თავი მეშვიდე
ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
რატომ უნდა ილოცოთ რეგულარულად? (1)
ვის უნდა მიმართოთ ლოცვით და როგორ? (2, 3)
რაზე უნდა ილოცოთ? (4)
როდის უნდა ილოცოთ? (5, 6)
ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი? (7)
1. ლოცვა ღმერთთან მოკრძალებული საუბარია. თუ რეგულარულად ილოცებთ, დაუახლოვდებით და დაუმეგობრდებით ღმერთს. მართალია, იეჰოვა ძლევამოსილი ღმერთია, მაგრამ მაინც ისმენს ჩვენს ლოცვებს. რეგულარულად მიმართავთ ღმერთს ლოცვით? (ფსალმუნები 65:2; 1 თესალონიკელები 5:17)
2. ლოცვა ჩვენი თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით. დედამიწაზე იესო მამის გარდა ლოცვით არავის მიმართავდა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ (მათე 4:10; 6:9). ნებისმიერი ლოცვა იესოს სახელით უნდა წარმოითქვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებთ იესოს მდგომარეობას და რწმენას ვავლენთ იმ მსხვერპლისადმი, რომელიც მან გაიღო (იოანე 14:6; 1 იოანე 2:1, 2).
3. ჩვენი ლოცვები გულწრფელი უნდა იყოს. არ უნდა ვილოცოთ დაზეპირებული სიტყვებით და არც ლოცვების წიგნით უნდა ვისარგებლოთ (მათე 6:7, 8). შეგვიძლია ვილოცოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ჩვენი პოზა მოკრძალებული უნდა იყოს. ღმერთი მაშინაც გვისმენს, როცა გულში ვლოცულობთ (1 სამუელი 1:12, 13). კარგია, თუ განვმარტოვდებით და მშვიდ გარემოში ვილოცებთ (მარკოზი 1:35).
4. რაზე შეგიძლიათ ილოცოთ? ყველაფერზე, რაც ღმერთთან თქვენს მეგობრობას განამტკიცებს (ფილიპელები 4:6, 7). ლოცვის ნიმუში გვიჩვენებს, რომ იეჰოვას სახელზე და მის განზრახვებზე უნდა ვილოცოთ. აგრეთვე შეგვიძლია ვთხოვოთ, დაგვეხმაროს, რომ თავი ვირჩინოთ, ცოდვები გვაპატიოს და ცდუნებას გავუძლოთ (მათე 6:9—13). მარტო საკუთარ თავზე არ უნდა ვილოცოთ. ჩვენი ლოცვა ღვთის ნებას უნდა შევუსაბამოთ (1 იოანე 5:14).
5. ნებისმიერ დროს, როცა გული გაგიწევთ, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს და განადიდეთ (1 მატიანე 29:10—13). მაშინაც უნდა ილოცოთ, როცა პრობლემებს ებრძვით და თქვენი რწმენა იცდება (ფსალმუნები 55:22; 120:1). ლოცვა მიზანშეწონილია ჭამის წინაც (მათე 14:19). იეჰოვა მოგვიწოდებს, განუწყვეტლივ ვილოცოთ (ეფესოელები 6:18).
6. განსაკუთრებით მაშინ უნდა ვილოცოთ, თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ. ამ დროს იეჰოვას გულმოწყალება და პატიება უნდა ვთხოვოთ. თუ ვაღიარებთ ცოდვებს და ყველანაირად ვეცდებით, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე, ღმერთი მზად იქნება პატიებისთვის (ფსალმუნები 86:5; იგავები 28:13).
7. იეჰოვა მხოლოდ მართლების ლოცვას ისმენს. თქვენი ლოცვებიც რომ მოისმინოს, ღვთის კანონებს უნდა დაემორჩილოთ (იგავები 15:29; 28:9). ლოცვა მოკრძალებით უნდა წარმოთქვათ (ლუკა 18:9—14). თუ ლოცვის შესაბამისად მოიქცევით, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ რწმენა გაქვთ და რასაც ამბობთ, აკეთებთ კიდეც. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეისმენს იეჰოვა თქვენს ლოცვებს (ებრაელები 11:6).