ბიბლიის თვალსაზრისი
სული
რელიგიებს სულთან და ადამიანის სიკვდილის შემდეგ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი სწავლებები აქვთ. თუმცა ბიბლია ამ საკითხს ნათლად და გასაგებად ხსნის.
უკვდავია სული?
რას ამბობს ხალხი:
მრავალს სჯერა, რომ სული უკვდავია. ზოგის აზრით, სული რეინკარნაციას განიცდის და ერთი ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულში ევლინება ქვეყანას. სხვები კი ფიქრობენ, რომ სული ადამიანის სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში განაგრძობს არსებობას, მაგალითად ზეცაში ან ჯოჯოხეთში.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლია არ ასწავლის, რომ სული უკვდავია. პირიქით, მასში ხშირად ნათქვამია, რომ სული კვდება. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა, რომელმაც ღვთის შთაგონებით ბიბლიის ერთი წიგნი დაწერა, თქვა, რომ სული შეიძლება დაისაჯოს სიკვდილით. ამას გარდა, ბიბლიის ერთ მუხლში მკვდარი ადამიანის აღსაწერად გამოყენებულია ტერმინი „მკვდარი სული“ (ლევიანები 21:11; იხილეთ სქოლიო). აშკარაა, რომ ბიბლია არ ასწავლის სულის უკვდავებას.
„სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:20).
სხეულისგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა სული?
რას ამბობს ხალხი:
სული სხეულში მანამ არსებობს, სანამ ადამიანი ცოცხალია; სიკვდილის შემდეგ კი ტოვებს მას.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლიაში მოთხრობილია ქალის შესახებ, რომელმაც „თექვსმეტი სული“, ანუ ცოცხალი ადამიანები გააჩინა (დაბადება 46:18). ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა, „სული“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მსუნთქავი“. ზოგჯერ იგივე სიტყვა ბიბლიაში ცხოველებთან მიმართებითაც გამოიყენება. გარდა ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ სულმა შეიძლება მოისურვოს ჭამა (კანონი 12:20). თუ სული სხეულისგან დამოუკიდებელი სუბსტანცია იქნებოდა, დასჭირდებოდა მას სუნთქვა ან ჭამა? აქედან გამომდინარე, ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სული“ უმეტეს შემთხვევაში ცოცხალ ადამიანზე მიუთითებს და მოიცავს მის სხეულს, ემოციებსა და პიროვნულ თვისებებს.
„მან თექვსმეტი სული გაუჩინა“ (დაბადება 46:18).
რა ემართება სულს სიკვდილის დროს?
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ სამარეში, სადაც ადამიანი სიკვდილის შემდეგ მიდის, არ არსებობს „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე“ (ეკლესიასტე 9:10). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4). აქედან გამომდინარე, მკვდარი სული უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფება. ღვთის სიტყვაში მიცვალებულების მდგომარეობა ხშირად ძილთან არის შედარებული (მათე 9:24).
რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
როდესაც სიკვდილი საყვარელ ადამიანებს გართმევთ, ბუნებრივია, გსურთ, იცოდეთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: სად იმყოფებიან ისინი? რა მდგომარეობაში არიან? ან ხომ არ იტანჯებიან? ბიბლია გვარწმუნებს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ეს კი ჩვენთვის მანუგეშებელია, რადგან ვიცით, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები აღარ იტანჯებიან. განსაკუთრებულ ნუგეშს კი იმის ცოდნა გვგვრის, რომ მომავალში იეჰოვა ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებს უგრძნობ მდგომარეობაში მყოფ გარდაცვლილ ადამიანებს (ესაია 26:19).
„მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).