თავი 18
მიზნად დაისახე, მარადიულად ემსახურო ღმერთს
1, 2. რა მოითხოვება ღვთის შემეცნების ცოდნის გარდა?
წარმოიდგინე, რომ დგახარ ჩაკეტილ კართან, რომლითაც უნდა შეხვიდე დიდი განძეულობით სავსე ოთახში. დავუშვათ, რომ უფლებამოსილმა პიროვნებამ მოგცა გასაღები და გითხრა, რომ შეგიძლია ამ ძვირფასი ნივთების აღება. მაგრამ ეს გასაღები უსარგებლოა, სანამ არ გამოიყენებ. ამის მსგავსად, შენ შეგიძლია გამოიყენო შემეცნება, თუ გინდა, რომ მან სარგებელი მოგიტანოს.
2 ეს განსაკუთრებით მართებულია ღვთის შემეცნებასთან დაკავშირებით. ნამდვილად, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს (იოანე 17:3). მიუხედავად ამისა, ეს იმედი არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცოდნის დაუფლებით. როგორც ძვირფას გასაღებს გამოიყენებდი, ასევე გესაჭიროება ღვთის შემეცნების გამოყენება ცხოვრებაში. იესომ თქვა, რომ მხოლოდ ისინი ‘შევიდოდნენ ცათა სასუფეველში’, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს. ასეთ პიროვნებებს უპირატესობა ექნებოდათ, მარადიულად ემსახურათ ღმერთისთვის! (მათე 7:21; 1 იოანე 2:17).
3. რა არის ღმერთის ნება ჩვენთვის?
3 მას შემდეგ, რაც გაიგე, თუ რა წარმოადგენს ღმერთის ნებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეასრულო ის. როგორ ფიქრობ, როგორია ღმერთის ნება შენთან დაკავშირებით? ის შეგვეძლო ასეთი სიტყვებით შეგვეჯამებინა: „მივბაძოთ იესოს“. პეტრეს პირველი წერილის 2:21-ში ნათქვამია: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“. ამიტომ, ღმერთის ნება რომ შეასრულო, შენ გესაჭიროება, რაც შეიძლება ზუსტად უნდა მიჰყვე იესოს მაგალითს. ამით შენ უჩვენებ, თუ როგორ იყენებ ღვთის შემეცნებას.
როგორ იყენებდა იესო ღვთის შემეცნებას
4. რატომ იცის იესომ ასე ბევრი იეჰოვას შესახებ და როგორ გამოიყენა ეს შემეცნება?
4 იესო ქრისტეს უფრო საფუძვლიანი ცოდნა აქვს ღმერთის შესახებ, ვიდრე სხვას. სანამ დედამიწაზე ჩამოვიდოდა, საუკუნეების განმავლობაში ის ცხოვრობდა და მუშაობდა იეჰოვა ღმერთთან ზეცაში (კოლასელთა 1:15, 16). როგორ იყენებდა იესო ამ შეძენილ შემეცნებას? მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ის, რომ ჰქონოდა ეს შემეცნება. იესო ამ შემეცნების შესაბამისად ცხოვრობდა. ამიტომ იყო ის ადამიანების მიმართ მოპყრობაში ასეთი კეთილი, მშვიდი და მოსიყვარულე. ასეთი სახით, იესო თავისი ზეციერი მამის მიმბაძველი იყო და მოქმედებდა იეჰოვას გზებისა და მისი პიროვნების შესახებ შემეცნების შესაბამისად (იოანე 8:23, 28, 29, 38; 1 იოანე 4:8).
5. რატომ მოინათლა იესო და როგორ ცხოვრობდა ის მონათვლის მნიშვნელობის თანახმად?
5 შემეცნებამ, რომელიც იესოს ჰქონდა, აგრეთვე გადაადგმევინა გადამწყვეტი ნაბიჯი. გალილეიდან ის მივიდა მდინარე იორდანესთან, სადაც იოანემ მონათლა (მათე 3:13–15). რას ნიშნავდა იესოს ნათლობა? როგორც იუდეველი, ის იშვა იმ ერში, რომელიც ღმერთის მიძღვნილ ხალხად ითვლებოდა. ამიტომ, იესო დაბადებიდანვე იყო მიძღვნილი (გამოსვლა 19:5, 6). მონათვლით მან თავი წარუდგინა იეჰოვას, რომ იმ დროს დედამიწაზე ღმერთის ნება შეესრულებინა (ებრაელთა 10:5, 7). და იესომ განახორციელა თავისი მონათვლის მნიშვნელობა. ის მთელ დროს უთმობდა იეჰოვასადმი მსახურებას და ყოველი შესაძლებლობისას ღვთის შემეცნებას უზიარებდა ადამიანებს. იესო სიამოვნებას პოულობდა ღმერთის ნების შესრულებაში და ამბობდა, რომ ის საკვების მსგავსი იყო მისთვის (იოანე 4:34).
6. როგორ უარყო იესომ თავისი თავი?
6 იესოს სავსებით შეგნებული ჰქონდა, რომ ღვთის ნების შესრულება ძალიან ძვირად, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდებოდა. მიუხედავად ამისა, იესომ უარყო თავისი თავი, პირადი ინტერესების მეორე ადგილზე დაყენებით. ღმერთის ნების შესრულებას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. როგორ შეგვიძლია ამ მხრივ, მივყვეთ იესოს სრულყოფილ მაგალითს?
ნაბიჯები, რომლებსაც მიჰყავს მარადიული სიცოცხლისკენ
7. რომელია ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას პიროვნებამ, რათა მონათვლისთვის იყოს მზად?
7 იესოსგან განსხვავებით, ჩვენ არასრულყოფილები ვართ და ნათლობის საფეხურს შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადავდგამთ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ეს იწყება ჩვენს გულში იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებით. ამის გაკეთება აღგვძრავს, გამოვავლინოთ რწმენა და გვქონდეს ღრმა სიყვარული იეჰოვა ღმერთისადმი (მათე 22:37–40; რომაელთა 10:17; ებრაელთა 11:6). ღმერთის კანონებთან, პრინციპებსა და ნორმებთან შეთანხმებამ უნდა აღგვძრას, მოვინანიოთ და გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი სინანული წარსული ცოდვების გამო. ეს გამოიწვევს ღმერთისკენ მოქცევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ გამოვსწორდებით და მივატოვებთ ყველა არასწორ მოქმედებას, რომელსაც მივყვებოდით, როდესაც არ გვქონდა ღვთის შემეცნება (საქმეები 3:19). რასაკვირველია, თუ ჩვენ ფარულად ჩავდივართ რაღაცა ცოდვას, ნაცვლად იმისა, რომ ვაკეთოთ, რაც სწორია, სინამდვილეში, არ გამოვსწორებულვართ და ვერც ღმერთს მოვატყუებთ. იეჰოვა გამოააშკარავებს ყველა თვალთმაქცობას (ლუკა 12:2, 3).
8. რა უნდა მოიმოქმედო, როდესაც სურვილი გაქვს მონაწილეობა მიიღო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში?
8 ახლა, როდესაც იძენ ღვთის შემეცნებას, განა მართებული არ არის, სულიერი საქმეები ყველაზე მნიშვნელოვან პირად საქმედ ჩათვალო? შენ, ალბათ, გულითადად გსურს, მოუყვე შენს ნათესავებს, მეგობრებსა და სხვებს იმის შესახებ, რასაც სწავლობ. სინამდვილეში, შესაძლოა, უკვე გააკეთე ეს, ისევე როგორც იესო ამცნობდა სხვებს კეთილ ცნობას — არაფორმალურად (ლუკა 10:38, 39; იოანე 4:6–15). შესაძლოა, ახლა უფრო მეტის გაკეთება გსურს. ქრისტიანი უხუცესები მოხარული იქნებიან, გესაუბრონ იმ მიზნით, რომ განსაზღვრონ, ხარ თუ არა მზად და ხარ თუ არა უნარიანი, მონაწილეობა მიიღო იეჰოვას მოწმეებთან ერთად რეგულარულ სამქადაგებლო საქმიანობაში სამეფოს შესახებ. თუ შენ მზად ხარ, უხუცესები ხელს შეგიწყობენ, რომ ერთ-ერთ მოწმეს გაჰყვე მსახურებაში. იესოს მოწაფეები მის მითითებებს მიჰყვებოდნენ, რომ სათანადოდ შეესრულებინათ თავიანთი მსახურება (მარკოზი 6:7, 30; ლუკა 10:1). შენ შეგიძლია ისარგებლო მსგავსი დახმარებით, რადგან მონაწილეობას იღებ სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში კარდაკარ და სხვა შემთხვევებში (საქმეები 20:20, 21).
9. როგორ უძღვნის პიროვნება თავს ღმერთს და როგორ ზეგავლენას ახდენს მიძღვნა პიროვნების ცხოვრებაზე?
9 კრების ტერიტორიაზე ყველანაირი ადამიანებისთვის კეთილი ცნობის ქადაგება არის იმის საშუალება, რომ მოძებნო ისეთი ადამიანები, რომლებიც სამართლიანობისკენ არიან განწყობილი და ეს ქადაგება არის იმ შესანიშნავ საქმეთა შორის, რომლებიც ავლენს შენს რწმენას (საქმეები 10:34, 35; იაკობი 2:17, 18, 26). ქრისტიანულ კრებებზე რეგულარული დასწრება და სამქადაგებლო საქმიანობაში აუცილებელი მონაწილეობა არის აგრეთვე იმის ჩვენების საშუალება, რომ მოინანიე და მოიქეცი ღმერთისკენ და გადაწყვიტე, ახლა ღვთის შემეცნებასთან შეთანხმებულად იცხოვრო. რომელია შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი? ეს არის იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნა. ეს ნიშნავს, რომ გულითად ლოცვაში შენ ეუბნები ღმერთს, რომ გსურს და მთელი გულით მზად ხარ, მიუძღვნა მას შენი სიცოცხლე, რათა შეასრულო მისი ნება. ეს არის საშუალება, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და იტვირთო იესო ქრისტეს საამური უღელი (მათე 11:29, 30).
მონათვლა — რას ნიშნავს ეს შენთვის
10. რატომ უნდა მოინათლო მას შემდეგ, რაც მიუძღვენი თავი იეჰოვას?
10 იესოს სიტყვების თანახმად, ყველა, ვინც მისი მოწაფე ხდება, უნდა მოინათლოს (მათე 28:19, 20). რატომ არის ეს აუცილებელი იმის შემდეგ, რაც ღმერთს მიუძღვენი თავი? იმ დროიდან, რაც იეჰოვას მიუძღვენი თავი, მან იცის, რომ შენ გიყვარს ის. მაგრამ უეჭველია, შენ გექნება შემდგომი მოქმედების სურვილი იმ მიზნით, რომ სხვებმაც შეიტყონ ღმერთისადმი შენი სიყვარულის შესახებ. მონათვლა საშუალებას გაძლევს, რომ შენი მიძღვნა იეჰოვა ღმერთისადმი საჯაროდ იყოს დამოწმებული (რომაელთა 10:9, 10).
11. რა მნიშვნელობა აქვს მონათვლას?
11 მონათვლა სავსეა სიმბოლური მნიშვნელობით. რადგან იძირები, ანუ „იმარხები“ წყალში, ეს ნიშნავს, თითქოს კვდები შენი წარსული ცხოვრებისთვის. როდესაც წყლიდან ამოდიხარ, წარმოიშობი ახალი ცხოვრებისთვის, რომელიც ღმერთის ნების თანახმად წარიმართება და არა შენი პირადი ნებით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აღარ დაუშვებ შეცდომებს, რადგან ყოველი ჩვენგანი არასრულყოფილია და ყოველდღიურად სცოდავს. მაგრამ, როგორც მონათლული პიროვნება, იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახური, შენ განსაკუთრებულ ურთიერთობაში შედიხარ მასთან. რადგან ინანიებ და თავმდაბლურად ინათლები, იეჰოვა მზად არის გაპატიოს ცოდვები იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. ამგვარად, მონათვლას მიჰყავს ღმერთის წინაშე სუფთა სინდისამდე (1 პეტრე 3:21).
12. რას ნიშნავს მონათვლა: ა) ‘მამის სახელით’? ბ) ‘ძის სახელით’? გ) „სულიწმიდის სახელით“?
12 იესომ უბრძანა თავის მიმდევრებს, მოენათლათ ახალი მოწაფეები „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:19). რას გულისხმობდა იესო ამაში? მონათვლა ‘მამის სახელით’ მიუთითებს, რომ პიროვნება, რომელიც ინათლება, მთელი გულით აღიარებს იეჰოვა ღმერთს, როგორც შემოქმედსა და სამყაროს სრულუფლებიან უზენაეს მმართველს (ფსალმუნი 35:10; 82:19; ეკლესიასტე 12:1). ‘ძის სახელით’ მონათვლა ნიშნავს, რომ პიროვნება აღიარებს იესო ქრისტეს — და განსაკუთრებით, მის გამომსყიდველურ მსხვერპლს — როგორც ერთადერთ საშუალებას, რითაც ღმერთმა უზრუნველყო გადარჩენა (საქმეები 4:12). მონათვლა „სულიწმიდის სახელით“ ნიშნავს, რომ მონათვლის კანდიდატი ცნობს იეჰოვას სულიწმიდას, ანუ მოქმედ ძალას, როგორც ღმერთის საშუალებას, რომლითაც ის ახორციელებს თავის განზრახვებს და რისი მეშვეობითაც აძლიერებს თავის მსახურებს, შეასრულონ მისი სამართლიანი ნება მის ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაც მისი სული ხელმძღვანელობს (დაბადება 1:2; ფსალმუნი 103:30; იოანე 14:26; 2 პეტრე 1:21).
ხარ თუ არა მზად მონათვლისთვის?
13, 14. რატომ არ უნდა გვეშინოდეს, ავირჩიოთ იეჰოვა ღმერთისადმი მსახურება?
13 რადგანაც მონათვლა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, არის თუ არა ის ისეთი ნაბიჯი, რომლის გადადგმისაც უნდა გეშინოდეს? რასაკვირველია, არა! რადგან გადაწყვეტილება მონათვლასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოდ არ უნდა იყოს მიღებული, უეჭველია, ეს ყველაზე ბრძნული ნაბიჯია, რომელიც კი შეიძლება გადადგა.
14 მონათვლა არის დადასტურება იმისა, რომ აირჩიე ემსახურო იეჰოვა ღმერთს. იფიქრე ადამიანებზე, რომლებსაც იცნობ. ასე თუ ისე, ემსახურება თუ არა ყოველი მათგანი რომელიმე ბატონს? ზოგი ემონება სიმდიდრეს (მათე 6:24). სხვები ბეჯითად მისდევენ კარიერიზმს ან ემსახურებიან საკუთარ თავს, რადგან ისრულებენ ყველანაირ გულის წადილს და ეს მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. სხვები კი ემსახურებიან ცრუ ღმერთებს. მაგრამ შენ აირჩიე, ემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს — იეჰოვას. მის გარდა არავის შეუძლია გამოავლინოს ასეთი უდიდესი სიკეთე, თანაგრძნობა და სიყვარული. ღმერთი უპირატესობას ანიჭებს ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ აზრით აღსავსე საქმეში, რომელსაც გადარჩენისკენ მიჰყავს. და ის აჯილდოებს თავის მსახურებს მარადიული სიცოცხლით. სინამდვილეში, მიჰყვე იესო ქრისტეს მაგალითს და თავი მიუძღვნა იეჰოვას, არ არის ისეთი ნაბიჯი, რომლისაც უნდა გეშინოდეს. ნამდვილად, მხოლოდ ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც სავსებით გონივრულია და სიამოვნებს ღმერთს (მესამე მეფეთა 18:21).
15. რომელია ყველგან ცნობილი ზოგიერთი დაბრკოლება მონათვლისთვის?
15 მაგრამ მონათვლა არ არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას სხვების ზეგავლენის შედეგად. ეს არის პირადი საქმე შენსა და იეჰოვას შორის (გალატელთა 6:4). რადგან შენ სულიერი წინსვლა განიცადე, შესაძლოა, დაგებადოს კითხვა: „რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“ (საქმეები 8:35, 36). შესაძლოა, ჰკითხო საკუთარ თავს: „მაკავებს თუ არა ოჯახის მიერ გაწეული წინააღმდეგობა? ხომ არ მივყვები ახლაც ზოგიერთ არაბიბლიურ საქმეს ან ვცოდავ? იმიტომ ხომ არ ვიკავებ თავს, რომ მეშინია საზოგადოების კეთილგანწყობილება დავკარგო?“ ეს არის ზოგიერთი ფაქტორი, რომლის შესახებაც უნდა დაფიქრდე, მაგრამ რეალურად აწონ-დაწონე ყველაფერი.
16. როგორ სარგებელს მიიღებ იეჰოვასადმი მსახურებით?
16 არ არის რეალური, შეაფასო ნეგატიური ფაქტორები იმის გარეშე, რომ არ გაითვალისწინო იეჰოვასადმი მსახურებიდან გამომდინარე მრავალი სარგებელი. მაგალითად, განვიხილოთ საკითხი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. იესო შეჰპირდა, რომ თუნდაც მის მოწაფეებს დაეკარგათ თავიანთი ნათესავები მისი მიმდევრობის გამო, ისინი მიიღებდნენ უდიდეს სულიერ ოჯახს (მარკოზი 10:29, 30). ეს თანამორწმუნეები გამოავლენენ შენდამი ძმურ სიყვარულს, დაგეხმარებიან გაუძლო დევნებს და მხარში ამოგიდგებიან სიცოცხლის გზაზე სიარულისას (1 პეტრე 5:9). პრობლემების გადალახვაში და სხვა ძნელი სიტუაციების წარმატებით მოგვარებაში კრების უხუცესებს განსაკუთრებული დახმარება შეუძლიათ (იაკობი 5:14–16). რაც შეეხება ქვეყნიერების კეთილგანწყობილების დაკარგვას, შენ შეგიძლია ჰკითხო საკუთარ თავს: „რა შეიძლება შეედაროს იმას, რომ გქონდეს მთელი სამყაროს შემოქმედის კეთილგანწყობილება, რომელიც ხარობს ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების გზით?“ (იგავნი 27:11).
ცხოვრება შენი მიძღვნისა და მონათვლის შესაბამისად
17. რატომ უნდა შეხედო მონათვლას, როგორც დასაწყისს და არა დასასრულს?
17 მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ მონათვლა არ არის შენი სულიერი პროგრესის დასასრული. ეს ნიშნავს იეჰოვასადმი სამუდამო მსახურების დასაწყისს, როგორც სრულუფლებიანი მსახურისა და იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის. თუმცა ნათლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის არ წარმოადგენს გადარჩენის გარანტიას. იესოს არ უთქვამს: „ყველა, ვინც მოინათლება გადარჩება“. ამის ნაცვლად მან თქვა: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“ (მათე 24:13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უპირველესად ეძებო ღმერთის სამეფო და ეს შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საქმედ გახადო (მათე 6:25–34).
18. რა მიზნები უნდა დაისახო მონათვლის შემდეგ?
18 იეჰოვასადმი მსახურების გასაგრძელებლად მოისურვებ, დაისახო სულიერი მიზნები. ერთ-ერთი ღირსეული მიზანია, გაიზარდო ღვთის შემეცნებაში მისი სიტყვის პირადი რეგულარული შესწავლით. დაგეგმე, ყოველდღიურად წაიკითხო ბიბლია (ფსალმუნი 1:1, 2). რეგულარულად დაესწარი ქრისტიანულ შეხვედრებს, რადგან ურთიერთობა, რომელსაც იქ ჰპოვებ, დაგეხმარება, სულიერად გაძლიერდე. რატომ არ დაისახავდი მიზნად, კომენტარები მიგეცა კრების შეხვედრებზე და ასეთი სახით განგედიდებინა იეჰოვა და გაგემტკიცებინა სხვები? (რომაელთა 1:11, 12). აგრეთვე, სხვა მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ გააუმჯობესო შენი ლოცვები (ლუკა 11:2–4).
19. როგორი თვისებების გამოვლენაში შეიძლება დაგეხმაროს სულიწმიდა?
19 თუ გინდა, იცხოვრო მონათვლის თანახმად, შენ მუდმივად უნდა მიაქციო ყურადღება, თუ რას აკეთებ და ნება მისცე ღმერთის სულიწმიდას, წარმოქმნას შენში ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება (გალატელთა 5:22, 23; 2 პეტრე 3:11). გახსოვდეს, იეჰოვა აძლევს თავის სულიწმიდას ყველას, ვინც ლოცვაში სთხოვს მის შესახებ და ემორჩილება ღმერთს, როგორც მისი ერთგული მსახური (ლუკა 11:13; საქმეები 5:32). ამიტომ, ილოცე ღმერთის მიმართ მისი სულიწმიდის შესახებ და სთხოვე დახმარება, გამოავლინო მისთვის მოსაწონი თვისებები. ასეთი თვისებები შენს მეტყველებასა და ქცევაში უფრო ცხადი გახდება, რადგან ექვემდებარები ღმერთის სულიწმიდის გავლენას. რა თქმა უნდა, ქრისტიანული კრების თითოეული წევრი ცდილობს, განავითაროს ‘ახალი პიროვნება’ (აქ) ისე რომ, მეტად დაემსგავსოს ქრისტეს (კოლასელთა 3:9–14). რადგან ამას ვაკეთებთ, თითოეული ჩვენგანი პირისპირ ხვდება სხვადასხვა გამოწვევას, იმიტომ რომ, ჩვენ სულიერი პროგრესის სხვადასხვა სტადიაში ვიმყოფებით. რადგან არასრულყოფილი ხარ, შესაძლოა, ბევრი შრომა დაგჭირდეს, რომ ქრისტეს მსგავს პიროვნებად ჩამოყალიბდე. მაგრამ ნურასოდეს ჩავარდები ამ მხრივ სასოწარკვეთილებაში, რადგან ღმერთის დახმარებით ეს შესაძლებელია.
20. როგორ შეგიძლია მიბაძო იესოს მსახურებაში?
20 შენს სულიერ მიზნებს შორის უნდა იყოს ისიც, რომ უფრო ზუსტად მიბაძო ქრისტეს სიხარულის მომტან მაგალითს (ებრაელთა 12:1–3). მას უყვარდა მსახურება. თუ გაქვს ის უპირატესობა, რომ მონაწილეობა მიიღო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში, მაშინ ნებას ნუ დართავ, რომ ის რაღაცა შაბლონად იქცეს. ეცადე იესოს მსგავსად კმაყოფილება ჰპოვო იმაში, რომ სხვებს ასწავლო ღმერთის სამეფოს შესახებ. გამოიყენე ის ინსტრუქციები, რომლითაც უზრუნველგყოფს კრება იმისთვის, რომ დაგეხმაროს, გაუმჯობესდე, როგორც მასწავლებელი. დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას შეუძლია მოგცეს ძალა მსახურების შესასრულებლად (1 კორინთელთა 9:19–23).
21. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს ერთგულ მონათლულ პიროვნებებს? ბ) რა უჩვენებს, რომ მონათვლა მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის ამ ბოროტ სისტემაზე ღმერთის მსჯავრის აღსრულებისას?
21 მიძღვნილი, მონათლული პიროვნება, რომელიც ცდილობს მიჰყვეს ქრისტეს, დაფასებულია ღმერთის მიერ. იეჰოვამ გამოიკვლია მილიარდობით ადამიანის გული და იცის, რამდენად განსაკუთრებული პიროვნებები არიან ეს ადამიანები. ის მათ ‘სასურველ’ განძად თვლის (ანგია 2:7, აქ). ბიბლიური წინასწარმეტყველებები აგრეთვე უჩვენებს, რომ ღმერთი უყურებს ასეთ პიროვნებებს, როგორც აღბეჭდილებს გადარჩენისთვის, ამ ბოროტ სისტემაზე მისი განაჩენის აღსრულების დროს (ეზეკიელი 9:1–6; მალაქია 3:16, 18). ხარ თუ არა ‘სწორად განწყობილი მარადიული სიცოცხლისადმი’? (საქმეები 13:48, აქ). არის თუ არა შენი გულითადი სურვილი, იყო ნიშანდასმული, როგორც პიროვნება, რომელიც ღმერთს ემსახურება? მიძღვნა და მონათვლა ამ ნიშნის ნაწილია და აუცილებელია გადარჩენისთვის.
22. როგორ პერსპექტივებს მოელის მოუთმენლად „უამრავი ხალხი“?
22 მსოფლიო წარღვნის შემდეგ ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდნენ გაწმენდილ დედამიწაზე. ამის მსგავსად, დღეს ‘უამრავ ხალხს’, რომელიც ცხოვრებაში იყენებს ღვთის შემეცნებას და იღებს იეჰოვას მოწონებას, აქვს პერსპექტივა, გადაიტანოს ამ სისტემის აღსასრული და გაიხაროს საუკუნო სიცოცხლით გაწმენდილ დედამიწაზე (გამოცხადება 7:9, 14). როგორი იქნება ცხოვრება იმ დროს?
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორია იეჰოვას სურვილი შენს მიერ მისი შემეცნების გამოყენებასთან დაკავშირებით?
რომელია მონათვლამდე მიმყვანი ზოგიერთი ნაბიჯი?
რატომ არის მონათვლა დასაწყისი და არა დასასრული?
როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნისა და მონათვლის შესაბამისად?
[სურათი 172 გვერდზე]
მიუძღვენი თუ არა ღმერთს თავი ლოცვაში?
[სურათი 174 გვერდზე]
რა გაბრკოლებს, რომ მოინათლო?