გეგმის შედგენა
მოხსენების მომზადებისას ბევრი გულმოდგინედ წერს ყველაფერს შესავლიდან დასკვნამდე და მრავალჯერ ათეთრებს შავად ნაწერს. ამას კი დიდი დრო მიაქვს.
შენც ასე ამზადებ დავალებას? გინდა, რომ უფრო ადვილად მოამზადო? თუ გეგმის შედგენას ისწავლი, აღარ მოგიწევს ყველაფრის დაწერა და უფრო მეტი დროც დაგრჩება ვარჯიშისთვის; შენთვის მასალა უფრო ადვილად გადასაცემი იქნება, მსმენელისთვის კი — უფრო საინტერესო და გამამხნევებელი.
კრებაში საჯარო მოხსენებით გამოსასვლელად მომხსენებელს, ჩვეულებრივ, გეგმა ეძლევა. მაგრამ სხვა შემთხვევებში ასე არ ხდება. წინასწარ შეიძლება მხოლოდ მსჯელობის საგანი ან თემა იყოს განსაზღვრული. შესაძლებელია, რომელიმე პუბლიკაციიდან კონკრეტული მონაკვეთი მოგეცეს განსახილველად ან, უბრალოდ, მოკლედ აგიხსნან, რაზე უნდა ილაპარაკო. ნებისმიერ შემთხვევაში, დავალების მოსამზადებლად გეგმის შედგენა დაგჭირდება.
41-ე გვერდზე მოცემულია მოკლე გეგმის ნიმუში. ყურადღება მიაქციე, რომ მთავარი აზრები მარცხნივაა გაწეული და უფრო დიდი ასოებით წერია. თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მოცემულია მისი მხარდამჭერი აზრები. მათ ქვემოთ კი, ოდნავ მარჯვნივ, სხვა დამატებითი აზრებია, რომლებიც მთავარი აზრების მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი ამ გეგმას. ყურადღება მიაქციე, რომ ორი მთავარი აზრი უშუალოდ უკავშირდება თემას. დააკვირდი იმასაც, რომ დამატებითი აზრები უბრალოდ საინტერესო აზრები არ არის. მათი მიზანი მთავარი აზრების განვრცობაა.
აუცილებელი არ არის, ზუსტად ამ ნიმუშის მსგავსად შეადგინო გეგმა. თუ გეგმის შედგენის პრინციპი გეცოდინება, დიდი დრო არ დაგჭირდება აზრების თანამიმდევრულად დალაგებისა და კარგი მოხსენების მომზადებისთვის. რა არის ამისათვის საჭირო?
გააანალიზე, შეარჩიე და ჩამოაყალიბე მასალა
საჭიროა, გქონდეს თემა. თემა მხოლოდ მსჯელობის საგანი არ არის, რომელსაც ერთი სიტყვითაც კი იტყოდი. ეს არის ძირითადი აზრი, რომლის გადაცემაც გინდა. მასში ჩანს ისიც, თუ რა კუთხით აპირებ საკითხის გაშუქებას. თუ თემა მოცემული გაქვს, ყურადღებით გააანალიზე თითოეული სიტყვა. როდესაც ის რომელიმე პუბლიკაციაზეა დაფუძნებული, შეისწავლე მასალა და მხედველობაში გქონდეს შენი თემა. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ განსახილველი საკითხი გაქვს მოცემული, შენზე იქნება დამოკიდებული თემის შერჩევა. მაგრამ სანამ შეარჩევ, სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის გამოკვლევა. დაკვირვებული თუ იქნები, ალბათ, ამ საკითხს ახლებურად შეხედავ და ახალი აზრებიც დაგებადება.
მასალის კვლევის პროცესში ჰკითხე საკუთარ თავს: „რით არის ეს მასალა მსმენელისთვის მნიშვნელოვანი? რა არის ჩემი მიზანი?“ მიზანი, უბრალოდ, მასალის წარმოდგენა ან შთამბეჭდავი მოხსენების მომზადება კი არ უნდა იყოს, არამედ მსმენელისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება. როდესაც კონკრეტული მიზანი გამოიკვეთება, ჩაიწერე ის და მხედველობაში იქონიე მომზადების დროს.
მიზნის განსაზღვრისა და თემის შერჩევის შემდეგ (ან იმის გაანალიზების შემდეგ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს შენთვის მოცემული თემა და შერჩეული მიზანი), შეგიძლია უფრო კონკრეტულად გამოიკვლიო საკითხი. ეცადე, შენი მსმენელისთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე მასალა შეარჩიო. ნუ შეჩერდები ზოგად აზრებზე. ეძებე კონკრეტული აზრები, რომლებიც ნამდვილად საინტერესო და პრაქტიკული იქნება. მაგრამ კვლევამ მეტისმეტად არ გაგიტაცოს. ხშირ შემთხვევაში, მალე იმაზე მეტი მასალა მოგიგროვდება, ვიდრე გამოიყენებ. ამიტომაც ის შეარჩიე, რაც ნამდვილად გჭირდება.
გამოყავი მთავარი აზრები, რომელთა განხილვაც თემის გამოსაკვეთად და მიზნის მისაღწევად დაგჭირდება. ეს იქნება ძირითადი მონახაზი, შენი ძირითადი გეგმა. რამდენი მთავარი აზრი უნდა გქონდეს? მოკლე განხილვისთვის ორიც საკმარისია, ხოლო ხუთ მთავარ აზრზე მეტი, ჩვეულებრივ, ერთსაათიანი მოხსენებისთვისაც კი არ არის საჭირო. რაც უფრო ნაკლები მთავარი აზრი გექნება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მსმენელი მათ ადვილად დაიმახსოვრებს.
თემის განსაზღვრისა და მთავარი აზრების გამოყოფის შემდეგ შეგროვებული მასალის მომზადების დროა. დააკვირდი, უშუალოდ რა უკავშირდება მთავარ აზრებს. ყურადღება გაამახვილე ისეთ მომენტებზე, რომლებიც მსჯელობის საგანს ახლებურად გააშუქებს. შეარჩიე მთავარი აზრების მხარდამჭერი ბიბლიური მუხლები და ჩაინიშნე, რას იტყვი და როგორ იმსჯელებ ამ მუხლების ირგვლივ. მთავარი აზრების ქვეშ მოათავსე მათი მხარდამჭერი აზრები. თუ რაიმე ინფორმაცია, თუნდაც ძალიან საინტერესო, არც ერთ მთავარ აზრს არ შეესაბამება, ამოიღე მასალიდან. შეგიძლია ეს ინფორმაცია სხვა დროს გამოიყენო. მხოლოდ საუკეთესო მასალა დაიტოვე. თუ ძალიან ბევრის გადმოცემას მოინდომებ, სწრაფად ლაპარაკი მოგიწევს და ვერ შეძლებ მთავარი აზრების საფუძვლიანად განხილვას. უმჯობესია, გულდასმით განიხილო მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც მსმენელისთვის ნამდვილად პრაქტიკული იქნება. დროს არ გადააცილო.
ახლა ჩამოაყალიბე მასალა ლოგიკური თანამიმდევრობით, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია. ლუკა სახარების დაწერისას სწორედ ასე მოიქცა. ფაქტების შეგროვების შემდეგ მან ყოველივე „ლოგიკური თანამიმდევრობით“ აღწერა (ლუკ. 1:3). მასალის განლაგებისთვის არსებობს სხვადასხვა ხერხი: ქრონოლოგიური, თემატიკური, მიზეზი — შედეგი, ან პრობლემა — მისი გადაჭრის საშუალება. შეგიძლია გამოიყენო ის მეთოდი, რომელიც უფრო შეესაბამება შენს მიზანს. ერთი აზრიდან მეორეზე არ გადახტე. მსმენელი ადვილად უნდა ხედავდეს, როგორ ვითარდება მსჯელობა და როგორ უკავშირდება აზრები ერთმანეთს. მსჯელობამ ისინი ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მიიყვანოს. აზრების განლაგების შემდეგ დაფიქრდი, როგორ აღიქვამენ მასალას მსმენელები. ადვილი გასაგები იქნება მათთვის შენი მსჯელობა? აღიძვრებიან, მოიქცნენ მოსმენილის შესაბამისად და მიღწეული იქნება შენი მიზანი?
შემდეგ მოამზადე შესავალი, რომელიც მსმენელებს მასალისადმი ინტერესს აღუძრავს და დაანახვებს, რომ ის, რაზეც ილაპარაკებ, მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. შეიძლება ამჯობინო პირველი რამდენიმე წინადადების დაწერა. ბოლოს კი, შენი მიზნიდან გამომდინარე, უნდა შეარჩიო დასკვნა, რომელიც მოქმედებისკენ აღძრავს მსმენელებს.
გეგმის შედგენას თუ არ დააყოვნებ, მასალის გასაშალაშინებლად საკმაო დრო დაგრჩება. შეიძლება დაინახო, რომ კარგი იქნებოდა, ზოგიერთი აზრის განსამტკიცებლად სტატისტიკური მონაცემები, მაგალითი ან ცხოვრებისეული შემთხვევა მოგეყვანა. მიმდინარე მოვლენების ან კონკრეტულ პერიოდში ხალხისთვის საინტერესო საკითხების მოხსენიება მსმენელს მასალის აქტუალობის დანახვაში დაეხმარება. მასალის გადამოწმებისას შეიძლება უკეთ დაინახო, როგორ შეგიძლია მიუსადაგო ინფორმაცია მსმენელს. გაანალიზება და გაშალაშინება ნამდვილად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საინტერესო მასალა ეფექტურ მოხსენებად გადაიქცეს.
ზოგ გამომსვლელს შეიძლება შედარებით ვრცელი ჩანაწერების გაკეთება დასჭირდეს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მასალაში რამდენიმე მთავარ აზრს გამოყოფ, არასაჭირო ინფორმაციას ამოაგდებ და აზრებს ლოგიკური თანამიმდევრობით დააწყობ, დაინახავ, რომ თანდათანობით ყველაფრის დაწერა აღარ მოგიწევს და ეს უფრო გაგიადვილდება, როცა მეტ გამოცდილებას შეიძენ. წარმოიდგინე, რამდენ დროს დაზოგავ! აგრეთვე, უკეთესად წარმოადგენ მასალას. ცხადი გახდება, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში მიღებული ცოდნა ნამდვილად გეხმარება.