თავი მეთოთხმეტე
ორთაბრძოლაში მეფეები იცვლებიან
1, 2. ა) რამ აიძულა ანტიოქე IV, დაეკმაყოფილებინა რომის მოთხოვნები? ბ) როდის გამოცხადდა სირია რომის პროვინციად?
სირიის მეფე ანტიოქე IV იპყრობს ეგვიპტეს და თავს მეფედ აცხადებს. ეგვიპტის მეფის, პტოლემე VI-ის თხოვნით, რომი ეგვიპტეში თავის წარმომადგენელს, გაიუს პოპილიუს ლაინასს, გზავნის. პოპილიუსი ძლიერი ფლოტის თანხლებით მიდის ეგვიპტეში და თან მიაქვს რომის სენატის ბრძანებები, რომ ანტიოქე IV-მ უარი თქვას ეგვიპტის მეფობაზე და დატოვოს ქვეყანა. ელევსინში (ალექსანდრიის გარეუბანი) სირიის მეფე და რომის წარმომადგენელი პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. ანტიოქე IV მრჩევლებთან თათბირისთვის დროს ითხოვს, მაგრამ ლაინასი მის გარშემო ჯოხით წრეს ხაზავს და ეუბნება, რომ თუ პასუხს არ გასცემს წრის გარეთ ფეხს ვერ გადადგამს. დამცირებული ანტიოქე IV რომაელთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ძვ. წ. 168 წელს სირიაში ბრუნდება. ამით სირიელ ჩრდილოეთის მეფესა და ეგვიპტელ სამხრეთის მეფეს შორის ორთაბრძოლა მთავრდება.
2 რომი დიდ ზეგავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთზე და მორჩილებაში ჰყავს სირია. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 163 წელს ანტიოქე IV-ის სიკვდილის შემდეგ სელევკიდების დინასტია განაგრძობს მმართველობას, სირიის მეფეები აღარ ასრულებენ „ჩრდილოეთის მეფის“ როლს (დანიელი 11:15). ბოლოს, ძვ. წ. 64 წელს, სირია რომის პროვინციად ცხადდება.
3. როდის და როგორ დაიმორჩილა რომმა ეგვიპტე?
3 ეგვიპტეში პტოლემეების დინასტია ანტიოქე IV-ის სიკვდილიდან 130 წელზე ოდნავ მეტ ხანს განაგრძობს „სამხრეთის მეფის“ როლის შესრულებას (დანიელი 11:14). ძვ. წ. 31 წელს აქციუმის ბრძოლაში რომის მმართველი ოქტავიანე ამარცხებს პტოლემეების დინასტიის უკანასკნელ დედოფალ კლეოპატრა VII-სა და მისი რომაელი მიჯნურის, მარკუს ანტონიუსის, გაერთიანებულ სამხედრო ძალას. მომდევნო წელს კლეოპატრას თვითმკვლელობის შემდეგ ეგვიპტეც რომის პროვინციად ცხადდება და აღარ ასრულებს სამხრეთის მეფის როლს. ძვ. წ. 30 წლისთვის რომი როგორც სირიაზე, ისე ეგვიპტეზე ბატონობს. გამოჩნდებიან თუ არა სხვა მმართველები, რომლებიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფის როლებს შეასრულებენ?
ახალი მეფე „გადასახადების ამკრეფს“ გზავნის
4. საიდან ვიცით, რომ უნდა გამოჩენილიყო ახალი მმართველი, რომელიც ჩრდილოეთის მეფის როლს შეასრულებდა?
4 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამრიგად, როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა . . . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ“ (მათე 24:15, 16). დანიელის 11:31-ის ციტირებით იესო თავის მიმდევრებს მომავალი „გატიალების სიბილწის“ შესახებ აფრთხილებდა. ამ წინასწარმეტყველების სიტყვები, რომლებიც ჩრდილოეთის მეფეს ეხებოდა, იესომ სირიელი მმართველის, ჩრდილოეთის უკანასკნელი მეფის, ანტიოქე IV-ის, სიკვდილიდან დაახლოებით 195 წლის შემდეგ წარმოთქვა. ცხადია, უნდა გამოჩენილიყო ახალი მმართველი, რომელიც ჩრდილოეთის მეფის როლს შეასრულებდა. ვინ იქნებოდა ის?
5. ვინ „დადგა“ ჩრდილოეთის მეფედ ანტიოქე IV-ის ნაცვლად?
5 იეჰოვა ღმერთის ანგელოზმა იწინასწარმეტყველა: «ვინც მის [ანტიოქე IV-ის] ნაცვლად დადგება, გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ [„რომ დიდებული სამეფო მოიარონ“, აქ]; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ომის გარეშე» (დანიელი 11:20). „მის ნაცვლად“ რომის პირველი იმპერატორი, კეისარ ავგუსტუსის სახელით ცნობილი ოქტავიანე, „დადგა“ (იხილეთ გვერდი 248, „ერთი განდიდებული, მეორე მოძულებული“).
6. ა) როდის გაიგზავნა ‘დიდებულ სამეფოში გადასახადების ამკრეფი’ და რით იყო ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? ბ) რა გაგებით გარდაიცვალა ავგუსტუსი „რისხვისა და ომის“ გარეშე? გ) ვინ გახდა ჩრდილოეთის ახალი მეფე?
6 ავგუსტუსის „დიდებულ სამეფოში“ „მშვენიერი ქვეყანა“ — რომის პროვინცია იუდაც — შედიოდა (დანიელი 11:16). ძვ. წ. 2 წელს ავგუსტუსმა „გზირები“ გაგზავნა ხალხის რეგისტრაციის, ანუ აღწერისთვის, შესაძლებელია, იმ მიზნით, რომ გადასახადებისა და სამხედრო სამსახურისთვის ზუსტად სცოდნოდა მოსახლეობის რაოდენობა. ამ ბრძანების გამო იოსები და მარიამი რეგისტრაციისთვის ბეთლემს გაემგზავრნენ და, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ბეთლემში დაიბადა (მიქა 5:1; მათე 2:1—12). ახ. წ. 14 წლის აგვისტოში — „რამდენიმე დღეში“ ანუ მოსახლეობის აღწერის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ — ავგუსტუსი 76 წლის ასაკში „რისხვის“ ანუ მკვლელობის და „ომის“ გარეშე, ავადმყოფობით გარდაიცვალა. ჩრდილოეთის მეფე მართლაც შეიცვალა. ახლა ამ როლს რომის იმპერატორები, ხოლო მთლიანობაში რომის იმპერია ასრულებდა.
‘საძულველის დადგომა’
7, 8. ა) ვინ გახდა ავგუსტუსის შემდეგ ჩრდილოეთის მეფე? ბ) რატომ მიეგო „მეფური პატივი“ ნაძალადევად კეისარ ავგუსტუსის მემკვიდრეს?
7 ანგელოზმა წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით განაგრძო: „მის [ავგუსტუსის] ნაცვლად საძულველი დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს. წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დანიელი 11:21, 22).
8 „საძულველი“ ტიბერიუს კეისარი — ავგუსტუსის მესამე ცოლის, ლივიას, ვაჟი — აღმოჩნდა (იხილეთ გვერდი 248, „ერთი განდიდებული, მეორე მოძულებული“). ავგუსტუსს სძულდა გერი მისი ხასიათის გამო და არ სურდა, რომ ის კეისარი გამხდარიყო. „მეფური პატივი“ ნაძალადევად მიეგო ტიბერიუსს მხოლოდ მაშინ, როდესაც მის გარდა სხვა მემკვიდრე აღარ დარჩა. ახ. წ. 4 წელს ავგუსტუსმა იშვილა ტიბერიუსი და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ 54 წლის ტიბერიუსი — „საძულველი“ — რომის იმპერატორად და ჩრდილოეთის მეფედ ‘დადგა’.
9. რა გაგებით ‘დაეუფლა სამეფოს მზაკვრობით’ ტიბერიუსი?
9 „ტიბერიუსი მოხერხებულად ახდენდა ზეგავლენას სენატზე და [ავგუსტუსის სიკვდილიდან] თითქმის ერთი თვის განმავლობაში ნებას არ რთავდა, რომ მისთვის იმპერატორი ეწოდებინათ“, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“. მან სენატის წინაშე განაცხადა, რომ ავგუსტუსის გარდა ვერავინ შეძლებდა რომის იმპერიის მართვას და წამოაყენა წინადადება, აღედგინათ რესპუბლიკა, სადაც მმართველის პასუხისმგებლობას არა ერთი კაცი, არამედ ჯგუფი იტვირთავდა. „სენატმა ვერ გაბედა მისი წინადადების მიღება, — ამბობს ისტორიკოსი უილ დიურანტი, — და მანამდე უკრა თავი მას, სანამ, ბოლოს და ბოლოს, თანხმობა განაცხადებინა ძალაუფლების ხელში აღებაზე“. დიურანტი განაგრძობს: „ორივე მხარე შესანიშნავად თამაშობდა თავის როლს. ტიბერიუსს ხელს აძლევდა პრინციპატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რაღაც გზას გამონახავდა მისგან თავის ასარიდებლად. სენატი კი ტიბერიუსისადმი შიშითა და სიძულვილით იყო განმსჭვალული, მაგრამ გაურბოდა თეორიულად დამოუკიდებელ სახალხო კრებებზე დაფუძნებული ძველებური რესპუბლიკის აღდგენას“. ამგვარად, ტიბერიუსი „მზაკვრობით დაეუფლა სამეფოს“.
10. როგორ ‘შეიმუსრა წამლეკავი ურდოები’?
10 ანგელოზის სიტყვების თანახმად, „წამლეკავი ურდოები“ — მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო ძალები — უნდა ‘წალეკილიყო და შემუსრულიყო’. როდესაც ტიბერიუსი ჩრდილოეთის მეფე გახდა, მისი ძმისწული კეისარი გერმანიკუსი მდინარე რაინთან რომაელთა ჯარს ედგა სათავეში. ახ. წ. 15 წელს გერმანიკუსი თავისი ჯარით გერმანელთა სახალხო გმირს, არმინიუსს, შეებრძოლა და სძლია კიდეც. მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდა ეს გამარჯვება, რის შემდეგაც ტიბერიუსმა შეწყვიტა გერმანიაში ლაშქრობა. ნაცვლად ამისა, ის გერმანიაში სამოქალაქო ომის გაჩაღებას უწყობდა ხელს, რითაც გერმანული ტომების გათიშვას ცდილობდა. ტიბერიუსი, ძირითადად, თავდაცვით საგარეო პოლიტიკას ატარებდა და საზღვრებს ამაგრებდა. ამგვარი პოლიტიკით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია; „წამლეკავი ურდოები“ დაამარცხა და ‘შემუსრა’.
11. როგორ ‘შეიმუსრა აღთქმის მეუფე’?
11 აგრეთვე ‘შეიმუსრა’ იეჰოვა ღმერთის მიერ დედამიწაზე ყველა ადამიანის კურთხევისთვის აბრაამთან დადებული „აღთქმის მეუფე“. აბრაამის თესლი, რომელიც ამ აღთქმაში მოიხსენიებოდა იესო ქრისტე იყო (დაბადება 22:18; გალატელთა 3:16). ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესო იერუსალიმში, რომაელთა პრეტორიაში, პონტოელი პილატეს წინაშე წარსდგა. იუდეველმა მღვდლებმა იესოს იმპერატორის ღალატში დასდეს ბრალი. მაგრამ იესომ უთხრა პილატეს: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა . . . ჩემი სამეფო არ არის სააქაო“. იმ მიზნით, რომ პილატეს არ გაეთავისუფლებინა უდანაშაულო იესო, იუდეველები აყვირდნენ: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეწინააღმდეგება“. იუდეველებმა იესოს სიკვდილით დასჯა მოითხოვეს და განაცხადეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ კანონს „უდიდებულესობის შეურაცხყოფისათვის“ ტიბერიუსი, ფაქტობრივად, კეისრის ნებისმიერ შეურაცხყოფაზე ავრცელებდა. ამ კანონის ძალით, პილატემ იესო ‘შესამუსრავად’ ანუ წამების ძელზე გასაკრავად გადასცა მათ (იოანე 18:36; 19:12—16; მარკოზი 15:14—20).
ტირანს თავისი „ზრახვები“ ამოძრავებს
12. ა) ვინ შეუერთდა ტიბერიუსს? ბ) როგორ ‘გაძლიერდა ერთი მუჭა ხალხის შემწეობით’ ტიბერიუსი?
12 ანგელოზმა შემდეგი სიტყვებით განაგრძო ტიბერიუსის შესახებ წინასწარმეტყველება: «მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება [„შეუერთდებიან“, აქ], მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით» (დანიელი 11:23). რომის სენატის წევრები ოფიციალურად ‘შეუერთდნენ’ ტიბერიუსს, რის შემდეგაც ის, ფორმალურად, მათზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ტიბერიუსი მზაკვრულად მოქმედებდა და ‘ერთი მუჭა ხალხის შემწეობით ძლიერდებოდა’. ეს ერთი მუჭა ხალხი რომის კედელთან დაბანაკებული რომაელთა პრეტორიანული გვარდია იყო. მისი სიახლოვე აშინებდა სენატს და, გარდა ამისა, საშუალებას აძლევდა ტიბერიუსს ხალხში ნებისმიერი აჯანყება ჩაეხშო. ამგვარად, ტიბერიუსი 10 000-კაციანი გვარდიის შემწეობით თავის ძლიერებას ინარჩუნებდა.
13. რაში გადააჭარბა ტიბერიუსმა თავის მამა-პაპას?
13 ანგელოზმა განაგრძო წინასწარმეტყველება: „მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყანაში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე“ (დანიელი 11:24). ტიბერიუსი მეტისმეტად ეჭვიანი იყო, რის გამოც, მისი ბრძანებით, მრავალი გამოასალმეს სიცოცხლეს. პრეტორიანული გვარდიის მეთაურის, სეიანეს, ზეგავლენის გამო მისი მმართველობის ბოლო პერიოდი ტერორით გამოირჩეოდა. ბოლოს სეიანეც მოხვდა ეჭვმიტანილთა შორის და სიკვდილით დაისაჯა. ტიბერიუსმა სისასტიკეში თავის მამა-პაპას გადააჭარბა.
14. ა) როგორ გაანაწილა ტიბერიუსმა „ნაალაფარი, ნაძარცვი ქონება და დოვლათი“ იმპერიის ყველა პროვინციაში? ბ) როგორ პიროვნებად იცნობდნენ ტიბერიუსს სიკვდილის წინ?
14 ტიბერიუსმა „ნაალაფარი, ნაძარცვი ქონება და დოვლათი“ იმპერიის ყველა პროვინციაში გაანაწილა. მისი სიკვდილის დროისთვის რომის მორჩილებაში მყოფი ყველა ერი შესანიშნავად ცხოვრობდა. გადასახადები ისედაც დაბალი იყო, მაგრამ ტიბერიუსი სულგრძელობასაც იჩენდა იმ ტერიტორიებში მცხოვრები ხალხისადმი, სადაც სირთულეები იქმნებოდა. ის დაუსჯელს არ ტოვებდა არც ერთ ჯარისკაცს ან მოხელეს, რომელიც ვინმეს ჩაგრავდა ან კანონს არღვევდა. იმპერატორის სიძლიერე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ერებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებით ვითარდებოდა ვაჭრობა. ტიბერიუსი თვალყურს ადევნებდა, რომ სახელმწიფო საქმეები თვით რომში და მთელ იმპერიაში ყოველთვის პატიოსნად შესრულებულიყო. კანონმდებლობა გაუმჯობესებული იყო, ხოლო საზოგადოებრივი და ზნეობრივი ნორმები კეისარ ავგუსტუსის მიერ გატარებული რეფორმებით იყო განმტკიცებული. მაგრამ ტიბერიუსს თავისი „ზრახვები“ ამოძრავებდა. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი მას თვალთმაქც და შენიღბვაში დახელოვნებულ პიროვნებად ახასიათებს. ახ. წ. 37 წლის მარტს სიკვდილის წინ ტიბერიუსს ტირანად იცნობდნენ.
15. რა მდგომარეობა იყო რომში ახ. წ. I საუკუნის დამლევსა და II საუკუნის დამდეგს?
15 ტიბერიუსის შემდეგ ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდნენ რომის იმპერატორები: გაიუს კეისარი (კალიგულა), კლავდიუს I, ნერონი, ვესპასიანე, ტიტუსი, დომიციანე, ნერვა, ტრაიანე და ადრიანე. «ძირითადად, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“, — ავგუსტუსის შემდგომი იმპერატორები მისსავე მმართველობით პოლიტიკასა და სამშენებლო პროგრამას განაგრძობდნენ, და მცირეოდენ ცვლილებებს ხალხს გაზვიადებულად წარმოუდგენდნენ». ამავე ნაშრომში შემდეგ ნათქვამია: „რომის მოსახლეობა არასდროს ყოფილა ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც I საუკუნის დამლევსა და II საუკუნის დამდეგს, როდესაც იმპერია დიდების მწვერვალზე იყო“. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ამ პერიოდისთვის რომი გარკვეულ სიძნელეებს აწყდებოდა, მასსა და სამხრეთის მეფეს შორის ნაწინასწარმეტყველები პირველი შეტაკება ახ. წ. III საუკუნემდე არ მომხდარა.
სამხრეთის მეფის წინააღმდეგ აღმდგარი
16, 17. ა) ვინ იყო დანიელის 11:25-ში მოხსენიებული ჩრდილოეთის მეფე? ბ) ვინ გამოვიდა სამხრეთის მეფის როლში და როგორ?
16 ღვთის ანგელოზმა წინასწარმეტყველება განაგრძო: «აღაგზნებს [ჩრდილოეთის მეფე] თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუმკლავდება [„ის [ჩრდილოეთის მეფე] კი დაეცემა“, აქ], რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება. მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა» (დანიელი 11:25, 26).
17 დაახლოებით 300 წლის შემდეგ, რაც ოქტავიანემ ეგვიპტე რომის პროვინციად აქცია, ჩრდილოეთის მეფის როლს რომის იმპერატორი ავრელიანე ასრულებდა. სამხრეთის მეფის როლში კი რომის კოლონია, პალმირა, დედოფალი სეპტიმია ზენობია გამოვიდაa (იხილეთ გვერდი 252, „ზენობია — პალმირის მებრძოლი დედოფალი“). პალმირელთა ჯარმა ახ. წ. 269 წელს, ვითომ რომის პოზიციების გასამყარებლად, დაიკავა ეგვიპტე. ზენობიას სურდა, პალმირა აღმოსავლეთის მთავარ ქალაქად ექცია და რომის აღმოსავლეთ პროვინციებზე გაბატონებულიყო. მისი მიზნებით შეშინებულმა ავრელიანემ „თავისი ძალა და გული“ ზენობიას წინააღმდეგ აღაგზნო.
18. რა შედეგით დამთავრდა ჩრდილოეთის მეფე იმპერატორ ავრელიანესა და სამხრეთის მეფე დედოფალ ზენობიას ორთაბრძოლა?
18 სამხრეთის მეფე ზენობია ჩრდილოეთის მეფის წინააღმდეგ ‘გამოვიდა საომრად დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით’, რომელსაც ზაბდასი და ზაბაი სარდლობდნენ. მაგრამ ავრელიანემ დაიპყრო ეგვიპტე და მცირე აზიასა და სირიაზეც გაილაშქრა. ზენობია ემესასთან (დღევანდელი ჰომსი) დამარცხდა და პალმირისკენ დაიხია. როდესაც ავრელიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ზენობია მამაცურად შეეცადა მის დაცვას, თუმცა უშედეგოდ. ის და მისი ვაჟი სპარსეთისკენ გაიქცნენ, მაგრამ რომაელებმა მდინარე ევფრატთან შეიპყრეს. ახ. წ. 272 წელს პალმირელები მოწინააღმდეგეს დანებდნენ. ავრელიანემ დაინდო ზენობია და ახ. წ. 274 წელს რომში თავისი ტრიუმფალური პროცესიის ყველაზე მიმზიდველ სანახაობად აქცია. მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე ზენობია ცხოვრობდა როგორც რომაელი მანდილოსანი.
19. როგორ დაეცა ავრელიანე „შეთქმულებების“ გამო?
19 ავრელიანე ‘შეთქმულებების გამო დაეცა’. ახ. წ. 275 წელს ის სპარსეთზე სალაშქროდ გაეშურა, მაგრამ სანამ თრაკიაში ხელსაყრელ დროს ელოდა, რომ სრუტეებით მცირე აზიაში გასულიყო, „მისი პურ-მარილის მჭამელებმა“ შეთქმულება მოაწყვეს და ‘შემუსრეს’ ის. ავრელიანე დანაშაულის გამო დასჯას უპირებდა თავის მდივან ეროსს. მაგრამ ეროსმა შეადგინა თითქოსდა იმპერატორისგან სიკვდილმისჯილთა სია, რომელშიც რამდენიმე სამხედრო მეთაურის სახელიც შეიტანა. ამან სიაში მოხვედრილები აღძრა, შეთქმულება მოეწყოთ და მოეკლათ ავრელიანე.
20. როგორ ‘წაილეკა’ ჩრდილოეთის მეფის „ლაშქარი“?
20 იმპერატორ ავრელიანეს სიკვდილით ჩრდილოეთის მეფეს არსებობა არ შეუწყვეტია. მის შემდეგ სხვა რომაელი მმართველები იდგნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეული დროის მანძილზე დასავლეთ რომისა და აღმოსავლეთ რომის იმპერიებს სხვადასხვა იმპერატორები მართავდნენ. ამ იმპერატორების დროს ჩრდილოეთის მეფის „ლაშქარი“ ‘წაილეკა’ და მრავალი ‘დახოცილი დაეცა’ ჩრდილოეთიდან გერმანიკული ტომების შემოსევის გამო. ახ. წ. IV საუკუნიდან რომის იმპერიას გამუდმებით თავს ესხმოდნენ გუთები. ახ. წ. 476 წელს გერმანელმა ბელადმა, ოდოაკრმა, რომის უკანასკნელი იმპერატორი ჩამოაგდო. დასავლეთ რომის იმპერია VI საუკუნის დამდეგისთვის უკვე დაშლილი იყო და ბრიტანიას, გალიას, იტალიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთს გერმანელი მეფეები მართავდნენ. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ კი XV საუკუნემდე იარსება.
უზარმაზარი იმპერია დაყოფილია
21, 22. რა ცვლილებები მოახდინა კონსტანტინემ ახ. წ. IV საუკუნეში?
21 ღვთის ანგელოზს ყურადღება არ გაუმახვილებია საუკუნეების განმავლობაში რომის იმპერიის დაცემასთან დაკავშირებულ უმნიშვნელო წვრილმანებზე. მან ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების მომავალი ბრძოლების შესახებ განაგრძო წინასწარმეტყველება. მაგრამ რომის იმპერიაში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა ორთაბრძოლაში ჩაბმული შემდგომი დროის მეფეების ამოცნობაში დაგვეხმარება.
22 რომის იმპერატორმა კონსტანტინემ IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად განდგომილი ქრისტიანობა გამოაცხადა. ახ. წ. 325 წელს მან ნიკეაში (მცირე აზია) საეკლესიო კრებაც კი მოიწვია თავისივე ხელმძღვანელობით. მოგვიანებით მან საიმპერატორო რეზიდენცია რომიდან ბიზანტიონში ანუ კონსტანტინოპოლში გადაიტანა და იმპერიის დედაქალაქად კონსტანტინოპოლი გამოაცხადა. ახ. წ. 395 წლის 17 იანვარს იმპერატორ თეოდოსიუს I-ის სიკვდილის შემდეგ რომის იმპერიას სათავეში აღარ ჰყოლია მხოლოდ ერთი იმპერატორი.
23. ა) როგორ დაიყო რომის იმპერია თეოდოსიუსის სიკვდილის შემდეგ? ბ) როდემდე იარსება აღმოსავლეთ რომის იმპერიამ? გ) ვინ მართავდა ეგვიპტეს 1517 წლიდან?
23 თეოდოსიუსის სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია მისმა ორმა ვაჟმა გაიყო. ჰონორიუსმა დასავლეთ ნაწილი მიიღო, არკადიუსმა კი — აღმოსავლეთი, სადაც დედაქალაქი კონსტანტინოპოლი მდებარეობდა. ბრიტანია, გალია, იტალია, ესპანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა დასავლეთ რომის იმპერიის პროვინციები იყო; მაკედონია, თრაკია, მცირე აზია, სირია და ეგვიპტე კი — აღმოსავლეთის. ახ. წ. 642 წელს ეგვიპტის დედაქალაქი ალექსანდრია სარკინოზებმა (არაბებმა) ჩაიგდეს ხელში და ეგვიპტე ხალიფატის პროვინციად იქცა. 1449 წლის იანვარში აღმოსავლეთ რომის იმპერიაში უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI ავიდა ტახტზე. 1453 წლის 29 მაისს თურქ-ოსმალებმა სულთან მეჰმედ II-ის მეთაურობით აიღეს კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღეს აღმოსავლეთ რომის იმპერიას. 1517 წლიდან ეგვიპტე თურქეთის პროვინციად გამოცხადდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ძველი სამხრეთის მეფის ეს სამფლობელო დასავლეთის ერთ-ერთი იმპერიის ხელში უნდა გადასულიყო.
24, 25. ა) ისტორიკოსების აზრით, რამ მისცა დასაბამი „საღვთო რომის იმპერიას“? ბ) ვინ მოიპოვა საბოლოოდ „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორის ტიტული?
24 დასავლეთ რომის იმპერიაში განსაკუთრებით აღზევდა რომის კათოლიკე ეპისკოპოსი — პაპი ლეო I, რომელიც კარგად ცნობილი იყო ახ. წ. V საუკუნეში რომის პაპის უფლებათა განმტკიცებისთვის ბრძოლით. დროთა განმავლობაში პაპებმა თავიანთ თავზე აიღეს დასავლეთ რომის იმპერატორის კურთხევა. პირველად რომში, ახ. წ. 800 წლის შობის დღესასწაულზე, პაპმა ლეო III-მ ახალი დასავლეთ რომის იმპერატორად ფრანკთა მეფე კარლოსი (კარლოს დიდი) აკურთხა. ამ მოვლენამ აღადგინა იმპერატორის ტახტი რომში და, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დასაბამი მისცა „საღვთო რომის იმპერიას“. ამ დროიდან არსებობდა აღმოსავლეთ რომის იმპერია და დასავლეთით „საღვთო რომის იმპერია“. სახელმწიფო რელიგია ორივეგან ქრისტიანობა იყო.
25 კარლოს დიდის მემკვიდრეებმა იმპერიის მართვა ვერ შეძლეს. გარკვეული დროის მანძილზე იმპერატორის ტახტი თავისუფალიც კი იყო. ამ პერიოდში იტალიის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი გერმანელ მეფე ოტო I-ს ჰქონდა ხელში ჩაგდებული. მან თავი იტალიის მეფედ გამოაცხადა. ახ. წ. 962 წლის 2 თებერვალს პაპმა იოანე XII-მ ოტო I „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად აკურთხა. იმპერიის დედაქალაქი გერმანიაში იყო და მისი იმპერატორები, ისევე როგორც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გერმანელები იყვნენ. ხუთი საუკუნის შემდეგ იმპერატორის ტიტული ავსტრიელი ჰაბსბურგების დინასტიამ მოიპოვა და „საღვთო რომის იმპერიის“ არსებობის მანძილზე ფლობდა მას.
ახალი მეფეების გამოჩენა
26. ა) როგორ დაიშალა „საღვთო რომის იმპერია“? ბ) რომელი იმპერია გახდა ჩრდილოეთის მეფე?
26 ნაპოლეონ I-მა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა „საღვთო რომის იმპერიას“, როდესაც 1805 წელს გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ სახელმწიფოდ არ სცნო ის. იმპერატორი ფრანც II 1806 წლის 6 აგვისტოს იძულებული გახდა, უარი ეთქვა რომის იმპერატორის ტიტულზე და ავსტრიის იმპერატორის ტიტულით დაკმაყოფილებულიყო. რომის პაპი ლეო III-ისა და ფრანკთა მეფე კარლოს დიდის მიერ შექმნილი „საღვთო რომის იმპერია“ 1 006 წლის შემდეგ დაიშალა. 1870 წელს რომი ვატიკანისგან დამოუკიდებელი იტალიის დედაქალაქი გახდა. მომდევნო წელს შეიქმნა გერმანიის იმპერია, რომელსაც კეისრად წოდებული ვილჰელმ I ჩაუდგა სათავეში. ამგვარად, საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა ჩრდილოეთის თანამედროვე მეფე — გერმანია.
27. ა) როგორ იქცა ეგვიპტე ბრიტანეთის პროტექტორატად? ბ) ვინ დაიწყო სამხრეთის მეფის როლის შესრულება?
27 მაგრამ ვინ ასრულებდა ამ დროს სამხრეთის მეფის როლს? ისტორია ცხადყოფს, რომ იმპერიული ძალაუფლება XVII საუკუნეში ხელში აიღო ბრიტანეთმა. 1798 წელს ნაპოლეონმა დაიპყრო ეგვიპტე, რითაც ბრიტანეთს სავაჭრო კავშირები გაუწყვიტა. ამის გამო ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ომი დაიწყო. ინგლის-ოსმალეთის ჯარებმა აიძულეს ფრანგები, დაეტოვებინათ ეგვიპტე, რის შემდეგაც ბრიტანეთმა განახლებულ ორთაბრძოლაში ჩაბმული სამხრეთის მეფის როლის შესრულება დაიწყო. შემდეგ საუკუნეში ეგვიპტეზე ბრიტანეთის ზეგავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. 1882 წლიდან ეგვიპტე, ფაქტობრივად, ბრიტანეთის მორჩილებაში მოექცა. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ეგვიპტე თურქეთის შემადგენლობაში იყო და მას ხედივი ანუ სულთნის ნაცვალი მართავდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც თურქეთმა ამ ომში გერმანიის მხარე დაიკავა, ბრიტანეთმა ჩამოაგდო ხედივი და ეგვიპტე ბრიტანეთის პროტექტორატად გამოაცხადა. თანდათანობით ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო კავშირები დამყარდა, რის შედეგადაც ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი ჩამოყალიბდა. ამ მსოფლიო მპყრობელმა სამხრეთის მეფის როლის შესრულება დაიწყო.
[სქოლიო]
a რამდენადაც „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“ ტიტულებია, ისინი შეიძლება ეწოდოს მეფესაც, დედოფალსაც და სახელმწიფოთა კავშირსაც.
როგორ უპასუხებდით?
• რომის რომელმა იმპერატორმა შეასრულა პირველად ჩრდილოეთის მეფის როლი და როდის გაგზავნა მან „გადასახადების ამკრეფი“?
• ვინ გახდა ავგუსტუსის შემდეგ ჩრდილოეთის მეფე და როგორ ‘შეიმუსრა აღთქმის მეუფე’?
• რით დამთავრდა ჩრდილოეთის მეფე ავრელიანესა და სამხრეთის მეფე ზენობიას ორთაბრძოლა?
• რა დაემართა რომის იმპერიას და რომელი იმპერიები ასრულებდა ორთაბრძოლაში ჩაბმული მეფეების როლებს XIX საუკუნის ბოლოს?
[ჩარჩო/სურათი 248—251 გვერდზე]
ერთი განდიდებული, მეორე მოძულებული
ერთმა არეულ-დარეული „რესპუბლიკა“ მსოფლიო იმპერიად აქცია. მეორემ ქვეყნის სიმდიდრე 23 წელიწადში ოცჯერ გაზარდა. სიკვდილის შემდეგ ხალხი ერთს განადიდებდა, მეორეს კი სიძულვილით მოიხსენიებდა. ეს ორი იმპერატორი იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების წლებში მართავდა რომის იმპერიას. ვინ იყვნენ ისინი? რატომ იყო ერთი განდიდებული, ხოლო მეორე — მოძულებული?
‘აგურის რომი მარმარილოსად აქცია’
ძვ. წ. 44 წელს, როდესაც იულიუს კეისარი მოკლეს, მისი დის შვილიშვილი გაიუს ოქტავიანე მხოლოდ 18 წლის იყო. ახალგაზრდა ოქტავიანე, იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე, მემკვიდრეობის მისაღებად დაუყოვნებლივ ჩავიდა რომში. რომში მას დახვდა საშინელი მეტოქე, კეისრის მხედართმთავარი მარკუს ანტონიუსი, რომელიც კეისრის მემკვიდრეობაზე აცხადებდა პრეტენზიას. პოლიტიკურმა ინტრიგამ და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ 13 წელიწადს გასტანა.
ოქტავიანემ პოზიციის გამაგრება მხოლოდ ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასა და მისი მიჯნურის — მარკუს ანტონიუსის — გაერთიანებული სამხედრო ძალის დამარცხების შემდეგ (ძვ. წ. 31) შეძლო. მომდევნო წელს ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს და ოქტავიანემ ეგვიპტე შემოიერთა. ამგვარად, საბერძნეთის იმპერიის ყოველგვარი კვალი წაიშალა და მსოფლიო მპყრობელი რომი გახდა.
ოქტავიანეს ყოველთვის ახსოვდა, რომ იულიუს კეისარი ძალაუფლების დესპოტურად გამოვლენის გამო მოკლეს და სიფრთხილეს იჩენდა, არ გაემეორებინა მისი შეცდომა. ამიტომაც „რესპუბლიკის“ მომხრე რომაელთა გრძნობები რომ არ შეელახა, ავგუსტუსმა თავისი მონარქია „რესპუბლიკის“ საბურვლით შენიღბა. მან უარი თქვა „მეფისა“ და „დიქტატორის“ ტიტულებზე. აგრეთვე განაცხადა, რომ აპირებდა, მოეხსნა თავისი რწმუნებები და რომის სენატისთვის გადაეცა ყველა პროვინციის გამგებლობა. ამგვარმა ტაქტიკამ გაჭრა. პოლიტიკურ ცხოვრებაში გაწრთვნილმა სენატორებმაც დაჟინებით „აიძულეს“ ოქტავიანე, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მართვა-გამგეობის უმაღლესი რწმუნებანი.
გარდა ამისა, ძვ. წ. 27 წლის 16 იანვარს სენატმა ოქტავიანეს „ავგუსტუსი“ ანუ „აღზევებული და წმიდა“ უწოდა. ოქტავიანემ არა მარტო თანხმობა განაცხადა ამ ტიტულის მიღებაზე, არამედ ეს სახელი ერთ-ერთ თვესაც დაარქვა. ამ თვეს — აგვისტოს — თებერვლიდან აღებული ერთი დღე მიუმატა, რომ მასშიც იმდენივე დღე ყოფილიყო, რამდენიც ივლისის თვეში, რომელიც იულიუს კეისრის სახელს ატარებდა. ამგვარად, ოქტავიანე რომის პირველი იმპერატორი გახდა და ისტორიაში დარჩა როგორც კეისარი ავგუსტუსი, ანუ „აღზევებული“. მოგვიანებით მან აგრეთვე მიიღო ტიტული „pontifex maximus“ (უმაღლესი ქურუმი), ხოლო ძვ. წ. 2 წელს — იესოს დაბადების წელს — სენატმა უბოძა ტიტული „Pater Patriae“, ანუ „მამა სამშობლოისა“.
იმავე წელს „გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მოსახლეობა . . . [და] ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში“ (ლუკა 2:1–3). ამ ბრძანების გამო იესო ბეთლემში დაიბადა, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა (დანიელი 11:20; მიქა 5:1).
ავგუსტუსის მმართველობის პერიოდი, გარკვეულწილად, პატიოსნებითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა. მან შექმნა კარგი საფოსტო სისტემა, გაიყვანა გზები და ააგო ხიდები. მოახდინა არმიის რეორგანიზაცია, შექმნა მუდმივი ფლოტი და ჩამოაყალიბა საიმპერატორო დაცვის პრივილეგირებული რაზმი — პრეტორიანული გვარდია. მისი მმართველობის დროს მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული პოეტები ვერგილიუსი და ჰორაციუსი. მოქანდაკენი ქმნიდნენ სკულპტურის შესანიშნავ ნიმუშებს, რომლებიც დღეს კლასიკური სტილის შედევრებად არის მიჩნეული. ავგუსტუსმა დაასრულა იულიუს კეისრის მიერ დაწყებული მშენებლობები და აღადგინა მრავალი ტაძარი. მისმა „Pax Romana“-მ (რომაული ზავი) 200 წელზე მეტ ხანს გასტანა. ახ. წ. 14 წლის 19 აგვისტოს 76 წლის ავგუსტუსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის გააღმერთეს.
ავგუსტუსი იკვეხნიდა, რომ მან ‘აგურის რომი მარმარილოსად აქცია’. მას არ სურდა, რომი ძველი „რესპუბლიკის“ არეულობას დაბრუნებოდა, ამიტომაც განზრახული ჰქონდა, ქვეყნისთვის მომავალი იმპერატორი მოემზადებინა. მაგრამ მას დიდი არჩევანი არ ჰქონია. როდესაც ავგუსტუსის ძმისწული, ორი შვილიშვილი, სიძე და გერი დაიღუპნენ, ერთადერთ მემკვიდრედ მისი მეორე გერი ტიბერიუსი დარჩა.
„საძულველი“ იმპერატორი
ავგუსტუსის სიკვდილიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ რომის სენატმა 54 წლის ტიბერიუსი გამოაცხადა იმპერატორად. მან სიკვდილამდე, ახ. წ. 37 წლამდე, იმმართველა. აქედან გამომდინარე, იესოს მსახურების წლებში ის იყო რომის იმპერატორი.
ტიბერიუსს, როგორც იმპერატორს, დადებითი თვისებებიც ჰქონდა და უარყოფითიც. მისი დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია, რომ ის დიდძალ თანხებს არ ხარჯავდა ფუფუნებისთვის. ამის წყალობით იმპერია ყვაოდა და საჭირო სახსრებიც არსებობდა გასაჭირისა და ძნელბედობის პერიოდებისთვის. ტიბერიუსი თავს უბრალო ადამიანად თვლიდა, უარს ამბობდა მრავალ საპატიო ტიტულზე და ხალხს ნებას არ რთავდა, რომ ავგუსტუსივით გაეღმერთებინათ. მას არ დაურქმევია რომელიმე თვისთვის თავისი სახელი, როგორც ეს ავგუსტუსმა და იულიუს კეისარმა გააკეთეს თავიანთი თავის განსადიდებლად, და არც სხვებისთვის მიუცია ნება, მათსავით განედიდებინათ.
მაგრამ ტიბერიუსის უარყოფითი თვისებები დადებითს სჭარბობდა. ურთიერთობაში ის უზომოდ ეჭვიანი და თვალთმაქცი იყო, რის გამოც მრავალს ხოცავდნენ მისი ბრძანებით. მსხვერპლთა შორის ბევრი მისი ძველი მეგობარიც კი აღმოჩნდა. ტიბერიუსმა შემოიღო კანონი „lèse–majesté“ (უდიდებულესობის შეურაცხყოფისათვის), რომელიც არა მხოლოდ დაუმორჩილებლობაზე, არამედ იმპერატორის უბრალოდ აუგად მოხსენიებაზეც კი ვრცელდებოდა. შესაძლებელია ამ კანონის ძალით სთხოვდნენ იუდეველები რომაელ გამგებელ პონტოელ პილატეს იესოს სიკვდილით დასჯას (იოანე 19:12–16).
ტიბერიუსმა რომის ჩრდილოეთ კედელთან ყაზარმები ააგო და პრეტორიანული გვარდია ქალაქის მახლობლად დააბანაკა. გვარდიის სიახლოვე აშინებდა რომის სენატს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ტიბერიუსის ძალაუფლებას, და საშუალებას აძლევდა იმპერატორს, ხალხის ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩაეხშო. გარდა ამისა, ტიბერიუსი იყენებდა ჯაშუშებს, რის გამოც მისი მმართველობის უკანასკნელი პერიოდი ტერორით გამოირჩეოდა.
ტიბერიუსს გარდაცვალების წინ ტირანად მიიჩნევდნენ. მისი სიკვდილით რომაელებმა გაიხარეს და სენატმა უარი თქვა მის გაღმერთებაზე. ამ და სხვა ფაქტებიდან ვხედავთ, როგორ შესრულდა ტიბერიუსზე წინასწარმეტყველება, რომ „საძულველი“ უნდა დამდგარიყო „ჩრდილოეთის მეფედ“ (დანიელი 11:15, 21).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გახდა ოქტავიანე რომის პირველი იმპერატორი?
• რა შეიძლება ითქვას ავგუსტუსის მიღწევებზე?
• რა დადებითი და უარყოფითი თვისებები ჰქონდა ტიბერიუსს?
• როგორ შესრულდა ტიბერიუსზე „საძულველის“ შესახებ წინასწარმეტყველება?
[სურათი]
ტიბერიუსი
[ჩარჩო/სურათები 252—255 გვერდებზე]
ზენობია — პალმირას მებრძოლი დედოფალი
„შავგვრემანი იყო . . . მარგალიტივით თეთრი კბილები და შავი დიდრონი, უჩვეულოდ მბრწყინავი და, ამავე დროს, საოცრად მიმზიდველი თვალები ჰქონდა. მისი ხმა ძლიერი და სასიამოვნო იყო. მის მამაკაცურ ჭკუა-გონებას ცოდნაც ამტკიცებდა და ამკობდა. ლათინურად არც თუ ისე კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ, სირიულ და ეგვიპტურ ენებს“, — ასეთი სიტყვებით ასხამს ხოტბას ისტორიკოსი ედუარდ გიბონი ზენობიას — სირიის ქალაქ პალმირას მებრძოლ დედოფალს.
ზენობიას ქმარი იყო პალმირელი დიდგვაროვანი ოდენატე, რომელსაც ახ. წ. 258 წელს რომის კონსულის წოდება მიენიჭა, რადგან მან წარმატებით გაილაშქრა სპარსეთის წანააღმდეგ და რომის იმპერიის საზღვრები გააფართოვა. ორი წლის შემდეგ კი სპარსეთის მეფე საპორ I-ზე გამარჯვებისთვის რომის იმპერატორმა გალიენემ ოდენატეს „კორრეკტორ ტოტიუს ორიენტის“ (მთელი აღმოსავლეთის მმართველი) წოდება მიანიჭა. ბოლოს ოდენატემ თავის თავს „მეფეთა მეფე“ უწოდა. მისი წარმატებები, ძირითადად, ზენობიას სიმამაცისა და გონიერების შედეგი უნდა ყოფილიყო.
ზენობია იმპერიის შექმნისკენ ისწრაფვის
ახ. წ. 267 წელს, როცა ოდენატემ დიდების მწვერვალს მიაღწია, ის და მისი მემკვიდრე მოკლეს. ქმრის ადგილი ზენობიამ დაიკავა, რადგან მისი ვაჟი ჯერ კიდევ პატარა იყო. ამ მშვენიერმა, მიზანსწრაფულმა, ქმართან ერთად ლაშქრობას მიჩვეულმა, უნარიანმა მმართველმა, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა, თავისი ქვეშევრდომების პატივისცემა და მხარდაჭერა მოიპოვა. ზენობიამ იცოდა ცოდნის ფასი, ამიტომ ირგვლივ მოაზროვნე ხალხი შემოიკრიბა. მის მრჩევლებს შორის იყო ფილოსოფოსი და ორატორი კასიუს ლონგინუსი, რომელსაც იცნობდნენ როგორც „ცოცხალ ბიბლიოთეკასა და მოსიარულე მუზეუმს“. წიგნში „პალმირა და მისი იმპერია — რომის წინააღმდეგ ზენობიას აჯანყება“ (Palmyra and Its Empire—Zenobia’s Revolt Against Rome) რიჩარდ სტოუნმენი აღნიშნავს: „ოდენატეს სიკვდილიდან ხუთ წელიწადში . . . ზენობიამ იმდენს მიაღწია, რომ თავისმა ხალხმა აღმოსავლეთის დედოფლად აღიარა“.
ზენობიას სამფლობელოს ერთ მხარეს ესაზღვრებოდა სპარსეთი, რომელსაც მისი და ოდენატეს ლაშქრობების გამო ძლიერება დაკარგული ჰქონდა, მეორე მხარეს კი — რომის დასუსტებული იმპერია. იმ დროს რომში არსებული მდგომარეობის შესახებ ისტორიკოსი ჯ. რობერტსი ამბობს: „მესამე საუკუნეში . . . რომის იმპერიას აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრებზე ცუდად ჰქონდა საქმე, დედაქალაქში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და განუწყვეტლივ იცვლებოდნენ მმართველები. ამ ხნის განმავლობაში ოცდაორი იმპერატორი გამოიცვალა, თუ არ ჩავთვლით პრეტენდენტებს“. სირიის დედოფალი კი თავის სამეფოში აღიარებული აბსოლუტური მონარქი იყო. „მას შეეძლო ესარგებლა ორი იმპერიის [სპარსეთისა და რომის] მდგომარეობით და შეექმნა მესამე იმპერია, რომელიც ამ ორზე იბატონებდა“, — აღნიშნავს სტოუნმენი.
თავისი სამეფო ძალაუფლების გაფართოების შესაძლებლობა ზენობიას ახ. წ. 269 წელს მიეცა, როდესაც ეგვიპტეში რომის მმართველობის მოწინააღმდეგე გამოჩნდა. ზენობიას ჯარი სწრაფად გადავიდა ეგვიპტეში, ჩაახშო ამბოხება და დაეუფლა ქვეყანას. მან თავი ეგვიპტის დედოფლად გამოაცხადა და მოჭრა ფული, რომელზეც თავისი სახელი იყო ამოკვეთილი. ახლა მისი სამეფო მდინარე ნილოსიდან ევფრატამდე იყო გადაჭიმული. ამ დროიდან ზენობიამ „სამხრეთის მეფის“ როლის შესრულება დაიწყო (დანიელი 11:25, 26).
ზენობიას სამეფოს დედაქალაქი
ზენობიამ თავისი ქვეყნის დედაქალაქი პალმირა ისე გააძლიერა და გაალამაზა, რომ რომის იმპერიის ყველაზე დიდ ქალაქებს გაუტოლა. ქალაქის მოსახლეობამ 150 000-ს გადააჭარბა. პალმირა, რომელსაც, გადმოცემების თანახმად, 21-კილომეტრიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, მშვენიერმა სახლებმა, ტაძრებმა, ბაღებმა, სვეტებმა და ძეგლებმა შეამკო. მთავარ ქუჩას გასდევდა კორინთული კოლონადები, რომელთა სიმაღლე 15 მეტრს აჭარბებდა; სულ კი დაახლოებით 1 500 კოლონა იყო. ქალაქი სავსე იყო გმირებისა და ქვეყნის მდიდარი კეთილისმყოფელების ქანდაკებებითა და ბიუსტებით. ახ. წ. 271 წელს ზენობიამ თავისი და განსვენებული მეუღლის ქანდაკებაც აღმართა.
მზის ტაძარი პალმირას ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო, რომელიც, ეჭვგარეშეა, მთავარ როლს ასრულებდა ქალაქის მკვიდრთა რელიგიურ ცხოვრებაში. ზენობიაც მზის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ღვთაების თაყვანისმცემელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მესამე საუკუნის სირიაში მრავალი რელიგია არსებობდა. ზენობიას სამფლობელოში იყვნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, იუდეველები და მზისა და მთვარის თაყვანისმცემლები. რა აზრის იყო ზენობია ამ განსხვავებულ რელიგიებზე? სტოუნმენი აღნიშნავს: „გონიერი მმართველი არ უგულებელყოფდა ადათ-წესებს, რომლებიც მას თავისი ხალხისთვის მისაღებად მიაჩნდა . . . როგორც ფიქრობდნენ, პალმირას ღმერთები ეხმარებოდნენ“. როგორც ჩანს, ზენობია რელიგიებისადმი შემწყნარებლობას იჩენდა.
ზენობიამ, როგორც პიროვნებამ, მრავალი მოიყვანა აღტაცებაში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველებმა პოლიტიკურმა ძალამ. მაგრამ მისმა მეფობამ მხოლოდ ხუთ წელიწადს გასტანა. რომის იმპერატორმა ავრელიანემ ახ. წ. 272 წელს დაამარცხა ზენობია და მიწასთან გაასწორა პალმირა. ზენობია შეწყალებულ იქნა. ის რომის სენატორს გაჰყვა ცოლად და, როგორც ჩანს, დარჩენილი წლების განმავლობაში პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ ეწეოდა.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ აღწერს ზენობიას ერთი ისტორიკოსი?
• რა შეიძლება ითქვას ზენობიას სიმამაცის შესახებ?
• რა დამოკიდებულება ჰქონდა ზენობიას რელიგიისადმი?
[სურათი]
დედოფალი ზენობია მიმართავს თავის მეომრებს.
[ცხრილი/სურათები 246 გვერდზე]
დანიელის 11:20–26-ში მოხსენიებული მეფეები
ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფე
დანიელი 11:20 ავგუსტუსი
დანიელი 11:21—24 ტიბერიუსი
დანიელი 11:25, 26 ავრელიანე დედოფალი ზენობია
რომის იმპერიის გერმანიის იმპერია ბრიტანეთის იმპერია და
ნაწინასწარმეტყველები შემდეგ ინგლის-ამერიკის
დაცემის შემდეგ მსოფლიო მპყრობელი
ყალიბდება
[სურათი]
ტიბერიუსი
[სურათი]
ავრელიანე
[სურათი]
კარლოს დიდის სტატუეტი
[სურათი]
ავგუსტუსი
[სურათი]
XVII საუკუნის ბრიტანეთის საბრძოლო გემი.
[მთელი 230 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 233 გვერდზე]
ავგუსტუსი
[სურათი 234 გვერდზე]
ტიბერიუსი
[სურათი 235 გვერდზე]
ავგუსტუსის ბრძანების გამო იოსები და მარიამი ბეთლემს გაემგზავრნენ.
[სურათი 237 გვერდზე]
იესო ‘შეიმუსრა’, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო მის შესახებ.
[სურათები 245 გვერდზე]
1. კარლოს დიდი; 2. ნაპოლეონ I; 3. ვილჰელმ I; 4. გერმანელი ჯარისკაცები, პირველი მსოფლიო ომი.