ბიბლიის წიგნი 59 — იაკობი
დამწერი: იაკობი
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ახ. წ. 62 წლამდე
1. რატომ შეიძლება საეჭვო იყოს ის ფაქტი, რომ ეს წერილი იესოს ნახევარძმამ, იაკობმა დაწერა?
„ჭკუაზე შეიშალა“, — ასე ფიქრობდნენ იესოზე მისი ნათესავები. როცა დედამიწაზე მსახურობდა, „სინამდვილეში, მის ძმებს არ სწამდათ ის“. იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა არ იყვნენ იესოს პირველ მოწაფეთა შორის (მარ. 3:21; იოან. 7:5; მათ. 13:55). მაშ, რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ „იაკობის წერილი“ იესოს ნახევარძმამ, იაკობმა დაწერა?
2. რა ამტკიცებს, რომ „იაკობის წერილი“ იესოს ნახევარძმამ დაწერა?
2 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო იაკობს ეჩვენა. ეს მას უდავოდ დაარწმუნებდა იმაში, რომ იესო მესია იყო (1 კორ. 15:7). საქმეების 1:12—14-დან ვხედავთ, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე მარიამი და იესოს ძმები იერუსალიმში იყვნენ ზემოთა ოთახში სალოცავად შეკრებილ მოციქულებთან ერთად. იქნებ ეს წერილი მოციქულმა იაკობმა დაწერა და არა იესოს ძმამ? ამ წიგნის დამწერი დასაწყისში თავს „უფალ იესო ქრისტეს მონას“ უწოდებს და არა მოციქულს. „იუდას წერილის“ დასაწყისში იუდა თავის თავზე ამბობს: „იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა“ (იაკ. 1:1; იუდ. 1). ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იესოს ნახევარძმებმა, იაკობმა და იუდამ, დაწერეს წიგნები, რომლებიც მათ სახელს ატარებს.
3. რატომ იყო იაკობი შესაფერისი ადამიანი იმისათვის, რომ ქრისტიანული კრებისთვის რჩევები მიეწერა?
3 იაკობი ნამდვილად შესაფერისი ადამიანი იყო იმისათვის, რომ ქრისტიანული კრებისთვის რჩევები მიეწერა. ის იერუსალიმის კრებაში ზედამხედველად მსახურობდა და მას დიდ პატივს სცემდნენ. პავლე როგორც კეფასა და იოანეს, ასევე „უფლის ძმა იაკობს“ კრების ერთ-ერთ „ბურჯს“ უწოდებს (გალ. 1:19; 2:9). იაკობის ავტორიტეტულობაზე ისიც მეტყველებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პეტრემ თავისი ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა „იაკობსა და ძმებს“. სწორედ იაკობი ლაპარაკობდა „მოციქულებისა და უხუცესების“ სახელით, როცა პავლე და ბარნაბა იერუსალიმში ჩავიდნენ წინადაცვეთასთან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ „იაკობის წერილი“ და კრებებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც იერუსალიმში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა, იწყება სიტყვით: „მოგესალმებით!“. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ორივე წერილს ერთი ავტორი ჰყავს (საქ. 12:17; 15:13, 22, 23; იაკ. 1:1).
4. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წერილი ახ. წ. 62 წლამდე დაიწერა?
4 ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის გადმოცემით, იაკობის ჩაქოლვაში ბრალი მიუძღოდა სადუკეველ მღვდელმთავარ ანანუსს (ანანიას). ეს მოხდა დაახლოებით ახ. წ. 62 წელს რომაელი მმართველის, ფესტუსის, სიკვდილის შემდეგ და მანამდე, ვიდრე მის ადგილს ალბინუსი დაიკავებდაa. მაგრამ როდის დაწერა იაკობმა წერილი? იაკობმა წერილი იერუსალიმიდან მისწერა „მიმოფანტულ“ თანამორწმუნეებს (იაკ. 1:1). გარკვეული დრო დასჭირდებოდა ახ. წ. 33 წელს მოწაფეებზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ ქრისტიანობის გავრცელებას და იმ არასახარბიელო მდგომარეობის შექმნას, რომელზეც წერილშია ლაპარაკი. გარდა ამისა, წერილიდან ჩანს, რომ პატარა ჯგუფების ნაცვლად ქრისტიანებს უკვე ორგანიზებული კრებები ჰქონდათ. ამ კრებებში მსახურობდნენ სულიერად მოწიფული „უხუცესები“, რომლებსაც შეეძლოთ სუსტებისთვის ლოცვა და დახმარების გაწევა. დრო დასჭირდებოდა იმასაც, რომ კრებაში თვითკმაყოფილების სულს შეეღწია და ფორმალიზმს ეჩინა თავი (2:1—4; 4:1—3; 5:14; 1:26, 27). აქედან გამომდინარე, თუ დავუჯერებთ ფლავიუსის გადმოცემას ფესტუსის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ და ისტორიულ წყაროებს, რომელთა მიხედვითაც ფესტუსი დაახლოებით ახ. წ. 62 წელს მოკვდა, იაკობს თავისი წერილი ახ. წ. 62 წლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა დაეწერა.
5. რა ამტკიცებს „იაკობის“ კანონიკურობას?
5 რაც შეეხება „იაკობის“ კანონიკურობას, ის გვხვდება ვატიკანის (№1209), სინურ და ალექსანდრიის ხელნაწერებში. ის შესულია, სულ მცირე, ათ უძველეს ნუსხაში, რომლებიც კართაგენის საეკლესიო კრებამდეა (ახ. წ. 397) შედგენილიb. „იაკობს“ ხშირად ციტირებდნენ ადრინდელი საეკლესიო მწერლები. გარდა ამისა, წიგნის შინაარსი ყოველმხრივ შეესაბამება ღვთისგან შთაგონებულ სხვა წერილებს.
6. ა) რის გამო გადაწყვიტა იაკობმა წერილის დაწერა? ბ) როგორ განამტკიცებს იაკობის წერილი პავლეს არგუმენტებს რწმენასთან დაკავშირებით?
6 რატომ დაწერა იაკობმა ეს წერილი? წერილიდან ჩანს, რომ კრებაში ძმებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ქრისტიანულ ნორმებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ და ზოგჯერ უგულებელყოფდნენ კიდეც, რის გამოც ზოგი ქვეყნიერებას დაუმეგობრდა და სულიერი გაგებით მრუში გახდა. კრიტიკულად განწყობილი ზოგი ადამიანი ამბობს, რომ იაკობის წერილი, რომელიც რწმენის საქმეებით დამტკიცებისკენ მოგვიწოდებს, ეწინააღმდეგება პავლეს წერილებს, რომლებშიც ხსნა რწმენასთან არის დაკავშირებული და არა საქმეებთან. მაგრამ კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ იაკობი ყურადღებას ამახვილებს რწმენაზე, რომელიც სიტყვებთან ერთად საქმეებითაც უნდა მტკიცდებოდეს, პავლეს კი მხედველობაში აქვს კანონით დადგენილი საქმეები. ამრიგად, იაკობი განამტკიცებს პავლეს არგუმენტებს და უფრო მეტ ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ უნდა ვლინდებოდეს რწმენა. იაკობის რჩევები დღევანდელ ქრისტიანებს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაშიც დაეხმარება.
7. როგორ გამოიყენა იაკობმა იესოს სწავლების მეთოდი და რა გავლენას ახდენს ეს მის რჩევებზე?
7 რწმენისა და მოთმინების მნიშვნელოვნების დასანახვებლად იაკობს მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველებთან, ხომალდებთან, მიწათმოქმედთან და მცენარეებთან. ამით იაკობმა მიჰბაძა იესოს სწავლების მეთოდს, რაც მის რჩევებს განსაკუთრებულ ძალას მატებს. წერილიდან აგრეთვე ვხედავთ, რომ იაკობს კარგად ესმოდა, თუ რა აღძრავს ადამიანს ამა თუ იმ მოქმედებისკენ.
შინაარსი
8. რა მოჰყვება მოთმინებას და რა — არასწორ სურვილებს?
8 „სიტყვის შემსრულებელნი“ მოთმინებით იტანენ ყოველივეს (1:1—27). იაკობი გამამხნევებელი სიტყვებით იწყებს წერილს: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით“. მოთმინება აუცილებელია სრულყოფისთვის. თუ ვინმეს სიბრძნე აკლია, გამუდმებით უნდა სთხოვოს ღმერთს ის რწმენით ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს. ღარიბი ამაღლდება, მდიდარი კი მინდვრის ყვავილივით გაქრება. ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან „მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა“. ღმერთი არავის სცდის ბოროტებით. თითოეულს სცდის საკუთარი არასწორი სურვილი, რომელიც განაყოფიერების შემდეგ შობს ცოდვას, ხოლო ცოდვა ბადებს სიკვდილს (1:2, 12, 22).
9. როგორ უნდა იქცეოდნენ „სიტყვის შემსრულებელნი“ და როგორი თაყვანისცემა მოსწონს ღმერთს?
9 ყოველი კარგი ძღვენი „ციურ მნათობთა მამისგან მოდის“, რომელიც არასდროს იცვლება. იაკობი ამბობს: „მან მოისურვა და ჭეშმარიტების სიტყვით გაგვაჩინა, რომ მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი ვყოფილიყავით“. ამიტომ ქრისტიანები სწრაფი უნდა იყვნენ მოსმენაში და ნელი სიტყვასა და რისხვაში. მათ უნდა მოიშორონ ყოველგვარი სიბინძურე და უზნეობა და მიიღონ სიტყვა, რომელსაც ხსნა შეუძლია. „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“. ვინც უკვირდება სარკესთან შედარებულ თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, „ბედნიერი იქნება“. თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს, მისი თაყვანისცემა ფუჭია. „ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (1:17, 18, 22, 25, 27).
10. ა) რას უნდა მოერიდონ ქრისტიანები? ბ) რა კავშირია რწმენასა და საქმეებს შორის?
10 რწმენას საქმეები ასრულყოფილებს (2:1—26). ძმები მიკერძოებას ავლენენ და მდიდრებს ღარიბებზე მაღლა აყენებენ. მაგრამ „განა ქვეყნიერების ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები და სამეფოს მემკვიდრეები“? განა მდიდრები არ ჩაგრავენ ქრისტიანებს? ძმები არ უნდა ავლენდნენ მიკერძოებას და უნდა ასრულებდნენ დიდებულ კანონს: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ისინი აგრეთვე უნდა ავლენდნენ გულმოწყალებას, რადგან ვინც მთელ კანონს იცავს, მაგრამ ერთ-ერთში ცდება, ყველაფერში დამნაშავე ხდება. რწმენა საქმეების გარეშე უსარგებლოა. ეს ისევე უსარგებლოა, როგორც გაჭირვებული ძმისთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ ‘თავი არ მოიმშიოს და არ შეიციოს’. შეიძლება რწმენის ჩვენება საქმეების გარეშე? განა აბრაამის რწმენა საქმეებმა არ გაასრულყოფილა, როცა ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა? მეძავი რახაბიც „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“. ამგვარად, საქმეების გარეშე რწმენა მკვდარია (2:5, 8, 16, 19, 25).
11. ა) რა მაგალითები მოჰყავს იაკობს ენასთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა აჩვენოს ადამიანმა, რომ ბრძენი და შეგნებულია?
11 ენის ალაგმვა და სიბრძნე (3:1—18). ძმებიდან ყველა არ უნდა გახდეს მასწავლებელი, უფრო მკაცრად რომ არ გასამართლდნენ. ყველა ხშირად ვცდებით. ლაგმით ცხენს იმორჩილებენ, პატარა საჭით დიდი ხომალდი იმართება. მსგავსად ამისა, პატარა ენას დიდი ძალა აქვს. ენა ცეცხლივითაა, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა. მხეცების მოთვინიერება უფრო ადვილია, ვიდრე ენის. ენა ადიდებს იეჰოვას და იგივე ენა წყევლის ადამიანებს. ეს არ არის კარგი. განა ერთი და იმავე სათავიდან მოდის მტკნარი და მწარე წყალი? განა შეიძლება ლეღვმა ზეთისხილი მოისხას ან ვაზმა — ლეღვი? განა შეიძლება მლაშე წყლის სათავიდან მტკნარი წყალი მოედინებოდეს? იაკობი ასეთ კითხვას სვამს: „ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული?“. დაე, აჩვენოს მან თავისი საქმეები რბილი ხასიათით და მოერიდოს შუღლსა და ტრაბახს. „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (3:13, 17).
12. ა) რა არასახარბიელო სიტუაცია იყო კრებაში და რის გამო? ბ) რას უნდა მოერიდონ ძმები და რა თვისებას იწონებს იეჰოვა?
12 ვნებების მოთოკვა და ქვეყნიერებასთან მეგობრობა (4:1—17). „რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას?“. ამ კითხვას იაკობი თავადვე პასუხობს: „განა თქვენივე სხეულის ნაწილებში მებრძოლი ვნებები არა?!“. ზოგს ცუდი განზრახვა აქვს. ვინც ქვეყნიერებასთან მეგობრობს, „მრუში“ და ღვთის მტერია. ამიტომ იაკობი ამბობს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. იეჰოვა თავმდაბლებს აამაღლებს. ძმებმა არ უნდა გაასამართლონ ერთმანეთი. არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე, ამიტომ ისინი უნდა ამბობდნენ: „თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმას“. სიამაყე ბოროტებაა. ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება (4:1, 4, 7, 8, 15).
13. ა) რატომ უნდა იტირონ მდიდრებმა? ბ) როგორ გვანახვებს „იაკობი“ მოთმინების აუცილებლობას და იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება მოთმინებას?
13 ბედნიერია ის, ვინც ითმენს სიმართლისთვის (5:1—20). „იტირეთ, მდიდრებო, და იღრიალეთ“, — ამბობს იაკობი. ‘თქვენი სიმდიდრის ჟანგი თქვენ წინააღმდეგ დაამოწმებს. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ყურამდე მიაღწია მომკელთა ღაღადმა, რომლებსაც გასამრჯელო დაუკავეთ. თქვენ ფუფუნებაში ცხოვრობდით და განცხრომას ეძლეოდით. მსჯავრი დასდეთ მართალს და მოკალით’. ძმებმა უნდა მოითმინონ უფლის მოსვლამდე ისე, როგორც მიწათმოქმედი ელის მოსავალს. მათ მოთმინებაში უნდა მიჰბაძონ წინასწარმეტყველებს, „რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ“. ბედნიერია ის, ვინც მოითმინა. ძმებმა უნდა გაიხსენონ იობის მოთმინება და ის, თუ რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის, „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (5:1—6, 10, 11).
14. რას ამბობს იაკობი ცოდვის აღიარებასთან და ლოცვასთან დაკავშირებით?
14 ძმებმა აღარ უნდა დაიფიცონ. მათი „დიახ [უნდა] იყოს დიახ, არა კი — არა“. მათ გულახდილად უნდა აღიარონ ცოდვები და ილოცონ ერთმანეთისთვის, რადგან, როგორც ელიას შემთხვევიდან გამოჩნდა, „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“. ვინც გზასაცდენილს მოაბრუნებს, „სიკვდილისგან იხსნის მის სულს და უამრავ ცოდვას დაფარავს“ (5:12, 16, 20).
რატომ არის სასარგებლო
15. როგორ უკავშირებს იაკობი ებრაულ წერილებს ქრისტიანთა ცხოვრებას? ახსენით.
15 მართალია იაკობი მხოლოდ ორჯერ მოიხსენიებს იესოს (1:1; 2:1), მაგრამ სწორედ მის სწავლებებზე აფუძნებს თავის რჩევებს. ამას თვალნათლივ დავინახავთ, თუ იაკობის წერილს მთაზე ქადაგებას შევადარებთ. იეჰოვას სახელს ის 13-ჯერ მოიხსენიებს („ახალი ქვეყნიერების თარგმანი“). იაკობი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის, ვინც რწმენას ინარჩუნებს, ღვთის კურთხევებს მიიღებს (4:10; 5:11). ქრისტიანებისთვის რჩევების მისაცემად იაკობს მაგალითები და სათანადო ციტატები მოჰყავს ებრაული წერილებიდან. იმის საჩვენებლად, რომ ებრაულ წერილებს ციტირებს, ის ამბობს: „როგორც დაწერილია“, „შესრულდა დაწერილი“ და „არის დაწერილი“. შემდეგ ამ მუხლებს ქრისტიანთა ცხოვრებას უკავშირებს (2:8, 23; 4:5). რჩევების მისაცემად და ღვთის სიტყვისადმი რწმენის გასაძლიერებლად იაკობი მოიხსენიებს აბრაამის რწმენას, რახაბის რწმენის დამამტკიცებელ საქმეებს, იობის მოთმინებასა და ელიას ლოცვას (იაკ. 2:21—25; 5:11, 17, 18; დაბ. 22:9—12; იეს. 2:1—21; იობ. 1:20—22; 42:10; 1 მეფ. 17:1; 18:41—45).
16. რა რჩევებსა და გაფრთხილებებს აძლევს იაკობი ქრისტიანებს და საიდან მომდინარეობს ეს სიბრძნე?
16 იაკობი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, სიმართლის საქმეებით დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა, სიხარულით შევხვდეთ განსაცდელებს, ვთხოვოთ ღმერთს სიბრძნე, ყოველთვის დავუახლოვდეთ მას ლოცვით და შევასრულოთ დიდებული კანონი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (იაკ. 1:22; 2:24; 1:2, 5; 4:8; 5:13—18; 2:8). ის მკაცრ გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც არასწორად ასწავლის, ენას ვერ ათვინიერებს, კრების წევრებს ფენებად ჰყოფს, საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებს და ხრწნად სიმდიდრეზე ამყარებს იმედს (3:1, 8; 2:4; 4:3; 5:1, 5). იაკობი არაორაზროვნად ამბობს, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა სულიერი გაგებით მრუშობა და ღვთის მტრობაა და განმარტავს, თუ რა არის ღვთის თვალში წმინდა თაყვანისმცემლობა; კერძოდ კი ის, რომ „მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (4:4; 1:27). გასაკვირი არ არის, რომ იაკობი, ქრისტიანული კრების „ბურჯი“, ასეთ პრაქტიკულ და ადვილად გასაგებ რჩევებს აძლევს ქრისტიანებს (გალ. 2:9). იაკობის წერილი ჩვენს რთულ დროშიც პრაქტიკულია, რადგან მასში არის „ზემოდან მომავალი სიბრძნე“, რომელიც წარმოშობს „სიმართლის ნაყოფს“ (3:17, 18).
17. რა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ბოლომდე ერთგულები ვიყოთ?
17 იაკობს სურდა, დახმარებოდა თავის ძმებს სიცოცხლის მიღებაში. ის მათ მოუწოდებს: „თქვენც მოითმინეთ, განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო“. ბედნიერი იქნება ის, ვინც განსაცდელებს გაუძლებს, რადგან ღვთის მოწონებას დაიმსახურებს და „მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა“ (5:8; 1:12). ამგვარად, იაკობი ხაზს უსვამს იმას, რომ სიცოცხლის გვირგვინი, იქნება ეს ზეცაში უკვდავება თუ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე, მტკიცე საფუძველს გვაძლევს მოთმინებისა და ერთგულებისთვის. აშკარაა, რომ იაკობის ეს შესანიშნავი წერილი სტიმულს აძლევს ყველას, ისწრაფონ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ზეცაში თუ დედამიწაზე იეჰოვას მიერ დამყარებულ ახალ ქვეყნიერებაში, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე უხელმძღვანელებს (2:5).
[სქოლიოები]
a Jewish Antiquities, XX, 197—200 (ix, 1); Webster’s New Biographical Dictionary, 1983, გვ. 350.
b იხილეთ ცხრილი 303-ე გვერდზე.