„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
განმარტება: ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი. ეს თარგმანი მოამზადა იეჰოვას მოწმეთა სულითცხებული წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა, რომელმაც ამ ნაშრომთან დაკავშირებით აღნიშნა: „მთარგმნელები, რომლებმაც ეს გამოცემა მოამზადეს, ღვთის, ბიბლიის ავტორის სიყვარულის გამო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მისი აზრებისა და სიტყვების მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემას; ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ გულწრფელი მკითხველის წინაშე, რომელთა მარადიული ხსნა უზენაესი ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების თარგმანზეა დამოკიდებული“. თავდაპირველად ეს თარგმანი გამოიცა რამდენიმე ნაწილად 1950—1960 წლებში. სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებს საფუძვლად უდევს ინგლისური გამოცემა.
საიდან ითარგმნა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?
ებრაული წერილები ითარგმნა რუდოლფ კიტელის მიერ მომზადებული ებრაული ტექსტის საფუძველზე („Biblia Hebraica“, 1951—1955 წლების გამოცემა). „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში (1984) ცვლილებები შევიდა 1977 წელს გამოცემული ებრაული ტექსტის საფუძველზე („Biblia Hebraica Stuttgartensia“). გარდა ამისა, გამოყენებულ იქნა მკვდარი ზღვის ხელნაწერები და სხვა ენებზე შესრულებული ძველი თარგმანები. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს ძირითადად საფუძვლად დაედო 1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი. თუმცა მთარგმნელებმა სხვა ბერძნული ტექსტები და სხვა ენებზე შესრულებული ძველი თარგმანებიც გამოიყენეს.
ვინ იყვნენ მთარგმნელები?
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა საგამომცემლო უფლება იმ პირობით გადასცა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას“, რომ მთარგმნელების ვინაობა ცნობილი არ გახდებოდა. მათი ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. საკუთარი თავის განდიდების ნაცვლად, მთარგმნელებს სურდათ, რომ პატივი მიეგოთ წმინდა წერილების ავტორისთვის, ღვთისთვის.
ასეთი პოზიცია სხვა მთარგმნელებსაც ჰქონდათ. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანის ყდაზე აღნიშნულია: „ჩვენ არ მოვიხსენიეთ არც ერთი მეცნიერის სახელი . . . რადგან ვფიქრობთ, რომ მთელი ღირსება ღვთის სიტყვას უნდა ეკუთვნოდეს“ („New American Standard Bible“, 1971).
რამდენად სანდოა ეს თარგმანი მეცნიერული თვალსაზრისით?
ვინაიდან მთარგმნელებმა არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გამხელა, ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ მათი განათლების საფუძველზე. თარგმანი თავისთავად უნდა მეტყველებდეს თავის ღირსებებზე.
რა შეიძლება ითქვას უშუალოდ თარგმანზე? უპირველესად, ეს არის დედნისეული ენებიდან შესრულებული ზუსტი და მეტწილად სიტყვასიტყვითი თარგმანი. ეს არ არის თავისუფალი თარგმანი. ასეთ თარგმანებში მთარგმნელები ყურადღებას არ აქცევენ, როგორც თავად თვლიან, უმნიშვნელო დეტალებს, და ამატებენ ფრაზებს, რომლებიც მათი აზრით სასარგებლო იქნება მკითხველისთვის. ბევრ გამოცემას მკითხველის დასახმარებლად დართული აქვს ვრცელი ინფორმაცია სქოლიოების სახით. სქოლიოებში მოცემულია ზოგიერთი ფრაზის თარგმანის სხვადასხვა ვარიანტი, აგრეთვე მითითებულია ძველი ხელნაწერები, რომლებზეც ეს ვარიანტებია დაფუძნებული.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ზოგი მუხლი ისე არ გადმოიცემა, როგორც ტრადიციულად არის მიღებული. რომელია სწორი თარგმანი? მკითხველს შეუძლია ამის გარკვევა სქოლიოებში („ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან გამოცემაში) და დანართში მოცემული მასალის საფუძველზე, აგრეთვე სხვადასხვა თარგმანის ერთმანეთთან შედარებით. ხშირ შემთხვევაში ეს მათ დაანახვებს, რომ სხვა მთარგმნელებმაც საჭიროდ ჩათვალეს აზრის მსგავსად გადმოცემა.
რის საფუძველზე წერია სახელი „იეჰოვა“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამონაკლისი არ არის. ღვთის სახელი გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ებრაულ თარგმანებში, კერძოდ კი იმ მონაკვეთებში, რომლებიც უშუალოდ ებრაული წერილებიდან არის ციტირებული. „ემფატიკ დიაგლოტში“ (1864) სახელი „იეჰოვა“ 18-ჯერ გვხვდება. რაც შეეხება სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებს, ბერძნულ წერილებში, სულ მცირე, 38 ენაზეა შესაძლებელი ღვთის სახელის ნახვა ამ ენებში მიღებული ფორმით.
იესო ქრისტე დიდ ყურადღებას ამახვილებდა მამის სახელზე და უდავოა, რომ ის თავს არ შეიკავებდა ღვთის სახელის ხსენებისგან (მათ. 6:9; იოან. 17:6, 26). IV-V საუკუნეებში მოღვაწე იერონიმეს გადმოცემით, მოციქულმა მათემ თავისი სახარება თავდაპირველად ებრაულად დაწერა. მის სახარებაში კი მრავალი ციტატაა მოყვანილი ებრაული წერილების იმ მონაკვეთებიდან, რომლებშიც ღვთის სახელი გვხვდება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა დამწერებს არაერთი ციტატა აქვთ მოყვანილი ბერძნული „სეპტუაგინტიდან“ (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი, რომელზე მუშაობაც დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს დაიწყო). „სეპტუაგინტის“ ძველ ასლებში ღვთის სახელი ებრაული ასოებით იყო გადმოტანილი, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები.
ჯორჯიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, პროფესორი ჯორჯ ჰაუარდი წერდა: „ვინაიდან ტეტრაგრამატონი [ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო] ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ბერძნული ბიბლიის იმ ხელნაწერებში, რომლებითაც ადრინდელი ეკლესია ხელმძღვანელობდა, ლოგიკურია, რომ ახალი აღთქმის დამწერები ციტატების მოყვანისას ტეტრაგრამატონს უცვლელად დატოვებდნენ ბიბლიურ ტექსტში“ („Journal of Biblical Literature“, მარტი, 1977, გვ. 77).
რატომ არის ზოგიერთი მუხლი გამოტოვებული?
ეს მუხლები, რომლებიც ზოგიერთ თარგმანში გვხვდება, არ არის ჩვენამდე მოღწეულ ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში. სხვა მთარგმნელებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ეს მუხლები არ არის ბიბლიის ტექსტის ნაწილი. ამაზე მეტყველებს ზოგიერთი თანამედროვე თარგმანი სხვადასხვა ენაზე (მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“ და „იერუსალიმის ბიბლია“). ზოგ შემთხვევაში ამ მუხლებს გადამწერები ამატებდნენ ბიბლიის სხვა მონაკვეთებიდან.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„თქვენ თქვენი ბიბლია გაქვთ“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „თქვენ ბიბლიის რომელი თარგმანი გაქვთ? . . (დაუსახელე რამდენიმე თარგმანი) დღეს ბევრი თარგმანი არსებობს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: «შეგვიძლია ის თარგმანი გამოვიყენოთ, რომელსაც თქვენ ამჯობინებთ. მაგრამ იცით, რატომ მომწონს განსაკუთრებით „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“? იმიტომ, რომ ის თანამედროვე, გასაგები ენით არის დაწერილი და დედნიდან ზუსტად არის ნათარგმნი».
ან შეგიძლია უთხრა: „როგორც ჩანს, თქვენც გაქვთ ბიბლია. რომელი თარგმანია? . . შეგიძლიათ მაჩვენოთ?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „რომელი თარგმანითაც არ უნდა ვსარგებლობდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რაც იესომ თქვა იოანეს 17:3-ში . . .“ (აჩვენე თავისივე ბიბლიაში).
სხვა ვარიანტი: „დღეს ბიბლიის ბევრი თარგმანი არსებობს. იეჰოვას მოწმეები ვცდილობთ სხვადასხვა თარგმანის ერთმანეთთან შედარებას, რათა ადამიანს კარგად დავანახვოთ ბიბლიური მუხლების მნიშვნელობა. ალბათ იცით, რომ ბიბლია თავდაპირველად დაიწერა ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ბიბლია ჩვენს ენაზეც არის ნათარგმნი. თქვენ ბიბლიის რომელი თარგმანი გაქვთ?“
კიდევ ერთი ვარიანტი: «როგორც ჩანს, აფასებთ ბიბლიას. ალბათ, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ ყველაზე მეტად რით განსხვავდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან. ბიბლია ყველაზე დიდ ყურადღებას ღმერთზე ამახვილებს და ამ თარგმანში მოხსენიებულია მისი სახელი». შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იცოდით, რომ ღვთის სახელი ბიბლიის დედანში ებრაულ ენაზე დაახლოებით 7 000-ჯერ ეწერა? ბიბლიაში ამდენჯერ სხვა არც ერთი სახელი არ არის მოხსენიებული“. 2) „აქვს მნიშვნელობა, ვახსენებთ ღვთის სახელს თუ არა? გყავთ ისეთი ახლო მეგობარი, რომლის სახელიც არ იცით? . . თუ გვინდა, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, ჯერ მისი სახელი უნდა გავიგოთ. ნახეთ, რა თქვა იესომ იოანეს 17:3, 6-ში“ (ფსალმ. 83:18).