ვინ შექმნა?
კუზა ვეშაპის ფარფლი
ზრდასრული კუზა ვეშაპი ავტობუსზე უფრო დიდი და მძიმეა. ეს უზარმაზარი ძუძუმწოვარი თავისუფლად ყვინთავს და ტრიალებს. როგორ შეუძლია კუზა ვეშაპს იყოს ასეთი სხარტი და მოქნილი? საიდუმლო მის ფარფლებზე განლაგებულ ხორკლებშია.
დაფიქრდით: ვეშაპისნაირთა უმეტესობას ფარფლების წინა ნაწილი გლუვი აქვს. მაგრამ კუზა ვეშაპი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. მისი ფარფლების წინა ნაწილი დაკბილულია და საოცრად დიდი ხორკლებითაა დაფარული. როცა კუზა ვეშაპი ცურავს, ხორკლების მეშვეობით მისი ფარფლები ყოფს წყლის ნაკადს და წარმოქმნის ტურბულენტურ დინებას. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის ამწევ ძალას და ვეშაპს საშუალებას აძლევს სიჩქარის დაკარგვის გარეშე დიდი კუთხით დახაროს ფარფლები, რაც ამცირებს წყლის წინაღობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვეშაპის გრძელი ფარფლებისთვის, რომელთა სიგრძე დაახლოებით ვეშაპის სხეულის მესამედს შეადგენს.
მეცნიერები ცდილობენ, მსგავსი პრინციპი გამოიყენონ უფრო ეფექტური ნავის საჭის ფრთების, წყლის ტურბინების, ქარის წისქვილებისა და ვერტმფრენის როტორების შესაქმნელად.
რას ფიქრობთ? კუზა ვეშაპის ფარფლები ევოლუციის შედეგია თუ შემოქმედების ნაყოფი?