როგორ განვითარდა სამების დოგმატი?
ახლა, ალბათ, დაგებადება კითხვა: „თუ სამება ბიბლიურ სწავლებას არ წარმოადგენს, მაშ, როგორ გახდა ის ქრისტიანული სამყაროს დოგმატი?“ მრავალი ფიქრობს, რომ ის ახ. წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე შემუშავდა.
მაგრამ ეს მთლად სწორი არ არის. ნიკეის საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ ქრისტე არის ღვთის ერთარსი, რაც მოგვიანებით საფუძვლად დაედო სამების მომხრეთა ღვთისმეტყველებას. მაგრამ მას არ დაუფუძნებია სამების დოგმატი, რადგან იმ კრებაზე არაფერი იყო ნახსენები სულიწმიდაზე, როგორც სამპიროვნული ღვთაების მესამე პირზე.
კონსტანტინეს როლი ნიკეაში
წლების განმავლობაში ბიბლიურ საფუძველზე უამრავი დაპირისპირება იყო იმ მზარდ იდეასთან დაკავშირებით, რომ იესო არის ღმერთი. საკამათო საკითხის გადასაჭრელად, რომის იმპერატორმა, კონსტანტინემ, ყველა ეპისკოპოსი ნიკეაში მიიწვია. მაგრამ, სინამდვილეში, მათგან მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 300 ადამიანი, ესწრებოდა.
კონსტანტინე არ იყო ქრისტიანი. ვარაუდობენ, რომ მან ქრისტიანობა სიცოცხლის ბოლო წლებში მიიღო, მაგრამ არ მონათლულა, სანამ მომაკვდავი ლოგინად არ ჩავარდა. ნაშრომში „ადრინდელი ეკლესია“ (The Early Church) ჰენრი ჩადვიკი მის შესახებ ამბობს: „თავისი მამის მსგავსად, კონსტანტინე უძლეველ მზეს ეთაყვანებოდა. . . ქრისტიანობაში მისი მოქცევა არ უნდა განიმარტებოდეს შინაგანი კეთილგანწყობილების გამოვლინებად. . . ეს სამხედრო საკითხი იყო. მისთვის ქრისტიანული დოგმატი არასდროს ყოფილა ბოლომდე ნათელი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლაში გამარჯვება ქრისტიანთა ღვთის წყალობაზე იყო დამოკიდებული“.
რა როლს ასრულებდა მოუნათლავი იმპერატორი ნიკეის საეკლესიო კრებაში? ენციკლოპედია „ბრიტანიკა‘‘ (The Encyclopædia Britannica) მოგვითხრობს: „კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა, აქტიურად მართავდა დისკუსიებს და პირადად წარადგინა. . . გადამწყვეტი ფორმულა, რომელიც ქრისტეს კავშირს ღმერთთან გამოხატავდა, როგორც ‘თანაარსი მამისა’. . . ორი ადამიანის გარდა, იმპერატორისაგან დაშინებულმა ყველა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერა მრწამსს, თუმცა მრავალმა მათგანმა საკუთარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ“.
მაშასადამე, კონსტანტინეს როლი გადამწყვეტი იყო. ორთვიანი გამწვავებული დებატების შემდეგ ეს წარმართი პოლიტიკოსი ჩაერია და საკითხი იმათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომლებიც ამბობდნენ, ქრისტე ღმერთი არისო. მაგრამ, რატომ? რა თქმა უნდა, არა რამე ბიბლიური მტკიცების საფუძველზე. „კონსტანტინე აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა იმ საკითხებში, რომლებიც წამოჭრილი იყო ბერძნულ ღვთისმეტყველებაში“, — ნათქვამია „ქრისტიანული სწავლების მოკლე ისტორიაში‘‘. ერთადერთი, რაც მას ესმოდა, ის იყო, რომ რელიგიური დაყოფა მის იმპერიას საფრთხეს უქმნიდა და უნდოდა, განემტკიცებინა თავისი სამფლობელო.
მაგრამ არც ერთ ეპისკოპოსს ნიკეაში არ წამოუყენებია სამების საკითხი. მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქრისტეს არსზე და არა სულიწმიდის როლზე. თუ სამება ნათელი ბიბლიური ჭეშმარიტება იყო, იმ დროს განა არ წამოჭრიდნენ საკითხს ამასთან დაკავშირებით?
შემდგომი განვითარება
ნიკეის შემდეგ დებატები ამ საკითხზე ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ვისაც სწამდა, რომ იესო არ იყო ღვთის თანასწორი, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ მოგვიანებით მათ წინააღმდეგ გამოვიდა იმპერატორი თეოდოსიუსი. მან ნიკეის კრების მრწამსი დააწესა, როგორც ნორმა თავისი სამეფოსთვის და ახ. წ. 381 წელს დოგმატში სიცხადის შეტანის მიზნით კონსტანტინოპოლის კრება მოიწვია.
კრებამ დაადგინა, რომ ღმერთსა და ქრისტესთან ერთად სულიწმიდაც ერთ საფეხურზე დაეყენებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყურადღების ცენტრში გამოჩენა დაიწყო ქრისტიანული სამყაროს დოგმატმა სამების შესახებ.
მაგრამ კონსტანტინოპოლის კრების შემდეგაც სამება არ გამხდარა ფართოდ აღიარებული მრწამსი. მრავალი გამოდიოდა მის წინააღმდეგ, რის გამოც თავს დაატყდათ გააფთრებული დევნა. სამების დოგმა მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში ჩამოაყალიბეს დადგენილ მრწამსად. „ამერიკანა“ შენიშნავს: „სამების დოგმატის სრული განვითარება დასავლეთში შუა საუკუნეების სქოლასტიკაში მოხდა, როცა მისი ახსნა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაიწყეს“.
ათანასესეული მრწამსი
სამება უფრო სრულად განისაზღვრება ათანასესეულ მრწამსში. ათანასე იყო მღვდელი, რომელიც ნიკეაში კონსტანტინეს უჭერდა მხარს. მრწამსი, რომელიც მის სახელს ატარებს, აცხადებს: „ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთ ღმერთს სამებაში. . . მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი; მაგრამ ისინი სამი კი არა, მხოლოდ ერთი ღმერთია“.
მაგრამ საქმეში ჩახედული სწავლულები ერთსულოვნად ამბობენ, რომ ეს მრწამსი ათანასეს მიერ არ იყო შედგენილი“. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია‘‘ აღნიშნავს: „ეს მრწამსი აღმოსავლეთის ეკლესიისთვის მე-12 საუკუნემდე უცნობი იყო. მე-17 საუკუნიდან სწავლულები სავსებით ერთსულოვნად ამბობენ, რომ ათანასესეული მრწამსი ათანასეს (გარდაიცვალა 373 წელს) მიერ არ იყო დაწერილი, არამედ ვარაუდობენ, რომ მე-5 საუკუნეში სამხრეთ საფრანგეთში წარმოიშვა. . . როგორც ჩანს, ამ მრწამსს მე-6, მე-7 საუკუნეებში ზეგავლენა ჰქონდა ძირითადად სამხრეთ საფრანგეთსა და ესპანეთში. მე-9 საუკუნეში მას ასწავლიდნენ საეკლესიო ლიტურგიის დროს გერმანიაში, ხოლო უფრო მოგვიანებით — რომში“.
ამგვარად, ქრისტეს დღეების შემდეგ საუკუნეები დასჭირდა, რომ სამება ქრისტიანულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული გამხდარიყო. ყოველივე ამაში რით ხელმძღვანელობდნენ ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას? ღვთის სიტყვით თუ საეკლესიო და პოლიტიკური მოსაზრებებით? ნაშრომში „რელიგიის წარმოშობა და განვითარება“ ე. უ. ჰოფკინზი პასუხობს: „სამების საბოლოო ორთოდოქსული ახსნა უმთავრესად საეკლესიო პოლიტიკის საკითხი იყო“.
განდგომილება ნაწინასწარმეტყველები იყო
სამების ეს სამარცხვინო ისტორია შეესაბამება იმას, რაც იესომ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს თუ რა მოხდებოდა მათ შემდეგ. მათ თქვეს, რომ ქრისტეს დაბრუნებამდე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენისას, ღვთის დღის — ამ სისტემის აღსასრულის — წინ, მოხდებოდა განდგომილება, გადახვევა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან განდგომა.
ამ ‘დღის’ თაობაზე მოციქულმა პავლემ თქვა: „ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი“ (2 თესალონიკელთა 2:3, 7). მოგვიანებით მან იწინასწარმეტყველა: „ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:29, 30). იესოს სხვა მოწაფეებიც წერდნენ ამ განდგომილებისა და მათი ‘ურჯულო’ სამღვდელოების კლასის შესახებ (მაგალითად, იხილე მე-2 პეტრე 2:1; 1-ლი იოანე 4:1–3; იუდა 3, 4).
პავლე აგრეთვე წერდა: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).
იესომ თვითონ ახსნა, რა იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამ მიტოვების მიღმა. მან თქვა, რომ კარგი თესლი დათესა, მაგრამ მტერი, სატანა, ღვარძლს ჩათესავდა ყანაში. ამგვარად, ჯეჯილთან ერთად ღვარძლმაც იჩინა თავი. ასე რომ, ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან გადახვევა მოსალოდნელი იყო მკის დადგომამდე, სანამ ქრისტე მდგომარეობას მოაწესრიგებდა (მათე 13:24–43). „ამერიკანა“ აღნიშნავს: „მეოთხე საუკუნის სამების დოგმატი სწორად არ ასახავდა ადრინდელ ქრისტიანულ სწავლებას ღვთის არსის შესახებ; პირიქით, ის ამ სწავლებიდან გადახვევა იყო“. მაშ, საიდან წარმოიშვა ეს გადახვევა? (1 ტიმოთე 1:6).
რამაც გავლენა მოახდინა მასზე
ძველად, ბაბილონის სამეფოს არსებობის დროს, მთელ მსოფლიოში სამეულში ანუ ტრიადაში დაჯგუფებული წარმართული ღმერთებისადმი თაყვანისმცემლობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ქრისტეს დროს და მის შემდეგაც ეს გავლენა ფართოდ იყო გაბატონებული ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში. მოციქულების სიკვდილის შემდეგ ეს წარმართული მრწამსი ქრისტიანობაში შემოიჭრა.
ისტორიკოსი უილ დიურანტი შენიშნავდა: „ქრისტიანობამ არ მოსპო კერპთაყვანისმცემლობა: მან ის გადმოიღო. . . წარმოდგენა ღვთაებრივი სამების შესახებ ეგვიპტიდან წამოვიდა“. წიგნში „ეგვიპტური რელიგია‘‘ (Egyptian Religion) ზიგფრიდ მორენზი შენიშნავს: „ეგვიპტელი ღვთისმეტყველების ყურადღება ძირითადად სამებით იყო დაკავებული. . . სამი ღმერთი გაერთიანებულია და მიჩნეულია ერთ ღმერთად, რომელსაც მიმართავენ მხოლობით რიცხვში. ამგვარად, პირდაპირ ჩანს ეგვიპტური რელიგიის სულიერი გავლენა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე“.
ამგვარად, ალექსანდრიაში (ეგვიპტე) მესამე საუკუნის დასასრულსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში საეკლესიო პირებმა, მაგალითად, ათანასემ და მისთანებმა, აირეკლეს ეს გავლენა, როცა ჩამოაყალიბეს წარმოდგენა, რომელიც წინ უძღოდა სამებას. მათი პირადი გავლენა ფართოდ გავრცელდა, ისე რომ, მორენზი „ალექსანდრიულ ღვთისმეტყველებას ეგვიპტური რელიგიის მემკვიდრეობასა და ქრისტიანობას შორის შუამავლად მიიჩნევს“.
ედუარდ გიბონის ნაშრომის „ქრისტიანობის ისტორიის“ (History of Christianity) წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „თუ კერპთაყვანისმცემლობა ქრისტიანობის მიერ იყო დაძლეული, თანასწორად ჭეშმარიტია, რომ ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობით იყო შერყვნილი. პირველი ქრისტიანების წმინდა დეიზმი. . . რომის ეკლესიამ სამების გაუგებარი დოგმატით შეცვალა. ეგვიპტელთა მიერ გამოგონებული და პლატონის მიერ იდეალიზირებული მრავალი წარმართული დოგმატი შემონახულ იქნა, როგორც სარწმუნოდ მისაღები“.
„რელიგიური შემეცნების ლექსიკონის‘‘ თანახმად, მრავალი ამბობს, რომ „სამება არის კერპთაყვანისმცემლური რელიგიებიდან ნასესხები და ქრისტიანულ რწმენაზე დამყნობილი დამახინჯება“. „წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში“ კი აცხადებს: „[სამების] წარმოშობა მთლიანად წარმართულია“.
აი, რატომაა, რომ „რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში“ ჯეიმზ ჰასტინგზი წერდა: „მაგალითად, ინდოეთის რელიგიაში ვხვდებით ბრაჰმას, შივასა და ვიშნუს სამების ჯგუფს; ეგვიპტეში — ოსირისის, ისიდასა და ჰოროსის სამების ჯგუფს. . . მხოლოდ ისტორიულ რელიგიებში როდი ვპოულობთ სამებად მიჩნეულ ღმერთს. ეს ვინმეს გაახსენებდა განსაკუთრებით ნეოპლატონურ თვალსაზრისს უზენაესის თუ აბსოლუტური რეალობის შესახებ“, რომელიც არის „სამეულად წარმოდგენილი“. რა საერთო ჰქონდა სამებასთან ბერძენ ფილოსოფოსს, პლატონს?
პლატონიზმი
ვარაუდობენ, რომ პლატონი ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვით 428—347 წლებში. თუმცა ის არ ასწავლიდა სამებას იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, მისმა ფილოსოფიამ გზა გაუკვალა მას. მოგვიანებით წარმოიშვა ფილოსოფიური მიმდინარეობები, რომლებიც ტრიადასთან დაკავშირებულ შეხედულებებს შეიცავდნენ და ისინი ღვთისა და ბუნების შესახებ პლატონისეული იდეების ზეგავლენაში მოექცნენ.
ერთ-ერთი ფრანგული ლექსიკონი პლატონის ზეგავლენის შესახებ ამბობს: „პლატონური სამება მხოლოდ ძველი სამებების სახეცვლილებას წარმოადგენს, რომელმაც დასაბამი ადრინდელი ხალხებიდან აიღო და, როგორც ჩანს, წარმოადგენს იმ ატრიბუტებისგან შემდგარ რაციონალურ ფილოსოფიურ სამებას, რომელმაც დასაბამი მისცა სამ ჰიპოსტაზს, ანუ ღვთაებრივ პიროვნებას, ქრისტიანული ეკლესიების მიერ რომ ისწავლება. . . ამ ბერძენი ფილოსოფოსის კონცეფცია ღვთაებრივი სამების შესახებ. . . შეიძლება იპოვო ყველა უძველეს [წარმართულ] რელიგიაში“ (Nouveau Dictionnaire Universel).
ერთ-ერთი ენციკლოპედია აჩვენებს ამ ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენას: „ლოგოსისა და სამების შესახებ დოგმატებმა ბერძენი მამებისგან მიიღეს ფორმა, რომლებიც. . . პირდაპირ თუ არაპირდაპირ პლატონური ფილოსოფიის ძლიერ ზეგავლენას განიცდიდნენ. . . შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეკლესიაში ეს ცდომილებები თუ დამახინჯებები ამ წყაროდან შემოიპარა“ (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge).
„პირველი სამი საუკუნის ეკლესია“ ამბობს: „სამების დოგმატი თანდათანობით და შედარებით გვიან განვითარდა. . . მან თავისი დასაბამი აიღო წყაროდან, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ებრაულ და ქრისტიანულ წერილებთან. . . ის აღმოცენდა და ქრისტიანობაში დაინერგა პლატონის მიმდევარი მამების ხელით“.
ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის დასასრულისთვის „ქრისტიანობა“ და ახალი პლატონური ფილოსოფიები განუყოფელი გახდა. როგორც ადოლფ ჰარნაკი თავის ნაშრომში შენიშნავს, საეკლესიო მოძღვრება გახდა „ელინიზმის (წარმართული ბერძნული აზროვნება) ნიადაგში მყარად ფესვგადგმული. ამის გამო ქრისტიანთა დიდი უმრავლესობისთვის ის საიდუმლოება გახდა“ (Outlines of the History of Dogma).
ეკლესია აცხადებდა, რომ მისი ახალი დოგმატები დაფუძნებულია ბიბლიაზე. მაგრამ ჰარნაკი ამბობს: „სინამდვილეში, მან [სამებამ] თავისში დააკანონა ელინისტური მოსაზრებები და წარმართული საიდუმლო თაყვანისცემის ცრუ რწმენა და ადათები“.
თავის წიგნში ენდრიუს ნორტონი სამების შესახებ ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ დოგმატის ისტორიას და მისი დასაბამი აღმოვაჩინოთ არა ქრისტიანულ გამოცხადებაში, არამედ პლატონურ ფილოსოფიაში. . . სამება ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლება კი არ არის, არამედ გვიანი პლატონისტების სკოლის ფიქციაა“ (A Statement of Reasons).
ამგვარად, ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ქრისტესა და მისი მოციქულების მიერ ნაწინასწარმეტყველები განდგომილება სრული აყვავების ხანაში შევიდა. სამების განვითარება ამის მხოლოდ ერთი მტკიცება იყო. განდგომილმა ეკლესიებმა ისეთი წარმართული ცნებების მიღება დაიწყეს, როგორიცაა: ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, სულის უკვდავება, კერპთაყვანისმცემლობა. სულიერი გაგებით რომ ვთქვათ, ქრისტიანული სამყარო მასზე ნაწინასწარმეტყველებ ბნელ ეპოქაში შევიდა, სადაც გაბატონებული იყო ‘ურჯულოების კაცის’ მზარდი საეკლესიო კლასი (2 თესალონიკელთა 2:3, 7).
რატომ არ ასწავლიდნენ მას ღვთის წინასწარმეტყველნი?
ათასწლეულების განმავლობაში ღვთის ერთი წინასწარმეტყველი მაინც რატომ არ ასწავლიდა ღვთის ხალხს სამების შესახებ? ბოლოს და ბოლოს, იესო, როგორც დიდებული მასწავლებელი, განა არ გამოიყენებდა შესაძლებლობას და ნათელს არ გახდიდა სამებას თავისი მიმდევრებისთვის? სამება რომ რწმენის „ძირითადი დოგმატი“ ყოფილიყო, განა ღმერთი საღვთო წერილის ასობით გვერდის ინსპირაციისას სამების სწავლების მიზნით არ გამოიყენებდა ზემოხსენებულთაგან ერთ-ერთს მაინც?
სარწმუნოა ქრისტიანებისთვის, რომ ქრისტეს ცხოვრებისა და ბიბლიის დაწერის შთაგონებიდან საუკუნეების შემდეგ ღმერთი დაუბრუნდებოდა იმ სწავლების ფორმულირებას, რომელიც მისი მსახურებისთვის ათასწლეულების განმავლობაში უცნობი იყო, იმას, რაც „ამოუცნობი საიდუმლოა“, „ადამიანის აზროვნებისთვის ჩაუწვდომელია“, იმას, რასაც საერთო აღიარებით წარმართული წარმოშობა ჰქონდა და „უმთავრესად საეკლესიო პოლიტიკის საკითხს“ წარმოადგენდა?
ისტორიის მოწმობა ნათელია: სამების დოგმატი არის ჭეშმარიტებიდან გადახვევა და მისგან განდგომა.
[ჩანართი 8 გვერდზე]
‘მეოთხე საუკუნის სამების დოგმატი ადრინდელი ქრისტიანული სწავლებიდან გადახვევა იყო’ („ამერიკანა“)
[ჩარჩო 9 გვერდზე]
„დიდებული ღმერთების ტრიადა“
ქრისტემდე მრავალი საუკუნით ადრე ძველ ბაბილონსა და ასურეთში იყო ღმერთების ტრიადები, ანუ სამებები. ფრანგული „ლარუსის მითოლოგიური ენციკლოპედია“ (Larousse Encyclopedia of Mythology) აღნიშნავს ერთ-ერთ ამგვარ ტრიადას მესოპოტამიის მხარეში: „სამყარო სამ რეგიონად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული გახდა თითოეული ღვთის სამფლობელო. ანუს წილი იყო ცა. დედამიწა ენლილეს მიეცა. ეა წყალთა მეუფე გახდა. ყველა ერთად დიდებული ღმერთების ტრიადას შეადგენდა“.
[ჩარჩო 12 გვერდზე]
ინდუიზმის სამება
ინდუიზმის სამების შესახებ, რომელიც ქრისტემდე საუკუნეებით ადრე არსებობდა, წიგნი „ინდუიზმის ღმერთებისა და რიტუალების სიმბოლიზმი“ (The Symbolism of Hindu Gods and Rituals) ამბობს: «შივა არის სამების ღმერთებიდან ერთ-ერთი. მის შესახებ ნათქვამია, რომ არის „მნგრეველი ღმერთი“. სხვა ორი ღმერთი არის ბრაჰმა — „შემოქმედი“ ღმერთი და ვიშნუ — „მფარველი“ ღმერთი. . . იმის საჩვენებლად, რომ ეს სამი პროცესი არის ერთი და იგივე, ეს სამი ღმერთი ერთ სახეშია გაერთიანებული» (გამოცემულია ა. პართასარათის მიერ, ბომბეი).
[სურათი 8 გვერდზე]
„კონსტანტინე აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა იმ საკითხებში, რომლებიც წამოჭრილი იყო ბერძნულ ღვთისმეტყველებაში‘‘ („ქრისტიანული სწავლების მოკლე ისტორია‘‘).
[სურათები 10 გვერდზე]
1). ეგვიპტე. ჰოროსის, ოსირისის და ისიდას ტრიადა, ძვ. წ. მე-2 ათასწლეული.
2). ბაბილონი. იშთარის, სინის და შამაშის ტრიადა, ძვ. წ. მე-2 ათასწლეული.
3). პალმირა. მთვარის ღმერთის, ცათა უფლისა და მზის ღმერთის ტრიადა, ახ. წ. დაახლოებით 1-ლი საუკუნე.
4). ინდოეთი. სამერთიანი ინდური ღვთაება, ახ. წ. დაახლოებით მე-7 საუკუნე.
5). კამპუჩია. სამერთიანი ბუდისტური ღვთაება, ახ. წ. დაახლოებით მე-12 საუკუნე.
6). ნორვეგია. სამება (მამა, ძე და სულიწმიდა), ახ. წ. დაახლოებით მე-13 საუკუნე.
7). საფრანგეთი. სამება, ახ. წ. დაახლოებით მე-14 საუკუნე.
8). იტალია. სამება, ახ. წ. დაახლოებით მე-15 საუკუნე.
9). გერმანია. სამება, ახ. წ. დაახლოებით მე-19 საუკუნე.
10). გერმანია. სამება, ახ. წ. მე-20 საუკუნე.