თავი 7
რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენად
1, 2. ა) რისი საშუალებით მიხვდა რომის ასისთავი, ვინ იყო ღმერთის ძე? ბ) რატომ დაუშვა იეჰოვამ იესოს სიკვდილი?
შუადღისას, გაზაფხულზე, დაახლოებით 2 000 წლის წინ, რომაელი ასისთავი უყურებდა სამ მამაკაცს, რომლებიც ნელ-ნელა კვდებოდნენ მტანჯველი სიკვდილით. ამ ასისთავმა განსაკუთრებით შენიშნა ერთ-ერთი მათგანი — იესო ქრისტე. ის გაკრული იყო ხის ძელზე. იმ მომენტში, როდესაც მისი სიკვდილი მოახლოვდა, შუადღის ცა დაბნელდა. როცა მოკვდა, მიწა ძლიერ შეიძრა და ასისთავმა წამოიძახა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი“ (მარკოზი 15:39).
2 ღვთის ძე! ასისთავი არ ტყუოდა. ის დედამიწაზე ოდესმე მომხდარი მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე იყო. სხვა შემთხვევების დროს ღმერთმა თვითონ უწოდა იესოს საყვარელი ძე (მათე 3:17; 17:5). რატომ დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის სიკვდილი? იმიტომ, რომ ეს იყო ღმერთის ღონისძიება ადამიანების ცოდვისა და სიკვდილისგან დასახსნელად.
არჩეულია განსაკუთრებული მიზნისთვის
3. რატომ იყო ჯეროვანი, რომ ღმერთის მხოლოდშობილი ძე იყო არჩეული განსაკუთრებული მიზნისთვის ადამიანებთან დაკავშირებით?
3 როგორც უკვე გავიგეთ ამ წიგნიდან, იესო არსებობდა განკაცებამდე. მას ეწოდება ღმერთის ‘მხოლოდშობილი ძე’, რადგან ის უშუალოდ იეჰოვამ შექმნა. იმ დროიდან იეჰოვამ იესო გამოიყენა იმისათვის, რომ მისი მეშვეობით შეექმნა ყველაფერი (იოანე 3:18; კოლასელთა 1:16). იესოს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ადამიანების მიმართ (იგავნი 8:30, 31). ამიტომ, როდესაც ადამიანები სიკვდილის სასჯელს დაექვემდებარნენ, გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ განსაკუთრებული მიზნის შესასრულებლად თავისი მხოლოდშობილი ძე ამოირჩია!
4, 5. რა ცხადყო ბიბლიამ მესიანური თესლის შესახებ, დედამიწაზე იესოს მოსვლამდე?
4 როდესაც ედემის ბაღში სასამართლო გადაწყვეტილება გამოჰქონდა ადამის, ევასა და სატანის მიმართ, ღმერთმა მომავალი მხსნელი მოიხსენია, როგორც ‘თესლი’. ეს თესლი, ანუ შთამომავალი მოსპობდა იმ საშინელ პრობლემებს, რომლებიც სატანა ეშმაკმა, ‘ძველმა გველმა’, წარმოქმნა. სინამდვილეში, აღთქმული თესლი გაანადგურებდა სატანასა და ყველა მის მიმდევარს (დაბადება 3:15; 1 იოანე 3:8; გამოცხადება 12:9).
5 საუკუნეების განმავლობაში ღმერთი თანდათანობით უფრო მეტ ახსნას იძლეოდა თესლის შესახებ, რომელსაც აგრეთვე მესია ეწოდება. როგორც 37-ე გვერდზე მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, მრავალი წინასწარმეტყველება დაწვრილებით მოგვითხრობდა დედამიწაზე მისი ცხოვრების მრავალი მხარის შესახებ. მაგალითად, მას უნდა აეტანა საშინელი მოპყრობა, რათა შეესრულებინა თავისი როლი ღმერთის განზრახვაში (ესაია 53:3–5).
რატომ უნდა მომკვდარიყო მესია
6. დანიელის 9:24–26-ის თანახმად, რა უნდა შეესრულებინა მესიას და როგორ?
6 დანიელის 9:24–26-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იტყობინებოდა, რომ მესია — ღმერთის ცხებული — შეასრულებდა დიდებულ განზრახვას. ის მოვიდოდა დედამიწაზე „შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად“. მესია იხსნიდა სიკვდილის განაჩენისგან ერთგულ ადამიანებს. მაგრამ როგორ გააკეთებდა ამას? წინასწარმეტყველება ხსნის, რომ ის ‘მოიკვეთებოდა’, ანუ სიკვდილით დაისჯებოდა.
7. რატომ სწირავდნენ იუდეველები მსხვერპლად ცხოველებს და რისი მომასწავებელი იყო ეს?
7 ძველი ისრაელებისთვის კარგად იყო ცნობილი ცოდვების მიტევების საკითხი. თავიანთ თაყვანისმცემლობაში, რჯულის თანახმად, რომელიც მათ ღმერთმა მოსეს მეშვეობით მისცა, ისინი რეგულარულად სწირავდნენ მსხვერპლად ცხოველებს. ეს შეახსენებდა ისრაელებს, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ რაღაცა, რაც გამოისყიდდა, ანუ დაფარავდა მათ ცოდვებს. პავლე მოციქულმა ეს პრინციპი ასე შეაჯამა: „სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9:22). ქრისტიანები არ არიან დაქვემდებარებული მოსეს რჯულის მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად ცხოველების მსხვერპლად შეწირვა (რომაელთა 10:4; კოლასელთა 2:16, 17). მათ აგრეთვე იციან, რომ ცხოველების შეწირვას არ შეუძლია მუდმივად და სრულიად უზრუნველყოს ცოდვების მიტევება. პირიქით, ეს შესაწირავები უფრო ძვირფასი მსხვერპლის მომასწავებელი იყო, რომელსაც გაიღებდა მესია, ანუ ქრისტე (ებრაელთა 10:4, 10; შეადარე გალატელთა 3:24). მაგრამ, შესაძლოა, იკითხო: „ნამდვილად აუცილებელი იყო, რომ მესია მომკვდარიყო?“
8, 9. რამდენად ძვირფასი იყო ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს და როგორი გავლენა მოახდინა ამან შთამომავლებზე?
8 დიახ, ადამიანები რომ გადარჩენილიყვნენ მესია უნდა მომკვდარიყო. რომ გავიგოთ თუ რატომ, გავიხსენოთ ედემის ბაღი და შევეცადოთ ჩავწვდეთ იმის გრანდიოზულობას, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებისას. მათთვის ხელმისაწვდომი იყო მარადიული სიცოცხლე! როგორც ღმერთის შვილები, ისინი აგრეთვე ტკბებოდნენ ღმერთთან უშუალო ურთიერთობით. მაგრამ როდესაც უარყვეს იეჰოვას მმართველობა, მათ დაკარგეს ყოველივე ეს და ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარეს ადამიანთა მოდგმა (რომაელთა 5:12).
9 ეს ისე იყო, თითქოს, ჩვენმა პირველმა მშობლებმა უგუნურად გაფლანგეს აურაცხელი სიმდიდრე და თავი დიდ ვალში ჩაიგდეს. ადამმა და ევამ ეს ვალი გადასცეს შთამომავლობას. იმის გამო, რომ არ დავბადებულვართ სრულყოფილები და უცოდველები, ყოველი ჩვენგანი ცოდვილია და კვდება. როდესაც ავად ვხდებით ან გამოვთქვამთ რამე საზიანოს, რაზეც ვისურვებდით: „ნეტა არ გვეთქვა“, ჩვენ განვიცდით შთამომავლობით გადმოცემული „ვალის“ გავლენას — ადამიანის არასრულყოფილებას (რომაელთა 7:21–25). ჩვენი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ანაზღაურდეს, რაც ადამმა დაკარგა. მაგრამ ჩვენ ვერ დავიმსახურებთ სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეს. რადგან მთელი არასულყოფილი კაცობრიობა სცოდავს, თითოეული ჩვენგანი იმსახურებს სიკვდილს და არა სიცოცხლეს (რომაელთა 6:23).
10. რა იყო საჭირო იმის გამოსასყიდად, რაც ადამმა დაკარგა?
10 მაგრამ ადამის მიერ დაკარგული სიცოცხლის სანაცვლოდ შეიძლებოდა თუ არა რამის შემოთავაზება? ღმერთის სამართლიანი ნორმები მოითხოვს პროპორციულობას, ‘სიცოცხლეს სიცოცხლის წილ’ (გამოსვლა 21:23). ამიტომ, დაკარგული სიცოცხლის სანაცვლოდ უნდა შეეწირათ სიცოცხლე. მაგრამ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ დააკმაყოფილებდა ამას. ფსალმუნის 48:8, 9 არასრულყოფილი კაცობრიობის შესახებ ამბობს: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე“. ამიტომ, არის თუ არა სიტუაცია უიმედო? არავითარ შემთხვევაში.
11. ა) რას ნიშნავს ებრაულ ენაზე სიტყვა „გამოსასყიდი“? ბ) მხოლოდ ვის შეეძლო კაცობრიობის გამოსყიდვა და რატომ?
11 ებრაულ ენაზე, სიტყვა „გამოსასყიდი“ ნიშნავს თანხას, რომელსაც იხდიან, რათა იხსნან ტყვე და ის აგრეთვე მიუთითებს ეკვივალენტზე. მხოლოდ სრულყოფილი სიცოცხლის მქონე ადამიანს შეეძლო შემოეთავაზებინა იმის ეკვივალენტი, რაც ადამმა დაკარგა. ადამის შემდეგ, ერთადერთი სრულყოფილი პიროვნება, რომელიც დაიბადა დედამიწაზე, იყო იესო ქრისტე. ამიტომ უწოდებს ბიბლია იესოს ‘უკანასკნელ ადამს’ და გვარწმუნებს, რომ ქრისტემ „თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად“ (1 კორინთელთა 15:45; 1 ტიმოთე 2:5, 6). მაშინ, როდესაც ადამმა მემკვიდრეობით სიკვდილი გადასცა თავის შვილებს, იესოს მიერ გადმოცემული მემკვიდრეობა არის მარადიული სიცოცხლე. პირველი კორინთელთა 15:22 ხსნის: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“. ამიტომ, იესოს სათანადოდ ეწოდება „მარადისობის მამა“ (ესაია 9:5, 6).
როგორ იყო გადახდილი გამოსასყიდი
12. როდის გახდა იესო მესია და როგორ ცხოვრებას შეუდგა მას შემდეგ?
12 ახალი წელთაღრიცხვით 29 წლის შემოდგომაზე იესო მოსანათლავად მივიდა თავის ნათესავთან, იოანესთან, და ასეთი სახით საკუთარი თავი წარადგინა ღმერთის ნების შესასრულებლად. ამ დროს იეჰოვამ სცხო იესო თავისი სულიწმიდით. ამგვარად გახდა იესო მესია, ანუ ქრისტე, ღმერთის მიერ ცხებული პიროვნება (მათე 3:16, 17). შემდეგ იესო შეუდგა თავის მსახურებას, რომელიც სამ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ის დადიოდა თავის სამშობლოში, ქადაგებდა ღმერთის სამეფოს შესახებ და აგროვებდა ერთგულ მიმდევრებს. მაგრამ როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მის მიმართ წინააღმდეგობა სწრაფად იზრდებოდა (ფსალმუნი 117:22; საქმეები 4:8–11).
13. როგორმა მოვლენებმა გამოიწვია იესოს, როგორც უმწიკვლოების დამცველის სიკვდილი?
13 იესო გაბედულად ამხელდა რელიგიური წინამძღოლების თვალთმაქცობას და ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ. საბოლოოდ, მათ მოაწყვეს საზიზღარი შეთქმულება, რომელშიც შედიოდა გაცემა, უსაფუძვლო დაპატიმრება, არაკანონიერი დაკითხვა და ცრუ ბრალდებები აჯანყებისკენ მოწოდების შესახებ. იესოს სცემდნენ, აფურთხებდნენ, დასცინოდნენ და შოლტავდნენ, რაც გამიზნული იყო მისი ხორცების ამოსაგლეჯად. შემდეგ რომაელმა გამგებელმა, პონტოელმა პილატემ, მიუსაჯა სიკვდილი ძელზე გაკვრით. ის გააკრეს ხის ძელზე, ჩამოკიდეს ვერტიკალურად. ყოველი შესუნთქვა მტანჯველი იყო მისთვის და საათები დასჭირდა, რომ მომკვდარიყო. ამ მძიმე განსაცდელის განმავლობაში იესომ შეინარჩუნა ღმერთისადმი სრული ერთგულება.
14. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ თავისი ძე დატანჯულიყო და მომკვდარიყო?
14 და ასე, ეს იყო ახალი წელთაღრიცხვით 33 წელი, 14 ნისანი, როდესაც იესომ თავისი სიცოცხლე მისცა „მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკოზი 10:45; 1 ტიმოთე 2:5, 6). იეჰოვა ზეციდან უყურებდა თავისი ძის ტანჯვასა და სიკვდილს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი საშინელება მომხდარიყო? მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ უყვარდა ადამიანები. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). იესოს სიკვდილი აგრეთვე გვასწავლის, რომ იეჰოვა არის სრულყოფილი სამართლიანობის ღმერთი (მეორე რჯული 32:4). ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, თუ რატომ არ აარიდა ღმერთმა თავი საკუთარი სამართლიანობის პრინციპებს, რომელებიც მოითხოვდა სიცოცხლეს სიცოცხლის წილ და რატომ არ უგულებელყო საფასური, რომელიც მოითხოვებოდა ადამის ცოდვილი მოქმედების შედეგად. მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა ყოველთვის თავისი კანონების ერთგულია და მიჰყვება მას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს.
15. იქნებოდა თუ არა უსამართლობა, რომ იესო სამუდამოდ მკვდრად დარჩენილიყო და რა მოიმოქმედა იეჰოვამ?
15 იეჰოვას სამართლიანობა იმასაც მოითხოვდა, რომ იესოს სიკვდილს ბედნიერი შედეგი ჰქონოდა. ბოლოს და ბოლოს, განა სამართლიანი იქნებოდა, რომ ერთგული იესო სამუდამოდ მკვდრად დარჩენილიყო? რა თქმა უნდა, არა! ებრაულმა წერილებმა იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთის ერთგული მსახური არ დარჩებოდა სამარხში (ფსალმუნი 15:10; საქმეები 13:35). იესო მკვდარი იყო სამი არასრული დღე და შემდეგ იეჰოვა ღმერთმა აღადგინა ის, როგორც ძლიერი სულიერი არსება (1 პეტრე 3:18).
16. რა გააკეთა იესომ ზეცაში დაბრუნების შემდეგ?
16 თავისი სიკვდილით, იესომ სამუდამოდ გაიღო თავისი ადამიანური სიცოცხლე. რადგან აღდგენილი იყო ზეცაში საცხოვრებლად, სინამდვილეში ის მაცოცხლებელი სული გახდა. უფრო მეტიც, როდესაც იესო ავიდა სამყაროს უწმინდეს ადგილზე, ის შეხვდა თავის საყვარელ ზეციერ მამას და ოფიციალურად გადასცა თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის ფასი (ებრაელთა 9:23–28). ამ ძვირფასი სიცოცხლის ფასის გამოყენება შეიძლებოდა შემდეგში მორჩილი კაცობრიობის სასარგებლოდ. რას ნიშნავს ეს შენთვის?
იესოს გამოსასყიდი და შენ
17. როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ პატიებით იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე?
17 განვიხილოთ სამი მხარე, რომელშიც იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს უკვე დღეს მოაქვს შენთვის სარგებელი. პირველი, მას მოაქვს ცოდვების მიტევება. იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამომჟღავნებით ჩვენ გვაქვს „გამოსყიდვა“, დიახ, „ცოდვების მოტევება“ (ეფესელთა 1:7). ამიტომ, თუ ჩვენ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ, შეგვიძლია ღმერთს პატიება ვთხოვოთ იესოს სახელით. და თუ გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვა ჩვენს მიმართ იყენებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასს. ღმერთი გვპატიობს და გვაძლევს სუფთა სინდისს, იმის მაგივრად, რომ დაგვსაჯოს სიკვდილით, რომელიც ცოდვის საზღაურია (საქმეები 3:19; 1 პეტრე 3:21).
18. როგორ უზრუნველგვყოფს იესოს მსხვერპლი იმედით?
18 მეორე, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი უზრუნველყოფს ჩვენი მომავლის იმედის საფუძველს. ხილვაში მოციქულმა იოანემ ნახა, რომ „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“, გადარჩებოდა და გადაიტანდა ამ სისტემის მოახლოებულ აღსასრულს. რატომ გადარჩებიან ისინი, როდესაც ღმერთი გაანადგურებს მრავალ სხვა ადამიანს? ანგელოზმა უთხრა იოანეს, რომ ამ უამრავმა ხალხმა ‘გაირეცხა თავისი სამოსი და გაასპეტაკა ის კრავის [იესო ქრისტეს] სისხლით’ (გამოცხადება 7:9, 14). რადგან ვამჟღავნებთ რწმენას იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი და ვცხოვრობთ ღმერთის მოთხოვნების შესაბამისად, უბიწოები ვიქნებით ღმერთის თვალში და გვექნება მარადიული სიცოცხლის იმედი.
19. როგორ ამტკიცებს იესოს მსხვერპლი, რომ ვუყვარვართ იეჰოვასა და იესოს?
19 მესამე, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი არის იეჰოვას სიყვარულის მაქსიმალური მტკიცება. იესოს სიკვდილი გამოხატავს სიყვარულის ორ უდიდეს გამოვლენას სამყაროს ისტორიაში: 1) ღმერთის სიყვარული, რომ წარმოგზავნა თავისი ძე, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო; 2) იესოს სიყვარული, რომელმაც ნებაყოფლობით შესწირა თავი, როგორც გამოსასყიდი (იოანე 15:13; რომაელთა 5:8). თუ სინამდვილეში ვავლენთ რწმენას, ეს სიყვარული გამოყენებული იქნება თითოეული ჩვენგანის მიმართ. პავლე მოციქულმა თქვა: ‘ღვთის ძემ შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის’ (გალატელთა 2:20; ებრაელთა 2:9; 1 იოანე 4:9, 10).
20. რატომ უნდა გამოვამჟღავნოთ რწმენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ?
20 ასე რომ, მოდი, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოხატვით გამოვამჟღავნოთ მადლიერება სიყვარულისთვის, რომელიც გამოხატეს ღმერთმა და იესო ქრისტემ. ეს მიგვიყვანს მარადიულ სიცოცხლემდე (იოანე 3:36). მაგრამ ჩვენი გადარჩენა არ იყო დედამიწაზე იესოს ცხოვრებისა და სიკვდილის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. არა, ძირითადად, მას აწუხებდა სამყაროს მასშტაბით წამოჭრილი უდიდესი საკამათო საკითხი. როგორც მომდევნო თავში დავინახავთ, ეს საკამათო საკითხი ეხება თითოეულ ჩვენგანს, რადგანაც ის უჩვენებს, რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება და ტანჯვა-წამება ასე დიდხანს მსოფლიოში.
შეამოწმე შენი ცოდნა
რატომ იყო საჭირო იესოს სიკვდილი კაცობრიობის გადასარჩენად?
როგორ იყო გადახდილი გამოსასყიდი?
რა მხრივ გვაქვს სარგებელი გამოსყიდვიდან?
[მთელი 67 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]