არ შეუშინდე ცდუნებას!
„მოწევას თავი მაშინ დავანებე, როცა პატარა შეგვეძინა. კედელზე გავაკარი მოწევის ამკრძალავი ნიშანი. მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში მოწევის სურვილი ცუნამივით დამატყდა თავს და სიგარეტს მოვუკიდე“ (იოშიმიტსუ, იაპონია).
როგორც ამ შემთხვევიდან ჩანს, მოწევის ცდუნებას ყოველთვის თავს ვერ დააღწევ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 90 პროცენტი პირველსავე ცდუნებას ნებდება და კვლავ აგრძელებს მოწევას. თუ გინდა მოწევას თავი დაანებო, საკუთარ სურვილთან არაერთხელ მოგიწევს ბრძოლა. რამ შეიძლება გამოიწვიოს მოწევის მძლავრი სურვილი?
ნიკოტინზე დამოკიდებულება. ბოლო ღერის მოწევის შემდეგ, სამი დღიდან ორი კვირის მანძილზე, მოწევის სურვილი ძლიერდება. „მძლავრი სურვილი დროდადრო მეძალება და არა გამუდმებით“, — ამბობს ერთი ყოფილი მწეველი. შეიძლება მოწევის სურვილი წლების გასვლის შემდეგაც გაგიჩნდეთ. მაშინვე ნუ მოსწევთ სიგარეტს, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და სურვილი შესაძლოა თავისით გაგიქრეთ.
აბსტინენციის სხვა სიმპტომები. ვინც მოწევას თავს ანებებს, თავიდან უჭირთ ფხიზლად ყოფნა და კონცენტრირება; გარდა ამისა, სწრაფად იმატებენ წონაში. აბსტინენციის სიმპტომებია: ტკივილები, ქავილი, ოფლიანობა, ხველა და ხასიათის სწრაფი ცვალებადობა. ასეთ დროს ადამიანი ადვილად რისხდება და მიდრეკილია დეპრესიისკენ. სიმპტომების უმეტესობა ოთხიდან ექვსი კვირის მანძილზე ნელ-ნელა ქრება.
ამ კრიტიკული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი ზოგი პრაქტიკული რჩევა:
● კარგად გამოიძინეთ.
● მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ნატურალური წვენები. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
● ზომიერად ივარჯიშეთ.
● თქვენი ფილტვები რომ სუფთა ჰაერით აივსოს, ღრმად ისუნთქეთ.
მოერიდეთ ყველაფერს, რაც მოწევას მოგანდომებთ. შესაძლოა ადრე ჩვევაში გქონდათ სასმლის დალევის დროს სიგარეტის მოწევა. ამიტომ, როცა მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობთ, უმჯობესია, სასმლის სვენებ-სვენებით სმას მოერიდოთ. დროთა განმავლობაში კვლავ შეძლებთ სასმელი აუჩქარებლად დალიოთ და ისიამოვნოთ.
სიგარეტზე დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ მაშინაც, როცა თქვენი სხეული სრულად გათავისუფლდება ნიკოტინისგან. „მოწევას ცხრამეტი წლის წინ დავანებე თავი, — ამბობს ზემოხსენებული ტორბენი, — მაგრამ დღესაც კი, როცა შესვენებაზე ყავას ვსვამ, მოწევის სურვილი მიჩნდება“. დროთა განმავლობაში ყველაფერი, რაც დღეს თქვენთვის მოწევასთან ასოცირდება, აღარ გაგიჩენთ მოწევის სურვილს.
ალკოჰოლი კიდევ უფრო ამძაფრებს მოწევის სურვილს. როცა მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობთ, მოერიდეთ ბარ-რესტორნებს, სადაც ალკოჰოლს სვამენ. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში ცდუნდებიან ისინი, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება სურს. რა არის ამის მიზეზი?
● მცირე დოზით მიღებული ალკოჰოლიც კი ზრდის ნიკოტინით მიღებულ სიამოვნებას.
● საზოგადოებრივ ადგილებში დალევისას ხშირად ეწევიან.
● ალკოჰოლი საღ აზრს აკარგვინებს ადამიანს და თავშეუკავებელს ხდის. ბიბლია მართებულად ამბობს: „ღვინო . . . კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს“ (ოსია 4:11).
შეარჩიეთ საურთიერთო წრე. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მწეველებთან ან მათთან ურთიერთობას, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებენ ან მასხრად გიგდებენ იმის გამო, რომ მოწევისთვის თავის დანებებას აპირებთ.
ემოციური ფონი. ერთი გამოკვლევის თანახმად, თითქმის ყოველი 3-დან 2 ყოფილი მწეველი სტრესის ან განრისხების დროს დაუბრუნდა ამ მავნე ჩვევას. თუ ასეთ ემოციურ ფონზე მოწევა მოგინდათ, სხვა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება, მაგალითად, დალიეთ წყალი, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი ან გაისეირნეთ. შეეცადეთ იფიქროთ დადებითზე, მიმართეთ ღმერთს ლოცვით ან რამდენიმე თავი წაიკითხეთ ბიბლიიდან (ფსალმუნი 19:14).
ნუ მოუძებნით გამართლებას ამ მავნე ჩვევას
● „მხოლოდ ერთ ნაფაზს დავარტყამ“.
თვალი გაუსწორეთ რეალობას. ერთი ნაფაზის დარტყმის შემდეგაც კი ნიკოტინის ზოგიერთი კომპონენტი ტვინში სამი საათის განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.
● „მოწევა სტრესს მიხსნის“.
თვალი გაუსწორეთ რეალობას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ნიკოტინი ორგანიზმში წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც, როგორც წესი, სტრესის დროს გამოიყოფა. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ მოწევის დროს სტრესი გეხსნებათ, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ დროებით გათავისუფლებთ აბსტინენციის სიმპტომებისგან.
● „მე უკვე დიდი ხანია ვეწევი და თავს ვეღარ დავანებებ“.
თვალი გაუსწორეთ რეალობას. პესიმისტური განწყობა ბრძოლის სურვილს დაგაკარგვინებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ნუ იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგივათ. ნებისმიერი, ვისაც სურს, თავი დაანებოს მოწევას, და იყენებს ამ ჟურნალში მოცემულ პრაქტიკულ რჩევებს, შეძლებს ამ ჩვევის დაძლევას.
● «„ლომკას“ ვერ გადავიტან».
თვალი გაუსწორეთ რეალობას. უნდა აღინიშნოს, რომ აბსტინენციის სიმპტომები აუტანელია, მაგრამ, სულ რაღაც, რამდენიმე კვირაში თითქმის ქრება. ასე რომ, თავი ხელში აიყვანეთ! თუ მოწევის ძლიერი სურვილი თვეების ან წლების შემდეგაც იჩენს თავს, ესეც რამდენიმე წუთში გაივლის, თუ არ მოუკიდებთ სიგარეტს.
● „ფსიქიკური მოშლილობა მაქვს“.
თვალი გაუსწორეთ რეალობას. თუ ისეთი ფსიქიკური დაავადებების გამო, როგორიცაა ღრმა დეპრესია ან შიზოფრენია, მკურნალობდით, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ. ექიმი აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ მოწევას თავი დაანებოთ; ის, ალბათ, სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ, სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ და აგიხსნით, რა წამლების მიღება დაგეხმარებათ ამ რთული პერიოდის გადალახვაში.
● „თუ ისევ დავუბრუნდები ამ ჩვევას, ესე იგი, აღარაფერი გამომივა“.
თვალი გაუსწორეთ რეალობას. თუ ცდუნებას აჰყვებით და მოსწევთ, როგორც ეს ბევრის შემთხვევაში ხდება, არ იფიქროთ, რომ აზრი არა აქვს ბრძოლას. გულს ნუ გაიტეხთ. თუ ერთხელ რაღაც არ გამოგივიდათ, იმას არ ნიშნავს, რომ არასდროს გამოგივათ. ასე რომ, არ შეეგუოთ მარცხს, განაგრძეთ ბრძოლა! საბოლოოდ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ!
დავფიქრდეთ რომუალდოს მაგალითზე, რომელიც 26 წელი ეწეოდა და 30 წლის წინ გადააგდო სიგარეტი. იგი ყვება: „იმდენჯერ დავუბრუნდი ამ მავნე ჩვევას, რომ სათვალავიც კი ამერია. ყოველი რეციდივის მერე თავს საშინლად ვგრძნობდი. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე, რომ იეჰოვა ღმერთთან კარგი ურთიერთობა შემენარჩუნებინა; გამუდმებით ვთხოვდი ღმერთს ლოცვაში დახმარებას და საბოლოოდ ეს მავნე ჩვევა დავძლიე“.
ამ სტატიათა სერიის ბოლო ნაწილში განვიხილავთ კიდევ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ სიგარეტის გადაგდებაში.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
მოწევა კლავს!
თამბაქო ბევრი სახით გამოიყენება. არის ქვეყნები, სადაც თამბაქოს ზოგი ნაწარმი მწვანე აფთიაქებსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მაღაზიებში იყიდება. მიუხედავად ამისა, „თამბაქოს ნებისმიერი სახით გამოყენება მომაკვდინებელია“, — ნათქვამია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში. თამბაქო იწვევს არაერთ დაავადებას, მათ შორის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. გარდა ამისა, მწეველი დედები დიდ ზიანს აყენებენ ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვებს. რა სახით იღებენ თამბაქოს ნაწარმს?
ბიდი: ეს არის მოკლე ზომის, ხელით გადახვეული სიგარეტი, რომელიც, ძირითადად, აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული. ბიდი შეიცავს გაცილებით მეტი რაოდენობის კუპრს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
სიგარა: ის გადახვეულია თამბაქოს ფოთოლში ან სიგარეტის ქაღალდში. სიგარა, როგორც მჟავის შემცველი ყველა სიგარეტი, მცირე რაოდენობით ტუტესაც შეიცავს. ამიტომ, ნიკოტინი მაშინაც კი მოხვდება თქვენს ორგანიზში, თუ სიგარას არ მოუკიდებთ და მხოლოდ პირში გედებათ.
კრეტეკი, ანუ სიგარეტი მიხაკის შემცველობით: კრეტეკი შეიცავს დაახლოებით 60 პროცენტ თამბაქოს ფოთლებს და 40 პროცენტ მიხაკის ფურცლებს. ის შეიცავს უფრო მეტ კუპრს, ნიკოტინსა და ნახშირჟანგს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
ჩიბუხი: სიგარეტის ჩიბუხით მოწევა ჯანმრთელობისთვის უვნებელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაშიც ავადდებიან კიბოთი თუ სხვა დაავადებებით.
უკვამლო თამბაქო: ამაში შედის საღეჭი თამბაქო, ბურნუთი და სურნელოვანი თამბაქო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოიყენება. ნიკოტინი სისხლში პირიდან ხვდება. უკვამლო თამბაქო ისევე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი.
თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობები (ბონგი, ჰოოკაჰი, ნარგილე, შიშა): ამ მოსაწევი მოწყობილობების საშუალებით თამბაქოს კვამლი შესუნთქვამდე წყლის ჭავლით იფილტრება. თუმცა, გაფილტვრის პროცესი არ ამცირებს ტოქსინების რაოდენობას, რომლებიც შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
დაეხმარეთ სხვებს
● ნუ იქნებით კრიტიკული. შექება უფრო ჭრის, ვიდრე გაუთავებლად ჭკუის სწავლება. იმის მაგივრად, რომ უთხრათ, „კიდევ მოსწიე?!“, ამის თქმა აჯობებს: „ჩემი აზრით, შენ გადააგდებ სიგარეტს, თუ კიდევ ერთხელ შეეცდები!“
● იყავით მომთმენი. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, არ გამოხატოთ ბრაზი ან უნდობლობა მის მიმართ, ვინც ცდილობს სიგარეტის გადაგდებას. გულისხმიერება გამოიჩინეთ და ასეთი სიტყვები უთხარით: „ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ყოჩაღ, რომ ძალას არ იშურებ!“. არასდროს უთხრათ: „რაც თავი დაანებე მოწევას, ნერვები სულ გაგიფუჭდა“.
● გაუწიეთ ნამდვილი მეგობრობა. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იგავები 17:17). რა დროც არ უნდა იყოს და რა ხასიათზეც არ უნდა იყოს ის, ვინც მოწევისთვის თავის დანებებას ცდილობს, ყოველთვის თანაგრძნობით და სიყვარულით მოექეცით.