გაკვეთილი 19
ყველასთვის ცხადი გახადე შენი წარმატება
1, 2. რატომ უნდა იფიქროს თითოეულმა ჩვენგანმა წინსვლაზე?
1 ამ ბროშურაში მოცემული ყველა გაკვეთილის გულმოდგინე შესწავლისა და გამოყენების შემდეგ, ხარ თუ არა მზად, დაასრულო თეოკრატიული სამსახურის სკოლის კურსი? არა, რადგან ეს მსახურებაში გაწვრთნის უწყვეტი პროგრამაა. ღვთიური შემეცნების შეძენისა და შესწავლილის პრაქტიკაში გამოყენების პროცესი დაუსრულებელია. უფრო მეტიც, როგორც გულმოდგინე მოწაფემ, უნდა განაგრძო წინსვლა, რათა ის ყველასთვის ცხადი გახდეს.
2 მოციქული პავლე ახალგაზრდა თანამორწმუნე ტიმოთეს შეაგონებდა ‘მიჰყოლოდა კითხვას, შეგონებასა და სწავლებას, ამაზე ზრუნვასა და დგომას, რათა ყველასთვის ცხადი ყოფილიყო მისი წარმატება’ (1 ტიმ. 4:13, 15). შენც, როგორც იმავე ღმერთის თაყვანისმცემელმა, ყველასთვის ცხადი გახადე შენი წარმატება. შენ შეგიძლია განაგრძო ასე მოქმედება, რადგან ვერასოდეს მიაღწევ იმ წერტილს, როცა წინსვლა შეუძლებელი იქნება. იეჰოვა არის ყოველი ჭეშმარიტი შემეცნების წყარო, ხოლო ეს წყარო უძირო ჭის მსგავსია, რომელშიც მაცოცხლებელი წყალია. თუმცა სრულად ვერასოდეს გავიგებთ მის სიღრმეებს, მაგრამ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეგვიძლია სიცოცხლისა და ძალების აღდგენის ხაპვა (რომ. 11:33, 34; ეს. 55:8, 9). როგორ გახდება შენი წარმატება დამკვირვებლისთვის ცხადი?
3, 4. როგორ ხდება ცხადი წარმატება თეოკრატიული სამსახურის სკოლასა და კრების სხვა შეხვედრებზე?
3 საშუალებები, რომელთა დახმარებითაც წარმატება ცხადი ხდება. ერთი საშუალება, რომლის დახმარებითაც წარმატება ცხადი ხდება, არის თეოკრატიული სამსახურის სკოლის მოხსენებები. შეიძლება ფიქრობ, რომ შენი წარმატებები არც ისე დიდია, მაგრამ სხვები უკეთ ამჩნევენ შენს წინსვლას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველანი იმ ბავშვის მსგავსი ვართ, რომელსაც ჰგონია, რომ ძალიან ნელა იზრდება, სანახავად მოსული ნათესავები კი აღფრთოვანებით ეუბნებიან: „უი, რამხელა გაზრდილხარ!“ გაიხსენე სკოლაში წარმოთქმული პირველი მოხსენება. გახსოვს? შეადარე ის ახლახან წარმოთქმულ მოხსენებას. შენ ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლე და შეიძინე ძვირფასი გამოცდილება, ხომ ასეა? მაშ, განაგრძე წინსვლა.
4 წარმატება ცხადი მხოლოდ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში არ უნდა იყოს. ის კრების შეხვედრებზეც უნდა გამოვლინდეს. ესწრები შეხვედრებს რეგულარულად? თუ დიახ, ეს შენს წინსვლას ცხადყოფს, რადგან ამით აფასებ ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის იეჰოვას ღონისძიებებს. გარდა ამისა, კრებაში შენ მიერ გაკეთებული კომენტარები წინსვლის მაჩვენებელია. ისინი, რომლებიც, პირდაპირ წაკითხვის ნაცვლად, საკუთარი სიტყვებით პასუხობენ, წინსვლას ავლენენ. მსგავსად ამისა, ისინი, რომლებიც კრებებზე კომენტარებში აღნიშნავენ, თუ როგორ გამოიყენონ შესწავლილი მასალა ცხოვრებაში, ცხადყოფენ, რომ გამჭრიახობას ავითარებენ. ამგვარად, როცა ვინმეს წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყურადღებას იმსახურებს კრებებზე მისი რეგულარული დასწრება და ის, თუ რამდენად კარგად ღებულობს მათში მონაწილეობას.
5. რა ხდის თვალნათელს სამქადაგებლო მსახურებაში წარმატებას?
5 რა შეიძლება ითქვას სამქადაგებლო მსახურებაში მიღწეულ წარმატებაზე? გაიხსენე, თუ რას გრძნობდი მსახურების დაწყებისას, როცა პირველ კარს მიუახლოვდი? ახლა შეადარე შენი კარდაკარ ქადაგების დღევანდელი უნარი მაშინდელთან. გაუმჯობესება სახეზეა, ხომ ასეა? მაგრამ, ეჭვგარეშეა, გესმის, რომ არსებობს ქადაგებასა და სწავლებაში ეფექტურობის შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობა. აგრეთვე, ნუთუ არ შეგიძლია უფრო სრული მონაწილეობის მიღება მსახურების ნებისმიერ სფეროში, რომელიც კი შენთვის შესაძლებელია? მოციქული პავლე გვარიგებდა: „რაკი ჩვენგან ისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აამოთ ღმერთს, უფრო და უფრო“ (1 თეს. 4:1). წარმატებების მიღწევის გაგრძელებითა და იეჰოვას მსახურებაში უფრო სრული მონაწილეობის მიღებით, არა მარტო ეფექტურად ქადაგებასა და სწავლებაში დახელოვნდები, არამედ შენი მადლიერება იეჰოვასადმი მსახურებისთვის უფრო გაღრმავდება. მაშინაც კი, როცა მობინადრეების რეაქცია უარყოფითია, დიდ პატივად უნდა მიიჩნიო, რომ იეჰოვა ადამიანებისთვის თავისი ცნობის გადამცემად გიყენებს.
6. როგორ შეუძლია საუბრებს აირეკლოს პიროვნების სულიერი ზრდა?
6 წარმატება ცხადი ხდება საუბრებშიც. იესომ თქვა, რომ „გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“ (ლუკ. 6:45). როცა ადამიანის საუბარი უფრო მეტად კონცენტრირებულია იეჰოვასა და მის განზრახვებზე, ცხადია, რომ წარმატება სახეზეა. ეს ცხადყოფს, რომ პიროვნების მადლიერება იეჰოვასადმი იზრდება და ის უახლოვდება ღმერთს. და რაც უფრო ვუახლოვდებით მას, ეს მით უფრო გვიცავს.
7. სად ჩანს ცხადად ბიბლიის პრინციპების მიყოლაში წარმატებები?
7 წარმატება ცხადი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებითაც. შენ ხედავ, რომ ყველაფერს სხვანაირად აკეთებ, ვიდრე ამას იეჰოვას სიტყვის გაცნობამდე აკეთებდი, ხომ ასეა? ალბათ, იეჰოვას მოსაწონად ყველაფრის გაკეთებაში წინსვლა ყოველ შენს საქმიანობაში ირეკლება. ის ვლინდება სახლში, ოჯახის წევრებთან შენს ურთიერთობაში. ის ვლინდება იმაში, თუ როგორ ეკიდები შენს პასუხისმგებლობებს. ქვეყნიურ სამუშაოზე ბიბლიურ პრინციპებს უფრო გულმოდგინედ მიჰყვები. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ გარკვეულ წინსვლას მიაღწიე. მაგრამ ჩვენ ამ საკითხშიც შეგვიძლია გაუმჯობესება და ბიბლიური პრინციპების სრულად გამოყენება.
8, 9. რაზე მიუთითებს ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ სხვა მაუწყებლებს და რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთვის ამასთან დაკავშირებით?
8 იყავი მზად. კიდევ ერთი საშუალება, რითაც შეიძლება ჩვენი წარმატება ცხადი გავხადოთ, არის მზადყოფნა საკუთარი თავის იეჰოვასადმი მსახურებაში უფრო სრულად გამოსაყენებლად წარდგენაში. ფსალმუნის 109:3 ამბობს: „შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს“. ასეა ეს შენს შემთხვევაშიც? უფრო მეტად გამოავლენ თუ არა მზადყოფნას მომავალში?
9 მზადყოფნის გამოვლენა შესაძლებელია სხვებისადმი დახმარებით, მათ მიმართ ნამდვილი ინტერესის გამოჩენით. კრებაში უხუცესებმა შეიძლება გთხოვონ, რომ დაეხმარო ძმებს ან დებს. შეიძლება მათ კრების შეხვედრის ადგილამდე მისვლაში სჭირდებათ დახმარების აღმოჩენა. მზად ხარ დახმარებისთვის? ნუ ელოდები, რომ სხვებმა გთხოვონ დახმარება. რატომ არ აიღებდი ინიციატივას და არ შესთავაზებდი დახმარებას მას, ვისაც ეს სჭირდება? არის ვინმე ავად ან საავადმყოფოში? აუცილებელი არ არის დაველოდოთ, სანამ უხუცესი გვეტყოდეს, არამედ შეგვიძლია ინიციატივა გამოვავლინოთ და მოვინახულოთ ისინი ან დავეხმაროთ, თუ ვხედავთ ამის საჭიროებას. გაქვს რეგულარულად ბიბლიის ოჯახური შესწავლა? დაეხმარებოდი ორგანიზაციაში ახალშემოსულ ოჯახს, რომელსაც არა აქვს ასეთი შესწავლა, დროდადრო შეგეთავაზებინა, რომ შესწავლაში შეერთებოდა შენს ოჯახს? ან, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში მარტო გადიხარ, არის ისეთი ვინმე, ვინც შენთან წამოვიდოდა, თუკი შესთავაზებდი? რატომ არ გამოავლენდი ინიციატივას, წინასწარ მოლაპარაკებოდი რომელიმე მაუწყებელს, შენთან ერთად წამოსულიყო? დიახ, დღეს იეჰოვას მსახურები ძალიან არიან დაკავებული, მაგრამ ძმებისა და დებისადმი დახმარების აღმოსაჩენად ჩვენი მზადყოფნა ჩვენი წინსვლის საზომია. „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10, აფ).
10, 11. რის გაკეთება შეუძლიათ ძმებს 1-ლი ტიმოთეს 3:1-ის თანახმად?
10 თუ ძმა ხარ, ეცადე, შეესაბამებოდე ღვთის სიტყვაში გადმოცემულ მოთხოვნებს მათ მიმართ, ვინც კრებაში საკუთარ თავზე იღებს ხელმძღვანელობას. პირველი ტიმოთეს 3:1 აქებს ძმებს, რომლებიც ზედამხედველობისკენ ისწრაფიან. ამასთანავე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინო ან სხვებს შეეჯიბრო. ამ დროს ლაპარაკია იმაზე მუშაობის შესახებ, რომ საკუთარი თავი მოწიფულ ქრისტიანად, „უხუცესად“ გამოავლინო, რომელსაც უნარიც აქვს და მზადაც არის ნებისმიერი საჭირო დანიშნულებით მსახურებისთვის. მრავალ კრებას სჭირდება „უხუცესები“ და „სამსახურებრივი თანაშემწეები“, რომლებიც სწავლებასა და ქადაგებასთან დაკავშირებით, კრების საჭიროებებზე ზრუნვის საკითხში საკუთარ თავზე აიღებდნენ ხელმძღვანელობას.
11 პიროვნებამ, რომელიც მზადყოფნას ავლენს, შეიძლება კრებაში მრავალი უპირატესობა მიიღოს. მზადყოფნისა და ნებისმიერი მიცემული დავალების შესრულებაში საიმედოობის გამო, მას შეიძლება სთხოვონ სამსახურებრივ შეხვედრაზე დემონსტრირებაში მონაწილეობის მიღება, ან უხუცესებმა თუ სამსახურებრივმა თანაშემწეებმა სთხოვონ დახმარება. საჭიროების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი მზადყოფნას ავლენენ და წარმატებებს აღწევენ, შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოთ მსახურებად დანიშვნისთვის. რატომ ნიშნავენ მათ? იმიტომ, რომ ისინი ავლენენ მზადყოფნას და წინ მიიწევენ, იძენენ იმ თვისებებს, რომლებიც იეჰოვას სიტყვაშია ჩაწერილი. მსახურებად დანიშნულ პიროვნებებს პერიოდულად იწვევენ სამეფო მსახურების სკოლაში, რათა კრებაზე მზრუნველობის საკითხებში უკეთ მოემზადნენ.
12, 13. რა სხვა უპირატესობები იშლება იმათ წინაშე, ვისაც აქვს მზადყოფნის სული და შესაძლებლობა?
12 არსებობს სხვა დავალებებიც, რომლებიც შეიძლება ყველამ მიიღოს, თუ ისინი მზად არიან და მდგომარეობა ამის ნებას რთავს. შეგიძლია თუ არა დროდადრო დამხმარე პიონერად მსახურება, როგორც ამას ათიათასობით პიროვნება აკეთებს? შესაძლოა შენ შეგიძლია სრული დროით მომსახურე პიონერთა მზარდ რიგებს შეუერთდე. გრთავს მდგომარეობა ნებას და გაქვს იეჰოვას სამსახურისადმი ისეთი თვალსაზრისი, რომ მზად იქნებოდი იმ ადგილზე გადასულიყავი სამსახურებლად, სადაც ეს საჭიროა? მრავალმა გააკეთა ეს სპეციალურ პიონერად მსახურებით ან გალაადის სკოლაში შესვლითა და მისიონერული მსახურებით, ან მქადაგებლად წასვლით იმ ადგილებში, სადაც მეტი საჭიროებაა. ზოგმა მთელ მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ბეთელის სახლებში დაიწყო მსახურება. ისინი დიდად დაჯილდოვდნენ, ვინაიდან საკუთარი თავი მზადყოფნით წარუდგინეს იეჰოვას.
13 ჩვენ საოცარ დროში ვცხოვრობთ. ამ „უკანასკნელ დღეებში“ იეჰოვა მთელი დედამიწის ზურგზე ქადაგებისა და სწავლების სასწაულებრივ საქმიანობას უძღვება. როდესაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით მსახურების რომელიმე სფეროში გიწვევს, შეეკითხე საკუთარ თავს: „რამის თქმა ხომ არ უნდა ამით იეჰოვას ჩემთვის“. გამოიკვლიე პირადი მდგომარეობა და გული. სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე მიაღწიე წარმატებებს და გარკვეულწილად მზად ხარ იმსახურო, რაც შესანიშნავია. მაგრამ იქნებ არსებობს სხვა საშუალებები, სადაც შეიძლება შენი წარმატება ცხადი გახდეს, თუ საკუთარ თავს უფრო სრულად წარადგენდი? თუ გულისხმიერი ხარ იეჰოვას მითითებების მიმართ და მის ხელმძღვანელობას ემორჩილები, უხვად იქნები კურთხეული. მთელი დედამიწის ზურგზე იეჰოვას მრავალი მზადყოფნით მსახური დაადასტურებს, რომ ეს ასეა. მართლაც ჩვენს წარმატებაზეა დამოკიდებული ყველაზე უდიდესი კურთხევა — მარადიული სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმ. 4:15, 16).