თავი 35
დიდი ბაბილონის დასჯა
1. როგორ აღწერს ანგელოზი ალისფერ მხეცს და როგორი სიბრძნეა საჭირო „გამოცხადებაში“ მოხსენიებული სიმბოლოების მნიშვნელობის გასაგებად?
ანგელოზი განაგრძობს გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებული ალისფერი მხეცის აღწერას და იოანეს მიმართავს: „აქ საჭიროა ჭკუა და სიბრძნე. შვიდი თავი ნიშნავს შვიდ მთას, რომლებზეც ქალი ზის, და შვიდ მეფეს: ხუთი დაეცა, ერთი არის, სხვა ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება“ (გამოცხადება 17:9, 10). ანგელოზი ზემოდან მომავალი სიბრძნით საუბრობს, რაც „გამოცხადებაში“ აღწერილი სიმბოლოების მნიშვნელობის გაგების ერთადერთი საშუალებაა (იაკობი 3:17). სწორედ ამ სიბრძნით დაინახეს იოანეს კლასმა და მისმა თანამოაზრეებმა, რა განსაკუთრებულ დროში გვიწევს ცხოვრება. ის მადლიერებას უღვივებს ერთგულ ადამიანებს იეჰოვასადმი, რომელიც სადაცაა აღასრულებს განაჩენს, და ადამიანებს იეჰოვასადმი შიშს უნერგავს. იგავების 9:10-ში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“. რას გვიმჟღავნებს ღვთიური სიბრძნე მხეცზე?
2. რას განასახიერებს ალისფერი მხეცის შვიდი თავი და რას ნიშნავს სიტყვები — „ხუთი დაეცა, ერთი არის“?
2 საზარელი მხეცის შვიდი თავი შვიდ „მთას“ ანუ შვიდ „მეფეს“ განასახიერებს. ბიბლიაში ორივე სიტყვა მთავრობებს გულისხმობს (იერემია 51:24, 25; დანიელი 2:34, 35, 44, 45). მასში მოხსენიებულია ექვსი მსოფლიო მპყრობელი, რომლებმაც გავლენა იქონიეს ღვთის ხალხის ისტორიაზე. ესენია: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. როცა იოანემ ეს ხილვები ნახა, ექვსი იმპერიიდან ხუთი უკვე აღარ არსებობდა, რომი კი ჯერ კიდევ ძლიერი მსოფლიო მპყრობელი იყო. ეს ზუსტად შეესაბამება სიტყვებს — „ხუთი დაეცა, ერთი არის“. მაგრამ რომელია ის „სხვა“, რომელიც უნდა მოსულიყო?
3. ა) როგორ გაიყო რომის იმპერია? ბ) რა ხდებოდა დასავლეთში? გ) სინამდვილეში რას წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერია?
3 იოანეს სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია კვლავაც ასობით წლის განმავლობაში აფართოებდა თავის საზღვრებს და განაგრძობდა არსებობას. ახ. წ. 330 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა და კონსტანტინოპოლი უწოდა. ახ. წ. 395 წელს რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიებად გაიყო. ახ. წ. 410 წელს რომი ალარიხმა, ვესტგუთების (გერმანელთა ტომი, რომელმაც არიული „ქრისტიანობა“ ჩამოაყალიბა) მეფემ დაიპყრო. გერმანელთა სხვა ტომებმა, რომლებიც აგრეთვე „ქრისტიანები“ იყვნენ, დაიპყრეს ესპანეთი და რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკაში. ევროპისთვის ეს პოლიტიკური ძვრების, ორომტრიალისა და განახლების საუკუნეები იყო. დასავლეთში გამოჩნდნენ ძლიერი იმპერატორები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ კარლოს დიდი, რომელმაც IX საუკუნეში კავშირი შეკრა პაპ ლეო III-თან, და XIII საუკუნეში მოღვაწე ფრიდრიხ II. საღვთო რომის იმპერიას გაცილებით პატარა ტერიტორია ეკავა, ვიდრე ძველი რომის იმპერიას თავისი აღმავლობის ხანაში. ის განახლებული იმპერია იყო და არა ახალი.
4. რა წარმატებას მიაღწია აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, მაგრამ რა დაემართა ძველი რომის ყოფილ ტერიტორიებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთსა და სირიაში?
4 აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რომლის ცენტრსაც კონსტანტინოპოლი წარმოადგენდა, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ რომის იმპერიასთან. VI საუკუნეში აღმოსავლეთ იმპერიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა უკან დაიბრუნა ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი და ესპანეთსა და იტალიაში შეიჭრა. VII საუკუნეში იუსტინიანე II-მ იმპერიას ხელახლა შემოუერთა მაკედონიის ის ნაწილი, რომელიც სლავურ ტომებს ჰქონდათ დაპყრობილი. მიუხედავად ამისა, VIII საუკუნისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთსა და სირიაში ძველი რომის მფლობელობაში არსებული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი ახალი ისლამური იმპერიის ხელში აღმოჩნდა და ამგვარად, როგორც კონსტანტინოპოლს, ისე რომს, ხელიდან გამოეცალა.
5. რატომ დასჭირდა საუკუნეები ახ. წ. 410 წელს დაცემული რომის იმპერიის გავლენის მოსპობას?
5 კონსტანტინოპოლმა კვლავ განაგრძო არსებობა. მან გაუძლო სპარსელების, არაბების, ბულგარებისა და რუსების ხშირ თავდასხმებს, მაგრამ საბოლოოდ, 1203 წელს, ხელში ჩაიგდეს არა მუსლიმანებმა, არამედ დასავლეთიდან მოსულმა ჯვაროსნებმა. 1453 წელს მას ოტომანთა მუსლიმანი სულთანი მეჰმედ II დაეპატრონა და მალე ოტომანთა, იგივე თურქთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. მართალია, რომი ახ. წ. 410 წელს დაეცა, მაგრამ მრავალი საუკუნე დასჭირდა მსოფლიოზე რომის იმპერიის გავლენის მოსპობას. თუმცა ეს გავლენა მას შემდეგაც შეიმჩნეოდა იმ ქვეყნებში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესიები ბატონობენ.
6. რომელი ახალი იმპერიები წარმოიშვა და რომელი იყო ყველაზე წარმატებული?
6 რამდენიმე ქვეყანამ XV საუკუნისთვის სრულიად ახალი იმპერიები შექმნა. მართალია, ამ ახალი იმპერიებიდან ზოგიერთი ძველი რომის ყოფილი კოლონიების ადგილზე აღმოცენდა, მაგრამ ისინი რომის იმპერიის მემკვიდრეები არ ყოფილან. დიდი ტერიტორიები დაიკავეს პორტუგალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ჰოლანდიამ; თუმცა ყველაზე წარმატებული მაინც დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, რომელმაც უდიდესი იმპერია შექმნა. დიდი ბრიტანეთის ბატონობის სხვადასხვა პერიოდში მის მფლობელობაში შედიოდა ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, ინდოეთისა და სამხრეთ აზიის უდიდესი მიწები, ასევე წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები.
7. როგორ ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობელი, და იოანეს სიტყვების თანახმად, რამდენ ხანს იარსებებდა მეშვიდე „თავი“ ანუ მსოფლიო მპყრობელი?
7 XIX საუკუნისთვის დიდ ბრიტანეთს ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე კოლონია გამოეყო, რის შედეგადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოყალიბდა. დიდ ბრიტანეთსა და მისგან გამოყოფილ ახალჩამოყალიბებულ სახელმწიფოს შორის გარკვეულწილად გრძელდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს ორივე ქვეყანას მოუწია იმის აღიარება, რომ საერთო ინტერესები ამოძრავებდათ, რამაც მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა განავითარა. ასე ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობელი, რომელიც აერთიანებდა დღესდღეობით მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს უდიდესი იმპერიის ცენტრს, დიდ ბრიტანეთს. ეს არის მეშვიდე „თავი“ ანუ მსოფლიო მპყრობელი, რომელიც ამ ბოლო დღეებშიც განაგრძობს არსებობას და რომლის ტერიტორიაზეც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი. მეექვსე თავისგან განსხვავებით, რომელმაც დიდხანს იარსება, მეშვიდე „ცოტა ხანს დარჩება“, სანამ ღვთის სამეფო არ გაანადგურებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
რატომ ეწოდა მეფეს მერვე?
8, 9. რა უწოდა ანგელოზმა სიმბოლურ ალისფერ მხეცს და როგორ წარმოიშვა ის შვიდი თავიდან?
8 ანგელოზი განაგრძობს: „მხეცი, რომელიც იყო, მაგრამ არ არის, მერვე მეფეა. ის შვიდიდან წარმოიშობა და დასაღუპავად მიდის“ (გამოცხადება 17:11). სიმბოლური ალისფერი მხეცი შვიდი თავიდან წარმოიშობა, ანუ ის თავის არსებობას ‘ზღვიდან ამოსული’ მხეცის თავებს უნდა უმადლოდეს. ეს ალისფერი მხეცი ზღვიდან ამოსული მხეცის ქანდაკებაა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? 1919 წელს ამ „თავს“ ინგლის-ამერიკა განასახიერებდა, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა. წინა ექვსი თავი დაეცა და მსოფლიო მპყრობლის ძალაუფლება ამ ორი სახელმწიფოთი წარმოდგენილ თავს გადაეცა. ეს მეშვიდე თავი, როგორც მსოფლიო მპყრობელთა წარმომადგენელი, ერთა ლიგის შექმნის მთავარი ინიციატორი გახდა. ის დღემდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელია. ამგვარად, ალისფერი მხეცი ანუ მერვე მეფე, სიმბოლური გაგებით, შვიდი თავიდან წარმოიშვა. ამგვარად სიტყვები „ის შვიდიდან წარმოიშობა“, სრულიად ეთანხმება ადრინდელ ხილვას ბატკნის რქების მსგავსი ორრქიანი მხეცის (ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის, მხეცის მეშვიდე თავის) შესახებ, რომელმაც ქანდაკების შექმნას შეუწყო ხელი და სული ჩაუდგა მას (გამოცხადება 13:1, 11, 14, 15).
9 გარდა ამისა, თავდაპირველად ერთა ლიგაში დიდ ბრიტანეთთან ერთად გაწევრიანებული იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ერთ დროს მხეცის თავებს წარმოადგენდნენ, კერძოდ, საბერძნეთი, ირანი (სპარსეთი) და იტალია (რომი). საბოლოოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც პირველი ექვსი მსოფლიო მპყრობლის ტერიტორიებზე მმართველობდნენ, მხეცის ქანდაკების მხარდამჭერები გახდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ალისფერი მხეცი შვიდი მსოფლიო მპყრობლისგან წარმოიშვა.
10. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ალისფერი მხეცი „მერვე მეფეა“? ბ) როგორ დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა გაეროს?
10 აღსანიშნავია, რომ ალისფერი მხეცი „მერვე მეფეა“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსოფლიო მმართველის სახე მიეცა. ზოგჯერ ის მთავრობის როლს ასრულებს; თავის ჯარებს საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად აგზავნის, მაგალითად, კორეაში, სინის ნახევარკუნძულზე, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასა და ლიბანში, მაგრამ ის მხოლოდ მეფის „გამოსახულებაა“. რელიგიური გამოსახულების მსგავსად, მას თავისთავად არც ძალა ექნებოდა და ვერც გავლენას მოახდენდა ვინმეზე, რომ არა მისი შემქმნელები და თაყვანისმცემლები. დროდადრო ეს სიმბოლური მხეცი სისუსტეს იჩენს, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ისე მიტოვებული, როგორც ერთა ლიგა, რომელიც დიქტატორული ორიენტაციის ქვეყნებმა უფსკრულში ჩააგდეს (გამოცხადება 17:8). 1987 წელს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი რომის პაპების კურსს შეუერთდა და მხარი დაუჭირა გაეროს, თუმცა სხვა საკითხებში სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. მან წამოაყენა იდეა, რომ გაეროს ხელმძღვანელობით შეექმნათ „საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა“. იოანე მალე იგებს, რომ დადგება დრო, როცა გაერო განსაკუთრებული ძალაუფლებით იმოქმედებს. მაშინ მისი ჯერიც დადგება და ‘წავა დასაღუპავად’.
ათი მეფე ერთი საათით იღებს ძალაუფლებას
11. რას ამბობს იეჰოვას ანგელოზი სიმბოლური ალისფერი მხეცის ათ რქაზე?
11 „გამოცხადების“ წინა თავში აღწერილი იყო, როგორ გადმოღვარეს მეექვსე და მეშვიდე ანგელოზებმა ღვთის რისხვის თასები. ჩვენ გავიგეთ, რომ დედამიწის მეფეები ღვთის ომში, არმაგედონში იკრიბებიან და რომ „ღმერთმა გაიხსენა დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 16:1, 14, 19). ახლა უფრო დაწვრილებით გავიგებთ, როგორ აღასრულებს ღმერთი მათზე განაჩენს. აი რას ეუბნება იეჰოვას ანგელოზი იოანეს: „ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი და მხეცი ერთი საათით იღებენ სამეფო ძალაუფლებას. ისინი ერთი აზრისანი არიან და მხეცს აძლევენ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას. ისინი შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გამოცხადება 17:12—14).
12. ა) რას წარმოადგენს ათი რქა? ბ) რას ნიშნავს, რომ ათ რქას არ ჰქონდა მიღებული „სამეფო“? გ) რა გაგებით ფლობს სიმბოლური ათი რქა „სამეფოს“ და რამდენ ხანს დარჩება ის მის მფლობელობაში?
12 ათი რქა წარმოადგენს მსოფლიოში გაბატონებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ მხეცის ქანდაკებას. დღეს არსებული მრავალი სახელმწიფო იოანეს დროს არ არსებობდა; მაშინდელ სახელმწიფოებს კი, მაგალითად, ეგვიპტესა და სპარსეთს (ირანი) დღეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სახე აქვთ. I საუკუნეში ათ რქას ჯერ არ ჰქონდა მიღებული სამეფო, ახლა კი, უფლის დღეს, ათი რქის ხელშია „სამეფო“ ანუ პოლიტიკური ძალაუფლება. ამ უდიდესი კოლონიური იმპერიების დაცემის შედეგად, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფოები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებთან ერთად მოკლე პერიოდში, ასე ვთქვათ, „ერთ საათს“ იმმართველებენ მხეცთან ერთად, სანამ იეჰოვა არმაგედონში ბოლოს არ მოუღებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
13. რა გაგებით აქვს ათივე რქას ერთი აზრი და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება კრავისადმი?
13 დღეს ნაციონალიზმი ათი რქის აღმძვრელი უდიდესი ძალაა. ეს რქები „ერთი აზრისანი“ არიან და მათ ღვთის სამეფოს აღიარების ნაცვლად, თავიანთი სუვერენიტეტის შენარჩუნება სურთ. ამ მიზნით ისინი შეუერთდნენ ერთა ლიგას, შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა საერთაშორისო მშვიდობა შეენარჩუნებინათ და თვითმყოფადობაც არ დაეკარგათ. მათი კურსი იმაზე მეტყველებს, რომ რქები დაუპირისპირდებიან კრავს, „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, რადგან იეჰოვას განზრახვის თანახმად მისი სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მალე დღეს არსებული ყველა სამეფოს ადგილს დაიკავებს (დანიელი 7:13, 14; მათე 24:30; 25:31—33, 46).
14. როგორ შეებრძოლებიან მსოფლიო მმართველები კრავს და რა მოჰყვება ამას?
14 რა თქმა უნდა, მსოფლიო მმართველები იესოს ვერაფერს დააკლებენ; იესო ზეცაშია და მიუწვდომელია მათთვის. მაგრამ იესოს ძმები, ქალის შთამომავალთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი, ერთი შეხედვით უმწეონი ჩანან (გამოცხადება 12:17). ბევრი „რქა“ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს მათდამი და ამგვარად ებრძვის კრავს (მათე 25:40, 45). მალე ღვთის სამეფო „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“ (დანიელი 2:44). დედამიწის მეფეები კი ბოლომდე შეებრძოლებიან კრავს. ამ ბრძოლას მალე ვიხილავთ (გამოცხადება 19:11—21). როგორც დავინახეთ, ეს ერები ვერ გაიმარჯვებენ. მართალია, მათ და გაეროს, იგივე ალისფერ მხეცს, „ერთი აზრი“ აქვთ, მაგრამ ისინი ვერ დაამარცხებენ „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, ვერც „მოწოდებულებს, რჩეულებსა და ერთგულებს“, რომლებიც უკვე მასთან არიან და რომელთა რიცხვს ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები სულით ცხებული მიმდევრებიც მიეკუთვნებიან. ისინიც გაიმარჯვებენ, რადგან უმწიკვლობას შეინარჩუნებენ და პასუხს გასცემენ სატანის ცრუ ბრალდებებს (რომაელები 8:37—39; გამოცხადება 12:10, 11).
მეძავის განადგურება
15. რას ამბობს ანგელოზი მეძავზე, როგორ მოექცევიან მას ათი რქა და მხეცი?
15 ათი რქა მხოლოდ ღვთის ხალხს არ მტრობს. ანგელოზი იოანეს ახლა ისევ მეძავზე უმახვილებს ყურადღებას: «და მეუბნება: „წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ » (გამოცხადება 17:15, 16).
16. რატომ ვერ დაუჭერენ მხარს დიდ ბაბილონს მისი დამცავი წყლები, როცა მსოფლიო მმართველები თავს დაესხმებიან მას?
16 როგორც ძველი ბაბილონი იყო დაიმედებული დამცავ წყლებზე, ისე დიდი ბაბილონი ამყარებს იმედს თავის უამრავ მიმდევარზე, „ხალხებზე, ჯგუფებზე, ერებსა და ენებზე“. ანგელოზი ტყუილუბრალოდ არ ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ამ „წყლებზე“. მოგვიანებით ის ჰყვება, რა უჩვეულოდ განვითარდება მოვლენები: დედამიწის მმართველები გააფთრებით დაესხმებიან თავს დიდ ბაბილონს. რას გააკეთებენ იმ დროს „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“? ღვთის ხალხი უკვე აფრთხილებს დიდ ბაბილონს, რომ დაშრება ევფრატის წყლები (გამოცხადება 16:12). საბოლოოდ მათგან არაფერი დარჩება. „წყლები“ ვერ დაეხმარებიან საზიზღარ ძველ მეძავს მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად გაუჭირდება (ესაია 44:27; იერემია 50:38; 51:36, 37).
17. ა) რატომ ვერ იხსნის დიდ ბაბილონს სიმდიდრე? ბ) რა სამარცხვინო აღსასრული ელის დიდ ბაბილონს? გ) ვინ შეუერთდება ათი რქით წარმოდგენილ ერებს დიდი ბაბილონის განადგურებაში?
17 დიდ ბაბილონს ვერც დიდძალი სიმდიდრე უშველის. შესაძლოა მან კიდეც დააჩქაროს მისი განადგურება. როგორც ხილვიდან ჩანს, როცა მხეცი და ათი რქა დიდ ბაბილონს თავიანთ რისხვას დაანთხევენ, მას სამეფო სამოსელსა და სამკაულებს შემოაძარცვავენ. ისინი გაძარცვავენ მას, გააშიშვლებენ, შეარცხვენენ და სააშკარაოზე გამოიტანენ მის საქმეებს. რა საშინელი აღსასრული ელის ბაბილონს! ეს განადგურება მართლაც სამარცხვინო იქნება. მხეცი და ათი რქა „მის ხორცს შეჭამენ“ და მისგან მხოლოდ ძვალიღა დარჩება, ბოლოს კი „ცეცხლში დაწვავენ“. მას დაწვავენ როგორც ჭირიანს და დამარხვასაც არ აღირსებენ. დიდი მეძავის განადგურებაში ათი რქით წარმოდგენილ ერებთან ერთად მხეცით წარმოდგენილი გაეროც ჩაერევა. ის იქნება ცრუ რელიგიის განადგურების ინიციატორი. გაეროში გაწევრიანებულმა 190-ზე მეტმა ქვეყანამ თავისი მტრული პოზიცია უკვე დააფიქსირა რელიგიების, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს მიმართ.
18. ა) რა ცხადყოფს, რომ მოსალოდნელია ერების თავდასხმა „ბაბილონურ“ რელიგიაზე? ბ) რა იქნება დიდ მეძავზე თავდასხმის ძირითადი მიზეზი?
18 რატომ დაესხმებიან ერები თავს თავიანთ ყოფილ საყვარელს ასეთი სისასტიკით? ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „ბაბილონურ“ რელიგიაზე თავდასხმა მოსალოდნელია. მაგალითად, მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობამ საგრძნობლად შეასუსტა რელიგიის გავლენა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში. ევროპის პროტესტანტულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული გულგრილობისა და უნდობლობის გამო ეკლესიებს დღითი დღე აკლდება მრევლი. ამგვარად, ევროპაში რელიგია, ფაქტობრივად, მკვდარია. კათოლიკურ სამყაროში არსებულ განხეთქილებებსა და დამოუკიდებლობის სულს ვერაფერს შველიან რელიგიური წინამძღოლები. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დიდი ბაბილონის საბოლოო და ტოტალური განადგურება დიდი მეძავისთვის გამოტანილი ღვთის უცვლელი განაჩენის აღსრულება იქნება.
ღვთის ჩანაფიქრის განხორციელება
19. ა) როგორ დაემსგავსება იეჰოვას მიერ დიდი მეძავისთვის გამოტანილი განაჩენი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმისთვის გამოტანილ განაჩენს? ბ) რას განასახიერებს ძვ. წ. 607 წელს გაპარტახებული და გაუდაბურებული იერუსალიმი?
19 როგორ აღასრულებს იეჰოვა თავის განაჩენს? ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰოვა ძველად თავის განდგომილ ხალხს, რომელზეც თქვა: „საშინელებასა და მრუშობას ვხედავ იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორის, და ვხედავ, რომ სიცრუით დადიან; ხელს უმართავენ ბოროტმოქმედებს, რომ არ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტებიდან. ჩემთვის სოდომივითაა ყოველი მათგანი, მისი მკვიდრნი კი — გომორასავით“ (იერემია 23:14). ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ ნაბუქოდონოსორი აღძრა, რომ სულიერი გაგებით მეძავი ქალაქისთვის ‘ტანსაცმელი გაეხადა, წაეღო მისი ლამაზი ნივთები და შიშველ-ტიტველი დაეტოვებინა’ (ეზეკიელი 23:4, 26, 29). ძველი იერუსალიმი თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებს. იეჰოვა იერუსალიმის მსგავსად დასჯის ქრისტიანულ სამყაროსა და სხვა ცრუ რელიგიებს, რასაც იოანეს ხილვებიც ადასტურებს. ძვ. წ. 607 წელს გაპარტახებული და გაუდაბურებული იერუსალიმი წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას დაემსგავსება სიმდიდრედაკარგული და საჯაროდ შერცხვენილი ქრისტიანული სამყარო. არც დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებს დაადგებათ კარგი დღე.
20. ა) როგორ აჩვენებს იოანე, რომ იეჰოვა განაჩენის აღსასრულებლად ისევ ადამიანთა მმართველებს აღძრავს? ბ) რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? გ) რა „ერთობლივ აზრს“ განახორციელებენ ერები, მაგრამ სინამდვილეში ვისი აზრი იქნება ეს?
20 იეჰოვა კვლავაც ადამიანთა მმართველებს აღძრავს თავისი განაჩენის აღსასრულებლად. „რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“ (გამოცხადება 17:17). რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? ღვთის ჩანაფიქრი ისაა, რომ თავი მოუყაროს დიდი ბაბილონის დამსჯელებს, რათა სრულიად გაანადგურონ ის. რა თქმა უნდა, მმართველებს თავიანთი „ერთობლივი აზრი“ აღძრავს, თავს დაესხან ბაბილონს. ისინი დაასკვნიან, რომ მათ ეროვნულ ინტერესებში შედის დიდ მეძავზე თავდასხმა. მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ რელიგიის არსებობა მათ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. მაგრამ მოვლენები იეჰოვას ნებისამებრ განვითარდება. ისინი შეასრულებენ იეჰოვას ჩანაფიქრს ანუ „აზრს“ და ერთი დარტყმით გაანადგურებენ ღვთის ძველ მტერს, მეძავ დიდ ბაბილონს (შეადარეთ იერემიას 7:8—11, 34).
21. რას გააკეთებენ ერები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ბაბილონი ალისფერმა მხეცმა უნდა გაანადგუროს?
21 ერები ალისფერ მხეცს ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაანადგურებინებენ დიდ ბაბილონს, რადგან იეჰოვა ჩაუდებს მათ გულებში ერთობლივი აზრის განხორციელების სურვილს და მხეცისთვის სამეფოს გადაცემის იდეას. როგორც ჩანს, მოვა დრო, როცა ერები საჭიროდ ჩათვლიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერებას. ისინი თითქოს კბილებს ჩაუსვამენ ანუ მთელ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას მისცემენ მას, რათა წარმატებით გაილაშქროს ცრუ რელიგიის წინააღმდეგ, „სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“. ამგვარად, ძველ მეძავს თავისი საქმეებისამებრ მიეზღვება და საბოლოოდ განადგურდება.
22. ა) რას ადასტურებს ანგელოზის სიტყვები, რომლებიც გამოცხადების 17:18-შია ჩაწერილი? ბ) როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები გაცხადებულ საიდუმლოს?
22 იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვა მსოფლიო ცრუ რელიგიისთვის გამოტანილ განაჩენს აუცილებლად მოიყვანს სისრულეში, ანგელოზი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ქალი კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“ (გამოცხადება 17:18). როგორც ბელშაცარის დროინდელი ბაბილონი, ისე დიდი ბაბილონიც „სასწორზე“ აიწონა და „მსუბუქი“ აღმოჩნდა (დანიელი 5:27). ის სწრაფად განადგურდება, ერთხელ და სამუდამოდ. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები დიდი მეძავისა და ალისფერი მხეცის შესახებ გაცხადებულ საიდუმლოს? ისინი მთელი გულმოდგინებით აცხადებენ იეჰოვას სასამართლო დღის შესახებ და „მადლიანად“ პასუხობენ ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს (კოლოსელები 4:5, 6; გამოცხადება 17:3, 7). მომდევნო თავი დაგვანახვებს, რომ დიდი მეძავის განადგურების დროს გადარჩენის მსურველებმა არ უნდა დააყოვნონ, მათ მოქმედება მართებთ.
[სურათები 252 გვერდზე]
შვიდი მსოფლიო მპყრობლის მონაცვლეობა
ეგვიპტე
ასურეთი
ბაბილონი
მიდია-სპარსეთი
საბერძნეთი
რომი
ინგლის-ამერიკა
[სურათი 254 გვერდზე]
„მერვე მეფე“.
[სურათი 255 გვერდზე]
მათ ზურგი აქციეს კრავს და „მხეცს აძლევენ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას“.
[სურათი 257 გვერდზე]
ქრისტიანული სამყარო, დიდი ბაბილონის უმთავრესი ნაწილი, განადგურებულ ძველ იერუსალიმს დაემსგავსება.