თავი 11
ღვთის ანგელოზები გვეხმარებიან
ზოგიერთი ამბობს, რომ მხოლოდ ის სწამს, რასაც ხედავს. მაგრამ ეს არ არის სწორი. ბევრი რამ არსებობს, რაც საკუთარი თვალით არასდროს გვინახავს. შეგიძლია, გაიხსენო რომელიმე მათგანი? ~
მაგალითად, ჰაერი. ვგრძნობთ მას? ~ აბა, ხელს შეუბერე. იგრძენი რამე? ~ დიახ, მაგრამ ჰაერი ვერ დაინახე, ხომ ასეა? ~
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ სულიერი პიროვნებების შესახებ, რომლებსაც ვერ ვხედავთ. გავიგეთ, რომ ზოგიერთი მათგანი კარგია, ზოგი კი — ცუდი. აბა მითხარი, ვინ არიან ის კარგი სულიერი პიროვნებები, რომლებსაც ვერ ვხედავთ? ~ დიახ, იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და კარგი ანგელოზები. ცუდი ანგელოზებიც არსებობენ? ~ ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ. აბა მომიყევი, რა იცი მათ შესახებ. ~
ვიცით, რომ ანგელოზები — კარგებიც და ცუდებიც — ჩვენზე ძლიერები არიან. დიდებულმა მასწავლებელმა ბევრი იცოდა მათ შესახებ, რადგან თვითონაც ანგელოზი იყო, სანამ დედამიწაზე დაიბადებოდა. ის ზეცაში სხვა ანგელოზებთან ერთად ცხოვრობდა და მილიონობით ანგელოზს იცნობდა. როგორ ფიქრობ, აქვთ ანგელოზებს სახელები? ~
ჩვენ გავიგეთ, რომ ღმერთმა ვარსკვლავებს სახელები დაარქვა. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა ანგელოზს თავისი სახელი აქვს. ისინი ლაპარაკობენ კიდეც ერთმანეთში, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ანგელოზთა ენაც“ არსებობს (1 კორინთელები 13:1). შენი აზრით, რის შესახებ ლაპარაკობენ ანგელოზები? ლაპარაკობენ ისინი ჩვენ შესახებ? ~
როგორც ვიცით, სატანის ანგელოზები ანუ დემონები ყველანაირად ცდილობენ, რომ იეჰოვასადმი მორჩილებაში ხელი შეგვიშალონ. ამიტომ, დემონები, ალბათ, იმის შესახებ ლაპარაკობენ, თუ როგორ მიაღწიონ ამ მიზანს. მათ უნდათ, ჩვენც მათნაირები გავხდეთ, რომ იეჰოვას აღარ მოვეწონოთ. ღვთის ერთგული ანგელოზები რაღაზე ლაპარაკობენ? ისინიც ჩვენზე ხომ არ საუბრობენ? ~ დიახ, მაგრამ დემონებისგან განსხვავებით, მათ უნდათ, რომ დაგვეხმარონ. მოდი გავიგოთ, როგორ დაეხმარა ღვთის ზოგი ანგელოზი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარდათ იეჰოვა და მას ემსახურებოდნენ.
მაგალითად, ბაბილონში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც დანიელი ერქვა. იმ ქვეყანაში ბევრს არ უყვარდა იეჰოვა. კანონიც კი შემოიღეს, რომ დაესაჯათ ყველა, ვინც იეჰოვა ღმერთს ლოცვით მიმართავდა. მაგრამ დანიელს არ შეუწყვეტია იეჰოვასადმი ლოცვა. იცი, რა შეემთხვა მას? ~
ცუდმა ადამიანებმა დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. დანიელი იქ სრულიად მარტო იყო მშიერ ლომებთან. მაგრამ იცი, რა მოხდა? ~ „ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა და ლომებს პირები აუკრა“, — თქვა დანიელმა. ლომებმა მას არაფერი დაუშავეს! ანგელოზებს საკვირველი რამეების გაკეთება შეუძლიათ მათთვის, ვინც იეჰოვას ემსახურება (დანიელი 6:18—22).
გახსოვს პეტრე? ის დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს, მეგობარი იყო. ერთხელ პეტრე ციხეში იჯდა. ზოგს არ მოსწონდა, როცა ის ამბობდა, რომ იესო ღვთის ძე იყო. ამიტომ, ის ციხეში ჩასვეს. პეტრეს ჯარისკაცები დარაჯობდნენ, რომ ციხიდან არ გაქცეულიყო. შეეძლო ვინმეს პეტრეს გათავისუფლება? ~
პეტრეს ორ გუშაგთან ერთად ეძინა და ხელებზე ბორკილები ედო. ბიბლიაში ვკითხულობთ: ‘უეცრად იეჰოვას ანგელოზი მოვიდა და საკანი განათდა. პეტრეს გვერდში წაჰკრა, გამოაღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა!’
პეტრეს ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. ანგელოზმა უთხრა: ‘ჩაიცვი, სანდლები შეიკარი და გამომყევი’. გუშაგებმა ვერ შეძლეს პეტრეს დაკავება, რადგან მას ანგელოზი ეხმარებოდა. შემდეგ ისინი რკინის ჭიშკარს მიადგნენ. აქაც საოცრება მოხდა. კარი თავისით გაიღო. ანგელოზმა პეტრე ციხიდან გაათავისუფლა, რათა ქადაგება გაეგრძელებინა (საქმეები 12:3—11).
შეუძლიათ ღვთის ანგელოზებს, ჩვენც დაგვეხმარონ? ~ დიახ, შეუძლიათ. ნიშნავს ეს იმას, რომ არასდროს არაფერი დაგვიშავდება? ~ არა. თუ დაუფიქრებლად ვიქცევით, ანგელოზები არ დაგვეხმარებიან. თუმცა შეიძლება რამე მაშინაც შეგვემთხვას, როცა კარგად ვიქცევით. ანგელოზებს არ ევალებათ, რომ უბედური შემთხვევებისგან დაგვიცვან. სამაგიეროდ, ღმერთმა მათ განსაკუთრებული დავალება მისცა.
ბიბლია მოგვითხრობს ანგელოზზე, რომელიც ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეუბნება, რომ ღმერთს სცენ თაყვანი (გამოცხადება 14:6, 7). როგორ აკეთებს ანგელოზი ამას? ნუთუ ზეციდან ყვირის ყველას გასაგონად? ~ არა, ადამიანებს ღვთის შესახებ იესოს მიმდევრები ესაუბრებიან და ამაში მათ ანგელოზები ეხმარებიან. ანგელოზები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ყველამ გაიგოს ღვთის შესახებ, ვისაც ეს ნამდვილად სურს. ჩვენც შეგვიძლია ვიქადაგოთ და ანგელოზები ჩვენც დაგვეხმარებიან.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ისინი, ვისაც იეჰოვა არ უყვარს, ცუდად მოგვექცევიან ან ციხეში ჩაგვსვამენ? გვიხსნიან ამ დროს ანგელოზები? ~ ცხადია, მათ შეუძლიათ ჩვენი ხსნა, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებენ.
პავლე, იესოს მიმდევარი, ერთხელ პატიმრობაში იმყოფებოდა. როცა ის გემით გადაჰყავდათ, ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ მას ანგელოზები არ დახმარებიან. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის შესახებ სხვა ადამიანებსაც უნდა მოესმინათ. ანგელოზმა პავლეს უთხრა: „ნუ გეშინია, პავლე. შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე“. დიახ, პავლე კეისართან — მსოფლიო მმართველთან — უნდა წასულიყო, რათა მისთვის ექადაგა. ანგელოზებმა ყოველთვის იცოდნენ, სად იყო პავლე და ეხმარებოდნენ. ისინი ჩვენც დაგვეხმარებიან, თუ ღმერთს მთელი გულით ვემსახურებით (საქმეები 27:23—25).
ანგელოზებს აკისრიათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რომელსაც მალე შეასრულებენ. ახლო მომავალში ღმერთი გაანადგურებს ბოროტ ადამიანებს. ყველა, ვინც თაყვანს არ სცემს ჭეშმარიტ ღმერთს, განადგურდება. ისინი, რომლებიც ამბობენ, არ გვჯერა ანგელოზების არსებობის, რადგან ვერ ვხედავთო მათ, მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ (2 თესალონიკელები 1:6—8).
აქვს ამას ჩვენთვის რამე მნიშვნელობა? ~ თუ ღვთის ანგელოზების მხარეს ვიქნებით, ისინი დაგვეხმარებიან. როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მათ მხარეს? ~ თუ იეჰოვას ვემსახურებით, ღვთის ანგელოზების მხარეს ვყოფილვართ. იეჰოვასადმი მსახურებაში კი ისიც შედის, რომ სხვებსაც ვუთხრათ, მას ემსახურონ.
უფრო მეტი რომ გაიგო, როგორ მოქმედებენ ანგელოზები ადამიანების ცხოვრებაზე, წაიკითხე ფსალმუნების 33:8; მათეს 4:11; 18:10; ლუკას 22:43 და საქმეების 8:26—31.