ბიბლიის თვალსაზრისი
ანგელოზები
ანგელოზების შესახებ არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში ვკითხულობთ; ისინი აგრეთვე წარმოდგენილნი არიან ხელოვნების ნიმუშებსა თუ ფილმებში. მაგრამ ვინ არიან ანგელოზები და რა როლს ასრულებენ?
ვინ არიან ანგელოზები?
რას ამბობს ბიბლია:
ხილული სამყაროსა და პირველი ადამიანების შექმნამდე ყოვლისშემძლე ღმერთმა უამრავი მოაზროვნე ქმნილება შექმნა. ისინი ადამიანებზე გაცილებით ძლიერები არიან და ღმერთთან ერთად ზეცაში, ჩვენთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას, მკვიდრობენ (იობი 38:4, 7). ბიბლია მათ „სულებს“ და „ანგელოზებს“ უწოდებს (ფსალმუნი 104:4).a
რამდენი ანგელოზი არსებობს? უთვალავი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის ტახტის წინ „ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ ანგელოზი იყო (გამოცხადება 5:11). თუ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით გავიგებთ, გამოდის, რომ ასობით მილიონი ანგელოზი არსებობს!
„ვიხილე ტახტის . . . ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზი . . . მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ (გამოცხადება 5:11).
რა როლს ასრულებდნენ ანგელოზები ძველ დროში?
რას ამბობს ბიბლია:
ანგელოზები ხშირად ღვთის წარმომადგენლებად ან მაცნეებად მსახურობდნენ.b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მათ თავისი დიდებული და სასწაულებრივი საქმეების შესასრულებლად იყენებდა. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა აბრაამთან, რათა შეეჩერებინა იგი, როცა თავისი შვილის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვას აპირებდა (დაბადება 22:1—18). სწორედ ანგელოზი გამოეცხადა მოსესაც ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში, რათა მისთვის გადაეცა ცნობა, რომელიც მთლიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას (გამოსვლა 3:1, 2). როცა წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა და ლომებს პირი აუკრა (დანიელი 6:22).
„გამოეცხადა [მოსეს] იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში“ (გამოსვლა 3:2).
რა როლს ასრულებენ ანგელოზები დღეს?
რას ამბობს ბიბლია:
ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რას აკეთებენ ანგელოზები დღეს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი სიმართლეს მოწყურებულ ადამიანებს ღვთის გაცნობაში ეხმარებიან (საქმეები 8:26—35; 10:1—22; გამოცხადება 14:6, 7).
იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურს, იაკობს, ახილვინა სიზმარი, რომელშიც ნახა ცადაწვდენილი კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ (დაბადება 28:10—12). ამ სიზმრიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ღმერთი ანგელოზებს დედამიწაზე გარკვეული დავალების შესასრულებლად გზავნის. ღმერთი მათი მეშვეობით ეხმარება თავის ერთგულთ, რომელთაც მისი მხარდაჭერა ესაჭიროებათ (დაბადება 24:40; გამოსვლა 14:19; ფსალმუნი 34:7).
„მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე“ (დაბადება 28:12).
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი სულიერი ქმნილება ღმერთს დაუპირისპირდა. ამ ბოროტ ქმნილებებს „დემონები“ ეწოდათ (ლუკა 10:17—20).
b ბერძნული და ებრაული სიტყვები, რომლებიც „ანგელოზად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „მაცნეს“.