„ენებზე ლაპარაკი“
განმარტება: განსაკუთრებული უნარი, რომელსაც წმინდა სული აძლევდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ზოგ წევრს. ისინი ქადაგებდნენ ან სხვაგვარად განადიდებდნენ ღმერთს მათთვის უცხო ენაზე.
ნათქვამია ბიბლიაში, რომ ყველა, ვისაც ღვთის სული ექნებოდა, უცხო ენებზე ილაპარაკებდა?
1 კორ. 12:13, 30: „ყველანი . . . ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულში . . . განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე?“ (აგრეთვე 1 კორინთელების 14:26).
1 კორ. 14:5: „მინდა, რომ ყველა უცხო ენებზე ლაპარაკობდეთ, მაგრამ მირჩევნია, წინასწარმეტყველებდეთ. ვინც წინასწარმეტყველებს, დიდია მასზე, ვინც უცხო ენებზე ლაპარაკობს, მაგრამ არ თარგმნის კრების აღსაშენებლად“.
თუ ადამიანი უჩვეულო ემოციით მისთვის უცხო ენაზე ლაპარაკობს, ამტკიცებს ეს, რომ მას წმინდა სული აქვს?
შესაძლებელია, რომ უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი ჭეშმარიტი ღვთისგან არ მომდინარეობდეს?
1 იოან. 4:1: «საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას [„ყველა სულს“, სსგ; „ყოველ სულს“, ბსგ] კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა» (იხილეთ აგრეთვე მათეს 7:21—23; 2 კორინთელების 11:14, 15).
„ენებზე ლაპარაკს“ დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორმოცდაათიანელები, ბაპტისტები, კათოლიკეები, ეპისკოპალური ეკლესიის მიმდევრები, მეთოდისტები, ლუთერანები და პრესვიტერიანელები. იესომ თქვა, რომ წმინდა სული ‘წაუძღვებოდა მის მოწაფეებს ყოველი ჭეშმარიტებისკენ’ (იოან. 16:13). თვლიან ზემოხსენებული მიმდინარეობების წევრები, რომ ყველა ამ მიმდინარეობას წმინდა სული მიუძღვის „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“? თუ ასეა, რატომღა არის მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა? რომელი სული აძლევს მათ უცხო ენებზე ლაპარაკის უნარს?
ორი ანგლიკანური გაერთიანების („Fountain Trust“ და „Church of England Evangelical Council“) ერთობლივ გამოცემაში ნათქვამია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ მსგავსი რამ შეიძლება ოკულტური/დემონური ძალების გავლენითაც მოხდეს“ („Gospel and Spirit“, აპრილი, 1977, გვ. 12). ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ ჰაიტიზე „უცხო ენებზე ლაპარაკობენ“ როგორც ორმოცდაათიანელები, ისე შამანიზმის მიმდევრები („Religious Movements in Contemporary America“, რედაქტორები ირვინგ ზარეცკი და მარკ ლეონი, პრინსტონი, ნიუ-ჯერზის შტატი, 1974) (იხილეთ აგრეთვე 2 თესალონიკელების 2:9, 10).
გამართლებულია „ენებზე ლაპარაკი“ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირველ საუკუნეშიც ხდებოდა?
პირველ საუკუნეში წმინდა სული სხვადასხვა სახის სასწაულებრივ უნარს აძლევდა ქრისტიანებს. მათ შორის იყო უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი. ეს იმას ადასტურებდა, რომ იუდეველთა თაყვანისმცემლობის ნაცვლად ღმერთი უკვე ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას იწონებდა (ებრ. 2:2—4). ეს აშკარა გახდა პირველ საუკუნეში, რითაც მიზანი მიღწეულ იქნა. დღესაც საჭიროა ამის მრავალგზის დადასტურება?
პირველ საუკუნეში „ენებზე ლაპარაკი“ ხელს უწყობდა სხვადასხვა ენაზე ქადაგების საქმეს. ეს ქრისტეს მიმდევრებს ეხმარებოდა იესოს დავალების შესრულებაში (საქ. 1:8; 2:1—11; მათ. 28:19). დღესაც ამ მიზნით იყენებენ „ენებზე ლაპარაკის“ უნარს?
პირველ საუკუნეში, როცა ქრისტიანები უცხო ენებზე ლაპარაკობდნენ, მათი სიტყვები გასაგები იყო ამ ენებზე მოსაუბრე ხალხისთვის (საქ. 2:4, 8). დღეს კი „ენებზე ლაპარაკის“ დროს, როგორც წესი, ექსტაზში შესული ადამიანები გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამენ.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პირველ საუკუნეში კრების შეხვედრაზე უცხო ენაზე უნდა ელაპარაკა ორ ან სამ ადამიანს, ვისაც ჰქონდა ამის უნარი. მათ ეს „რიგ-რიგობით“ უნდა გაეკეთებინათ და, თუ მთარგმნელი არ იქნებოდა, უნდა გაჩუმებულიყვნენ (1 კორ. 14:27, 28). დღესაც ასე ხდება?
იხილეთ აგრეთვე გვერდები 342, 343 („სული“).
შესაძლებელია, რომ ზებუნებრივი უნარის მქონე ადამიანს წმინდა სული არაბიბლიური მოქმედებისკენ უბიძგებდეს?
2 ტიმ. 3:16, 17: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (შეიძლება ვინმე ამბობს, რომ ღვთისგან შთაგონებულ ინფორმაციას აცხადებს. მაგრამ ნამდვილად იქნება ეს ღვთისგან, თუ მისი ნათქვამი არ შეესაბამება იმას, რაც ღვთის სულმა იესოსა და მოციქულების მეშვეობით გააცხადა?).
გალ. 1:8: „თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს“.
ნამდვილად უჭერს მხარს ღვთის სული იმ მიმდინარეობებს, რომლებიც მისაღებად თვლიან „ენებზე ლაპარაკს“? რაზე მეტყველებს მათი მიმდევრების ცხოვრება?
ავლენენ ამ მიმდინარეობების წევრები მთლიანობაში სულის ნაყოფს, მაგალითად რბილ ხასიათსა და თავშეკავებას? გამოირჩევიან ამ თვისებებით მათ რელიგიურ შეხვედრებზე დამსწრეები? (გალ. 5:22, 23).
შეიძლება მათზე იმის თქმა, რომ „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“? მხოლოდ ღვთის სამეფოს უჭერენ მხარს და არ ერევიან პოლიტიკაში? ამბობენ ომების დროს უარს სისხლისღვრაში მონაწილეობაზე? გამოირჩევიან ეს მიმდინარეობები მაღალზნეობრივი ნორმების დაცვით? (იოან. 17:16; ეს. 2:4; 1 თეს. 4:3—8).
„ენებზე ლაპარაკის“ უნარით უნდა განვსაზღვროთ, თუ ვინ არის დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანი?
იოან. 13:35: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.
1 კორ. 13:1, 8: „ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება“.
იესომ თქვა, რომ წმინდა სულის მიღების შემდეგ მისი მიმდევრები მის შესახებ დაამოწმებდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იესოს დავალებით, მათ მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). ვინ ასრულებს დღეს ამ საქმეს? იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, განა ამის მიხედვით არ უნდა განვსაზღვროთ, თუ სინამდვილეში ვის აქვს წმინდა სული?
„სრულყოფილის“ მოსვლამდე უნდა გაგრძელებულიყო „ენებზე ლაპარაკი“?
1 კორინთელების 13:8-ში მოხსენიებულია რამდენიმე სასწაულებრივი ძღვენი — წინასწარმეტყველება, ენები და ცოდნა. მე-9 მუხლში, სადაც კვლავ არის მოხსენიებული ცოდნა და წინასწარმეტყველება, ნათქვამია: „ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ“ (ბსგ). შემდეგ, მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“ (ბსგ). „სრულყოფილის“ ადგილზე ბერძნულ ტექსტში გვხვდება სიტყვა „ტელეიონ“, რომელიც გულისხმობს ზრდადასრულებულს, სრულს, სრულყოფილს. სსგ ამ სიტყვას თარგმნის „სრულქმნილად“. ყურადღება მიაქციეთ, რომ სიტყვა „ნაწილობრივი“ დაკავშირებულია „წინასწარმეტყველებასა“ და „ცოდნასთან“, და არა „ენებზე ლაპარაკთან“. პირველ ქრისტიანებს ღვთის განზრახვა ნაწილობრივ ესმოდათ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი ჰქონდათ. „სრულყოფილი“ ანუ სრული მოვიდოდა, როცა წინასწარმეტყველებები შესრულდებოდა და ღვთის განზრახვა განხორციელდებოდა. ამრიგად, აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს ან როდემდე გაგრძელდებოდა „ენებზე ლაპარაკი“.
თუმცა ბიბლიიდან შესაძლებელია იმის დანახვა, თუ რამდენ ხანს ექნებოდათ ქრისტიანებს უცხო ენებზე ლაპარაკის ძღვენი. წმინდა სულის სხვადასხვა ძღვენი, მათ შორის ენებზე ლაპარაკის უნარი, ადამიანებს ეძლეოდათ მხოლოდ იესო ქრისტეს მოციქულთა „ხელების დადებით“ ან თანდასწრებით (საქ. 2:4, 14, 17; 10:44—46; 19:6; იხილეთ აგრეთვე საქმეების 8:14—18). ასე რომ, მოციქულებისა და იმ ადამიანების სიკვდილის შემდეგ, რომელთაც მიღებული ჰქონდათ სასწაულებრივი ძღვენი, როგორც ჩანს, ღვთის სულის მოქმედება ასეთი სახით აღარ ვლინდებოდა. ამ აზრს მხარს უჭერს ებრაელების 2:2—4, სადაც ნათქვამია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი.
ამტკიცებს მარკოზის 16:17, 18 (ბსგ) იმას, რომ „ახალი ენებით ლაპარაკის“ უნარი მორწმუნეების დამახასიათებელი თავისებურება იქნებოდა?
ამ მუხლების თანახმად, „ახალი ენებით ლაპარაკის“ გარდა მორწმუნეები გველებს აიყვანდნენ ხელში და, რომც დაელიათ რაიმე სასიკვდილო, არ მოკვდებოდნენ. მისაღებია ასეთ რამ ყველასთვის, ვინც „ენებზე ლაპარაკობს“?
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიჩნევს ამ მუხლებს ზოგი მეცნიერი ბიბლიის ნაწილად, იხილეთ 107-ე გვერდზე („განკურნება“).
თუ ვინმე გეუბნება. . .
„გჯერათ ენებზე ლაპარაკის?“
შეგიძლია ასე უპასუხო: «იეჰოვას მოწმეები ბევრ ენაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ჩვენ არ შევდივართ ექსტაზში და არ ვლაპარაკობთ გაურკვეველ ენებზე. როგორ ფიქრობთ, იგივე მიზანი აქვს დღეს „ენებზე ლაპარაკს“, რაც პირველ საუკუნეში ჰქონდა?» შემდეგ შეგიძლია უთხრა: „შესადარებლად მინდა რამდენიმე საინტერესო აზრი გაგიზიაროთ“ (შეგიძლია გამოიყენო 148-ე და 149-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
ან შეგიძლია უთხრა: «ჩვენ გვჯერა, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები „ლაპარაკობდნენ ენებზე“ და ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. იცით, რა მიზანი ჰქონდა ამას?» შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ეს იმას ადასტურებდა, რომ იუდეველთა თაყვანისმცემლობის ნაცვლად ღმერთი ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას იწონებდა“ (ებრ. 2:2—4). 2) „ამან ხელი შეუწყო ქრისტიანებს იმაში, რომ სახარება მოკლე პერიოდში ყველგან ექადაგათ“ (საქ. 1:8).