დაე, ღვთის სიტყვამ მოგანიჭოს სიამოვნება!
„ბედნიერია კაცი“, თუ „იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას“. ასეთი ადამიანი „კითხულობს მის კანონს დღედაღამ“ (ფსალმ. 1:1, 2). შენც ამგვარად გიზიდავს ღვთის სიტყვა? რა შეგიძლია გააკეთო, რომ ის შენთვის უფრო დიდი სიხარულის წყაროდ იქცეს?
ისმინე, როდესაც იეჰოვა ლაპარაკობს
მექანიკურად ნუ წაიკითხავ სიტყვებს — დააკვირდი მათ მნიშვნელობას. წარმოიდგინე სიტუაციები, რომელთა შესახებაც კითხულობ. მოუსმინე მათ ხმებს, ვისი სიტყვებიც არის ჩაწერილი. ბიბლიის პირველი თავების წაკითხვისას წარმოიდგინე, რომ გესმის თავად იეჰოვას ხმა, რომელიც აცხადებს, თანდათანობით როგორ მზადდება დედამიწა ადამიანისთვის. შეეცადე მისი ხმის გაგონებას, როდესაც თავის ძეს, ოსტატს, ეუბნება, რომ დედამიწაზე ადამიანების შექმნის დრო დადგა. ასევე წარმოიდგინე ის, რაც შემდეგ ხდება: ადამი და ევა სცოდავენ, ღმერთს განაჩენი გამოაქვს მათთვის და სამოთხიდან აძევებს (დაბადება, თავები 1—3). კითხვის დროს დაფიქრდი, რა გრძნობა დაგეუფლებოდა, შენც რომ მოგესმინა ზეციდან ღვთის ხმა, როცა იესო ქრისტეს საყვარელი ძე უწოდა (მათ. 3:16, 17). ეცადე წარმოიდგინო, რა რეაქცია ექნებოდა მოციქულ იოანეს იეჰოვას სიტყვებზე: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხ. 21:5). ბიბლიის ამგვარად კითხვა ნამდვილად მოგანიჭებს სიამოვნებას!
განაგრძე ღვთისგან შთაგონებული სიტყვების კითხვა და უკეთ დაინახავ, რამდენად დიდებულია იეჰოვა. უეჭველად გაგიჩნდება სურვილი, უფრო დაუახლოვდე ღმერთს, რომელსაც ვუყვარვართ, რომელიც გვწყალობს და გვეხმარება, თუ თავმდაბლად ვცდილობთ მისი ნების შესრულებას. გარდა ამისა, ის გვასწავლის, როგორ ვიყოთ ყოველმხრივ წარმატებულნი (იესო 1:8; ფსალმ. 8:1; ეს. 41:10).
რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ ბიბლიის კითხვას, მით მეტად გაერკვევი, რას მოელის ღმერთი შენგან. ეს კი დაგეხმარება, რომ უფრო მეტად იგრძნო კმაყოფილება. თუმცა ღვთის სიტყვა მხოლოდ ამ მხრივ არ მოგანიჭებს სიამოვნებას. როდესაც ბიბლიის კითხვა პრობლემების გონივრულად გადაჭრაში დაგეხმარება, შენც ფსალმუნმომღერალივით იტყვი: „საოცარია შენი შეხსენებები; ამიტომაც იცავს მათ ჩემი სული“ (ფსალმ. 119:129). შენც გაიხარებ, როცა ბიბლიაში აღმოაჩენ პრინციპებს, რომელთა გამოყენებითაც ღვთისმოსაწონი აზროვნება და მისწრაფებები ჩამოგიყალიბდება (ეს. 55:8, 9).
ბიბლია ზნეობის საკითხებშიც გვხელმძღვანელობს, გვიცავს საფრთხისგან და სწორ გზას გვიჩვენებს. მისი კითხვისას ვგრძნობთ, რომ იეჰოვა მამაა, რომელმაც იცის, რა პრობლემებს წავაწყდებით, თუ ხორციელ სურვილებს ავყვებით. მას არ სურს, რომ თავს დავიტეხოთ რაიმე უბედურება, რაც გარდაუვალი იქნება მისი მაღალზნეობრივი ნორმების უგულებელყოფის შემთხვევაში. ის ზრუნავს ჩვენზე და სურს, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ. როცა იეჰოვას სიტყვას ვკითხულობთ, უფრო ღრმად გვესმის, რამხელა კურთხევაა, რომ ის არის ჩვენი ღმერთი და ზეციერი მამა.
ყოველდღიურად იკითხე ბიბლია
იმ ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად კითხულობს ღვთის სიტყვას, ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:3). დიახ, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და, ამავე დროს, ეშმაკი ცდილობს ჩვენ შეცდენას, ბიბლიის რეგულარული კითხვა და წაკითხულის გამოყენება დაგვეხმარება ყველაფერში, რაც იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას უკავშირდება.
ეს დრომოჭმული ქვეყნიერება ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, ამიტომ შემოქმედის აზრების მოსასმენად დღეში თუნდაც რამდენიმე ძვირფასი წუთის დათმობა ნამდვილად სასიკეთო იქნება ჩვენთვის. რწმენის გამო დაპატიმრებულ ზოგ ქრისტიანს საგაზეთო სტატიებში შემთხვევით ნაპოვნი მხოლოდ ცალკეული ბიბლიური მუხლების წაკითხვა თუ შეეძლო. ისინი გაზეთებიდან ჭრიდნენ ასეთ მუხლებს, იმახსოვრებდნენ და ფიქრობდნენ მათზე. იეჰოვა აკურთხებდა ასეთ მოწადინებულ ქრისტიანებს, რადგან ისინი, თავიანთი მდგომარეობისა და შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს აკეთებდნენ ღვთის სიტყვიდან ცოდნის მისაღებად (მათ. 5:3). დღეს უმრავლესობას გაცილებით მეტი თავისუფლება გვაქვს. ნუ ვიფიქრებთ, რომ დღეში ბიბლიის თითო მუხლის ნაუცბადევად წაკითხვა, თავისთავად, რაღაც სასწაულს მოახდენს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით კურთხეული, თუ ისე დავგეგმავთ პირად საქმეებს, რომ ყოველდღიურად შევძლოთ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთის წაკითხვა, წაკითხულზე დაფიქრება და მისი ცხოვრებაში გამოყენება.
ხანდახან შეიძლება საუკეთესო გეგმებიც კი ჩაგვეშალოს. თუმცა, ასეთი შემთხვევების დროსაც ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით. მაგალითად, საკუთარი სურვილით უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდით წყლის დალევაზე ერთი ან ორი დღით. ამიტომაც, რაც უნდა მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა გამოვნახოთ დრო იმისათვის, რომ ჭეშმარიტების წყლით ძალები განვიახლოთ (საქ. 17:11).
თავიდან ბოლომდე წაიკითხე ღვთის სიტყვა
წაკითხული გაქვს ბიბლია მთლიანად? ზოგს აშინებს „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ წმინდა წერილების წაკითხვა. ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვის ბევრმა მსურველმა ჯერ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვა დაიწყო. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მათთვის უფრო ადვილი იყო იმის დანახვა, თუ ბიბლიის ეს წიგნები როგორ ეხებოდა პირადად მათ, როგორც ქრისტეს ნაკვალევზე სიარულის მსურველთ; ან იმიტომ, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ბიბლიის ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტს შეადგენს და დიდი დრო არ სჭირდება მათ წაკითხვას. მაგრამ ამ 27 წიგნის წაკითხვის შემდეგ სიამოვნებით შეუდგნენ ებრაული წერილების 39 წიგნის კითხვასაც. ებრაული წერილების დამთავრებისას უკვე ჩვევად ჰქონდათ ბიბლიის რეგულარული კითხვა, ამიტომაც ხელმეორედ დაიწყეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან და აღარასდროს მიუტოვებიათ ეს ჩვევა. კარგი იქნებოდა, თუ შენც გამოიმუშავებდი ჩვევად ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას.
ხომ არ გყავს ოჯახში ან კრებაში ვინმე, კითხვა რომ არ შეუძლია? იქნებ შეგეთავაზებინა მისთვის, ერთად გეკითხათ ბიბლია? ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებოდი და მასაც, რადგან წაკითხულს ისიც ჩაუფიქრდებოდა და ცხოვრებაში გამოიყენებდა (გამოცხ. 1:3).
დროთა განმავლობაში, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, ბიბლია სპეციალური გეგმის მიხედვით იკითხო. ზოგი გეგმა ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებული კავშირის უკეთ დანახვაში დაგეხმარება. თუ შენს ბიბლიას მარგინალური მუხლებიც აქვს, მათი გამოყენება სხვადასხვა ისტორიულ ამბავს ან პარალელურ ცნობებს მოგაძებნინებს. ამის დახმარებით შეიძლება გაიგო, რამ განაპირობა ამა თუ იმ ფსალმუნის დაწერა, ან რატომ დაწერეს იესო ქრისტეს მოციქულებმა ესა თუ ის წერილი. „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ დამატებითი ინფორმაციაა მოცემული ბიბლიური პერსონაჟების, ადგილებისა და ძირითადი სიტყვების შესახებ. ცხრილებში ყურადღება მახვილდება ბიბლიის წინასწარმეტყველებათა შესრულებაზე, ჩამოთვლილია ერთმანეთის თანამედროვე მეფეები და წინასწარმეტყველები, აგრეთვე ბიბლიაში მოხსენიებული ბევრი მოვლენის დაახლოებითი თარიღია მოცემული.
წაკითხულზე დაფიქრებისას დაინახავ, რატომ შეიქმნა ესა თუ ის მდგომარეობა ღვთის ხალხში. აგრეთვე უკეთ გაიგებ, რატომ მოექცა იეჰოვა თავის ხალხს ამა თუ იმ სახით. დაინახავ, რას ფიქრობს იეჰოვა მთავრობების, ერებისა და ცალკეული ადამიანების მოქმედებებზე. ეს კი ღვთის აზროვნების უკეთ გაგებაში დაგეხმარება.
ბიბლიური ისტორია უფრო საინტერესო გახდება შენთვის, როდესაც წარმოიდგენ გარემოს, სადაც აღწერილი მოვლენები მოხდა. ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნების რუკები დაგეხმარება როგორც ამა თუ იმ ადგილმდებარეობის, ისე სხვადასხვა ტერიტორიებს შორის არსებული მანძილების დადგენაში. მაგალითად, დაახლოებით რა ადგილზე გადაკვეთეს ისრაელებმა წითელი ზღვა? რამხელა იყო აღთქმული მიწა? რომელი ტერიტორიები მოიარა იესომ დედამიწაზე მსახურებისას? როგორი ხედები ეშლებოდა თვალწინ პავლეს მისიონერული მოგზაურობებისას? რუკებითა და გეოგრაფიული აღწერილობებით დაწვრილებით შეიტყობ მრავალფეროვან ინფორმაციას, რაც წაკითხულს უფრო გააცოცხლებს. სად შეგიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნების რუკების ნახვა? ზოგი მათგანი უშუალოდ ბიბლიაშია, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“. „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარშიც“ დაახლოებით 70 რუკაა, პირველი ტომის ბოლოს კი რუკების საძიებელია მოცემული. რუკების მოსაძებნად გამოიყენე „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. თუ ეს ყოველივე შენთვის ხელმისაწვდომი არ არის, ბიბლიის კითხვისას „საგუშაგო კოშკში“ მოცემულ რუკებს მიმართე.
ებრაულ წერილებში მეფე დავითმა შემდეგი სიტყვებით განადიდა იეჰოვა: „რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის! ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი“ (ფსალმ. 139:17). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოციქულმა პავლემ ხოტბა შეასხა იეჰოვას, რადგან მან „გაანათა ჩვენი გულები, რომ ქრისტეს სახით გაებრწყინებინა ისინი ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით“ (2 კორ. 4:6). დავითსა და პავლეს საუკუნეები აშორებთ, მაგრამ ორივეს ღვთის სიტყვა ანიჭებდა სიამოვნებას. თუ გამოყოფ დროს იეჰოვასგან შთაგონებული სიტყვის წასაკითხად, ის შენც მოგანიჭებს სიამოვნებას.