„გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“
„მოახლოვდა ყველაფრის დასასრული . . . რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტრე 4:7, 8).
იესოს ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო ის ბოლო რამდენიმე საათი, რომელთა გატარებაც მას მოციქულებთან შეეძლო. მან იცოდა, რა ამოცანის წინაშე დადგებოდნენ ისინი. მათ უდიდესი საქმე უნდა შეესრულებინათ; ამავე დროს, მათ შეიძულებდნენ და დევნას დაუწყებდნენ, როგორც ეს თავად იესოს შემთხვევაში მოხდა (იოანე 15:18—20). ამ უკანასკნელ საღამოს მან არაერთხელ შეახსენა მოციქულებს, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ (იოანე 13:34, 35; 15:12, 13, 17).
2 მოციქული პეტრე, რომელიც იმ საღამოს იესოსთან ერთად იყო, კარგად ჩასწვდა მის სიტყვებს. წლების შემდეგ, იერუსალიმის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე, პეტრემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული. მან ქრისტიანებს ურჩია: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული . . . რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტრე 4:7, 8). პეტრეს სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც თანამედროვე სისტემის „ბოლო დღეებში“ ცხოვრობს (2 ტიმოთე 3:1). რა არის გულითადი სიყვარული? რატომ არის მნიშვნელოვანი, ასე გვიყვარდეს ერთმანეთი? რა საქმეები აჩვენებს, რომ გვაქვს ასეთი სიყვარული?
„გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“ — რას ნიშნავს ეს?
3 ჩვეულებრივ, როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ თვისებაზე, რომელიც ბუნებრივად ვითარდება ვინმეს მიმართ. მაგრამ პეტრე არ გულისხმობდა ჩვეულებრივ სიყვარულს; ის სიყვარულის უკეთილშობილეს ფორმაზე საუბრობდა. 1 პეტრეს 4:8-ში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „აგაპე“. ამ სიტყვაში იგულისხმება არაეგოისტური თვისება, რომელსაც მართავს პრინციპები, ანუ რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «„აგაპე“ ისეთი თვისებაა, რომლის მართვაც შეიძლება, რადგან ეს არ არის უბრალოდ ემოცია, არამედ შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მოქმედებისკენ აღძრავს ადამიანს». ჩვენ ყველას თანდაყოლილი გვაქვს მიდრეკილება ეგოიზმისკენ, ამიტომ ვსაჭიროებთ შეხსენებას, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ეს ღვთის პრინციპების თანახმად ვაკეთოთ (დაბადება 8:21; რომაელები 5:12).
4 რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. „აგაპე“ არ არის ცივი და ემოციებს მოკლებული გრძნობა. პეტრემ თქვა: «გულითადად [სიტყვასიტყვით, „დაძაბულად“] გიყვარდეთ ერთმანეთი»a. ასე რომ, ასეთი სიყვარული ძალისხმევასაც მოითხოვს. „გულითადად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის შესახებ ერთი მეცნიერი ამბობს: „ეს სიტყვა გონებაში წარმოგვისახავს სპორტსმენს, რომელიც მაქსიმალურად ძაბავს კუნთებს და უკანასკნელ ძალებს იკრებს ფინიშთან მიახლოებისას“.
5 აქედან გამომდინარე, ჩვენი სიყვარული არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ სიტუაციებით, როცა ადვილია სიყვარულის გამოვლენა. აგრეთვე მხოლოდ ერთეულები არ უნდა გვიყვარდეს. ქრისტიანული სიყვარული, ასე ვთქვათ, გულის „დაძაბვას“ მოითხოვს, რომ სიყვარული მაშინაც გამოვავლინოთ, როცა ეს ადვილი არ არის (2 კორინთელები 6:11—13). ცხადია, ასეთი სიყვარული რომ გვქონდეს, უნდა განვავითაროთ ის და ვიმუშაოთ მასზე, ისევე როგორც სპორტსმენმა უნდა ივარჯიშოს და დაღვაროს ოფლი თავისი უნარის დასახვეწად. მნიშვნელოვანია, ასეთი სიყვარულით გვიყვარდეს ერთმანეთი. რატომ? სულ მცირე, სამი მიზეზის გამო.
რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი?
6 პირველი მიზეზი ისაა, რომ „სიყვარული ღვთისგან არის“ (1 იოანე 4:7). იეჰოვამ, ამ ძვირფასი თვისების წყარომ, პირველმა შეგვიყვარა. მოციქული იოანე წერდა: „ღვთის სიყვარული ჩვენ მიმართ იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ღვთის ძე ადამიანად დაიბადა დედამიწაზე, შეასრულა თავისი დავალება და წამების ძელზე მოკვდა — და ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ‘სიცოცხლე მიგვეღო’. როგორ უნდა მოვიქცეთ ღვთის სიყვარულის ამ უდიდესი გამოვლინების საპასუხოდ? იოანე ამბობს: „თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოანე 4:11). დაუკვირდით, რომ იოანე ამბობს „თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა“ და არა შეგიყვარა. ამ სიტყვების არსი გასაგებია: თუ ღმერთს უყვარს ჩვენი თანამორწმუნეები, მაშინ ჩვენც უნდა გვიყვარდეს ისინი.
7 მეორე: რადგან „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული“, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს ერთმანეთი და დახმარების ხელი გავუწოდოთ გაჭირვებაში მყოფ ძმებს (1 პეტრე 4:7). ჩვენ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). მსოფლიო პირობები, სტიქიური უბედურებები და წინააღმდეგობები სირთულეებს გვიქმნის. გაჭირვების დროს უფრო მეტად გვმართებს ერთმანეთის მხარში ამოდგომა. თუ გულითადად გვეყვარება ერთმანეთი, ეს აღგვძრავს, ვიზრუნოთ თანამორწმუნეებზე (1 კორინთელები 12:25, 26).
8 მესამე: საჭიროა გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან არ გვსურს, ადგილი მივცეთ ეშმაკს და მის წისქვილზე დავასხათ წყალი (ეფესოელები 4:27). სატანა უცბად იყენებს ჩვენს თანამორწმუნეთა არასრულყოფილებას — მათ სისუსტეებსა და შეცდომებს — რომ დაგვაბრკოლოს. მივცემთ საშუალებას დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებს ან ცუდ მოპყრობას, კრებას ჩამოგვაშოროს? (იგავები 12:18). ასე არ დაგვემართება, თუ გულითადად გვეყვარება ერთმანეთი! ასეთი სიყვარული მშვიდობის შენარჩუნებასა და ერთსულოვნად მსახურებაში გვეხმარება (სოფონია 3:9).
რა აჩვენებს, რომ გვიყვარს სხვები?
9 ერთმანეთის სიყვარული ოჯახში უნდა იწყებოდეს. იესომ აღნიშნა, რომ მისი მოწაფეები ერთმანეთის სიყვარულით იქნებოდნენ სხვებისგან გამორჩეულნი (იოანე 13:34, 35). სიყვარული მარტო კრებაში არ უნდა სუფევდეს. ის ოჯახში — ცოლ-ქმარს შორის და მშობლებსა და შვილებს შორისაც უნდა იყოს გამეფებული. არ არის საკმარისი, გულში გვქონდეს ოჯახის წევრების სიყვარული. საჭიროა კონკრეტული საქმეებით გამოვხატოთ ის.
10 როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვა? ქმარი, რომელსაც მთელი გულით უყვარს ცოლი, სიტყვითა და საქმით აჩვენებს ამას მეუღლეს, როგორც განმარტოებით, ისე სხვების წინაშე. ის პატივს სცემს მის პირადი ღირსების გრძნობას და ითვალისწინებს მის აზრს, შეხედულებასა და გრძნობებს (1 პეტრე 3:7). მეუღლის კეთილდღეობას თავისაზე წინ აყენებს და, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რომ იზრუნოს მის მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე (ეფესოელები 5:25, 28). ცოლი, რომელსაც ნამდვილად უყვარს მეუღლე, „დიდ პატივს“ სცემს მას მაშინაც კი, როცა ქმარი მის მოლოდინს ვერ ამართლებს (ეფესოელები 5:22, 33). ცოლი მხარში უდგას მეუღლეს და ემორჩილება მას; არა აქვს არაგონივრული მოთხოვნები, არამედ თანამშრომლობს ქმართან ოჯახში სულიერი საკითხების პირველ ადგილზე დაყენებაში (დაბადება 2:18; მათე 6:33).
11 მშობლებო, როგორ შეგიძლიათ შვილებისადმი სიყვარულის გამოხატვა? ის, რომ შვილებზე ზრუნვის მიზნით მზად ხართ, მძიმედ იშრომოთ, სიყვარულის მტკიცებაა (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ბავშვებს საჭმელზე, ტანსაცმელზე და ბინაზე მეტი სჭირდებათ. თუ გვინდა, რომ, როცა გაიზრდებიან, ღვთის მიმართ სიყვარული ჰქონდეთ და ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურონ, სულიერი აღზრდა არ უნდა მოვაკლოთ მათ (იგავები 22:6). ამისათვის საჭიროა, დრო გამოყოთ, რომ მთელმა ოჯახმა შეისწავლოთ ბიბლია, იქადაგოთ და ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწროთ (მეორე რჯული 6:4—7). ამ ყველაფრის რეგულარულად კეთება საკმაო მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, განსაკუთრებით ამ ძნელად ასატან დროში. შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით აჩვენებთ, რომ გიყვართ ისინი, რადგან ამით მათ მარადიულ კეთილდღეობაზე ფიქრობთ (იოანე 17:3).
12 მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილების ემოციურ მოთხოვნილებებზეც იზრუნონ. ბავშვები უმწეოები არიან; მათ მგრძნობიარე გულებს თქვენს სიყვარულში დარწმუნება ესაჭიროება. უთხარით, რომ გიყვართ და ყოველთვის გამოავლინეთ სითბო. ეს მათ დაარწმუნებს, რომ მშობლებისთვის სასურველნი და ძვირფასნი არიან. თბილად და გულწრფელად შეაქეთ ისინი. ეს თქვენს შვილებს დაანახვებს, რომ ამჩნევთ და აფასებთ მათ მცდელობას. სიყვარულით დასაჯეთ შვილები და ისინი იგრძნობენ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის, როგორ ადამიანებად იზრდებიან (ეფესოელები 6:4). სიყვარულის ასეთი გამოვლენა ოჯახს ბედნიერსა და მტკიცეს ხდის. ასეთი ოჯახებისთვის კი უფრო ადვილია ამ ბოლო დღეებში არსებულ პრობლემებთან გამკლავება.
13 სიყვარული აღგვძრავს, არ მივაქციოთ ყურადღება სხვების შეცდომებს. გაიხსენეთ, რომ იმის შემდეგ, რაც პეტრემ თავის მკითხველებს მოუწოდა, გულითადად ჰყვარებოდათ ერთმანეთი, მიზეზიც მოიყვანა, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი: „რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8). ცოდვის ‘დაფარვაში’ არ იგულისხმება, რომ სერიოზული ცოდვები უნდა დავმალოთ და შემცოდველს ხელი დავაფაროთ. სწორად ვიქცევით, თუ ასეთი ცოდვების შესახებ ვატყობინებთ კრებაში პასუხისმგებელ პირებს, რომ მათ მოაგვარონ პრობლემა (ლევიანები 5:1; იგავები 29:24). სიყვარულისა და ბიბლიური პრინციპების გათელვა იქნებოდა, თუ საშუალებას მივცემდით სერიოზული ცოდვის ჩამდენებს, გაეგრძელებინათ უდანაშაულოებისთვის ზიანის მიყენება (1 კორინთელები 5:9—13).
14 უმეტეს შემთხვევაში კი თანამორწმუნეთა შეცდომები უმნიშვნელო ხასიათისაა. ყველა ვცოდავთ სიტყვით ან საქმით, რითაც გულს ვტკენთ ან ემოციურ ჭრილობასაც კი ვაყენებთ ერთმანეთს (იაკობი 3:2). უნდა ვიჩქაროთ სხვისი შეცდომების გახმაურება? ასეთი საქციელი კრებაში მხოლოდ განხეთქილების წარმოქმნას შეუწყობდა ხელს (ეფესოელები 4:1—3). თუ სიყვარულით ვმოქმედებთ, თანამორწმუნის „შერცხვენას“ არ შევეცდებით (ფსალმუნები 49:20). როგორც ბათქაში და საღებავი ფარავს კედლის „არასრულყოფილებას“, ისე სიყვარული ფარავს სხვების არასრულყოფილებას (იგავები 17:9).
15 სიყვარული აღგვძრავს, დავეხმაროთ მათ, ვინც ნამდვილად საჭიროებს ამას. ბოლო დღეებში პირობები სულ უფრო უარესდება და დროდადრო ჩვენს თანამორწმუნეებს მატერიალური და ფიზიკური დახმარება ესაჭიროებათ (1 იოანე 3:17, 18). მაგალითად, თქვენი კრების რომელიმე წევრს ფინანსური სირთულეები ხომ არ შეექმნა ან სამუშაო ხომ არ დაკარგა? მაშინ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შეგვეძლო მხარში ამოვდგომოდით მას მატერიალურად (იგავები 3:27, 28; იაკობი 2:14—17). მოხუცებული ქვრივი დის სახლი შეკეთებას ხომ არ საჭიროებს? მაშინ შეგვეძლო ინიციატივის გამოვლენა და ხელის შეშველება (იაკობი 1:27).
16 ჩვენი სიყვარული მხოლოდ ახლოს მცხოვრები ადამიანებით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ შეიძლება შევიტყოთ, რომ სხვა ქვეყნებში ღვთის მსახურები დაზარალდნენ ქარიშხლის, მიწისძვრის ან არეულობის გამო. მათ შეიძლება ძალიან სჭირდებათ სურსათი, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი საგნები. მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რომელი რასის ან ეროვნების წარმომადგენლები არიან. ჩვენ „მთელი საძმო“ გვიყვარს (1 პეტრე 2:17). პირველი საუკუნის კრებების მსგავსად, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს ჰუმანიტარულ დახმარებებს, რომლებსაც დროდადრო ეწევა ორგანიზება (საქმეები 11:27—30; რომაელები 15:26). სიყვარულის ამგვარად გამოვლენა განამტკიცებს ჩვენს ძმობას, რაც გვაერთიანებს ამ ბოლო დღეებში (კოლოსელები 3:14).
17 სიყვარული აღგვძრავს, სხვებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. დაუფიქრდით იესოს მაგალითს. რატომ ქადაგებდა და ასწავლიდა ის? მას ებრალებოდა ხალხი მათი გულსაკლავი სულიერი მდგომარეობის გამო (მარკოზი 6:34). ცრუ სულიერი მწყემსები, რომლებსაც ხალხისთვის სულიერი საკითხები უნდა ესწავლებინათ და იმედი ჩაესახათ, არ ზრუნავდნენ მათზე და ატყუებდნენ. ასე რომ, ღრმა, გულითადი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო იესო ხალხს ‘ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით’ ანუგეშებდა (ლუკა 4:16—21, 43).
18 დღესაც, ბევრი ადამიანის სულიერი მოთხოვნილებები უგულებელყოფილია და ისინი უიმედოდ არიან. თუ, იესოს მსგავსად, გულისხმიერები ვართ მათი სულიერი მოთხოვნილებების მიმართ, ვინც ჯერ არ იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს, სიყვარული და თანაგრძნობა გვიბიძგებს, რომ მათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ (მათე 6:9, 10; 24:14). დრო ცოტაღა დარჩა, ამიტომ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის ქადაგება ხვალისთვის არ არის გადასადები (1 ტიმოთე 4:16).
„მოახლოვდა ყველაფრის დასასრული“
19 გაიხსენეთ, რომ სიყვარულის შესახებ რჩევას პეტრემ ასეთი სიტყვები წაუმძღვარა: „მოახლოვდა ყველაფრის დასასრული“ (1 პეტრე 4:7). მალე ამ ბოროტ სისტემას შეცვლის ახალი სამართლიანი ქვეყნიერება (2 პეტრე 3:13). ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. იესომ გაგვაფრთხილა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკა 21:34, 35).
20 ამიტომ ყველა ღონე მოვახმაროთ სიფხიზლის შენარჩუნებას; ყურადღებით ვიყოთ და არ დავივიწყოთ, რა დროში ვცხოვრობთ (მათე 24:42). არ მოვადუნოთ ყურადღება, რომ არ გაგვიტყუოს სატანის ცდუნებებმა. არასოდეს მივცეთ საშუალება ამ ცივ, უსიყვარულო ქვეყნიერებას, ხელი შეგვიშალოს სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენაში. და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, რომლის მესიანური სამეფოც მალე შეასრულებს მის დიდებულ განზრახვას (გამოცხადება 21:4, 5).
[სქოლიოები]
a ბიბლიის ზოგ თარგმანში 1 პეტრეს 4:8-ში ნათქვამია, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს „გულწრფელად“, „მთელი გულით“ და უნდა გვქონდეს „ღრმა სიყვარული“.
სასწავლო კითხვები
• რა რჩევა მისცა იესომ მოწაფეებს უკანასკნელ ღამეს და საიდან ვიცით, რომ პეტრე კარგად ჩასწვდა მის არსს? (აბზ. 1, 2).
• რას ნიშნავს, ‘გულითადად გვიყვარდეს ერთმანეთი’? (აბზ. 3—5).
• რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი? (აბზ. 6—8).
• როგორ შეგიძლია სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენა? (აბზ. 9—18).
• რატომ არ არის ახლა თვითკმაყოფილების დრო და რა უნდა ვაკეთოთ მთელი შემართებით? (აბზ. 19, 20).
[სურათი 29 გვერდზე]
მტკიცე ოჯახები უფრო მომზადებულები არიან ამ ბოლო დღეებში არსებული სირთულეების დასაძლევად.
[სურათი 30 გვერდზე]
სიყვარული აღგვძრავს, დავეხმაროთ მათ, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს.
[სურათი 31 გვერდზე]
სხვებისთვის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარება სიყვარულის გამოვლენაა.