თავი 31
სად ვპოვოთ ნუგეში?
ყოფილხარ როდისმე მოწყენილი ან გიგრძნია მარტოობა? ~ გიფიქრია, ნეტავი ვინმეს თუ ვუყვარვარო? ~ ზოგ ბავშვს უფიქრია ასე. მაგრამ ღმერთი გვეუბნება: „მე არ დაგივიწყებ შენ!“ (ესაია 49:15). განა შესანიშნავი არ არის ამაზე ფიქრი? ~ დიახ, იეჰოვას მართლა ძალიან ვუყვარვართ!
ბიბლიის ერთმა დამწერმა თქვა: „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმუნები 26:10). ჩვენთვის ამის ცოდნა ნამდვილად დიდი ნუგეშია, არა? ~ დიახ, იეჰოვა გვეუბნება: ‘ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ ... მე დაგეხმარები’ (ესაია 41:10).
ხანდახან იეჰოვა უშვებს, რომ სატანამ პრობლემები შეგვიქმნას. იეჰოვა სატანას იმის ნებასაც კი აძლევს, რომ გამოსცადოს ღვთის მსახურები. ერთხელ ეშმაკმა ისე დატანჯა იესო, რომ მან იეჰოვას შეჰღაღადა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათე 27:46). თუმცა იესო იტანჯებოდა, მან იცოდა, რომ იეჰოვას უყვარდა ის (იოანე 10:17). იესომ ისიც იცოდა, რომ ღმერთმა დართო ნება სატანას, გამოეცადა ღვთის მსახურები და მათთვის ცხოვრება გაერთულებინა. სხვა თავიდან გავიგებთ, რატომ მისცა ღმერთმა სატანას ამის ნება.
პატარებს ხშირად ეშინიათ. მაგალითად, როდისმე დაკარგულხარ? ~ შეგეშინდა? ~ ბევრ ბავშვს შეეშინდებოდა. ერთხელ დიდებულმა მასწავლებელმა ამბავი მოჰყვა, რომ ვიღაც დაიკარგა; მაგრამ ეს ამბავი დაკარგულ ბავშვზე კი არ იყო, არამედ ცხვარზე.
რაღაცით შენც ჰგავხარ ცხვარს. რით? ცხვარი უმწეო და სუსტი ცხოველია. მას ყოველთვის ვიღაცა უნდა უვლიდეს და იცავდეს. კაცს, რომელიც ცხვარს უვლის, მწყემსი ჰქვია.
ამ იგავში იესო მოგვითხრობს მწყემსზე, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავდა. ერთხელაც ერთი ცხვარი დაიკარგა. მას ალბათ აინტერესებდა, რა ხდებოდა იმ გორაკის იქით და ფარას ჩამორჩა. შეგიძლია წარმოიდგინო, რას იგრძნობდა ის, როცა მიმოიხედავდა და დაინახავდა, რომ სრულიად მარტო იყო? ~
რას გააკეთებდა მწყემსი, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ფარას ერთი ცხვარი აკლდა? ნუთუ არ იდარდებდა და იტყოდა: „ჩემი ბრალი სულაც არა არის, ცხვარი რომ დაიკარგა“? თუ დანარჩენ 99 ცხვარს უსაფრთხო ადგილას დატოვებდა და დაკარგულის საძებრად გაეშურებოდა? ღირდა კი ერთი ცხვრისთვის ასე შეწუხება? ~ შენ რომ დაკარგული ცხვრის ადგილას ყოფილიყავი, გენდომებოდა, მწყემსს მოეძებნე? ~
მწყემსს ძალიან უყვარს თავისი ცხვრები, მათ შორის ის დაკარგულიც. ამიტომ, ის დაკარგულის მოსაძებნად მიდის. წარმოიდგინე, როგორ გაიხარებდა დაკარგული ცხვარი, როდესაც მწყემსს დაინახავდა! იესომ თქვა, რომ მწემსსაც ძალიან გაუხარდებოდა მისი პოვნა. ის ერთი ცხვრის პოვნით უფრო გაიხარებდა, ვიდრე იმით, რომ მის გარდა, კიდევ 99 ჰყავდა. ვის შევადარებდით ასეთ მწყემსს? ვინ ზრუნავს ჩვენზე ისე, როგორც ის მწყემსი ზრუნავდა თავის ცხვარზე? ~ იესომ თქვა, რომ მისი ზეციერი მამა. მისი მამა კი იეჰოვაა.
იეჰოვა ღმერთი თავისი ხალხის დიდებული მწყემსია. მას უყვარს თავისი მსახურები, მათ შორის შენისთანა პატარებიც. მას არ უნდა, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ ზიანი მოგვაყენოს. ნამდვილად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ასე ძალიან ზრუნავს ჩვენზე! (მათე 18:12—14).
ნამდვილად გწამს იეჰოვა ღმერთი? ~ არის ის შენთვის რეალური პიროვნება? ~ მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია იეჰოვას დანახვა, რადგან ის სულია. მისი სხეული ჩვენი თვალისთვის უხილავია, თუმცა ის რეალური პიროვნებაა. ის გვხედავს ჩვენ. მან იცის, როდის გვჭირდება დახმარება. ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ მას ლოცვებში, ზუსტად ისე, როგორც რომელიმე ადამიანთან ვსაუბრობთ. იეჰოვას უნდა, რომ მას ვესაუბრებოდეთ.
მაშ, რა უნდა გააკეთო, თუ მოწყენილი ხარ ან მარტოობას გრძნობ? ~ ელაპარაკე იეჰოვას. დაუახლოვდი მას. ის განუგეშებს და დაგეხმარება. გახსოვდეს, რომ იეჰოვას უყვარხარ მაშინაც კი, როცა გგონია, რომ არავის სჭირდები. მოდი გადავშალოთ ბიბლია და წავიკითხოთ 22-ე ფსალმუნი. ეს ფსალმუნი ასე იწყება: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“.
ყურადღება მიაქციე, რას ამბობს ამ ფსალმუნის დამწერი მეოთხე მუხლში: „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“. აი რას გრძნობს ხალხი, ვისი ღმერთიც იეჰოვაა. ისინი ნუგეშს პოულობენ, როდესაც გასაჭირში არიან. ამას შენც გრძნობ? ~
როგორც მოსიყვარულე მწყემსი ზრუნავს თავის ფარაზე, იეჰოვაც ასევე ზრუნავს თავის ხალხზე. ის მათ სწორ გზებს უჩვენებს და ისინიც სიხარულით მიჰყვებიან მას. მაშინაც კი, როდესაც გარშემო შფოთი და არეულობაა, მათ არ ეშინიათ. მწყემსი კომბალს იყენებს, რომ ცხვარი ნადირისგან დაიცვას. ბიბლიაში ნათქვამია, როგორ იცავდა მწყემსი დავითი თავის ცხვარს ლომისა და დათვისგან (1 მეფეთა 17:34—36). ღვთის ხალხმა იცის, რომ იეჰოვა დაიცავს მათ. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან იეჰოვაა მათ გვერდით.
იეჰოვას ნამდვილად უყვარს თავისი ცხვარი და სათუთად ზრუნავს მათზე. ბიბლია ამბობს: ‘როგორც მწყემსი, ისე წაუძღვება თავის ცხვარს. თავისი მკლავებით მოაგროვებს ბატკნებს და მზრუნველობას გაუწევს’ (ესაია 40:11).
განა არ გახარებს, რომ იეჰოვა ასეთია? ~ გინდა შენც იყო მისი ცხვარი? ~ ცხვარი უსმენს თავისი მწყემსის ხმას და ცდილობს, მწყემსს არ ჩამორჩეს. შენ თუ უსმენ იეჰოვას? ~ ხარ მასთან ახლოს? ~ მაშინ, არასოდეს არაფრის შეგეშინდება. იეჰოვა ყოველთვის შენთან იქნება.
იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის მსახურებზე. მოდი ერთად წავიკითხოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ: ფსალმუნების 36:25; 54:23 და ლუკას 12:29—31.