ნაწილი 9
საიდან ვიცით, რომ ვცხოვრობთ „უკანასკნელ დღეებში“
1, 2. საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ვცხოვრობთ უკანასკნელ დღეებში?
როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ღმერთის სამეფო მიიღებს ზომებს ადამიანთა მმართველობის არსებული სისტემის წინააღმდეგ? საიდან შეიძლება ვიცოდეთ, რომ ის დრო როდესაც ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და ტანჯვას, ძალიან ახლოსაა?
2 იესო ქრისტეს მოწაფეებსაც სურდათ სცოდნოდათ ეს. მათ ჰკითხეს იესოს, თუ რა იქნებოდა სამეფო ხელისუფლებაში მისი თანდასწრებისა და „წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“ (მათე 24:3). პასუხის გაცემისას, იესომ დაწვრილებით აღწერა მთელი მსოფლიოს შემარყეველი მოვლენები და პირობები, რომლებიც ცხადყოფს, რომ კაცობრიობამ შეაბიჯა ‘ბოლო დროში’, ამ სისტემის ‘უკანასკნელ დღეებში’, (დანიელი 11:40; 2 ტიმოთე 3:1). ვხედავთ თუ არა ჩვენს საუკუნეში ამ შედგენილ ნიშანს? დიახ, ვხედავთ — და ამასთანავე ნათლად!
მსოფლიო ომები
3, 4. როგორ შეესაბამება XX საუკუნის ომები იესოს წინასწარმეტყველებას?
3 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). 1914 წელს მთელი მსოფლიო იყო ჩაბმული ომში, რომელსაც ყველა წარსული ომებისგან განსხვავებით ახასიათებდა ერებისა და სამეფოების მობილიზაცია. ამ ფაქტის აღიარებით ისტორიკოსებმა ამ ომს „ტოტალური ომი“ უწოდეს. თავისი ხასიათით ასეთი ომი პირველი იყო ისტორიაში — პირველი მსოფლიო ომი. დაახლოებით 20 000 000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი გამოესალმა სიცოცხლეს, რამაც გაცილებით გადააჭარბა წარსულში ნებისმიერი ომის დროს დაღუპულთა რიცხვს.
4 პირველი მსოფლიო ომი იყო უკანასკნელი დღეების დასაწყისის აღმნიშვნელი. იესომ თქვა, რომ ეს და ამასთანავე სხვა მოვლენებიც იქნებოდა, „ტკივილთა დასაწყისი“ (მათე 24:8). როგორც ჩანს, მისი სიტყვები გამართლდა, რადგან მეორე მსოფლიო ომი იყო უფრო მეტად დამანგრეველი — დაიღუპა დაახლოებით 50 000 000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. XX საუკუნეში ომებს შეეწირა 100 000 000-ზე მეტი ადამიანი, რაც ოთხჯერ აღემატება გასული 400 წლის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვს! რაოდენ დიდი ბრალი მიუძღვის ადამიანთა მმართველობას!
სხვა დამამტკიცებელი საბუთები
5-7. სხვა რა მტკიცებები არსებობს, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?
5 იესომ აღნიშნა სხვა ნიშნებიც, რაც უკანასკნელი დღეების თანმხლები იქნებოდა: „და იქნება დიდი მიწისძვრანი, და ადგილ-ადგილ მოსვრა [ავადმყოფობათა ეპიდემიები] და შიმშილობანი“ (ლუკა 21:11). ეს სავსებით შეესაბამება 1914 წელს დაწყებულ მოვლენებს, ვინაიდან ამ უბედურებებმა გამოიწვია ტანჯვა-წამებათა კოლოსალური ზრდა.
6 განუწყვეტლივ ხდება დიდი მიწისძვრები, რომელსაც ეწირებოდა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. მხოლოდ გრიპმა ესპანკამ, რომელიც თან მოჰყვა პირველ მსოფლიო ომს, შეიწირა დაახლოებით 20 000 000 ადამიანი — ზოგიერთის აზრით კი 30 000 000 ან უფრო მეტი. ასიათასობით სიცოცხლე მიაქვს შიდს-ს და არც თუ შორეულ მომავალში, მან შეიძლება იმსხვერპლოს კიდევ მილიონები. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება გულის, კიბოსა და სხვა დაავადებებისაგან. დანარჩენი მილიონები შიმშილისაგან ნელი სიკვდილით იღუპებიან. უსათუოდ, 1914 წლიდან „აპოკალიფსის მხედრები“, რომელთაც თან მოაქვთ ომები, საკვები პროდუქტების უკმარისობა და ავადმყოფობათა ეპიდემიები, დაღუპავენ საკაცობრიო ოჯახის აურაცხელი რაოდენობის წევრებს (გამოცხადება 6:3-8).
7 იესომ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა დანაშაულობათა ზრდა, რაც ამჟამად მთელ მსოფლიოში ხდება. მან თქვა: „და რაკი გამრავლდება უსჯულოება, მრავალს გაუნელებს სიყვარულს“ (მათე 24:12).
8. როგორ შეესაბამება ჩვენს დროს, ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეს მე-3 თავში მოყვანილი წინასწარმეტყველება?
8 შემდეგ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა მორალის დაცემა, რაც აშკარად შეინიშნება მთელ მსოფლიოში: „უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი. გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო გულისთქმის ამყოლნი, ვიდრე ღმერთის მოყვარენი, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ, ასეთებს ერიდე. . . ბოროტი ადამიანები და მატყუარები კი წინ წაიწევენ ბოროტებაში“ (2 ტიმოთე 3:1-13). ყოველივე ეს აღსრულდა ჩვენს თვალწინ.
კიდევ ერთი ფაქტორი
9. ზეცაში მომხდარი რომელი მოვლენა დაემთხვა დედამიწაზე უკანასკნელი დღეების დასაწყისს?
9 არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ტანჯვის ზრდა ჩვენს საუკუნეში. მოხდა მნიშვნელოვანი რამ, რაც დაემთხვა ბოლო დღეების დასაწყისს, 1914 წელს და კაცობრიობა მეტი საშიშროების წინაშე დააყენა. იმ დროს, როგორც ბიბლიის უკანასკნელი წიგნის წინასწარმეტყველება იტყობინება: „მოხდა ცაში ომი: მიქაელი [ცაში გამეფებული ქრისტე] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს [სატანას], და იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები [დემონები], მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. და გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მსოფლიოს მაცდუნებელი, და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხადება 12:7-9).
10, 11. როგორი ზეგავლენა იქონია კაცობრიობაზე ზეციდან დედამიწაზე სატანისა და მისი დემონების ჩამოგდებამ?
10 როგორ იმოქმედა ამ მოვლენამ კაცობრიობაზე? წინასწარმეტყველება აგრძელებს: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო ცოტა აქვს!“ დიახ, სატანამ იცის, რომ მისი სისტემა აღსასრულს უახლოვდება. ამიტომ, ვიდრე თავის ქვეყნიერებასთან ერთად განადგურდებოდეს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ კაცობრიობა ჩამოაშოროს ღმერთს (გამოცხადება 12:12; 20:1-3). რამდენად ზნედაცემულნი გახდნენ ეს სულიერი ქმნილებები, რადგან ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება! როგორი საშინელი პირობები ვითარდება დედამიწაზე მათი ზეგავლენის გამო, განსაკუთრებით 1914 წლიდან!
11 არ არის გასაკვირი, რომ იესომ იწინასწარმეტყველა ჩვენი დროის შესახებ: „დედამიწაზე [იქნება] ხალხთა შეშფოთება. . . ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მომავალთა მოლოდინით. . .“ (ლუკა 21:25, 26).
ახლოსაა ადამიანთა და დემონთა მმართველობის აღსასრული
12. რომელია ერთ-ერთი ბოლო წინასწარმეტყველება, რომელიც უნდა აღსრულდეს ამ ბოროტი სისტემის განადგურებამდე?
12 ბიბლიის კიდევ რამდენი წინასწარმეტყველება არის შესასრულებელი, სანამ ღმერთი გაანადგურებს არსებულ სისტემას? ძალიან ცოტა! უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 1 თესალონიკელთა 5:3-ში, სადაც ნათქვამია: «როცა იტყვიან [ილაპარაკებენ]: „მშვიდობა და უსაფრთხოება“, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება». ეს გვიჩვენებს, რომ ამ სისტემის აღსასრული დაიწყება მაშინ, ‘როცა ილაპარაკებენ’. განადგურება მოულოდნელად დაატყდება მსოფლიოს, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ელოდებიან და როცა კაცობრიობის ყურადღება გამახვილებული იქნება ადამიანთაგან მოსალოდნელ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
13, 14. ჭირის რომელ დროის შესახებ წინასწარმეტყველებდა იესო და რით დასრულდება ის?
13 სატანის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნიერების დრო იწურება. მალე ქვეყნიერება მიუახლოვდება აღსასრულს, ჭირის დროს, რომლის შესახებაც იესომ თქვა: „მაშინ იქნება დიდი ჭირი, როგორიც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან ახლანდლამდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21).
14 ‘დიდი ჭირის’ აპოგეა იქნება ღმერთის ომი — არმაგედონი. დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, ეს მოხდება იმ დროს, როცა ღმერთი „შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს“. ეს იქნება ღმერთისაგან დამოუკიდებელი, ამჟამად არსებული, ადამიანთა მმართველობების აღსასრულის აღმნიშვნელი. მისი ზეციური სამეფო მმართველობა სრულ კონტროლს გაუწევს ადამიანთა მოქმედებებს. დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ მმართველობის უფლებამოსილება მეტად აღარ გადაეცემა ‘სხვა ხალხს’ (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14-16).
15. როგორ შეწყდება სატანისა და მისი დემონების ზეგავლენა?
15 იმ დროს, ასევე, ბოლო მოეღება სატანისა და მისი დემონების ყოველგვარ ზეგავლენას. ეს მეამბოხე სულიერი ქმნილებები ჩამოცილებულნი იქნებიან გზიდან, რომ ‘აღარ აცდინონ ერები’ (გამოცხადება 12:9; 20:1-3). მათ მისჯილი აქვთ სიკვდილი და ელოდებათ განადგურება. როგორი შვება იქნება კაცობრიობისთვის მათი გამხრწნელი ზეგავლენისგან გათავისუფლება!
ვინ გადარჩება? ვინ — არა?
16-18. ვინ გადაიტანს ამ სისტემის აღსასრულს და ვინ — არა?
16 ვინ გადარჩება, როდესაც ღმერთის განაჩენი ქვეყნიერების წინააღმდეგ, სისრულეში იქნება მოყვანილი? ვინ — არა? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთის მმართველობის მსურველნი დაცულნი იქნებიან და გადარჩებიან. ის ადამიანები კი, რომელთაც არ სურთ ღმერთის მმართველობა, განადგურდებიან სატანის ქვეყნიერებასთან ერთად.
17 ასევე იგავნის 2:21, 22-ში ნათქვამია: „ალალმართლები [ღმერთის მმართველობის მორჩილნი] უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები [ღმერთის მმართველობის დაუმორჩილებელნი] ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“.
18 ასევე ფსალმუნის 36:10, 11-ში ნათქვამია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“. 29-ე მუხლი აგრძელებს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“.
19. რომელი რჩევა უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს?
19 ჩვენ გულთან უნდა მივიტანოთ ფსალმუნის 36:34-ის რჩევა: „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“. 37-ე და 38-ე მუხლებში ნათქვამია: „დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება“.
20. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობთ ამაღელვებელ პერიოდში?
20 როგორი მანუგეშებელი და აღმაფრთოვანებელია ცოდნა იმისა, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე და რომ მალე მოუღებს ბოლოს ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას! რაოდენ ამაღელვებელია იმის გაგება, რომ ამ შესანიშნავი წინასწარმეტყველების აღსრულება ასე ახლოსაა!
[სურათი 20 გვერდზე]
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომლებიც უკანასკნელი დღეების „ნიშანს“ შეადგენენ.
[სურათი 22 გვერდზე]
მალე, არმაგედონში, განადგურებულნი იქნებიან ღმერთის მმართველობის დაუმორჩილებელნი. ღმერთის მორჩილნი კი გადარჩებიან და იცხოვრებენ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში.