თავი მეხუთე
სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
1, 2. ვისი დახმარება უნდა ეძებონ მშობლებმა შვილების აღსაზრდელად?
„აი შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან“, — ეს სიტყვები ერთმა მადლიერმა მშობელმა წარმოთქვა დაახლოებით 3 000 წლის წინათ (ფსალმუნები 127:3). მართლაც, მამისა და დედის სიხარული ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ძღვენია, რითაც დაქორწინებულთა უმრავლესობა ხარობს. მაგრამ მშობელი შვილის შეძენიდან მალე ხვდება, რომ მშობლობა მარტო სიხარული კი არ არის, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობაცაა.
2 ბავშვის აღზრდა განსაკუთრებით დღეს ურთულესი ამოცანაა. თუმცა მრავალი მშვენივრად ართმევს თავს ამ საქმეს. ფსალმუნმომღერალი ღვთის შთაგონებით მიუთითებს მათი წარმატების მიზეზზე: „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნები 127:1). რაც უფრო ზედმიწევნით მიჰყვებით იეჰოვას მითითებებს, მით უკეთ შეძლებთ მშობლის როლის შესრულებას. ბიბლია მოგვიწოდებს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5). სანამ ბავშვის აღზრდის ხანგრძლივ პროექტს შეეჭიდებოდეთ, მოისმინეთ იეჰოვას რჩევა.
გაითვალისწინეთ ბიბლიური თვალსაზრისი
3. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მამებს შვილების აღზრდაში?
3 კაცებს შორის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული ისეთი აზრი, რომ ბავშვის აღზრდა ქალის საქმეა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ მამას ძირითადად ოჯახის მარჩენლის როლი აკისრია, მაგრამ ის არ თავისუფლდება სხვა ოჯახური პასუხისმგებლობებისგან: „შეასრულე შენი საქმე გარეთ და მინდორში მოამზადე იგი, შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი“ (იგავები 24:27). ღვთის თვალსაზრისით, დედამ და მამამ ერთად უნდა აღზარდონ შვილი, ამ საკითხში უნდა ითანამშრომლონ (იგავები 1:8, 9).
4. რატომ არ უნდა განვასხვავოთ ბიჭები გოგონებისგან?
4 რას ფიქრობთ შვილებზე? როგორც ცნობილია, აზიაში „გოგონას დაბადება, ხშირად, არ ახარებთ“. ფაქტები ცხადყოფს, რომ ლათინურ ამერიკაში ეს პრობლემა „განათლებულ ოჯახებშიც შეიმჩნევა“. სინამდვილეში კი გოგონები მეორეხარისხოვანი ბავშვები არ არიან. იაკობი, ძველ დროში მცხოვრები ცნობილი მამა, თავის ყველა შთამომავალს ქალიშვილების ჩათვლით, თვლიდა ‘შვილებად, რომლებიც ღმერთმა უწყალობა მას’ (დაბადება 33:1—5; 37:35). იესომ დალოცა ყველა ბავშვი (ბიჭებიც და გოგონებიც), რომლებიც მასთან მიიყვანეს (მათე 19:13—15). ეჭვი არ გვეპარება, რომ იესოს იეჰოვას თვალსაზრისი ჰქონდა ბავშვებზე (მეორე კანონი 16:14).
5. რა უნდა გაითვალისწინოს ცოლ-ქმარმა, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობს, რამდენი შვილი იყოლიოს?
5 მიღებულია თქვენს კულტურაში, რომ ქალს სანამ შეუძლია, ბავშვები უნდა აჩინოს? ცოლ-ქმრის პირადი საქმეა, რამდენ შვილს იყოლიებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ოჯახის შესაძლებლობები. შეძლებს ოჯახი მათ რჩენას, ჩაცმა-დახურვასა და გამოკვებას? განათლების მიცემას? ცოლ-ქმარმა ეს მანამ უნდა გაითვალისწინოს, სანამ გადაწყვეტენ, რამდენი შვილი იყოლიონ. სამწუხაროდ, ზოგი ოჯახი ვეღარ არჩენს ყველა შვილს და ზოგიერთი მათგანის აღზრდის პასუხისმგებლობას ნათესავებს აკისრებს. განა მოსაწონია ასეთი მოქმედება? სიმართლე რომ ვთქვათ, არა. გაჭირვება არ ათავისუფლებს მშობლებს ვალდებულებისგან, რომელიც შვილების წინაშე აკისრიათ. ბიბლია ამბობს: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო“ (1 ტიმოთე 5:8). გონიერი მეუღლეები ცდილობენ იმდენი შვილი იყოლიონ, რამდენზე ზრუნვასაც შეძლებენ. ცოლ-ქმრის პირადი გადასაწყვეტია, გამოიყენებენ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და თუ გამოიყენებენ, კონკრეტულად რომელს. „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5). მაგრამ ორსულობის განზრახ შეწყვეტა ნებისმიერი საშუალებით ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. იეჰოვა ღმერთი არის „სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). მაშასადამე, ჩასახვის შემდეგ სიცოცხლის მოსპობა იეჰოვას მიმართ უდიდესი უპატივცემულობაა და მკვლელობის ტოლფასია (გამოსვლა 21:22, 23; ფსალმუნი 139:16; იერემია 1:5).
დააკმაყოფილე შვილის მოთხოვნილებები
6. როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვის აღზრდა?
6 იგავების 22:6-ში ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“. შვილის აღზრდა მშობლის ერთ-ერთი სერიოზული მოვალეობაა. როდის უნდა დაიწყოს აღზრდა? ძალიან ადრე. მოციქული პავლე აღნიშნავს, რომ ტიმოთეს აღზრდაზე ჩვილობიდან ზრუნავდნენ (2 ტიმოთე 3:15). აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს ჩვილ, თოთო ბავშვს, შესაძლოა ჯერ არ დაბადებულსაც (ლუკა 1:41, 44; საქმეები 7:18—20). მაშასადამე, ტიმოთეს აღზრდას იმ დროიდან შეუდგნენ, როცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო — და ეს სწორია. ყრმობა ბავშვის აღზრდის დასაწყებად იდეალური დროა. ამ დროს ის ნებისმიერ ინფორმაციას ისრუტავს.
7. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვთან ორივე მშობელს ჰქონდეს სიახლოვე? ბ) როგორი ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვას თავის მხოლოდშობილ ძესთან?
7 „შვილი დანახვისთანავე შემიყვარდა“, — ამბობს ერთი დედა. ასე ხდება უმრავლეს შემთხვევაში. დროთა განმავლობაში ეს შეუდარებელი სიყვარული უფრო ძლიერდება. ძუძუთი კვება ამ სიახლოვეს უფრო ამტკიცებს (შეადარეთ 1 თესალონიკელების 2:7). დედის ალერსი და საუბრები უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში (შეადარეთ ესაიას 66:12). მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს მამა? ისიც უნდა დაუახლოვდეს ახალშობილს. ამის შესანიშნავი მაგალითია თავად იეჰოვა. „იგავებში“ აღწერილია იეჰოვას ურთიერთობა თავის მხოლოდშობილ ძესთან, რომელიც ამბობს: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. . . ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი“ (იგავები 8:22, 30; იოანე 1:14). მსგავსად ამისა, მზრუნველი მამა სითბოსა და სიყვარულს არ აკლებს თავის შვილს მისი სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე. „გამოხატე სიყვარული, — ამბობს ერთი მამა. — გულში ჩაკვრასა და კოცნას ჯერ არავინ მოუკლავს“.
8. როგორ უნდა გაუვარჯიშონ მშობლებმა შვილებს გონება ადრეული ასაკიდან?
8 მაგრამ პატარებს ამაზე მეტი ესაჭიროებათ. დაბადებიდანვე მზად არის მათი ტვინი ინფორმაციის მისაღებად და დასამახსოვრებლად, ინფორმაცია კი ძირითადად მშობლებმა უნდა მიაწოდონ. მაგალითად, ავიღოთ მეტყველება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვის ლაპარაკისა და კითხვის უნარის განვითარება „ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ადრეული ასაკიდან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებს შვილთან“. ჩვილობიდან უკითხეთ და ესაუბრეთ ბავშვს. მალე ის მოინდომებს, რომ მოგბაძოთ; გავა არც ისე დიდი დრო და კითხვასაც ასწავლით. შეიძლება, მან კითხვა სკოლაში მისვლამდეც ისწავლოს. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ თქვენს ქვეყანაში მასწავლებლების ნაკლებობაა და კლასებიც გადატვირთულია.
9. რომელი მნიშვნელოვანი მიზანი არ უნდა გამორჩეთ მშობლებს მხედველობიდან?
9 ქრისტიანი მშობლების მთავარი მიზანია შვილების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (იხილეთ მეორე კანონის 8:3). რისთვის არის ეს საჭირო? იმისათვის, რომ ბავშვებს ისეთივე თვისებები ჩამოუყალიბდეთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა და, ფაქტობრივად, „შეიმოსონ ახალი პიროვნება“ (ეფესოელები 4:24). ამისათვის მშობლებს ესაჭიროებათ სათანადო „სამშენებლო მასალები და მეთოდები“.
ჩააგონე შვილს ჭეშმარიტება
10. რა თვისებების განვითარება ესაჭიროებათ შვილებს?
10 შენობის სიმტკიცე, უმთავრესად, დამოკიდებულია მშენებლობის დროს გამოყენებულ მასალაზე. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ქრისტიანული პიროვნების ასაშენებლად საუკეთესო სამშენებლო მასალაა „ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები“ (1 კორინთელები 3:10—12). ასეთი „მასალაა“ ისეთი თვისებები, როგორიცაა რწმენა, სიბრძნე, გამჭრიახობა, ერთგულება, პატივისცემა და სიყვარულით აღსავსე მადლიერება იეჰოვასა და მისი კანონებისადმი (ფსალმუნი 19:7—11; იგავები 2:1—6; 3:13, 14). როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, ადრეული ასაკიდანვე განავითარონ ეს თვისებები? თუ გაითვალისწინებენ დიდი ხნის წინათ დაწერილ ერთ მითითებას.
11. როგორ ეხმარებოდნენ ისრაელი მშობლები თავიანთ შვილებს, ღვთისმოსაწონ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში?
11 სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, იეჰოვამ ისრაელ მშობლებს უთხრა: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე კანონი 6:6, 7). დიახ, მშობელი შვილისთვის უნდა იყოს მაგალითი, მეგობარი, იქონიოს მასთან ურთიერთობა და უნდა ასწავლიდეს მას.
12. რატომ უნდა მისცენ მშობლებმა მაგალითი შვილებს?
12 მიეცით მაგალითი. იეჰოვამ უთხრა: „გულში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები“, და მხოლოდ ამის შემდეგ დასძინა: „ჩააგონე შენს ვაჟს“. ასე რომ, ღვთისმოსაწონი თვისებები ჯერ მშობლებს უნდა ჰქონდეთ გულში. მათ უნდა უყვარდეთ ჭეშმარიტება და ცხოვრობდნენ მის თანახმად. მხოლოდ ასე შეძლებენ ბავშვის გულში ჭეშმარიტების ჩანერგვას (იგავები 20:7). ბავშვზე უფრო სწრაფად მოქმედებს ის, რასაც ხედავს, ვიდრე ის, რასაც ისმენს (ლუკა 6:40; 1 კორინთელები 11:1).
13. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს მიჰბაძონ, იესოს და ყურადღება გამოავლინონ ბავშვებისადმი?
13 იყავით მეგობრები. იეჰოვამ ებრაელ მშობლებს უთხრა: „ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას“. ეს მოითხოვს ბავშვებისთვის დროის დათმობას, როგორი დაკავებულებიც არ უნდა იყვნენ მშობლები. უეჭველია, იესო თვლიდა, რომ ბავშვები იმსახურებდნენ მის ყურადღებას. მსახურების ბოლო დღეებში „ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, რომ შეხებოდა“. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამაზე იესოს? „მოეხვია ბავშვებს . . . და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:13, 16). წარმოიდგინეთ: იესოს სიცოცხლის უკანასკნელი საათები იწურებოდა, მაგრამ მან მაინც გამოუყო ბავშვებს დრო და ყურადღება არ მოაკლო. იესო ამ მხრივაც სამაგალითოა ჩვენთვის!
14. რატომ არის მშობლებისთვის სასარგებლო დროის გატარება ბავშვებთან?
14 ისწავლეთ ბავშვებთან ურთიერთობა. შვილთან ურთიერთობა რომ ისწავლოთ, მასთან ერთად უნდა გაატაროთ დრო. თუ ხშირად გექნებათ ურთიერთობა ბავშვთან, უფრო ადვილად დაინახავთ, როგორი ხასიათი უყალიბდება მას. გახსოვდეთ, ურთიერთობა მარტო ლაპარაკი არ არის. „მომიწია, მესწავლა მოსმენა, — თქვა ერთმა ბრაზილიელმა დედამ, — გულისყურით მოსმენა“. მისი მოთმინება დაჯილდოვდა: შვილმა დაიწყო მისთვის გრძნობების გაზიარება.
15. როგორ უნდა ვუყურებდეთ დასვენებასა და გართობას?
15 ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის „სიცილის დრო . . . და ცეკვა-თამაშის დრო“, ანუ დასვენებისა და გართობის დრო (ეკლესიასტე 3:1, 4; ზაქარია 8:5). განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა მშობლები და შვილები ერთად ერთობიან და ისვენებენ. სამწუხაროდ, მრავალ ოჯახში ტელევიზორის წინ ისვენებენ და ერთობიან. ზოგი სატელევიზიო პროგრამა მართლაც გასართობი და საინტერესოა, მაგრამ პროგრამების უმეტესობა ანადგურებს ადამიანის მორალურ ფასეულობებს. ტელევიზორი ოჯახური ურთიერთობის მტერია. იქნებ რაიმე უფრო სასარგებლო გაგეკეთებინათ შვილებთან ერთად? იმღერეთ, ითამაშეთ, მოინახულეთ მეგობრები, დაათვალიერეთ საინტერესო ადგილები. ასეთი საქმეები ურთიერთობას აშენებს.
16. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს იეჰოვას შესახებ და როგორ?
16 ასწავლეთ შვილებს. „ჩააგონე შენს ვაჟს [ეს სიტყვები]“, — თქვა იეჰოვამ. კონტექსტი გვეუბნება, რა უნდა ვასწავლოთ და როგორ. უპირველესად, პირადად უნდა „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (მეორე კანონი 6:5). და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ‘ჩააგონო ეს სიტყვები’ შვილებს. ჩაუნერგეთ ბავშვს იეჰოვასა და მისი კანონების სიყვარული (შეადარეთ ებრაელების 8:10). სიტყვა ჩააგონე გულისხმობს გამეორების საშუალებით სწავლებას. იეჰოვა გეუბნებათ: თუ გინდათ, რომ შვილები ღვთისმოსაწონ პიროვნებებად აღზარდოთ, გამუდმებით ესაუბრეთ ღმერთზე. ამაში იგულისხმება ბავშვებთან ბიბლიის რეგულარული შესწავლა.
17. რის განვითარებაში უნდა დაეხმარონ მშობლები ბავშვს და რატომ?
17 მშობლებმა კარგად იციან, რომ ბავშვის გულში ინფორმაციის ჩანერგვა ადვილი არ არის. მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „როგორც ახალშობილებმა, განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“ (1 პეტრე 2:2). გამოთქმა განივითარეთ ნიშნავს, რომ ბევრს ბუნებრივად არა აქვს სულიერი საკვების მიღების სურვილი. მშობლები ყველანაირად უნდა შეეცადონ, რომ შვილს აღუძრან მადა, ანუ განუვითარონ სულიერი საკვების მიღების სურვილი.
18. იესოს სწავლების რომელ მეთოდებს უნდა მიჰბაძონ მშობლებმა?
18 იესო მაგალითების გამოყენებით ასწავლიდა ხალხს (მარკოზი 13:34; ლუკა 10:29—37). სწავლების ეს მეთოდი ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ბიბლიური პრინციპების სასწავლებლად გამოიყენეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული საინტერესო მოთხრობები, მაგალითად, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“a. ბავშვებსაც მიაღებინეთ მონაწილეობა. საშუალება მიეცით, გამოავლინონ შემოქმედებითი უნარი: დახატონ ბიბლიური სცენები და ინსცენირება მოაწყონ. იესო კითხვებსაც იყენებდა (მათე 17:24—27). სწავლების ეს მეთოდი განსაკუთრებით პრაქტიკულია ოჯახური შესწავლის დროს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვა ღვთის კანონი, დასვით დაახლოებით ასეთი კითხვები: რატომ მოგვცა იეჰოვამ ეს კანონი? რა მოხდება, თუ დავიცავთ მას? რა მოხდება, თუ არ დავიცავთ მას? ასეთი კითხვები ბავშვს ფიქრში დაეხმარება და გაუადვილებს იმის დანახვას, რომ ღვთის კანონები პრაქტიკული და სასარგებლოა (მეორე კანონი 10:13).
19. რა შეიძლება ისწავლონ შვილებმა, თუ მშობლები ბიბლიური პრინციპებით ზრდიან მათ?
19 თუ ბავშვს მაგალითს მისცემთ, დაუმეგობრდებით, იქონიებთ მასთან ურთიერთობას და ასწავლით, დაეხმარებით მას, პატარაობიდანვე დაუახლოვდეს იეჰოვა ღმერთს. ასეთი ურთიერთობის წყალობით თქვენი შვილი ბედნიერი ქრისტიანი იქნება, თანატოლების ზეგავლენასა და ცდუნებებს ადვილად გაართმევს თავს და თავის პოზიციაზე იდგება. ყოველთვის დაეხმარეთ მას, დააფასოს ეს ძვირფასი ურთიერთობა და მადლიერი იყოს ამისთვის (იგავები 27:11).
აღზრდის აუცილებლობა
20. რა არის აღზრდა და რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად?
20 აღზრდა არის გარკვეული ცოდნის მიცემა, ყოფაქცევის წესების ჩანერგვა გონებასა და გულში. ეს კი ბავშვებს გამუდმებით ესაჭიროებათ. პავლე მამებს ურჩევს, ‘შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფესოელები 6:4). მშობლებმა სიყვარულით უნდა აღზარდონ შვილები, როგორც ამას იეჰოვა აკეთებს (ებრაელები 12:4—11). სიყვარულით აღზრდა მაშინაა შესაძლებელი, როცა ბავშვთან ერთად მსჯელობ. ამიტომ გვეუბნებიან ‘ვისმინოთ დარიგება (იგავები 8:33). როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვები?
21. რომელი პრინციპები არ უნდა გამორჩეთ მხედველობიდან მშობლებს შვილების აღზრდისას?
21 ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს სიმკაცრე თუ არ აჩვენე, თუ არ დატუქსე და არ დაამცირე, ისე ვერ აღზრდი, მაგრამ პავლე ამბობს: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს“ (ეფესოელები 6:4). ქრისტიანი „ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს . . . რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს“ (2 ტიმოთე 2:24, 25). ქრისტიან მშობლებს ესმით, რომ შვილების აღზრდისას საჭიროა სიმტკიცის გამოვლენა, მაგრამ ისინი ამ სიტყვებსაც გაითვალისწინებენ. ზოგჯერ დარიგება არ არის საკმარისი და საჭირო ხდება ბავშვის დასჯა (იგავები 22:15).
22. რის გაგებაში უნდა დაეხმარო ბავშვს, თუ აუცილებელია მისი დასჯა?
22 ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგ ბავშვს „სიტყვით ვერ გამოასწორებ“. დროდადრო ბავშვის დასჯა ურჩობის გამო შეიძლება, პირდაპირი გაგებით მის გადარჩენას მოემსახუროს (იგავები 17:10; 23:13, 14; 29:19). მაგრამ ბავშვს უნდა აუხსნათ, რატომ სჯით. „ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა“ (იგავები 29:15; იობი 6:24). მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის დასჯას. „სამართლიანად დაგსჯი“, — უთხრა იეჰოვამ თავის ხალხს (იერემია 46:28ბ). ბიბლია არანაირად არ იწონებს ცხელ გულზე სასტიკ ცემას, რასაც შეიძლება ბავშვის ფიზიკური და ემოციური ტრავმირება მოჰყვეს (იგავები 16:32).
23. რა უნდა დაინახოს ბავშვმა, როცა მშობლები სჯიან?
23 იეჰოვა სანამ იმას ეტყოდა თავის ხალხს, რომ უნდა დაესაჯა, მანამდე უთხრა: „ნუ გეშინია . . . რადგან შენთანა ვარ“ (იერემია 46:28ა). მსგავსად, რა მოთოდითაც არ უნდა დასაჯოს მშობელმა ბავშვი, ბავშვს არ უნდა დარჩეს ისეთი გრძნობა, რომ ის არ უყვართ (კოლოსელები 3:21). პირიქით, მან უნდა იგრძნოს, რომ სწორედ იმიტომ დასაჯეს მშობლებმა, რომ ‘მასთან’ არიან, მისი კეთილდღეობა აღელვებთ.
დაიცავი შვილი ბოროტებისგან
24, 25. რისგან უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები განსაკუთრებით დღეს?
24 ბევრს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და სიამოვნებით იხსენებს, რომ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. რაც არ უნდა მომხდარიყო, მშობლები მათ გვერდით იქნებოდნენ. მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმაც ასე იგრძნონ თავი, მაგრამ დღევანდელ გადაგვარებულ ქვეყნიერებაში მშობელმა ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბას, რომ ბავშვს ცუდი არაფერი შეემთხვეს.
25 ერთ-ერთი საზიზღარი მოქმედება, რომელიც ამ ბოლო წლებში ფეხს იკიდებს, ბავშვებზე სექსუალური ზეწოლაა. მალაიზიაში ბოლო ათ წელიწადში ბავშვებზე სექსუალური ზეწოლის ფაქტები გაოთხმაგდა. გერმანიაში ყოველწლიურად სექსუალურად შეურაცხყოფენ 300 000 ბავშვს, ხოლო სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკვლევამ შემზარავი შედეგები აჩვენა — 9 000 000! ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი ბავშვის სახლში ხდება და იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ისინი იცნობდნენ და ენდობოდნენ. ბავშვებს მშობლების სახით საიმედო დამცველები უნდა ჰყავდეთ. როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები?
26. როგორ შეიძლება ბავშვის დაცვა და როგორ დაიცავს მას ცოდნა?
26 გამოცდილება აჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მწირი ცოდნა აქვთ სექსის შესახებ, ნაკლებად არიან დაცულნი სექსუალური ზეწოლისგან. ბავშვის დასაცავად მნიშვნელოვანია ამ სფეროში მისი განათლება, თუნდაც ჯერ კიდევ პატარა იყოს. ცოდნა „დაიხსნის [მას] ბოროტების გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:10—12). რისი ცოდნა? ბიბლიური პრინციპების ცოდნა, თუ რა არის მორალურად სწორი და რა — არასწორი. აგრეთვე იმის ცოდნა, რომ უფროსებიც იქცევიან ცუდად და ბავშვები მათ არ უნდა დაემორჩილონ, თუ არასწორ მოქმედებებს სთავაზობენ (შეადარეთ დანიელის 1:4, 8; 3:16—18). ამ თემაზე ბავშვთან მხოლოდ ერთხელ საუბარი არ არის საკმარისი. ბავშვების უმეტესობას არაერთხელ უნდა გაუმეორო ერთი და იგივე, რომ კარგად დაიმახსოვროს. ბავშვების ზრდასთან ერთად, მამამ საზღვრები უნდა დაადგინოს ქალიშვილთან ურთიერთობაში, დედამ კი — ვაჟიშვილთან ურთიერთობაში. ამით ბავშვს ჩამოუყალიბდება კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. რაღა თქმა უნდა, ბავშვების სექსუალური ზეწოლისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა — მშობლის ასი თვალი და ასი ყური.
ეძებეთ ღვთიური ხელმძღვანელობა
27, 28. ვინ გაუწევს მშობლებს უდიდეს დახმარებას შვილების აღზრდაში?
27 მართალია, სიყრმიდანვე ბავშვის აღზრდა ურთულესი ამოცანაა, მაგრამ მორწმუნე მშობლები მარტონი არ არიან. გავიხსენოთ მსაჯულთა დრო. როცა მანოახმა გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ბავშვის აღსაზრდელად ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართა. იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვებს (მსაჯულები 13:8, 12, 24).
28 მსგავსად, მორწმუნე მშობლებს შვილების აღზრდისას დღესაც შეუძლიათ მიმართონ ლოცვით იეჰოვას. მშობლობა დიდი შრომაა, თუმცა საზღაურიც არანაკლებია. ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები ერთი ქრისტიანი წყვილი ამბობს: „გარდატეხის ასაკამდე ბევრის მოსწრება შეგიძლიათ მის აღზრდაში, თქვენ გაქვთ 12 წელი. თუ მთელი გულმოდგინებით ცდილობდით ბიბლიური პრინციპების გამოყენებას, გელით მშვიდობისა და სიხარულის დრო, როცა ისინი იეჰოვას მსახურებას აირჩევენ გულით“ (იგავები 23:15, 16). როდესაც თქვენი შვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვენც გაიზიარებთ დავითის გრძნობებს: „აი შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან“.
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.