თავი 20
გიყვარს პირველობა?
იცნობ ვინმეს, ვისაც ყოველთვის პირველობა უნდა? ~ მან შეიძლება რიგში თავისზე წინ მდგომს ხელი ჰკრას, რათა თვითონ იყოს პირველი. გინახავს მსგავსი რამ? ~ დიდებულ მასწავლებელს არაერთხელ უნახავს, რომ უფროსი ადამიანებიც კი ისწრაფოდნენ პირველობისკენ ანუ მნიშვნელოვანი ადგილების დაკავებისკენ. მას არ მოსწონდა ეს. მოდი ვნახოთ, რა მოხდა ერთხელ.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ერთხელ ერთმა ფარისეველმა, ცნობილმა რელიგიურმა წინამძღოლმა, იესო ნადიმზე მიიწვია. როდესაც იესო მივიდა, შეამჩნია, როგორ ირჩევდნენ სტუმრები საუკეთესო ადგილებს. ამიტომ, იესომ სტუმრებს ერთი ამბავი მოუყვა. გინდა, გაიგო რა ამბავი?
იესომ თქვა: ‘როცა ქორწილში მიგიწვევენ, ნუ დაჯდები საუკეთესო ანუ საპატიო ადგილას’. იცი, რატომ? ~ იესომ თავადვე ახსნა, რომ მასპინძელს შეიძლება შენზე ძვირფასი ადამიანი ჰყავდეს დაპატიჟებული. ამიტომ, როგორც ამ სურათზე ხედავ, მასპინძელი შეიძლება მოვიდეს და გითხრას: ‘დაუთმე ამ კაცს შენი ადგილი და იქ გადაჯექი’. შენი აზრით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს სტუმარი? ~ ალბათ, შერცხვება, რადგან სხვა სტუმრები დაინახავენ, როგორ გადასვეს ნაკლებად საპატიო ადგილას.
ამით იესომ აჩვენა, რომ არ უნდა მოვინდომოთ საუკეთესო ადგილი. მან თქვა: ‘როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, დაბალი ადგილი დაიკავე. მასპინძელმა კი შეიძლება გითხრას, მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა. მაშინ უფრო მეტი პატივი დაგედება სტუმრების თვალში’ (ლუკა 14:1, 7—11).
მიხვდი, რისი თქმა უნდოდა ამით იესოს? ~ შემდეგი მაგალითი უკეთ დაგვეხმარება ამის გაგებაში. წარმოიდგინე, რომ ხალხით გადაჭედილ ავტობუსში ახვედი. ნუთუ მაშინვე სკამზე მოკალათდებოდი და ხანდაზმულს ადგილს არ შესთავაზებდი? ~ მოეწონებოდა იესოს, ასე რომ მოქცეულიყავი? ~
ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ იესოს სულაც არ აინტერესებს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გჯერა ეს? ~ როცა იესო ფარისეველთან იყო ნადიმზე, აკვირდებოდა, როგორ ირჩევდა ხალხი ადგილებს. განა მას ასევე არ დააინტერესებს, ჩვენ რას ვაკეთებთ დღეს? ~ მით უმეტეს დღეს იესო ზეცაშია და უკეთ გვადევნებს თვალყურს.
პირველობისკენ სწრაფვას ბევრი პრობლემა მოაქვს. ხშირად ამას კამათი და გაბრაზება მოჰყვება. ხანდახან ეს მაშინ ხდება, როდესაც ბავშვები ერთად მგზავრობენ ავტობუსით. როგორც კი ავტობუსის კარები გაიღება, ისინი პირველები შეცვივდებიან და ცდილობენ, რომ ფანჯარასთან დასხდნენ. რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ~ ისინი შესაძლოა ერთმანეთზე გაბრაზდნენ და წაკინკლავდნენ კიდეც.
პირველობა ადამიანს ბევრ პრობლემას უქმნის. პირველობამ იესოს მოციქულებსაც შეუქმნა პრობლემები. როგორც ამ წიგნის მეექვსე თავიდან გავიგეთ, მათ კამათი დაიწყეს იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. გახსოვს, როგორ მოიქცა იესო? ~ დიახ, აზროვნება შეუსწორა. სამწუხაროდ, მოგვიანებით მათ კვლავ დაიწყეს კამათი. მოდი ვნახოთ, როგორ მოხდა ეს.
მოციქულები იესოსთან ერთად უკანასკნელად ავიდნენ იერუსალიმში. იესო მათ ესაუბრებოდა ღვთის სამეფოს შესახებ, რომლის მეფეც თვითონ იქნებოდა. ამიტომ, იაკობმა და იოანემ ფიქრი დაიწყეს იმაზე, რომ იესოსთან ერთად მათაც ემეფათ. ამის შესახებ თავიანთ დედას, სალომესაც კი უთხრეს (მათე 27:56; მარკოზი 15:40). იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე სალომე იესოსთან მიდის, მდაბლად თაყვანს სცემს და მოწყალებას სთხოვს.
„რა გინდა?“ — ეკითხება იესო. ქალი სთხოვს, რომ ღვთის სამეფოში იესომ მისი ვაჟებიდან ერთი მარჯვნივ დაისვას, მეორე კი მარცხნივ. შენი აზრით, როგორი გრძნობა დაეუფლება დანარჩენ ათ მოციქულს, როდესაც გაიგებენ, რას ითხოვენ იაკობი და იოანე? ~
დიახ, ისინი ძალიან ბრაზდებიან იაკობსა და იოანეზე. ამიტომ, იესო ყველა მოციქულს კარგ რჩევას აძლევს. ის ეუბნება მათ, რომ მმართველებს ძალიან უნდათ ძლიერები და გავლენიანები იყვნენ, მაღალი მდგომარეობა ეკავოთ და ყველა მათ ემორჩილებოდეს. მაგრამ მისი მიმდევრები ასე არ უნდა მოიქცნენ. პირიქით, ის ამბობს: „ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“. დაფიქრდი, რა საინტერესო აზრია (მათე 20:20—28).
იცი, რა ევალება მონას? ~ ის სხვებს ემსახურება, თავად მას კი არავინ. საპატიო ადგილზე კი არა, ყველაზე შეუმჩნეველ ადგილზე ჯდება. ის ისე კი არ იქცევა, როგორც ყველაზე გავლენიანი ადამიანი, არამედ როგორც ყველაზე უბრალო. ნუ დაგავიწყდება იესოს ნათქვამი, რომ ის, ვისაც პირველობა სურს, სხვებს მონასავით უნდა მოემსახუროს.
შენი აზრით, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ~ შეეკამათება მონა თავის ბატონს იმაზე, თუ მათ შორის რომელი დაიკავებს საუკეთესო ადგილს? ან იმაზე, პირველი ვინ შეჭამს? შენ რას ფიქრობ? ~ იესომ ახსნა, რომ მონა ბატონს ყოველთვის თავის თავზე წინ აყენებს (ლუკა 17:7—10).
მაშ, რა უნდა გავაკეთოთ ნაცვლად იმისა, რომ პირველობისკენ ვისწრაფვოთ? დიახ, სხვებს ისე უნდა მოვემსახუროთ, როგორც მონა ემსახურება ბატონს. ეს ნიშნავს, რომ სხვები საკუთარ თავზე წინ დავაყენოთ და ვიფიქროთ, რომ ისინი ჩვენზე მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან. იცი, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ~ სხვების მომსახურებით. აბა, გადაშალე წიგნი მე-40 და 41-ე გვერდებზე და გაიხსენე, როგორ შეგიძლია სხვებს მოემსახურო.
ალბათ გახსოვს, რომ დიდებული მასწავლებელი სხვებს ემსახურებოდა, რითაც მათ საკუთარ თავზე წინ აყენებდა. სიცოცხლის ბოლო ღამე იესომ მოციქულებთან გაატარა და მათ ფეხებიც კი დაჰბანა. თუ ჩვენც მოვემსახურებით სხვებს და საკუთარ თავზე წინ დავაყენებთ, დიდებულ მასწავლებელსაც გავახარებთ და იეჰოვა ღმერთსაც.
მოდი წავიკითხოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ სხვები საკუთარ თავზე წინ დავაყენოთ: ლუკას 9:48; რომაელების 12:3 და ფილიპელების 2:3, 4.