სქესობრივი ცხოვრება
განმარტება: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომელიც სქესობრივ ლტოლვას უკავშირდება. ცოლ-ქმარს შორის ასეთი ურთიერთობა ახალი თაობის წარმოშობის წინაპირობაა. ვინაიდან ღმერთია სიცოცხლის წყარო და ჩვენ მის თვისებებს უნდა ვირეკლავდეთ, სქესობრივი ურთიერთობით ახალი სიცოცხლის წარმოშობის უნარს არასერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ.
ცოდვაა სქესობრივი ურთიერთობა? რას ამბობს ბიბლია?
დაბ. 1:28: «აკურთხა ღმერთმა ისინი [ადამი და ევა] და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“» (ამ მითითების შესასრულებლად მათ სქესობრივი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. ეს ცოდვა არ იქნებოდა, რადგან სხვაგვარად ადამიანები ვერ გამრავლდებოდნენ და ვერ შესრულდებოდა ღვთის განზრახვა. ზოგი ფიქრობს, რომ „აკრძალული ნაყოფი“ ადამისა და ევასთვის სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვის ან საერთოდ აკრძალვის სიმბოლო იყო. მაგრამ ეს აზრი ეწინააღმდეგება ზემოთ მოხსენიებულ მითითებას. გარდა ამისა, ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი ედემის ბაღში ჭამეს, მათი სქესობრივი ურთიერთობა კი ბიბლიაში მხოლოდ მას შემდეგ არის ნახსენები, რაც ღმერთმა ისინი ედემიდან განდევნა [დაბ. 2:17; 3:17, 23; 4:1]).
დაბ. 9:1: «აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ვაჟები და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“» (ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ ღმერთმა კვლავ მისცა ადამიანებს მითითება გამრავლების შესახებ და აკურთხა ისინი. აქედან ვხედავთ, რომ კანონიერ სქესობრივ ურთიერთობაზე ღვთის თვალსაზრისი არ შეცვლილა).
1 კორ. 7:2—5: „რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი. ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს . . . ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით . . . რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავდაუჭერლობის გამო“ (როგორც ვხედავთ, მიუღებელი არის სიძვა და არა ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა).
მისაღებია სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე?
1 თეს. 4:3—8: „ღვთის ნებაა, რომ . . . მოერიდოთ სიძვას, რომ ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით იმ ხალხთა მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, რათა არავინ მივიდეს იქამდე, რომ ძმა დააზარალოს და მისი უფლებები ხელყოს, რადგან ასეთებს იეჰოვა სჯის ყოველივე ამის გამო, როგორც უკვე გითხარით და საფუძვლიანადაც დაგიმოწმეთ. ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ. ამიტომ უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც თავის წმინდა სულს გაძლევთ“ („სიძვად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „პორნია“, რომელიც გულისხმობს დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ კავშირს, აგრეთვე დაქორწინებულის ურთიერთობას მეუღლის გარდა სხვასთან).
ეფეს. 5:5: „არც მეძავს, არც უწმინდურს და არც ხარბს, იგივე კერპთაყვანისმცემელს, არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“ (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის სამეფოს კურთხევებს ვერ მიიღებს ის, ვინც წარსულში მეძაობდა. ღმერთმა რომ მოიწონოს, მან უნდა მიატოვოს ასეთი ცხოვრება. იხილეთ 1 კორინთელების 6:9—11).
იწონებს ბიბლია ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრებას ქორწინების რეგისტრაციის გარეშე?
იხილეთ გვერდები 369, 370 („ქორწინება“).
რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?
რომ. 1:24—27: „ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა თავიანთი გულისთქმებისამებრ, რათა თავიანთი სხეულები შეურაცხეყოთ . . . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ და მცდარი გზით სიარულისთვის საკადრისიც უკლებლივ მიიღეს“.
1 ტიმ. 1:9—11: „ის [კანონი] დადგენილია არა მართალთათვის, არამედ უკანონობის მოქმედთათვის, დაუმორჩილებელთათვის, უღმერთოთათვის, ცოდვილთათვის . . . მეძავთათვის, მამათმავალთათვის . . . აგრეთვე სხვა ყველაფრისთვის, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღ სწავლებას, რომელიც შეესაბამება ბედნიერი ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას“ (შეადარეთ ლევიანების 20:13).
იუდ. 7: „სოდომი და გომორა და მათ გარშემო მდებარე ქალაქები, მას შემდეგ, რაც . . . აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებსა და აღვირახსნილობას, საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ და ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითებად არიან დადგენილები“ (სიტყვა „სოდომია“, რომელიც ქალაქ სოდომის სახელწოდებიდან მოდის, ზოგ ენაში ჰომოსექსუალიზმის აღსანიშნავადაც გამოიყენება. შეადარეთ დაბადების 19:4, 5, 24, 25).
როგორი დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მათდამი, ვინც ერთ დროს ჰომოსექსუალისტი იყო?
1 კორ. 6:9—11: „ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (ღვთის თვალში ადამიანი სუფთად ჩაითვლება, თუ მიატოვებს ასეთ ცხოვრებას, იეჰოვას ნორმებით იცხოვრებს და ირწმუნებს, რომ ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელია ცოდვების მიტევება. ასეთი გარდაქმნის შემდეგ მას შეუძლია გახდეს ქრისტიანული კრების წევრი).
ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ შესაძლებელია ისეთი არასწორი სურვილების დაძლევაც, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს გენეტიკური თუ ფიზიოლოგიური ფაქტორები ან გარემო პირობები. ამისათვის ადამიანს გულწრფელად უნდა სურდეს, რომ იეჰოვას მოსაწონად მოიქცეს. ზოგი ბუნებით ემოციურია. წარსულში შესაძლოა ისინი ადვილად რისხდებოდნენ, მაგრამ ღვთის ნების გაგება, ღვთისმოსაწონად მოქმედების სურვილი და წმინდა სული მათ თავშეკავების გამომუშავებაში დაეხმარა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ლტოლვა ალკოჰოლური სასმელებისკენ, მაგრამ სწორი განწყობა დაეხმარება იმაში, რომ მოერიდოს სასმელს და არ დათვრეს. მსგავსად ამისა, ადამიანს შეიძლება იზიდავდეს თავისივე სქესის წარმომადგენლები, მაგრამ ბიბლიის რჩევების გათვალისწინება დაეხმარება იმაში, რომ მოერიდოს ჰომოსექსუალურ ურთიერთობას (იხილეთ ეფესოელების 4:17—24). იეჰოვასთვის არ არის სულერთი, თუ როგორ ვიქცევით. მას ვუყვარვართ და გვაფრთხილებს, თუ რა შედეგები მოჰყვება ჩვენს საქციელს. იეჰოვა ეხმარება მათ, ვისაც სურს ‘გაიხადოს ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსოს ახალი პიროვნებით’ (კოლ. 3:9, 10).
დრომოჭმული და მეტისმეტად მკაცრია ბიბლიის ნორმები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით?
1 თეს. 4:3—8: „ღვთის ნებაა, რომ . . . მოერიდოთ სიძვას . . . ამიტომ უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც თავის წმინდა სულს გაძლევთ“ (ბიბლიის ნორმები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით წარსულში მცხოვრებ ადამიანებს არ დაუდგენიათ. ბიბლიის ავტორი ადამიანის შემოქმედია. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა მოსწონს ღმერთს. მასში მოცემული რჩევები ხელს უწყობს ოჯახების სიმტკიცეს და გვეხმარება, რომ ოჯახის გარეთაც ჯანსაღი და სასიამოვნო ურთიერთობები გვქონდეს. ბიბლიის რჩევების გათვალისწინებით ადამიანი თავს იცავს ემოციური ტკივილისა და ზოგიერთი დაავადებისგან, რაც თან სდევს უზნეობას. ბიბლიის რჩევები ჩვენი დროისთვისაც შესაფერისია და საჭირო დახმარებას უწევს მათ, ვისაც სურს ღვთის წინაშე სუფთა სინდისის შენარჩუნება და აზრიანად ცხოვრება).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„რა თვალსაზრისი გაქვთ ჰომოსექსუალიზმზე?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „ამ საკითხზე მე ბიბლიის თვალსაზრისს ვიზიარებ. ჩემი აზრით, ადამიანის შეხედულებებზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც ბიბლიაში წერია, რადგან მასში შემოქმედის თვალსაზრისია მოცემული (1 კორ. 6:9—11). ქრისტიანად გახდომამდე ზოგი ჰომოსექსუალისტი იყო. მაგრამ ღვთის სიყვარულმა და წმინდა სულმა მათ მისცა იმის ძალა, რომ შეცვლილიყვნენ“.
ან შეგიძლია უთხრა: „მე შევნიშნე, რომ ბევრი მათგანი, ვინც შემწყნარებლურად ეკიდება ჰომოსექსუალიზმს, ბიბლიას ღვთის სიტყვად არ მიიჩნევს. თქვენ რა თვალსაზრისი გაქვთ ბიბლიაზე?“ თუ გეტყვის, რომ სწამს ბიბლიის, შეგეძლო გეთქვა: „ჰომოსექსუალიზმი არც ძველი დროისთვის იყო უცხო. ბიბლიაში გარკვევით არის გადმოცემული იეჰოვა ღმერთის უცვლელი თვალსაზრისი ამ საკითხზე“ (შეგიძლია გამოიყენო 345-ე და 346-ე გვერდებზე მოცემული მასალა). თუ გეტყვის რომ არ სწამს ღმერთის ან ბიბლიის, შეგეძლო გეთქვა: „ღმერთი რომ არ არსებობდეს, მაშინ არც ანგარიშვალდებული ვიქნებოდით მის წინაშე და ჩვენს ნებაზე ვიცხოვრებდით. მაგრამ ღირს იმაზე დაფიქრება, არსებობს თუ არა ღმერთი და უნდა ვუმადლოდეთ თუ არა მას არსებობას“ [აგრეთვე, არის თუ არა ბიბლია ღვთისგან შთაგონებული] (გამოიყენე 378—383-ე ან 63—73-ე გვერდებზე მოცემული აზრები).