ბიბლიის თვალსაზრისი
როგორ უნდა ვილოცოთ?
ლოცვა შეუფასებელი რამაა. ლოცვით შეგიძლია ყოვლისშემძლეს დაელაპარაკო და გაანდო ყველასგან და ყველაფრისგან დაფარული, „გულის გულში“ გადამალული „სათქმელები“. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ ილოცოს; ბევრსაც უნდა, რომ დახვეწოს და უფრო აზრიანი გახადოს ღმერთთან ეს განსაკუთრებული „საუბრები“. როგორც ჩანს, იესოს მოწაფეებიდან ზოგიერთსაც ჰქონდა ეს სურვილი. ერთ-ერთმა იესოს უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). პასუხად იესომ ლოცვის ნიმუში მოუყვანა, რომელსაც ხშირად „უფლის ლოცვას“ ან „მამაო ჩვენოს“ ეძახიან. ეს ლამაზი, თუმცა მარტივი სიტყვებით წარმოთქმული ლოცვა, არა მარტო იმას გვასწავლის, თუ როგორ მივმართოთ ღმერთს მის მოსაწონად, არამედ ბიბლიის მთავარ თემასაც უსვამს ხაზს.
იესოს ლოცვის ნიმუში
იესომ თქვა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს, და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“» (მათე 6:9—13).
კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება, რა თქვა იესომ: „ასე ილოცეთ“. ამ სიტყვებით იესო თავის მიმდევრებს არ მოუწოდებდა იმისკენ, რომ მისი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გაემეორებინათ. სიმართლე რომ ვთქვათ, ის უკრძალავდა კიდეც მათ ამის კეთებას (მათე 6:7). მან ამ ნიმუშით გვაჩვენა, თუ რომელი საკითხებია გაცილებით მნიშვნელოვანი ღვთის თვალში. უკეთ რომ ჩავწვდეთ იესოს სათქმელს, უნდა გავიგოთ მისი ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა. ამიტომ მოდი, სიტყვა-სიტყვით გავარჩიოთ ეს ლოცვა.
ლოცვის ნიმუშის ახსნა
„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“. იესომ მართებულად უწოდა ღმერთს „მამა“, რადგან ის მოსიყვარულე, შვილებზე გადაყოლილი მამასავით მფარველი ღმერთია. ღმერთს სახელიც აქვს. მისი სახელი, იეჰოვა, არ უნდა აგვერიოს ტიტულებში — „ყოვლისშემძლე“, „ღმერთი“ და „უფალი“a (ფსალმუნი 83:18). რატომ სჭირდება ღვთის სახელს ანუ მის რეპუტაციას განწმენდა? იმიტომ რომ, ღმერთს ცილი დასწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზოგი განსაცდელების დროს ღმერთს ადანაშაულებს მაშინ, როცა პრობლემები შესაძლოა თავად ადამიანისგან მომდინარეობდეს ან უბრალოდ დრო და გარემოება იყოს ამის მიზეზი (იგავები 19:3; ეკლესიასტე 9:11). სხვები ბუნებრივ კატაკლიზმებშიც ღვთის ხელს ხედავენ. თუმცა ბიბლია სულ სხვა რამეს ამბობს: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ბევრი რელიგია ასწავლის, რომ ღმერთი ბოროტ ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში აწამებს. ასეთი სწავლებით ისინი ღმერთს შეურაცხყოფენ (იერემია 19:5; 1 იოანე 4:8). რომაელების 6:23-ში ვკითხულობთ, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და არა მარადიული წამება.b
„მოვიდეს შენი სამეფო“. ღვთის სამეფო არის მეფის ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას იესო ქრისტე. მალე ის მთელ დედამიწას სრულად გააკონტროლებს. დანიელის 7:14-ში ვკითხულობთ: „მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო“. ღვთის სამეფოს „მოსვლა“ და ადამიანთა საქმიანობის შეწყვეტა ერთი იქნება — ის გაანადგურებს ყველა მოწინააღმდეგე მმართველობას და სრულად გააკონტროლებს დედამიწას (დანიელი 2:44).
„იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყველა ადამიანი ღვთის მორჩილი იქნება. შედეგად ნამდვილი მშვიდობა დამყარდება და ღმერთს ყველა ისე სცემს თაყვანს, როგორც ღვთისთვის იქნება მოსაწონი. განხეთქილების მთესველი პოლიტიკური სისტემა და ცრუ რელიგია აღარ იარსებებს. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, „ღვთის კარავი“ „ადამიანებთან“ იქნება და „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“. როგორც დავინახეთ, იესომ პირველ რიგში ღმერთს მისი სახელის განწმენდა და მისი სამეფოს მოსვლა სთხოვა. ამის შემდეგ ყურადღება ჩვენს საჭიროებებზე გაამახვილა. მისი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იმაზე მეტის შოვნას არ უნდა ვცდილობდეთ, ვიდრე ‘დღეისთვის არის სამყოფი’. ჩვენც უნდა ვთხოვდეთ ღმერთს იმას, რასაც სოლომონი სთხოვდა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი“ (იგავები 30:8).
„გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“. სიტყვა „ვალში“ აქ „ცოდვა“ იგულისხმება.c მთელი კაცობრიობის უდიდესი ვალია ღვთის მორჩილება და როდესაც ამას არ ვაკეთებთ ანუ ღვთის წინააღმდეგ ვცოდავთ, შეიძლება ითქვას, ვალებს ვიგროვებთ. მაგრამ იეჰოვა მზად არის, შეგვინდოს ეს ცოდვები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი გულით ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სცოდავს (მათე 18:21—35).
„ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“. ბოროტი არის „სატანა ეშმაკი“, რომელსაც ასევე „მაცდური“ ეწოდება (მათე 4:3). სატანას და მის მიწიერ ქვეშევრდომებს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, აუცილებლად ღვთის დახმარება გვჭირდება. მიზეზი ისაა, რომ სუსტები ვართ და ჩვენი არასრულყოფილი სხეულით ვერაფერს გავხდებით (მარკოზი 14:38).
ვფიქრობთ, რომ იესოს ლოცვის ნიმუში პრიორიტეტების დადგენაში დაგეხმარებათ, რითაც შეძლებთ ლოცვების დახვეწას და გაუმჯობესებას. მაგრამ როგორ ჰფენს ნათელს იესოს ლოცვის ნიმუში ბიბლიის მთავარ თემას? როგორც იესოს სიტყვებიდანაც ჩანს, ბიბლიის ძირითადი თემა ღვთის სახელის განწმენდა, ყველანაირი ბოროტების აღმოფხვრა და დედამიწაზე მშვიდობის დამყარებაა. ეს ყველაფერი კი ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მოხდება. მართლაც, რა სულიერი სიმდიდრე ჩააქსოვა იესომ ამ დიდებულ ლოცვაში.
[სქოლიოები]
a ბიბლიის ორიგინალში, უმთავრესად, ებრაულ და ბერძნულ ტექსტებში, ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. სამწუხაროდ, ბევრი თანამედროვე თარგმანი ღვთის წმინდა სახელის ნაცვლად ღვთის ტიტულებს მოიხსენიებს.
b მკვდრები სიცოცხლის ერთი ფორმიდან მეორეში არ გადადიან. მათ „სძინავთ“, „არაფერი იციან“. მათ მკვდრეთით აღდგომა ელით (იოანე 5:28, 29; 11:11—13; ეკლესიასტე 9:5).
c წაიკითხეთ ლუკას 11:4, სადაც ეს ორი სიტყვა ერთი და იმავე მნიშვნელობით არის გამოყენებული.
გიფიქრიათ?
● რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „ასე ილოცეთ“? (მათე 6:9)
● ლოცვის ნიმუშის თანახმად, რა უნდა მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში უპირველესად? (მათე 6:9, 10)
● რა იგულისხმება „ჩვენს ვალებში“ და რატომ უნდა ვაპატიოთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სცოდავს? (მათე 6:12)
[სურათი 13 გვერდზე]
იესოს ლოცვის ნიმუში დაგეხმარებათ იმის დადგენაში, რაც ღვთისთვის არის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ თქვენთვის