მთავარი თემა | როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი?
დაიცავით თავი საშიში დაავადებებისგან!
ძველად ქალაქებს უსაფრთხოების მიზნით უზარმაზარი გალავნები ჰქონდათ შემოვლებული. თუ მტერი გალავნის პატარა ნაწილს მაინც გაარღვევდა, შეიძლება მთელი ქალაქი საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ადამიანის სხეული რაღაცით გალავნიან ქალაქს ჰგავს. თქვენი ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გაუფრთხილდებით მას. ახლა ვიმსჯელოთ იმ ხუთ ფაქტორზე, რის გამოც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, და გავიგოთ, რის გაკეთება შეგიძლიათ დაავადებების თავიდან ასარიდებლად.
1 წყალი
საშიშროება: საშიში მიკრობები შეიძლება თქვენს ორგანიზმში დაბინძურებული წყლის მეშვეობით მოხვდეს.
როგორ დავიცვათ თავი: დაინფიცირებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება სასმელი წყლის მარაგის სუფთად შენახვაა. როცა ზუსტად იცით ან ეჭვობთ, რომ წყალი დაბინძურებულია, შეგიძლიათ სახლის პირობებში გაასუფთაოთ იგი.a სასმელი წყალი დახურულ ჭურჭელში შეინახეთ; წყლის შესანახად შეარჩიეთ ისეთი კონტეინერი, რომელსაც ონკანი აქვს, ან წყლის ამოსაღებად სუფთა ჩამჩა გამოიყენეთ. არასდროს ჩაყოთ ხელი იქ, სადაც სასმელ წყალს ინახავთ. თუ შესაძლებელია, ისეთ დასახლებაში იცხოვრეთ, სადაც საკანალიზაციო სისტემაა გაყვანილი და ნაკლები ალბათობაა, რომ სასმელი წყალი ფეკალიებით დაბინძურდეს.
2 საკვები
საშიშროება: საშიში მიკროორგანიზმები შეიძლება საკვებში იყოს.
როგორ დავიცვათ თავი: დაბინძურებული საკვები შესაძლოა კარგად და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. ასე რომ, მას შეიძლება გარეგნულად ვერაფერი შევატყოთ, ამიტომ ჩვევად გაიხადეთ ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა. დარწმუნდით, რომ სუფთაა სამზარეულოში ყველა ის ადგილი, სადაც საჭმელს ამზადებთ და ჭურჭელი, რომელსაც საკვების შესანახად იყენებთ; გარდა ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საჭმლის მომზადების ან მისი სუფრასთან მიტანის დროს. ზოგი პროდუქტი სათანადო ტემპერატურაზე უნდა მომზადდეს, რათა განადგურდეს მასში არსებული საშიში მიკრობები. ხშირად თუ საკვებ პროდუქტს ფერი, სუნი ან გემო აქვს შეცვლილი, ეს იმის ნიშანია, რომ მასში ბევრი საშიში მიკრობი ბუდობს, რომელიც მათი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თქვენს ორგანიზმში მოხვდეს. რაც შეიძლება მალე შეინახეთ პროდუქტები მაცივარში. შეეცადეთ, ავადმყოფობის დროს სხვებისთვის არ მოამზადოთ საკვები.b
3 მწერები
საშიშროება: საშიში მიკრობები, რომლებიც მწერებში ბუდობენ, შეიძლება თქვენს ორგანიზმში მათი ნაკბენის მეშვეობით მოხვდეს.
როგორ დავიცვათ თავი: მაქსიმალურად დაიცავით თავი საშიში დაავადების გადამტანი მწერებისგან. იმ პერიოდში, როცა მწერები აქტიურ ფაზაში არიან, შეეცადეთ ნაკლებად გახვიდეთ სახლიდან, და თუ მაინც მოგიწევთ გასვლა, ისეთი ტანსაცმელი შეარჩიეთ, რომ სხეული მთლიანად გქონდეთ დაფარული, მაგალითად ჩაიცვით შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური. საწოლს დამცავი ბადე ჩამოაფარეთ და გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. დიდხანს ნუ გააჩერებთ ჭურჭელში წყალს, სადაც შეიძლება კოღოებმა დაიბუდონ.c
4 ცხოველები
საშიშროება: მართალია, მიკრობები, რომლებიც შინაურ ცხოველებში ბუდობენ, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას მიაყენონ ზიანი. თუ შინაურმა ან გარეულმა ცხოველმა გიკბინათ ან დაგკაწრათ, ანდა მათ ექსკრემენტებს შეეხეთ, იცოდეთ, რომ დაინფიცირების რისკი დიდია.
როგორ დავიცვათ თავი: ზოგი არჩევს, რომ შინაური ცხოველები ეზოში ჰყავდეს და არა სახლში, რათა მათთან ნაკლები შეხება ჰქონდეს. მოერიდეთ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს, შინაურ ცხოველებთან შეხების შემდეგ კი საპნით კარგად დაიბანეთ ხელები. თუ ცხოველმა გიკბინათ ან დაგკაწრათ, საგულდაგულოდ მოიბანეთ ჭრილობა და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.d
5 ადამიანები
საშიშროება: ზოგიერთი მიკრობი შეიძლება ჰაერწვეთოვანი გზით — სხვისი დახველების ან დაცემინების შემდეგ აღმოჩნდეს თქვენს ორგანიზმში. ეს მიკრობები შეხებითაც გადადის, მაგალითად ჩახუტებით ან ხელის ჩამორთმევით. ბაქტერიები ყველგანაა, განსაკუთრებით კარების სახელურებზე, მოაჯირებზე, ტელეფონებზე, ეგრეთ წოდებულ პულტებზე, კლავიატურებსა და კომპიუტერის ეკრანებზე.
როგორ დავიცვათ თავი: ნურავის ათხოვებთ პირად ნივთებს, მაგალითად საპარსს, კბილის ჯაგრისს ან პირსახოცს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმიდან სითხის სახით გამოიყოფა, მათ შორის სისხლს და ნებისმიერ რამეს, რაზეც შესაძლოა სისხლი იყოს. რაც შეიძლება ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, რადგან ეს დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
თუ ავად ხართ, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხთან კონტაქტს. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები გვირჩევენ, რომ დახველებისა და დაცემინების დროს დავიცვათ ჰიგიენის წესები, მაგალითად პირზე ხელის ნაცვლად ცხვირსახოცი ან სახელო ავიფაროთ.
ერთი უძველესი იგავი ამბობს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). ეს სიტყვები მართლაც რომ პრაქტიკულია დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ამდენი საშიში დაავადებაა გავრცელებული! მიმართეთ ადგილობრივ კლინიკებს, რათა უფრო მეტი გაიგოთ თავდაცვის მეთოდების შესახებ, ხოლო დაავადების თავიდან ასარიდებლად, დაიცავით ჰიგიენის წესები. ეს დაგეხმარებათ, დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
a ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს, თუ როგორ გავასუფთაოთ წყალი სახლის პირობებში ქლორის, მზის სხივების, გაფილტვრისა და გადადუღების მეშვეობით.
b მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის ივნისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—9.
c მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თავი მალარიისგან, იხილეთ 2015 წლის ივლისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 14, 15.
d თუ რომელიმე შხამიანი არსება გიკბენთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ.