის წყალზე ტივტივებს. როდესაც ოჯახი იზრდება, სახლს ოთახებს ამატებენ. ამ ტბაზე დაახლოებით 170 მოტივტივე სოფელია გაშენებული.
დღისით ახალგაზრდებიც და უფროსებიც ტბაში ბადეებითა თუ სხვადასხვა თევზსაჭერი საშუალებებით თევზაობენ. როდესაც წყლის დონე მატულობს ან იკლებს, მოტივტივე სახლები ან მთელი სოფლებიც კი რამდენიმე კილომეტრით გადაადგილდებიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სანაპიროსთან ახლოს იყვნენ ან ისეთ ადგილებში იცხოვრონ, სადაც უფრო მეტი თევზია.
დიდ კანოებს ხშირად „მოტივტივე მაღაზიებად“ აქცევენ. მასზე ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდულობს. გარდა ამისა, კანოებს „ავტობუსებადაც“ იყენებენ. აქ ბავშვები მოტივტივე სკოლებში სწავლობენ. ამ საუცხოო ადგილზე, სადაც მდინარე საპირისპირო მიმართულებით მიედინება, ირგვლივ ყველაფერი წყლის დინებასთან ერთად ჰარმონიულად მოძრაობს.
[რუკა 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მშრალი სეზონი
წვიმების სეზონი
კამბოჯა
ტონლესაპის ტბა
ტონლესაპის მდინარე
მდინარე მეკონგი
პნომპენი
მდინარე ბასაკი
მეკონგის დელტა
ვიეტნამი
[სურათი 23 გვერდზე]
ბიჭი ტონლესაპის მდინარეში ნიჩბის მოსმით მიცურავს
[სურათი 23 გვერდზე]
ერთი და იგივე სოფელი მშრალ და წვიმების სეზონზე
[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]
Map: Based on NASA/Visible Earth imagery; village photos: FAO/Gordon Sharpless