თავი მერვე
შემოქმედი თავს გვაცნობს ჩვენ სასარგებლოდ
ჭექა-ქუხილსა და ელვაში სამ მილიონამდე ადამიანი იდგა მაღალი მთის წინ სინაის ნახევარკუნძულზე. სინაის მთა ღრუბლებს დაებურა და მიწა ირყეოდა. ასეთ დაუვიწყარ ვითარებაში მოსემ ძველი ისრაელი კანონიერ ურთიერთობაში შეიყვანა ცისა და მიწის შემოქმედთან (გამოსვლა, თავი 19; ესაია 45:18).
მაგრამ რატომ გაუმხილა თავი სამყაროს შემოქმედმა ასე განსაკუთრებულად ერთ ერს, თანაც შედარებით მცირეს? მოსემ ეს შემდეგნაირად ახსნა: „იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს“ (მეორე რჯული 7:6–8).
ამ ნათქვამიდან ჩანს, რომ ბიბლია უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე მხოლოდ ფაქტებს სამყაროს შექმნასა და დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენაზე. მასში ბევრი რამაა ნათქვამი შემოქმედის ურთიერთობაზე ადამიანებთან — წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ბიბლია ისეთი წიგნია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად იკვლევენ და რომელიც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ასე რომ, ყოველი, ვინც განათლებას აფასებს, მის შინაარსს უნდა გაეცნოს. მოდით ვნახოთ, თუ რის გაგება შეგვიძლია ბიბლიიდან, და პირველად ყურადღება გავამახვილოთ იმ ნაწილზე, რომელსაც ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ. ეს აგრეთვე საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავეცნოთ სამყაროს შემოქმედისა და ბიბლიის ავტორის ზოგიერთ თვისებას.
მეექვსე თავში „შემოქმედების უძველესი მატიანე — სანდოა ის?“ დავინახეთ, რომ შემოქმედების ბიბლიურ ცნობაში მოცემულია ფაქტები ჩვენი პირველი წინაპრებისა და ჩვენი წარმოშობის შესახებ, რის ნახვაც სხვაგან შეუძლებელია. ბიბლიის პირველი წიგნი უფრო მეტს მოიცავს. რას?
ბერძნული და სხვა მითოლოგიები აღწერს დროს, როცა ღმერთებსა და ნახევრად ღმერთებს კავშირი ჰქონდათ ადამიანებთან. გარდა ამისა, ანთროპოლოგები ამბობენ, რომ მთელ დედამიწაზე გავრცელებულია ლეგენდები ძველ დროში მომხდარ წარღვნაზე, რომლის დროსაც კაცობრიობის უმრავლესობა განადგურდა. ჩვენ შეიძლება საფუძვლიანი მიზეზები გვქონდეს, არ დავუჯეროთ ასეთ მითებს. მაგრამ იცოდით, რომ მხოლოდ წიგნი „დაბადება“ გვატყობინებს ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც მოგვიანებით აირეკლა ამ მითებსა და ლეგენდებში? (დაბადება, თავები 6, 7)a.
„დაბადებაში“ აგრეთვე წაიკითხავთ სინამდვილეში არსებულ ჩვენნაირ ადამიანებზე, რომლებმაც იცოდნენ, რომ შემოქმედი არსებობს და მის ნებას ითვალისწინებდნენ ცხოვრებაში. ჩვენთვის სასარგებლო იქნება, მეტი გავიგოთ ისეთ მამაკაცებზე, როგორებიც იყვნენ: აბრაამი, ისაკი და იაკობი, რომლებიც მათ შორის იყვნენ, ვისაც მოსე „მამა-პაპად“ მოიხსენიებდა. შემოქმედმა გაიცნო აბრაამი და მას ‘თავისი მეგობარი’ უწოდა (ესაია 41:8, აქ; დაბადება 18:18, 19). რატომ? იეჰოვა აკვირდებოდა მას და დარწმუნდა, რომ ის, მართლაც, რწმენის კაცი იყო (ებრაელთა 11:8–10, 17–19; იაკობი 2:23). აბრაამის შემთხვევიდან ჩანს, რომ ღმერთთან შეიძლება დაახლოება. მისი სიძლიერე და შესაძლებლობები შიშისმომგვრელია, მაგრამ ის არ არის რაღაც უპიროვნო ძალა ან მხოლოდ „პირველმიზეზი“. ის რეალური პიროვნებაა, ვისთანაც შეგვიძლია კარგი ურთიერთობის განვითარება — ჩვენივე მარადიული კეთილდღეობისთვის.
იეჰოვამ აბრაამს აღუთქვა: ‘იკურთხებიან თესლისა მიერ შენისა ყოველნი ტომნი ქვეყანისანი’ (დაბადება 22:18, „ძველი აღთქმა“, 1900 წლის გამოცემა). ეს სიტყვები ავსებდა იმ აღთქმას, რომელიც ადამის დღეებში წარმოითქვა ‘თესლთან’ დაკავშირებით (დაბადება 3:15). დიახ, აბრაამისთვის იეჰოვას ნათქვამმა განამტკიცა იმედი, რომ დროთა განმავლობაში მოვიდოდა „თესლი“, რომელიც კურთხევას მოუტანდა ყველა ერს. ეს არის ძირითადი თემა, რაც მთლიან ბიბლიას გასდევს და რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიბლია სხვადასხვა ადამიანების ნაწარმოებების კრებული არ არის. ბიბლიის ამ თემის ცოდნა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რომ ღმერთი ძველ დროს იყენებდა ერთ ერს — ყველა ერის კურთხევის მიზნით (ფსალმუნი 147:8, 9).
იეჰოვას რომ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ისრაელთან ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ ის „მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:34; გალატელთა 3:14). უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ძირითადად აბრაამის შთამომავლობასთან ჰქონდა ურთიერთობა, სხვა ერებსაც შეეძლოთ იეჰოვასადმი მსახურება (მესამე მეფეთა 8:41–43). როგორც მოგვიანებით ვნახავთ, დღეს ღვთის მიუკერძოებლობა, მიუხედავად ჩვენი ეროვნული თუ ეთნიკური წარმოშობისა, შესაძლებლობას გვაძლევს, გავიცნოთ ის და ვასიამოვნოთ მას.
ბევრის სწავლა შეგვიძლია იმ ერის ისტორიიდან, რომელთანაც შემოქმედს ურთიერთობა ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში. მოდით ეს ისტორია სამ ნაწილად დავყოთ. თითოეული ნაწილის განხილვისას ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა თავისი სახელის მნიშვნელობის (აქცევინებს) შესაბამისად და როგორ ვლინდებოდა მისი პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობაში.
ნაწილი პირველი — ერი, რომლის მმართველიც შემოქმედი იყო
აბრაამის შთამომავლები ეგვიპტის მონობაში ჩაცვივდნენ. ბოლოს, ძვ. წ. 1513 წელს, ღმერთმა მოსეს მეშვეობით გაათავისუფლა ისინი. როცა ისრაელი ერი ჩამოყალიბდა, ღმერთი მისი მმართველი გახდა. მაგრამ ძვ. წ. 1117 წელს ხალხმა მოისურვა მეფედ ადამიანი ჰყოლოდა.
როგორ მოხვდა ისრაელი მოსესთან ერთად სინაის მთასთან? ბიბლიის წიგნი „დაბადება“ ამის წინამორბედ მოვლენებს აღწერს. ადრე, როცა იაკობი (ისრაელი) ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდა, შიმშილობა ჩამოვარდა იმ დროს ცნობილ ყველა ქვეყანაში. ოჯახზე მზრუნველმა იაკობმა გადაწყვიტა საკვები ეგვიპტეში ეშოვა, სადაც ხორბლის უხვი მარაგი ინახებოდა. მან შეიტყო, რომ გამგებელი, ვისაც სურსათ-სანოვაგე ჰქონდა ჩაბარებული, სინამდვილეში, მისი ძე იოსები იყო, ვისზეც ფიქრობდა, რომ რამდენიმე წლის წინ მოკვდა. იაკობი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ეგვიპტეში და იქ დარჩა (დაბადება 45:25—46:5; 47:5–12). მაგრამ იოსების სიკვდილის შემდეგ ახალმა ფარაონმა დაიმონა იაკობის შთამომავლები და ‘სიცოცხლე გაუმწარა მძიმე შრომით: თიხის ზელითა და აგურების კეთებით’ (გამოსვლა 1:8–14). ამ ცოცხალი ცნობის წაკითხვა — და არა მარტო ამის — შეგიძლიათ ბიბლიის მეორე წიგნ „გამოსვლაში“.
ისრაელები ათწლეულების მანძილზე იტანჯებოდნენ ცუდი მოპყრობის გამო და „მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს“. ისინი ბრძნულად მოიქცნენ, რომ იეჰოვას მიმართეს. ღმერთი დაინტერესებული იყო აბრაამის შთამომავლებით და გადაწყვეტილი ჰქონდა, შეესრულებინა თავისი განზრახვა — ეკურთხა ყველა ერი. იეჰოვას „მოესმა. . . მათი კვნესა და. . . მოხედა“, რაც ცხადყოფს შემოქმედის თანაგრძნობას დაჩაგრული და დატანჯული ერის მიმართ (გამოსვლა 2:23–25). მან ამოირჩია მოსე, რომელიც მონობიდან გაათავისუფლებდა ისრაელებს. მაგრამ, როცა მოსე და მისი ძმა აარონი მივიდნენ ეგვიპტის ფარაონთან თხოვნით — გაეშვა დამონებული ხალხი — მან გამომწვევად უპასუხა: «ვინ არის უფალი [„იეჰოვა“, აქ], რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი?» (გამოსვლა 5:2).
როგორ ფიქრობთ, შეაშინებდა სამყაროს შემოქმედს იმ დროში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მქონე მმართველის გამოწვევა? ღმერთმა მთელი რიგი სასჯელები დაატეხა ფარაონსა და ეგვიპტელებს. ბოლოს, მეათე სასჯელის შემდეგ, ფარაონი დათანხმდა ისრაელების გაშვებაზე (გამოსვლა 12:29–32). ამგვარად, აბრაამის შთამომავლობამ გაიცნო იეჰოვა როგორც რეალური პიროვნება, რომელსაც თავის დროზე მოაქვს თავისუფლება. დიახ, თავისი სახელის მნიშვნელობის შესაბამისად, იეჰოვა ღირსშესანიშნავი სახით იქცა თავისი აღთქმების შემსრულებლად. მაგრამ ფარაონი და ისრაელები ამ სახელის შესახებ უფრო მეტს გაიგებდნენ.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფარაონმა სწრაფად შეიცვალა აზრები. გაცხარებული, ჯარით გამოედევნა მიმავალ მონებს და წითელ ზღვასთან დაეწია. ისრაელები ზღვასა და ეგვიპტელთა ჯარს შორის მოემწყვდნენ. შემდეგ იეჰოვა ჩაერია: გზა გახსნა წითელ ზღვაში. ფარაონს ეს ღვთის უძლეველობის გამოვლენად უნდა ეცნო. ნაცვლად ამისა, ის თავისი მხედრობით ისრაელებს გაედევნა — მაგრამ დაიხრჩო ჯართან ერთად, როცა ღმერთმა ზღვა პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა. „გამოსვლაში“ მოცემული ცნობა არ აკონკრეტებს, როგორ გააკეთა ღმერთმა ყოველივე ეს. ჩვენ ამას მართებულად ვუწოდებთ სასწაულს, რადგან ასეთი რამ ადამიანის ძალებს აღემატებოდა. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი არ იყო მისთვის, ვინც შექმნა სამყარო და ყველა მისი კანონი (გამოსვლა 14:1–31).
ამან ისრაელებს დაანახვა — და ეს ჩვენც უნდა დაგვეხმაროს იმის გაგებაში — რომ იეჰოვა არის მხსნელი, რომელიც თავისი სახელის შესაბამისად მოქმედებს. მაგრამ ამ ცნობაში ღვთის გზებთან დაკავშირებით უფრო მეტი უნდა დავინახოთ. მაგალითად, მან მჩაგვრელ ერზე მართლმსაჯულება აღასრულა; ამავე დროს, შეიწყალა თავისი ერი, რომელშიც „თესლი“ უნდა მოსულიყო. ის, რასაც „გამოსვლაში“ ვკითხულობთ ამ უკანასკნელ აზრთან დაკავშირებით, ცხადია, უძველეს ისტორიაზე მეტია; ის დაკავშირებულია ღვთის განზრახვასთან — აკურთხოს ყველა.
აღთქმული მიწისკენ
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მოსე და ხალხი უდაბნოს გავლით სინაის მთისკენ გაემართნენ. იქ მომხდარმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონია ამ ერთან ღვთის ურთიერთობაზე შემდგომ საუკუნეებში. ღმერთმა მათ კანონები მისცა. რა თქმა უნდა, მანამდე დიდი ხნით ადრე შემოქმედს უკვე დადგენილი ჰქონდა კანონები, რომლებიც დღემდე მართავს მატერიას ჩვენს სამყაროში. სინაის მთასთან კი მან მოსე გამოიყენა, რომ ხალხისთვის ეროვნული კანონები მიეცა. წიგნ „გამოსვლასა“ და მომდევნო სამ წიგნში — „ლევიანნი“, „რიცხვნი“ და „მეორე რჯული“ — შეგვიძლია წავიკითხოთ კანონთა კრებული და ის, თუ რა გააკეთა ღმერთმა. სწავლულები ფიქრობენ, რომ მოსემ ასევე წიგნი „იობი“ დაწერა. ამ წიგნის ზოგ მნიშვნელოვან ნაწილს განვიხილავთ მეათე თავში.
დღესაც კი მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა იცის და ცდილობს დაიცვას ათი მცნება — კანონთა მთლიანი კრებულის ძირითადი ზნეობრივი მითითებები. მაგრამ ეს კრებული სხვა მრავალ მითითებასაც შეიცავს, რაც თავისი სრულყოფილების გამო მოწონებას იმსახურებს. გასაგებია, რომ მრავალი წესი ისრაელების მაშინდელ ცხოვრებას ეხებოდა, მაგალითად, ჰიგიენას, სანიტარიასა და დაავადებებს. თუმცა თავდაპირველად უძველესი ხალხისთვის იყო დადგენილი, ასეთი კანონები ცხადყოფს ისეთი მეცნიერული ფაქტების ცოდნას, რომლებიც სპეციალისტებმა მხოლოდ გასულ საუკუნეში აღმოაჩინეს (ლევიანნი 13:46, 52; 15:4–13; რიცხვნი 19:11–20; მეორე რჯული 23:12, 13). შეიძლება წამოიჭრას მართებული კითხვა: რამ განაპირობა, რომ ძველი ისრაელისთვის განკუთვნილი კანონები ირეკლავდა ცოდნასა და სიბრძნეს, რომელიც საკმაოდ აღემატებოდა იმას, რაც მისი თანამედროვე ერებისთვის იყო ცნობილი? გონივრული პასუხი ისაა, რომ ეს კანონები შემოქმედმა დაადგინა.
კანონები აგრეთვე ეხმარებოდა ისრაელებს გვარის შენარჩუნებასა და რელიგიური მოვალეობების დადგენაში, რომლებსაც უნდა მიჰყოლოდნენ „თესლის“ გამოჩენამდე. რადგან დათანხმდნენ, რომ ღვთის ყველა მოთხოვნას შეასრულებდნენ, ისინი პასუხისმგებლები გახდნენ, რჯულის თანახმად ეცხოვრათ (მეორე რჯული 27:26; 30:17–20). რასაკვირველია, ისინი სრულყოფილად ვერ ასრულებდნენ რჯულს. მაგრამ ესეც კარგ მიზანს ემსახურებოდა. რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ მოგვიანებით ახსნა, რომ რჯული „დანაშაულთა გამო მიეცა. . . ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა“ (გალატელთა 3:19, 24). ასე რომ, კანონთა კრებულმა ისინი რჩეულ ერად აქცია; ის შეახსენებდა, რომ ესაჭიროებოდათ „თესლი“, ანუ მესია, და ამზადებდა მათ მის მისაღებად.
სინაის მთასთან შეკრებილი ისრაელები თანახმა იყვნენ, ღვთის კანონთა კრებულს დამორჩილებოდნენ. ამით ისინი შევიდნენ, როგორც ამას ბიბლია უწოდებს, აღთქმაში ანუ კავშირში (შეთანხმება). ეს კავშირი შეიკრა ამ ერსა და ღმერთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირში ნებით შევიდნენ, მათ სიჯიუტე გამოავლინეს. მაგალითად, მათ გაიკეთეს ოქროს ხბო, რომელიც თითქოსდა ღმერთს განასახიერებდა. ეს ცოდვა იყო, რადგან კერპთაყვანისმცემლობა აშკარად არღვევდა ათ მცნებას (გამოსვლა 20:4–6). უფრო მეტიც, ისინი ჩიოდნენ საკვებზე, უჯანყდებოდნენ ღვთის მიერ დანიშნულ წინამძღოლს (მოსეს) და უზნეო კავშირს ამყარებდნენ უცხოელ ქალებთან, რომლებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მაგრამ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს დღეს, როცა მოსეს დღეებიდან ამდენი დრო გავიდა?
ეს მხოლოდ უძველესი ისტორია როდია. ბიბლიური ცნობები ისრაელის უმადურობასა და ღვთის საპასუხო მოქმედებებზე ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად მზრუნველი ღმერთია. ბიბლია ამბობს, რომ ისრაელები „კვლავ და კვლავ“ ცდიდნენ იეჰოვას, რითაც „შეურაცხყოფდნენ“ და ‘ტკივილს’ აყენებდნენ მას (ფსალმუნი 78:40, 41, აქ [77:40, 41, სსგ]). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ შემოქმედს გრძნობები აქვს და მისთვის სულ ერთი არ არის, რას აკეთებენ ადამიანები.
ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთი ისრაელის ცოდვის გამო გააუქმებდა ამ კავშირს და თავისი აღთქმის შესასრულებლად სხვა ერს აირჩევდა. მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. ნაცვლად ამისა, ის სჯიდა საზარელ ბოროტმოქმედებს, თუმცა მთლიანობაში გზასაცდენილი ერის მიმართ წყალობას ავლენდა. დიახ, ღმერთი ყოველთვის ერთგული იყო თავისი მეგობრის, აბრაამისთვის, მიცემული აღთქმის.
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ისრაელი მიადგა ქანაანს, რომელიც ბიბლიაში აღთქმულ მიწად არის წოდებული. ის დასახლებული იყო ძლიერი, მაგრამ ზნედაცემულ საქმეებში ჩაფლული ხალხით. შემოქმედი მათ საქმეებში 400 წელი არ ჩარეულა, მაგრამ ახლა მან სამართლიანად გადაწყვიტა, ქვეყანა ძველი ისრაელისთვის მიეცა (დაბადება 15:16; იხილეთ აგრეთვე „ეჭვიანი ღმერთი — რა გაგებით?“, გვერდები 132, 133). ქვეყნის დაუფლებამდე მოსემ 12 მზვერავი გაგზავნა. მათგან ათს არ სწამდა, რომ იეჰოვა თავისი ძალით იხსნიდა ერს. მათმა ცნობამ ხალხს ღვთის წინააღმდეგ ბუზღუნი დააწყებინა და ეგვიპტეში დაბრუნებაც კი გადააწყვეტინა. შედეგად, ღმერთმა ხალხს უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალი მიუსაჯა (რიცხვნი 14:1–4, 26–34).
რა იქნა მიღწეული ამ სასჯელით? სიკვდილის წინ მოსემ შეაგონა ისრაელის ძეები, რომ ხსომებოდათ ის წლები, რომელთა განმავლობაშიც იეჰოვამ დაამდაბლა ისინი. მოსემ უთხრა: „შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი“ (მეორე რჯული 8:1–5). მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი მოქმედებით შეურაცხყოფდნენ ღმერთს, იეჰოვა ზრუნავდა მათზე, რითაც აჩვენებდა, რომ ისინი მასზე იყვნენ დამოკიდებული. მაგალითად, ისრაელები ცოცხლები დარჩნენ, იმიტომ რომ ღმერთი აწვდიდა მანანას — საჭმელს, რომელსაც თაფლიანი ნამცხვრის გემო ჰქონდა. ცხადია, მათ ბევრი რამ უნდა ესწავლათ უდაბნოში მიღებული გამოცდილებიდან. ამას მათთვის უნდა დაემტკიცებინა, თუ რა მნიშვნელოვანია მწყალობელი ღვთისადმი მორჩილება და მასზე მინდობა (გამოსვლა 16:13–16, 31; 34:6, 7).
მოსეს სიკვდილის შემდეგ ღმერთმა იესო ნავეს ძეს ჩააბარა ისრაელის წინამძღოლობა. ამ გულადმა და ერთგულმა მამაკაცმა ერი ქანაანში შეიყვანა და უშიშრად დაიწყო ქვეყნის დაპყრობა. მოკლე ხანში იესომ 31 მეფე დაამარცხა და აღთქმული მიწის დიდი ნაწილი დაიკავა. ეს საინტერესო ისტორია ჩაწერილია წიგნში „იესო ნავეს ძე“.
მმართველობა ადამიანი მეფის გარეშე
უდაბნოში ყოფნის დროს ერს წინამძღოლად ჰყავდა მოსე, შემდეგ კი, აღთქმულ მიწაზე ცხოვრების პირველ წლებში — იესო ნავეს ძე. ისრაელებს არ სჭირდებოდათ ადამიანი მეფე, ვინაიდან იეჰოვა იყო მათი მმართველი. მან იზრუნა უხუცესების დანიშვნაზე, რომლებიც ისმენდნენ სამართლებრივ საქმეებს ქალაქის კარიბჭეებთან. ისინი წესრიგს იცავდნენ და ხალხს სულიერ დახმარებას უწევდნენ (მეორე რჯული 16:18; 21:18–20). წიგნ „რუთიდან“ შესანიშნავად ჩანს, თუ ეს უხუცესები როგორ განიხილავდნენ სამართლებრივ საქმეს, რომელიც დაფუძნებული იყო მეორე რჯულის 25:7–9-ში ჩაწერილ კანონზე.
წლების განმავლობაში ერს ხშირად თავს ატყდებოდა ღვთის უკმაყოფილება მრავალჯერ გამოვლენილი ურჩობისა და ქანაანის ღმერთების თაყვანისცემის გამო. მიუხედავად ამისა, როცა ისინი გაჭირვებაში ცვივდებოდნენ და დახმარებისთვის იეჰოვას მოუხმობდნენ, ის იხსენებდა მათ. იეჰოვა ნიშნავდა მსაჯულებს, რომლებსაც მჩაგვრელი მეზობელი ერებისგან ისრაელის გათავისუფლებისთვის უნდა ეხელმძღვანელათ. წიგნი „მსაჯულნი“ ცოცხლად აგვიწერს 12 მამაცი მსაჯულის გმირობებს (მსაჯულნი 2:11–19; ნეემია 9:27).
ცნობაში ნათქვამია: „იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა“ (მსაჯულნი 21:25). ერისთვის მიცემული რჯული შეიცავდა ზნეობრივ ნორმებს, ასე რომ, უხუცესების დახმარებითა და მღვდლების მითითებებით, ხალხს შეეძლო ‘მოქცეულიყო ისე, როგორც საკუთარ თვალში თვლიდა სწორად’ (აქ) და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ სწორად იქცეოდა. ამასთანავე, კანონთა კრებულით გათვალისწინებული იყო კარავი, ანუ სატარებელი ტაძარი, სადაც შესაწირავები მიჰქონდათ. იქ იმყოფებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი და იმ დროს ეს ერის გაერთიანებას უწყობდა ხელს.
ნაწილი მეორე — კეთილდღეობა მეფეების დროს
იმ დროს, როცა სამუელი იყო ისრაელის მსაჯული, ხალხმა მეფედ ადამიანი მოითხოვა. პირველი სამი მეფე — საული, დავითი და სოლომონი — მეფობდნენ ორმოც-ორმოცი წელი ძვ. წ. 1117 წლიდან ძვ. წ. 997 წლამდე. ისრაელმა მიაღწია სიმდიდრისა და დიდების მწვერვალს და შემოქმედმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომავალი „თესლის“ მეფობის მოსამზადებლად.
როგორც მსაჯული და წინასწარმეტყველი, სამუელი კარგად ზრუნავდა ისრაელის სულიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ მისი ვაჟები განსხვავდებოდნენ მისგან. ბოლოს ხალხმა სამუელს მოსთხოვა: „დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს“. იეჰოვამ სამუელს აუხსნა ამ მოთხოვნის არსი: „შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა. . . რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“. იეჰოვამ წინასწარ განჭვრიტა ამ მოვლენების სამწუხარო შედეგები (პირველი მეფეთა 8:1–9). მიუხედავად ამისა, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მან ისრაელის მეფედ დანიშნა მორჩილი მამაკაცი, სახელად საული. კარგი დასაწყისის მიუხედავად, გამეფების შემდეგ საულმა თვითნებობა გამოავლინა და ღვთის ბრძანებებს გადააბიჯა. ღვთის წინასწარმეტყველმა გამოაცხადა, რომ სამეფო გადაეცემოდა იეჰოვასთვის მოსაწონ კაცს. ამან უნდა დაგვანახვოს, თუ რამდენად აფასებს შემოქმედი მთელი გულით მორჩილებას (პირველი მეფეთა 15:22, 23).
დავითი, რომელიც ისრაელის შემდეგი მეფე უნდა გამხდარიყო, იუდას ტომის ერთ-ერთი ოჯახის უმცროსი შვილი იყო. ამ გასაკვირ არჩევანთან დაკავშირებით ღმერთმა სამუელს უთხრა: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). ნუთუ გამამხნევებელი არ არის, რომ შემოქმედი ჩვენს შინაგან პიროვნებას უყურებს და არა გარეგნობას? მაგრამ საულს სხვა აზრები ჰქონდა ღვთის არჩევანთან დაკავშირებით. იმ დროიდან, რაც იეჰოვამ დავითი აირჩია მომავალ მეფედ, საულს არ ტოვებდა დავითის მოკვლის აზრი. იეჰოვამ არ დაუშვა ეს და ბოლოს საული და მისი ვაჟები ფილისტიმელებთან, მეომარ ხალხთან, ბრძოლაში დაიღუპნენ.
მეფე დავითს სამეფო ტახტი ქალაქ ხებრონში ჰქონდა. შემდეგ იერუსალიმი დაიპყრო და დედაქალაქიც იქ გადაიტანა. მან აგრეთვე გააფართოვა ისრაელის საზღვრები მთელ იმ ქვეყანაზე, რომლის მიცემაც ღმერთმა აბრაამის შთამომავლებს აღუთქვა. ამ პერიოდის შესახებ (აგრეთვე მომდევნო მეფეების ისტორიის შესახებ) შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ექვს ისტორიულ წიგნშიb. მათში ნაჩვენებია, რომ დავითის ცხოვრება უპრობლემო არ იყო. მაგალითად, როცა ადამიანურ გულისთქმას დაჰყვა, მან იმრუშა ლამაზ ბათშებაყთან და ამ ცოდვის მიჩქმალვის მიზნით სხვა არასწორი საქმეებიც მოიმოქმედა. როგორც სამართლის ღმერთს, იეჰოვას არ შეეძლო, უბრალოდ, თვალი დაეხუჭა დავითის ცოდვებზე. მაგრამ დავითის გულწრფელი მონანიების გამო, ღმერთმა არ მოითხოვა რჯულით გათვალისწინებული სასჯელის მკაცრად აღსრულება; მიუხედავად ამისა, დავითს არ ასცდა ცოდვების შედეგები — ოჯახში მრავალი პრობლემა ჰქონდა.
ამ რთულ ვითარებებში დავითმა შეიცნო ღმერთი როგორც გრძნობების მქონე პიროვნება. ის წერდა: „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან. . . და მათს ღაღადისს მოისმენს“ (ფსალმუნი 144:18–20). დავითის სიწრფელე და ერთგულება კარგად არის ნაჩვენები მშვენიერ სიმღერებში, რომლებიც მან შეთხზა და რომლებიც წიგნ „ფსალმუნნის“ ნახევარზე მეტს შეადგენს. მილიონობით ადამიანმა ჰპოვა ნუგეში და გამხნევება ამ პოეზიაში. ყურადღება მიაქციეთ დავითის ღმერთთან სიახლოვეს, რაც გადმოცემულია ფსალმუნის 138:1–4-ში: „უფალო, გამომცადე და შემიცანი. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. . . თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად“.
დავითისთვის განსაკუთრებით იყო ცნობილი, რომ ღმერთს ხსნის ძალა შესწევდა (ფსალმუნი 19:7; 27:9; 33:8, 10; 36:39). ყოველთვის, როცა კი ამას გრძნობდა, იეჰოვასადმი ნდობა უღრმავდებოდა. ამის მტკიცების მონახვა შეგიძლიათ ფსალმუნის 29:6-ში, 61:9-სა და 102:9-ში. ან წაიკითხეთ 50-ე ფსალმუნი, რომელიც დავითმა მას შემდეგ შეთხზა, რაც ბათშებაყთან ცოდვაში ამხილეს. რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ასე ადვილად მივმართოთ შემოქმედს, იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის ქედმაღალი არ არის, არამედ თავმდაბლობით მზად არის მოსასმენად! (ფსალმუნი 17:36; 68:34; 85:1–8). ეს ცოდნა დავითს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით არ მიუღია. „ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, — წერდა ის, — შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 62:7; 142:5).
იეჰოვამ განსაკუთრებული კავშირი შეკრა დავითთან მარადიულ სამეფოსთან დაკავშირებით. შესაძლოა, დავითს ბოლომდე არ ესმოდა ამ კავშირის მნიშვნელობა, მაგრამ ბიბლიაში მოგვიანებით ჩაწერილი ცნობებიდან შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი: ღმერთი მიუთითებდა, რომ აღთქმული „თესლი“ დავითის ხაზიდან მოვიდოდა (მეორე მეფეთა 7:16).
ბრძენი მეფე სოლომონი და სიცოცხლის აზრი
დავითის ძე სოლომონი განთქმული იყო სიბრძნით. ამ სიბრძნეს ჩვენთვისაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, თუ წავიკითხავთ მის მიერ დაწერილ პრაქტიკულ წიგნებს: „იგავნი სოლომონისა“ და „ეკლესიასტე“c (მესამე მეფეთა 10:23–25). „ეკლესიასტე“ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც მეფე სოლომონის მსგავსად სიცოცხლის აზრს ეძებს. ის იყო პირველი ისრაელი მეფე, რომელიც სამეფო ოჯახში დაიბადა, და მას ჰქონდა დიდი შესაძლებლობები. მან ხელი მოჰკიდა უდიდეს სამშენებლო პროექტებს, საჭმელ-სასმელი არ აკლდა, ტკბებოდა მუსიკით და ჰყავდა სახელოვანი მეგობრები. მიუხედავად ამისა, ის წერდა: „გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი“ (ეკლესიასტე 2:3–9, 11). რა დასკვნამდე მივიდა ის?
სოლომონმა დაწერა: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:13, 14). ამის შესაბამისად, სოლომონმა დაიწყო დიდებული ტაძრის შვიდწლიანი სამშენებლო პროექტი, რათა ხალხს ჰქონოდა ღვთის თაყვანისცემის შესაძლებლობა (მესამე მეფეთა, თავი 6).
სოლომონის მეფობის წლები სხვებისგან გამორჩეული იყო — ქვეყანა ყვაოდა და მშვიდობა სუფევდა (მესამე მეფეთა 4:20–25). მაგრამ მისი გული ბოლომდე არ იყო მიმართული იეჰოვასკენ, ისე როგორც დავითის გული. სოლომონმა მრავალი უცხოტომელი ცოლი მოიყვანა და მათი ზეგავლენით მისი გული უცხო ღმერთებისკენ გადაიხარა. საბოლოოდ, იეჰოვამ უთხრა მას: „გამოგგლეჯ სამეფოს. . . ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის“ (მესამე მეფეთა 11:4, 11–13).
ნაწილი მესამე — სამეფო დაყოფილია
სოლომონის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 997 წელს, სამეფოს გამოეყო ჩრდილოეთის ათი ტომი. ამ ტომებმა ჩამოაყალიბეს ისრაელის სამეფო, რომელიც ასურელებმა დაიპყრეს ძვ. წ. 740 წელს. იერუსალიმში მეფეები ორ ტომზე მეფობდნენ. ეს სამეფო, იუდა, ძვ. წ. 607 წლამდე არსებობდა, სანამ ბაბილონი იერუსალიმს დაიპყრობდა და მის მოსახლეობას ტყვედ წაასხამდა. იუდა 70 წელი უკაცრიელი იყო.
სოლომონის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ძე რობოამმა, რომელმაც ხალხს ცხოვრება გაურთულა. ამან აჯანყება გამოიწვია და ქვეყანას ათი ტომი გამოეყო, რის შედეგადაც ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა (მესამე მეფეთა 12:1–4, 16–20). წლების მანძილზე ეს ჩრდილოეთ სამეფო არ იყო ჭეშმარიტი ღვთის ერთგული. ხშირად ხალხი თაყვანს სცემდა ოქროს ხბოს კერპს ან სხვა ფორმის ცრუ თაყვანისმცემლობაში ებმებოდა. ზოგჯერ მეამბოხეები კლავდნენ მეფეს და მის დინასტიას ამხობდნენ. იეჰოვამ დიდი მოთმინება გამოავლინა ერის მიმართ და არაერთხელ გააფრთხილა წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომ, თუ ღვთისკენ არ შემობრუნდებოდნენ, უბედურება ელოდათ. წიგნები „ოსია“ და „ამოსი“ იმ წინასწარმეტყველებმა დაწერეს, ვისი ცნობებიც ამ ჩრდილოეთ სამეფოს ეხებოდა. საბოლოოდ, ძვ. წ. 740 წელს, ჩრდილოეთ სამეფოს ასურელებმა დაატეხეს ტრაგედია, რომლის შესახებაც ღვთის წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ.
სამხრეთში, იუდას სამეფოში, მმართველობდა დავითის დინასტიის 19 მეფე ძვ. წ. 607 წლამდე. მეფეები: ასა, იოშაფატი, ხიზკია (ეზეკია) და იოშია (იოშიაჰუ), თავიანთი წინაპარი დავითის მსგავსად მეფობდნენ და იეჰოვას მოწონებაც დაიმსახურეს (მესამე მეფეთა 15:9–11; მეოთხე მეფეთა 18:1–7; 22:1, 2; მეორე ნეშტთა 17:1–6). ამ მეფეების მმართველობისას, იეჰოვა აკურთხებდა ერს. ერთი ენციკლოპედია შენიშნავს: „ი[უდას] უდიდეს განმასხვავებელ ნიშნად ითვლება ღვთის მიერ დადგენილი ტაძარი, სამღვდელოება, დაწერილი რჯული და იეჰოვას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, ჭეშმარიტ თეოკრატიულ მეფედ აღიარება. . . რჯულისადმი ერთგულებამ. . . წარმოშვა მეფეების მთელი რიგი, რომელშიც შედიოდა მრავალი გონიერი და ერთგული მონარქი. . . ამიტომაც გაძლო უფრო დიდხანს ი[უდამ], ვიდრე უფრო ხალხმრავალმა ჩრდილოეთის სამეფომ“ (The Englishman’s Critical and Expository Bible Cyclopædia). ამ ერთგულ მეფეებს რიცხობრივად ჭარბობდნენ ისეთი მეფეები, რომლებიც არ დადიოდნენ დავითის გზით. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ისე აგვარებდა საქმეებს, რომ ‘დავითს სამუდამოდ დარჩენოდა ლამპარი ღვთის წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ღმერთმა აირჩია თავისი სახელის იქ დასავანებლად’ (მესამე მეფეთა 11:36).
სვლა განადგურებისკენ
იუდას იმ მეფეებიდან, რომლებმაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას გადაუხვიეს, ერთ-ერთი იყო მენაშე. ის „ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად“ (მეოთხე მეფეთა 21:6, 16). მეფე მენაშემ აცდუნა თავისი ხალხი და ისინი „იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა“. შემოქმედმა არაერთხელ გააფრთხილა მენაშე და მისი ხალხი, ბოლოს კი განაცხადა: „პირწმინდად ამოვრეცხ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი“ (მეორე ნეშტთა 33:9, 10; მეოთხე მეფეთა 21:10–13).
იეჰოვამ ასურელებს შეაპყრობინა მენაშე და სპილენძის ბორკილდადებული ტყვეობაში წააყვანინა (მეორე ნეშტთა 33:11). ტყვეობაში მენაშე გონს მოეგო და «მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის [„ღვთის“, აქ] წინაშე». როგორ მოიქცა იეჰოვა? „[ღმერთმაც] შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი“. მეფე მენაშემ და მისმა შვილიშვილმა მეფე იოშიამ გაატარეს საჭირო რეფორმები. მიუხედავად ამისა, ერს სამუდამოდ არ მიუტოვებია ზნეობრივად და სულიერად გამხრწნელი საქმეები (მეორე ნეშტთა 33:1–20; 34:1—35:25; მეოთხე მეფეთა, თავი 22).
აღსანიშნავია, რომ იეჰოვა თავგამოდებულ წინასწარმეტყველებს აგზავნიდა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ თავისი თვალსაზრისი გაეცხადებინაd. იერემია გადასცემდა იეჰოვას სიტყვებს: „იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ — წინასწარმეტყველებს“. მაგრამ ხალხი არ უსმენდა ღმერთს. ისინი თავიანთ მამა-პაპაზე უარესად იქცეოდნენ! (იერემია 7:25, 26). ღმერთი გამუდმებით აფრთხილებდა მათ, „რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი“. მაგრამ ისინი არაფრად აგდებდნენ იეჰოვას სიტყვებს. ამიტომ ღმერთმა დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებს დაენგრიათ იერუსალიმი და გაეპარტახებინათ ქვეყანა. 70 წლის მანძილზე ის უდაბური იყო (მეორე ნეშტთა 36:15, 16; იერემია 25:4–11).
ღვთის საქმეების ეს მოკლე მიმოხილვა უნდა დაგვეხმაროს იმის დანახვაში, რომ იეჰოვა მზრუნველი და სამართლიანია თავის ერთან ურთიერთობაში. ის გულხელდაკრეფილი არ უყურებდა ხალხს, თუ რას გააკეთებდნენ, თითქოს ეს მისთვის სულ ერთი ყოფილიყო. ღმერთი ყველანაირად ცდილობდა, დახმარებოდა მათ. გასაგებია, თუ რატომ თქვა ესაიამ: «უფალო [„იეჰოვა“, აქ], ჩვენი მამა ხარ. . . შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი» (ესაია 64:7). მსგავსად ამისა, დღეს მრავალი შემოქმედს ისე მიმართავს, როგორც „მამას“, ვინაიდან ის ისე ეხმაურება მათ როგორც ამას მოსიყვარულე, მზრუნველი მამა გააკეთებდა. მაგრამ მას ისიც ესმის, რომ ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს მოქმედებებსა და მათს შედეგებზე.
ბაბილონში ისრაელების 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა შეასრულა თავისი წინასწარმეტყველება იერუსალიმის აღდგენასთან დაკავშირებით. ხალხი გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს, რომ ‘აეშენებინა სახლი უფლისთვის, რომელიც იერუსალიმშია’ (პირველი ეზრა 1:1–4; ესაია 44:24—45:7). ბიბლიის რამდენიმე წიგნიe განიხილავს ამ აღორძინებას, ტაძრის აღდგენასა და შემდგომ მოვლენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი მათგანი — „დანიელი“ — რადგან მასში ნაწინასწარმეტყველები იყო „თესლის“, ანუ მესიის, მოსვლის ზუსტი დრო და ჩვენს დროში მიმდინარე მოვლენები.
საბოლოოდ, ტაძარი აღადგინეს, მაგრამ იერუსალიმი სავალალო მდგომარეობაში იყო. მისი კედლები და კარიბჭეები ნანგრევებად იყო ქცეული. მაშინ იეჰოვამ ამოირჩია ნეემია და კიდევ სხვები, რომ გაემხნევებინათ იუდეველები და ორგანიზება გაეწიათ მათთვის. ლოცვა, რომელიც ნეემიას მე-9 თავშია ჩაწერილი, შესანიშნავად ირეკლავს იეჰოვას ურთიერთობას ისრაელებთან. ის ცხადყოფს, რომ იეჰოვა არის „ღმერთი. . . შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი. . . წყალობის გაღებისას კი უხვი“. ეს ლოცვა აგრეთვე აჩვენებს, რომ იეჰოვა მოქმედებს სამართლიანობის სრულყოფილი ნორმის შესაბამისად. მაშინაც კი, როცა საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ განაჩენის აღსასრულებლად სიძლიერე გამოიყენოს, ის მზად არის სამართლიანობა სიყვარულით შეარბილოს. ეს რომ გაწონასწორებულად და სრულყოფილად აკეთოს, საჭიროა სიბრძნე. უეჭველად, შემოქმედის ურთიერთობებმა ისრაელ ერთან უნდა მიგვიზიდოს მისკენ და აღგვძრას, დავინტერესდეთ მისი ნების ქმნით.
დასასრულს, ბიბლიის ეს ნაწილი („ძველი აღთქმა“) მოგვითხრობს, რომ იუდას სამეფო, იერუსალიმის ტაძრის ჩათვლით, აღდგენილი იყო, მაგრამ წარმართთა მმართველობის უღელქვეშ იმყოფებოდა. მაშ, როგორ შესრულდებოდა დავითთან შეკრული ღვთის კავშირი „თესლის“ შესახებ, რომელსაც უნდა ემეფა „უკუნისამდე“? (ფსალმუნი 88:4, 5; 131:11, 12). იუდეველები ჯერ კიდევ „ცხებული მეფის“ მოლოდინში იყვნენ, რომელიც გაათავისუფლებდა ღვთის ხალხს და დედამიწაზე დაამყარებდა თეოკრატიულ სამეფოს, ანუ სამეფოს ღვთის მმართველობით (დანიელი 9:24, 25). მაგრამ იყო ეს იეჰოვას განზრახვა? თუ არა, როგორ მოიტანდა აღთქმული მესია ხსნას? როგორ გვეხება ეს ჩვენ? ეს მნიშვნელოვანი საკითხები განხილული იქნება მომდევნო თავში.
[სქოლიოები]
a იმ ადგილების მოძებნის გაადვილების მიზნით, სადაც ბიბლიის წიგნები ირჩევა, მათი სახელწოდებები მოცემულია მუქი შრიფტით.
b ესენია: „პირველი მეფეთა“, „მეორე მეფეთა“, „მესამე მეფეთა“, „მეოთხე მეფეთა“, „პირველი ნეშტთა“ და „მეორე ნეშტთა“.
c მან აგრეთვე დაწერა „ქებათა-ქება სოლომონისა“ — პოემა სიყვარულზე, რომელშიც ხოტბა აქვს შესხმული თავმდაბალი მწყემსისადმი ყმაწვილი ქალის ერთგულებას.
d ასეთ ღვთივსულიერ წინასწარმეტყველურ ცნობებს შეიცავს ბიბლიის მრავალი წიგნი. ესენია: „ესაია“, „იერემია“, „გოდება იერემიასი“, „ეზეკიელი“, „იოველი“, „მიქა“, „აბაკუმი“, „სოფონია“. წიგნები: „აბდია“, „იონა“ და „ნაუმი“, ყურადღებას ამახვილებს გარშემო მყოფ ერებზე, რომელთა საქმეებიც გავლენას ახდენდა ღვთის ხალხზე.
e ისტორიულ და წინასწარმეტყველურ წიგნებში შედის: „პირველი ეზრა“, „ნეემია“, „ესთერი“, „ანგია“, „ზაქარია“ და „მალაქია“.
[ჩარჩო 126, 127 გვერდებზე]
შეიძლება სასწაულების დაჯერება?
«შეუძლებელია ისარგებლო ელექტროენერგიითა და რადიომიმღებებით, აღიარო თანამედროვე სამედიცინო და ქირურგიული მიღწევები და, ამავე დროს, დაიჯერო „ახალ აღთქმაში“ აღწერილი სულებისა და სასწაულების სამყარო». გერმანელი ღვთისმეტყველის რუდოლფ ბულტმანის ეს სიტყვები ირეკლავს დღეს მცხოვრები მრავალი ადამიანის თვალსაზრისს სასწაულებზე. თქვენც ასე ფიქრობთ ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებზე, მაგალითად ღვთის მიერ წითელი ზღვის გაყოფაზე?
„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ სიტყვა „სასწაულს“ განმარტავს, როგორც ‘არაჩვეულებრივ, ზებუნებრივ მოვლენას’. ამგვარ არაჩვეულებრივ მოვლენაში შედის ბუნებრივი წესრიგის დარღვევა და სწორედ ამიტომ არ სჯერა მრავალს სასწაულების. მაგრამ ის, რაც შეიძლება ბუნების ერთი კანონის დარღვევად გეჩვენებოდეთ, შეიძლება ადვილად აიხსნას მოცემულ სიტუაციაში მონაწილე ბუნების სხვა კანონების გათვალისწინებით.
მაგალითად, „ნიუ საიენტისტი“ იტყობინებოდა, რომ ორმა ფიზიკოსმა, ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, თარაზულად გადებული, წყლით ნაწილობრივ ავსებული მილი მოათავსა საკმაოდ ძლიერ მაგნიტურ ველში. წყალი მილის ბოლოებში გავიდა, შუაში კი მშრალი ადგილი დარჩა. 1994 წელს აღმოჩენილი ეს მოვლენა იმით აიხსნება, რომ წყალი სუსტი დიამაგნეტიკია — მაგნიტისგან განიზიდება. ამ დამტკიცებულ მოვლენას — რომ წყალი არ ჩერდება ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველში და მიდის იქით, სადაც ველი სუსტია — ეწოდა „მოსეს ეფექტი“. „ნიუ საიენტისტი“ აღნიშნავდა: „წყლის გაფანტვა ადვილია, თუ გაქვთ საკმაოდ დიდი მაგნიტი. და თუ ასეთი რამეა შესაძლებელი, მაშინ თითქმის ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა“.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია დარწმუნებით ითქვას, რომელი პროცესი გამოიყენა ღმერთმა, როცა ისრაელების წინაშე გაყო წითელი ზღვა. მაგრამ შემოქმედმა სრულყოფილად იცის ბუნების ყველა კანონი. მისთვის რთული არ იქნებოდა რომელიმე კანონის გარკვეული მხარეების გაკონტროლება თავისივე მიერ გამოგონებული სხვა კანონების გამოყენებით. ადამიანებს შედეგი შეიძლება სასწაულად მოეჩვენოთ განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლომდე არ ესმით გამოყენებული კანონები.
ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებთან დაკავშირებით პროფესორი აკირა იამადა, კიოტოს უნივერსიტეტის (იაპონია) ყოფილი თანამშრომელი, ამბობს: «თუმცა სწორია იმის თქმა, რომ დღეს [სასწაულის] გაგება შეუძლებელია მეცნიერების იმ დარგის (ან თანამედროვე მეცნიერების) თვალსაზრისით, რომელიც მოცემულ საკითხის ეხება, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ფიზიკაზე ან ბიბლიოლოგიაზე დაყრდნობით არასწორია იმის მტკიცება, რომ სასწაული არ მომხდარა. ათი წლის შემდეგ დღევანდელი მეცნიერული ცოდნა მოძველდება. რაც უფრო მალე ვითარდება მეცნიერება, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ დღევანდელ მეცნიერებს მასხარად აიგდებენ და იტყვიან: „ათი წლის წინ მეცნიერებს სერიოზულად სწამდათ ესა და ეს“» („ღმერთები მეცნიერულ ეპოქაში“ [Gods in the Age of Science]).
იეჰოვას, შემოქმედსა და ბუნების კანონების მაკონტროლებელს, შეუძლია გამოიყენოს თავისი სიძლიერე სასწაულების მოსახდენად.
[ჩარჩო 132, 133 გვერდებზე]
ეჭვიანი ღმერთი — რა გაგებით?
„ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი“, — ვკითხულობთ გამოსვლის 34:14-ში. მაგრამ რას ნიშნავს ეს?
ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა სიტყვით „ეჭვიანი“, შეიძლება ნიშნავდეს „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნს, მას, ვინც მეტოქეობას ვერ ითმენს“. დადებითი გაგებით, რაც მისი ქმნილებების სასარგებლოდაა, იეჰოვა ეჭვიანია თავის სახელსა და თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით (ეზეკიელი 39:25). იეჰოვას გულმოდგინება იმაში, რომ იმოქმედოს თავისი სახელის მნიშვნელობის შესაბამისად, იმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ შეასრულებს თავის განზრახვას კაცობრიობის მიმართ.
მაგალითად, განვიხილოთ მისი განაჩენი ქანაანის ქვეყნის მკვიდრებზე. ერთი სწავლული შემდეგ გამაოგნებელ ცნობას გვაწვდის: „ბაალისადმი, აშთორეთისა და ქანაანელთა სხვა ღმერთებისადმი თაყვანისმცემლობა უკიდურეს აღვირახსნილობას შეიცავდა; მათი ტაძრები ბიწიერების ცენტრებს წარმოადგენდა. . . ქანაანელების თაყვანისმცემლობაში შედიოდა უზნეო გართობა. . . და იმავე ღმერთებისადმი საკუთარი პირმშო ბავშვების შეწირვა“. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დოქები, რომლებშიც ინახებოდა შეწირული ბავშვების ფერფლი. თუმცა ღმერთმა ქანაანელების ცოდვა უკვე აბრაამის დღეებში იცოდა, მან 400 წელი ითმინა და საკმაო დრო მისცა, რომ შეცვლილიყვნენ (დაბადება 15:16).
ჰქონდათ შეგნებული ქანაანელებს თავიანთი ცოდვის სიმძიმე? მათ ჰქონდათ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი სინდისის გრძნობა, რაც, იურისტების აზრით, ზნეობისა და სამართლიანობის საყოველთაო საფუძველს წარმოადგენს (რომაელთა 2:12–15). მიუხედავად ამისა, ქანაანელები არ წყვეტდნენ ბავშვების საზარელ შეწირვას და სქესობრივ აღვირახსნილობას.
იეჰოვამ თავისი გაწონასწორებული სამართლიანობით გადაწყვიტა, რომ ქვეყანას გაწმენდა ესაჭიროებოდა. მაგრამ ეს გენოციდი არ იყო. ღმერთმა შეიწყალა როგორც ცალკეული ქანაანელები, მაგალითად რახაბი, ისე ადამიანების გარკვეული ჯგუფები, მაგალითად გაბაონელები, რადგან მათ საკუთარი ნებით მიიღეს ღვთის მაღალზნეობრივი ნორმები (იესო ნავეს ძე 6:25; 9:3–15). რახაბი შევიდა სამეფო გენეალოგიის ხაზში, რომელშიც მესია უნდა დაბადებულიყო, ხოლო გაბაონელების შთამომავლები იეჰოვას ტაძარში მსახურობდნენ (იესო ნავეს ძე 9:27; პირველი ეზრა 8:20; მათე 1:1, 5–16).
აქედან გამომდინარე, თუ ვცდილობთ, მივიღოთ ფაქტებზე დაფუძნებული სრული და ზუსტი ინფორმაცია, ადვილია იმის დანახვა, რომ იეჰოვა — დიდებული და სამართლიანი ღმერთი — იმ გაგებითაა ეჭვიანი, რომ ზრუნავს ყველა თავისი ერთგული ქმნილების კეთილდღეობაზე.
[სურათი 123 გვერდზე]
შემოქმედმა გაათავისუფლა დამონებული ხალხი და თავისი განზრახვის შესასრულებლად გამოიყენა.
[სურათი 129 გვერდზე]
სინაის მთასთან კავშირი შეიკრა ძველ ისრაელსა და შემოქმედს შორის.
[სურათი 130 გვერდზე]
შემოქმედის სწორუპოვარი კანონების დაცვა ეხმარებოდა მის ერს, ბედნიერად ეცხოვრა აღთქმულ მიწაზე.
[სურათი 136 გვერდზე]
დღესაც შესაძლებელია მეფე დავითის ყოფილი სატახტო ქალაქის ნახვა, რომელიც იერუსალიმის კედლის სამხრეთით მდებარეობს.