ფაქტების პირისპირ
წარმოიდგინეთ, რომ უკაცრიელ კუნძულზე მოხვდით. ზღვის ნაპირთან ერთი დიდი ქვა შენიშნეთ, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა „ჯონი 1800“. იფიქრებდით, რომ რაკიღა კუნძული უკაცრიელია, წარწერა ქარისა და წყლისგან გამოწვეული ეროზიის შედეგად გაჩნდა? არავითარ შემთხვევაში! ალბათ, დაასკვნიდით, რომ ეს ვიღაცის ნამოქმედარია და მართალიც იქნებოდით. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასოები და ციფრები მკაფიოდაა ამოკვეთილი ქვაზე. მერე კი იმიტომ, რომ ეს წარწერა გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს და მიგანიშნებთ, რომ მას ავტორი ჰყავდა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციას სხვადასხვა სახით ვიღებთ, იქნება ეს სიტყვებით, ანბანის ასოებით, დიაგრამებით, ბრაილის შრიფტით, მუსიკის ნოტებით, ჟესტებით, რადიოსიგნალებით თუ კომპიუტერული პროგრამებით, რომლებშიც შედის ორციფრიანი კოდები და გამოიყენება ნულები და ერთიანები. ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერი სახით იქნეს გადმოცემული ჩვენამდე, სინათლის ტალღებითა და რადიოტალღებით დაწყებული, ფურცლითა და მელნით დამთავრებული. ადამიანი ამა თუ იმ ინფორმაციის არსებობას რომელიმე გონიერ არსებას მიაწერს, თუმცა რატომღაც ეს ასე არ ხდება, როცა საქმე იმ ინფორმაციას ეხება, რომელიც უჯრედშია მოთავსებული. ევოლუციონისტებს თუ დავუჯერებთ, ეს ინფორმაცია სრულიად შემთხვევით მოხვდა იქ. მაგრამ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება? მოდი, ფაქტები მიმოვიხილოთ.
შესაძლებელია, ურთულესი ინფორმაცია თავისით დაიწეროს?
თქვენს ორგანიზმში არსებული ყველა ცოცხალი უჯრედის ბირთვში მოთავსებულია საოცარი კოდის მატარებელი მოლეკულა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, შემოკლებით დნმ. ის არის გრძელი, ორსპირალიანი მოლეკულა, რომელიც ხვეულ კიბეს წააგავს. თქვენი დნმ ჰგავს რეცეპტს ანუ პროგრამას, რომელიც ახდენს ორგანიზმში არსებული ტრილიონობით უჯრედის ფორმირებას, ზრდას, განვითარებასა და გამრავლებას. დნმ-ის მთავარ შემადგენელ შენაერთს ნუკლეოტიდი ეწოდება. ამ შენაერთების ანუ ფუძეების ოთხი სახეობა არსებობს ა, გ, თ და ც. ისინი ერთმანეთისგან ქიმიური შემადგენლობით განსხვავდებიან.a ანბანის ასოების მსგავსად, ისინიც სხვადასხვა კომბინაციით წყვილდებიან ერთმანეთთან და ქმნიან „წინადადებებს“. ეს „წინადადებები“ ხელს უწყობს რეპლიკაციას (დნმ-ის ასლის შექმნა) და უჯრედში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს.
ინფორმაციის მთლიან რაოდენობას, რომელიც თქვენს დნმ-შია ჩატვირთული, გენომი ეწოდება. დნმ-ის ასოების ზოგიერთი კომბინაცია ინდივიდუალურია და შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს თქვენი თვალისა და კანის ფერს, ცხვირის ფორმას, და ასე შემდეგ. უფრო გასაგები რომ იყოს, თქვენი გენომი შეიძლება შევადაროთ რეცეპტების წიგნების უზარმაზარ ბიბლიოთეკას, რომელიც თქვენი სხეულის ყველა ნაწილისთვის არის განკუთვნილი, და რომლის საბოლოო პროდუქციასაც თქვენი სხეული წარმოადგენს.
რამდენი „ნაშრომია“ დაცული ამ „ბიბლიოთეკაში“? დაახლოებით სამი მილიარდი. თითოეული მათგანი წარმოადგენს გრძელ ნუკლეოტიდს (წყვილ-წყვილს). ეს ინფორმაცია ფურცელზე რომ გადმოგვეტანა, 200-ტომიან სატელეფონო ცნობარს გაავსებდა, რომლის თითოეულ ტომშიც 1000-ზე მეტი გვერდი იქნებოდა.
ამ ფაქტებზე საუბრისას შესაძლოა გახსენდებათ 3 000 წლის წინათ ბიბლიაში ჩაწერილი საოცარი ლოცვა. 139-ე ფსალმუნის მე-16 მუხლში წერია: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“. მართალია, ამ სიტყვების დამწერი არ იყო მეცნიერი, მაგრამ უბრალო ენით აღწერა ღვთის განსაცვიფრებელი სიბრძნე და ძლევამოსილება. რარიგ განსხვავდება ეს სიტყვები სხვა უძველესი რელიგიური ჩანაწერებისგან, რომლებიც გაჯერებულია მითოლოგიითა და ცრურწმენით!
ვინ შეადგინა „ბიბლიოთეკა“?
თუ ჩვენი გონება იმას გვკარნახობს, რომ „ჯონი 1800“ ქვაზე ვიღაცამ ამოტვიფრა, მაშინ დნმ-ში არსებული გაცილებით რთული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისით როგორ ჩაიბეჭდებოდა უჯრედში? ერთი რამ ცხადზე ცხადია: ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დნმ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი „ნაშრომია“ და არა აქვს მნიშვნელობა, სად მოიპოვება ეს ინფორმაცია და როგორ აღწევს ჩვენამდე. კომპიუტერისა და ინფორმაციის სპეციალისტი, ქიმიკოსი დონალდ ჯონსონი აცხადებს, რომ ყველანაირ ქიმიურ და ფიზიკურ კანონებს ეწინააღმდეგება ის მოსაზრება, რომ თითქოს დნმ-ში ამხელა ინფორმაცია შემთხვევითობის წყალობით ჩაიტვირთა. ლოგიკურია, რაც უფრო რთულია ინფორმაცია, მით უფრო დიდი ინტელექტია საჭირო მის შესაქმნელად. ბავშვს შეეძლო დაეწერა „ჯონი 1800“, მაგრამ მხოლოდ ზეადამიანური არსება თუ შეძლებდა სიცოცხლის კოდის შექმნას. ჟურნალ „ბუნებაში“ აღნიშნულია, რომ რაც მეტი აღმოჩენები კეთდება, „მით მეტად ვხვდებით, რა რთულია ბიოლოგიური მრავალფეროვნება.“
იმის თქმა, რომ თითქოს დნმ-ში ინფორმაცია უმართავი პროცესების მეშვეობით შემთხვევით ჩაიწერა, ეწინააღმდეგება ლოგიკასაც და ყოველგვარ ადამიანურ გამოცდილებასაც.b ამას კი იმ შემთხვევაში დაეთანხმება ადამიანი, თუ ბრმად დაიჯერებს მოცემულ თეორიას.
ოღონდაც ღმერთი მოეცილებინათ და ევოლუციონისტები ათასნაირ დასკვნებს აკეთებდნენ. მოგვიანებით კი აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მათი დასკვნები საკმაოდ შორს იდგა რეალობისგან. მაგალითად, ისინი ჩვენი გენომის 98 პროცენტს უსარგებლოდ, „ნაგვად“, მიიჩნევდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბიბლიოთეკაში“ არსებული ინფორმაციის 98 პროცენტი უსარგებლო ეგონათ.
მართლა „ნაგავია“?
ბიოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ამბოდნენ, რომ დნმ არის რეცეპტი ცილების წარმოსაქმნელად და მეტი არაფერი. გავიდა დრო და გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გენომის მხოლოდ 2 პროცენტი შეიცავს ცილების კოდს. რა დავალება აქვს დანარჩენ 98 პროცენტს? ბრიზბენში (ავსტრალია), კუინზლენდის უნივერსიტეტის პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიის დარგში ჯონ მატიკი ამბობს, რომ დნმ-ის ეს გასაიდუმლოებული ნაწილი „ევოლუციონისტებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს“.
მეცნიერი, ვინც დნმ-ს პირველად „უსარგებლო“ უწოდა, ევოლუციონისტი სუსუმუ ონო იყო. ის წერდა: «ჩვენს გენომში არსებული „უსარგებლო“ დნმ-ის უმეტესი ნაწილი ევოლუციის ანუ ბუნების წარუმატებელი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული უსარგებლო ნარჩენებია. დედამიწა სავსეა ფლორისა და ფაუნის გადაშენებული ჯიშებით და რა გასაკვირია, ჩვენი გენომიც რომ სავსე იყოს გადაშენებული გენებით».
რა გავლენას ახდენს „უსარგებლო“ დნმ-ის ცნება გენეტიკის შესწავლის პროცესზე? მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერი ვოიცეხ მაკალოვსკი ამბობს, რომ ასეთი შეხედულების გამო „წამყვანი მკვლევარები უარს ამბობენ არაკოდირებული [უსარგებლო] დნმ-ის შესწავლაზე“; გამონაკლისს წარმოადგენს მეცნიერების მცირე ჯგუფი, რომლებიც «განაგრძობენ ამ არაპოპულარული უბნების კვლევას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაცინვის ობიექტები გახდნენ. მათი წყალობით „უსარგებლო“ დნმ-ზე შეხედულება . . . 1990-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა შეიცვალა». ვოიცეხ მაკალოვსკის თქმით, იმას, რასაც ერთ დროს უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, დღეს „გენომის საგანძურს“ უწოდებენ.
მატიკის აზრით, „უსარგებლო“ დნმ-ის თეორია არის „ფაქტების ნაჩქარევი შეფასების“ ტიპური მაგალითი. „ამ მოსაზრების სრული მარცხი მოლეკულური ბიოლოგიის ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ჩაითვალოს“. აშკარაა, რომ მეცნიერების მოსაზრებები ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა საზოგადოებაში მიღებულ მოსაზრებებს. ვნახოთ, რა აჩვენა უკანასკნელმა გამოკვლევებმა „უსარგებლო“ დნმ-ის როლთან დაკავშირებით.
რას აკეთებს „უსარგებლო“ დნმ?
ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა ნაწილების დასამზადებლად იყენებს სხვადასხვა მექანიზმს. ეს ნაწილები შეიძლება შევადაროთ უჯრედში არსებულ პროტეინებს. ქარხანაში საჭიროა მოწყობილობების და სისტემების არსებობა, რომლებიც ეტაპობრივად ააწყობს ამ ნაწილებს; ასევე საჭიროა მოწყობილობები, რომლებიც ამწყობი კონვეიერის მუშაობას დაარეგულირებს და გააკონტროლებს. დაახლოებით ასეთი რამ ხდება უჯრედშიც და მკვლევარების თქმით, სწორედ ამ პროცესებში მონაწილეობს „უსარგებლო“ დნმ. „უსარგებლო“ დნმ-ის დიდი ნაწილი შეიცავს რთულ ორგანულ ნაერთს რნმ-ს (რიბონუკლეინმჟავა), რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უჯრედის განვითარების, ზრდისა და ფუნქციონირების პროცესში.c მათემატიკოს-ბიოლოგი ჯოშუა პლოტკინი ჟურნალ „ბუნებაში“ ასეთ რამეს ამბობს: „ის უბრალო ფაქტიც კი, რომ ეს განსაცვიფრებელი რნმ-ის მოლეკულა არსებობს, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენი ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებში . . . ძალზე მწირია“.
ქარხანაში საკომუნიკაციო სისტემაც უნდა იყოს გაყვანილი. ასეა უჯრედის შემთხვევაშიც. ტონი პოსონი, რომელიც ტორონტოს (ონტარიო) უნივერსიტეტში უჯრედის ბიოლოგიის დარგში მოღვაწეობს, გვიხსნის: „უჯრედის შიგნით ინფორმაცია უბრალოდ კარგად გამართული სისტემებით კი არა, რთული და კომპლექსური ქსელების მეშვეობით გადაიცემა“ და გაცილებით „რთულ კომპლექსს“ წარმოადგენს, ვიდრე ადრე ეგონათ. პრინსტონის უნივერსიტეტში მოღვაწე ერთი გენეტიკოსი ამბობს, რომ „ის ბევრი მექანიზმი და პრინციპი, რომელიც აკონტროლებს უჯრედის შიგნით მიმდინარე პროცესებს და უჯრედების ერთობლივ მუშაობას, საიდუმლოებითაა მოცული.“
უჯრედის შესწავლისას თითოეული ახალი აღმოჩენა წესრიგისა და სირთულის შემდგომი ეტაპით ხასიათდება. მაშ, რაღატომ ემხრობა ბევრი იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლე და ადამიანისთვის ცნობილი ყველაზე რთული საინფორმაციო სისტემა შემთხვევითი ევოლუციური პროცესების ნაყოფია?
[სქოლიოები]
a თითოეული ნუკლეოტიდი შეიცავს ოთხიდან ერთ აზოტოვან ფუძეს: (ა) ადენინს, (გ) გუანინს (თ) თიმინს და (ც) ციტოზინს.
b ევოლუციის თეორია ასწავლის, რომ სიცოცხლე მუტაციისა და „ბუნებრივი გადარჩევის“ შედეგად გაჩნდა. ამ მოსაზრებას მომდევნო სტატიაში შევეხებით მოკლედ.
c ახლახან ჩატარებული გამოკვლევები იმაზე მიუთითებს, რომ გრძელი არაკოდირებული რნმ საკმაოდ რთული ნაერთია და აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელი არაკოდირებული რნმ-ის ფუნქციის მოშლა იწვევს სხვადასხვა სახის კიბოს, ფსორიაზს, ალცჰეიმერის და სხვა დაავადებებს. რასაც ერთ დროს მეცნიერები „ნაგვად“ მიიჩნევდნენ, დღეს ის დიაგნოზის დასასმელად და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
რა სიგრძისაა თქვენი დნმ?
ერთ უჯრედში არსებული დნმ რომ გავჭიმოთ, 2 მეტრზე გაიშლება. თქვენს ორგანიზმში არსებული ტრილიონობით უჯრედის დნმ-ს თუ ერთმანეთს გადააბამთ, მისი სიგრძე თითქმის 670-ჯერ მეტი იქნება დედამიწიდან მზემდე არსებულ მანძილზე. სინათლის სიჩქარით რომ გევლოთ, ამ დისტანციას დაახლოებით 185 საათში დაფარავდით.