თავი 15
ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა
ყველა რელიგია მისაღებია ღვთისთვის?
როგორ გავიგოთ, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?
ვინ არიან დღეს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?
1. რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასიკეთო, თუ ღმერთს სწორად ვცემთ თაყვანს?
იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და სიყვარულით გვაძლევს რჩევებსა და მითითებებს. თუ ღმერთს სწორად ვცემთ თაყვანს, ცხოვრებაში ბედნიერნი ვიქნებით და მრავალ პრობლემას ავერიდებით. აგრეთვე, ვიგრძნობთ მის კურთხევასა და დახმარებას (ესაია 48:17). დღეს, როგორც ვხედავთ, ასობით რელიგია არსებობს და ყველა იმას ამბობს, რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ასწავლის. მაგრამ მათი სწავლებები იმის თაობაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რას მოელის ის ჩვენგან, სრულიად განსხვავებულია.
2. რის გაკეთება შეგიძლია იმის გასაგებად, თუ როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს ღმერთი, და რა მაგალითის მოყვანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით?
2 როგორ გავიგოთ, როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს იეჰოვა? საჭირო არაა, რომ შეისწავლო და ერთმანეთს შეადარო ყველა რელიგიის სწავლებები. საკმარისია გაიგო, თუ რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბევრ ქვეყანაში არსებობს ყალბი ფულის პრობლემა. როგორ მოიქცეოდი, შენი მოვალეობა ყალბი ფულის ამოცნობა რომ ყოფილიყო? დაიწყებდი შენი მოვალეობის შესრულებას ყველა სახის ყალბი კუპიურის შესწავლით? არა. უმჯობესი იქნებოდა, რომ დრო ნამდვილი ფულის შესწავლისთვის დაგეთმო. როცა იცი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფული, ყალბის ამოცნობასაც შეძლებ. მსგავსად ამისა, თუ გავიგებთ რომელი რელიგიაა ღვთისთვის მისაღები, ეს დაგვეხმარება განვსაზღვროთ, თუ რომელია ცრუ რელიგიები.
3. იესოს სიტყვების თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ ღმერთმა მოიწონოს ჩვენი თაყვანისცემა?
3 მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას ისე ვცეთ თაყვანი, როგორც მას სურს. ბევრის აზრით, ღვთისთვის ყველა რელიგია მისაღებია. მაგრამ ბიბლია ამას არ გვასწავლის. შეიძლება ადამიანი თავს ქრისტიანად თვლიდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იესომ თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას». აქედან გამომდინარე, ღმერთმა ჩვენი თაყვანისცემა რომ მოიწონოს, აუცილებელია გავიგოთ და შევასრულოთ მისი მოთხოვნები. იესომ „უკანონობის მოქმედნი“ უწოდა მათ, ვინც არ ასრულებს ღვთის ნებას (მათე 7:21—23). ყალბი ფულის მსგავსად, ცრუ რელიგიას არავითარი ფასი არა აქვს. უფრო მეტიც, ასეთ რელიგიას ზიანის მოტანაც კი შეუძლია.
4. რა თქვა იესომ ფართო და ვიწრო გზებთან დაკავშირებით, და სადამდე მიჰყავს ამ გზებს ხალხი?
4 იეჰოვა ყველა ადამიანს სთავაზობს მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად რომ ვიცხოვროთ, ღმერთს სათანადოდ უნდა ვცეთ თაყვანი და ცხოვრებაში დღესვე უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი ნორმებით. სამწუხაროდ, მრავალს არ სურს ასე მოქცევა. სწორედ ამის გამო თქვა იესომ შემდეგი სიტყვები: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). ჭეშმარიტი რელიგია მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს, ცრუ რელიგიას კი ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს. იეჰოვას არც ერთი ადამიანის დაღუპვა არ სურს და ამიტომაც ყველას და ყველგან აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მას (2 პეტრე 3:9). როგორც ვხედავთ, ის, თუ როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
როგორ გავიგოთ, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი?
5. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით?
5 როგორ უნდა ვიპოვოთ სიცოცხლისკენ მიმავალი გზა? იესომ თქვა, რომ ადამიანს ჭეშმარიტი რელიგია ამ რელიგიის მიმდევრების საქმეების მიხედვით უნდა განესაზღვრა. „მათ თავიანთივე ნაყოფით იცნობთ, — აღნიშნა მან. — კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს“ (მათე 7:16, 17). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები შეგვიძლია ვიცნოთ იმით, თუ რა სწამთ მათ და როგორ იქცევიან. მართალია, ისინი არასრულყოფილები არიან და შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ, როგორც ჯგუფი, ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ. განვიხილოთ ექვსი ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით.
6, 7. როგორი დამოკიდებულება აქვთ ღვთის მსახურებს ბიბლიისადმი და რა მაგალითი დაგვიტოვა ამ მხრივ იესომ?
6 ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები თავიანთი მრწამსის საფუძვლად ბიბლიას აღიარებენ. ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ, რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13). მაშასადამე, ჭეშმარიტი რელიგიის სწავლებები და მის მიმდევართა საქმიანობა არ არის დაფუძნებული ადამიანთა შეხედულებებზე ან ტრადიციებზე. საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვა, ბიბლიაა.
7 ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა იესო ქრისტემ. მისი სწავლებები ღვთის სიტყვაზე იყო დაფუძნებული. ლოცვაში მან ზეციერ მამას უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). იესო დარწმუნებული იყო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში და ყველაფერი, რასაც ასწავლიდა, წმინდა წერილებთან იყო შეთანხმებული. ის ხშირად ამბობდა: „დაწერილია“ (მათე 4:4, 7, 10). შემდეგ კი წმინდა წერილებიდან მოჰყავდა ციტატა. მსგავსად, დღეს ღვთის მსახურები ხალხს თავიანთ შეხედულებებს არ გადასცემენ. მათ სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და თავიანთ სწავლებებს მთლიანად მასზე აფუძნებენ.
8. რას მოიცავს იეჰოვას თაყვანისცემა?
8 ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები მხოლოდ იეჰოვას სცემენ თაყვანს და ხალხს მის სახელს აუწყებენ. იესომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ამიტომ ღვთის მსახურები იეჰოვას გარდა არავის და არაფერს სცემენ თაყვანს. ისინი ხალხს ასწავლიან, რა ჰქვია ღმერთს და რა თვისებები აქვს მას, რითაც თაყვანს სცემენ იეჰოვა ღმერთს. ფსალმუნის 83:18-ში ნათქვამია: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. იესო ხალხს ეხმარებოდა, მეტი გაეგოთ ღვთის შესახებ. ერთხელ მან ლოცვისას თქვა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან“ (იოანე 17:6). იესოს მაგალითის მიყოლით, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ხალხს ღვთის სახელს აუწყებენ და მისი განზრახვისა და თვისებების შესახებ ასწავლიან.
9, 10. როგორ ავლენენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთმანეთისადმი სიყვარულს?
9 ღვთის მსახურები ერთმანეთისადმი უანგარო სიყვარულს ავლენენ. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). პირველ ქრისტიანებს ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარული ჰქონდათ. სიყვარული, რომელსაც ღმერთი გვასწავლის, ანგრევს რასობრივ, სოციალურ და ეთნიკურ ბარიერებს და ხალხს ნამდვილ საძმოში აერთიანებს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:14). ცრუ რელიგიების მიმდევრებისთვის კი უცხოა ასეთი ერთობა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ისინი ხოცავენ ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ეროვნების ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იღებენ ხელში იარაღს თანაქრისტიანთა ან თუნდაც სხვების დასახოცად. ბიბლიაში ნათქვამია: „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის . . . უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა თავისი ძმა“ (1 იოანე 3:10—12; 4:20, 21).
10 ცხადია, გულწრფელი სიყვარული მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ სხვის მოსაკლავად ხელში იარაღი არ აიღო. ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთმანეთის დასახმარებლად და მხარდასაჭერად არ იშურებენ საკუთარ დროს, ენერგიასა და სახსრებს (ებრაელები 10:24, 25). გასაჭირში ისინი მხარში უდგანან ერთმანეთს და სხვებთან ურთიერთობისას პატიოსნები არიან. ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიის რჩევას იმის შესახებ, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალატელები 6:10).
11. რატომ უნდა გვწამდეს, რომ ხსნა იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი?
11 ჭეშმარიტ ქრისტიანებს სწამთ, რომ ხსნა იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. ბიბლია ამბობს: „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). როგორც მე-5 თავიდან გავიგეთ, იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო იმ ადამიანთა გამოსასყიდად, რომლებიც ღვთისადმი მორჩილებას გამოავლენდნენ (მათე 20:28). გარდა ამისა, ღმერთმა იესო ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა. ეს სამეფო კი მთელ დედამიწას გაუწევს ხელმძღვანელობას. ღმერთს სურს, რომ დავემორჩილოთ იესოს და ვიცხოვროთ მისი სწავლებების შესაბამისად. ამგვარად მოქმედება აუცილებელია მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:36).
12. რას ნიშნავს ის, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არიან?
12 ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები არ არიან ამ ქვეყნიერების ნაწილი. რომაელ მმართველს, პილატეს, იესომ უთხრა: „სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). იესოს ნამდვილი მიმდევრები მის ზეციერ სამეფოს ემორჩილებიან და არ ერევიან პოლიტიკურ საქმეებში იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი არ მონაწილეობენ ამ ქვეყნიერების კონფლიქტებში. მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემლები არ გამოდიან მათ წინააღმდეგ, ვინც უერთდება რომელიმე პარტიას, პოლიტიკური თანამდებობისკენ ისწრაფვის ან მონაწილეობას იღებს არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები პოლიტიკაში არ ერევიან, ისინი კანონებს იცავენ. რატომ? იმიტომ რომ ღვთის სიტყვა მოუწოდებს მათ, დაემორჩილონ „უმაღლეს ხელისუფალთ“ (რომაელები 13:1). როდესაც პოლიტიკური სისტემა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან იმის გაკეთებას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის მოთხოვნებს, ისინი მიჰყვებიან მოციქულთა მაგალითს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29; მარკოზი 12:17).
13. რას მოელიან იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ღვთის სამეფოსგან, და რის გაკეთებისკენ აღძრავს მათ ეს?
13 იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ქადაგებენ, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის. იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ხალხს არ მოუწოდებენ იმისკენ, რომ მიწიერი მმართველებისგან მოელოდნენ კაცობრიობის პრობლემების გადაჭრას. ისინი ქადაგებენ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ღვთის ზეციერ სამეფოს შეუძლია (ფსალმუნი 146:3). როგორც იესომ გვასწავლა, ჩვენ უნდა ვილოცოთ სრულყოფილი მთავრობის შესახებ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ეს ზეციერი სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს [დღეს არსებულ] ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14; 19:19—21).
14. შენი აზრით, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
14 მხედველობაში მიიღე ის, რაც ზემოთ განვიხილეთ და დაფიქრდი: რომელ რელიგიურ მიმდინარეობაზე შეგიძლია თქვა, რომ მისი ყველა სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული? რომელი რელიგიის მიმდევრები აუწყებენ ღვთის სახელს? რომელ რელიგიაში ხედავ, რომ მისი მიმდევრები ერთმანეთისადმი უანგარო სიყვარულს ავლენენ და არ არიან ამ ქვეყნიერების ნაწილი? ვინ ავლენს რწმენას იესოსადმი და ვინ ქადაგებს, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის? მსოფლიოში არსებული რელიგიებიდან რომელი აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას? ფაქტები ადასტურებს, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას მოწმეები არიან (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12).
როგორ მოიქცევი?
15. რის გაკეთებაა აუცილებელი იმის გარდა, რომ ღვთის არსებობა აღიარო?
15 ღმერთი ჩვენგან მხოლოდ იმას არ მოელის, რომ მისი არსებობა გვწამდეს. ბიბლიის თანახმად, ღვთის არსებობა დემონებსაც სწამთ (იაკობი 2:19). მაგრამ ცხადია, რომ ისინი არ ასრულებენ ღვთის ნებას და ღმერთი არ არის მათდამი კეთილგანწყობილი. ჩვენი თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, მისი არსებობაც უნდა გვწამდეს და მის ნებასაც უნდა ვასრულებდეთ. გარდა ამისა, აუცილებელია, გამოვეყოთ ცრუ რელიგიას და ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შევუერთდეთ.
16. რატომ არ უნდა მიიღო მონაწილეობა ცრუ თაყვანისმცემლობაში?
16 მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ცრუ თაყვანისმცემლობაში არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას. მან დაწერა: «„გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“» (2 კორინთელები 6:17; ესაია 52:11). ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები გაურბიან ყველაფერს, რაც ცრუ თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული.
17, 18. რა არის „დიდი ბაბილონი“, და რატომ უნდა გავწყვიტოთ დაუყოვნებლივ მასთან ყოველგვარი კავშირი?
17 ბიბლიიდან ჩანს, რომ ყველა ცრუ რელიგია „დიდი ბაბილონის“a ნაწილია (გამოცხადება 17:5) ეს სახელი დაკავშირებულია ძველ ქალაქ ბაბილონთან. ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ ცრუ თაყვანისმცემლობას სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი. ცრუ თაყვანისმცემლობაში გავრცელებული მრავალი სწავლება და წეს-ჩვეულება ძველი ბაბილონიდან მოდის. მაგალითად, ბაბილონელები თაყვანს სცემდნენ ღმერთების ტრიადებს (სამპიროვან ღვთაებებს). დღეს მოძღვრება სამების შესახებ მრავალი რელიგიის უმთავრესი სწავლებაა. მაგრამ ბიბლია გასაგებად ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა, ხოლო იესო ქრისტე მისი ძეა (იოანე 17:3). ბაბილონელებს ასევე სწამდათ, რომ ადამიანს ჰქონდა უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ აგრძელებდა სიცოცხლეს და შეიძლებოდა საწამებელ ადგილას დატანჯულიყო. დღეს რელიგიათა უმრავლესობა ასწავლის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული და ის შეიძლება ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯოს.
18 ვინაიდან ძველ ბაბილონში არსებული თაყვანისმცემლობა მთელ დედამიწაზე გავრცელდა, თანამედროვე „დიდი ბაბილონი“ ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიაა. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს იმპერია მოულოდნელად განადგურდება. ხედავ, თუ რატომ არის აუცილებელი, ყოველმხრივ გამოეყო „დიდ ბაბილონს“? იეჰოვა ღმერთს სურს, რომ რაც შეიძლება მალე გაწყვიტო მასთან ყოველგვარი კავშირი, სანამ ჯერ კიდევ არის დრო (წაიკითხეთ გამოცხადების 18:4, 8).
19. რას მოგიტანს იეჰოვასადმი მსახურება?
19 იმ შემთხვევაში, თუ ცრუ რელიგიის დატოვებას გადაწყვეტ, ზოგი შეიძლება შენთან ურთიერთობას მოერიდოს. მაგრამ იეჰოვას მსახურება და მის ხალხთან ურთიერთობა ნებისმიერ დანაკარგს აგინაზღაურებს. შენ უამრავ სულიერ და-ძმას შეიძენ იესოს პირველი მოწაფეების მსგავსად, რომლებმაც ბევრი რამ დათმეს, რათა მისი მიმდევრები გამხდარიყვნენ. შენ გახდები მილიონობით ჭეშმარიტი ქრისტიანისგან შემდგარი მსოფლიო ოჯახის წევრი, სადაც შენდამი გულწრფელ სიყვარულს გამოავლენენ. ამასთანავე, გექნება მომავალში მარადიული სიცოცხლის იმედი (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30). დროთა განმავლობაში კი ისინი, ვინც შენი რწმენის გამო შენთან ურთიერთობას ერიდებიან, შეიძლება ბიბლიის სწავლებებით დაინტერესდნენ და იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ.
20. როგორი მომავალი ელით ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს?
20 ბიბლია გვასწავლის, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებას ღმერთი მალე შეცვლის სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით, რომელსაც მისი სამეფო უხელმძღვანელებს (2 პეტრე 3:9, 13). ახალი ქვეყნიერება მართლაც რომ განსხვავებული იქნება დღევანდელი მსოფლიოსგან! ახალ ქვეყნიერებაში მხოლოდ ერთი რელიგია — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იარსებებს. განა გონივრული არ იქნება, რომ საჭირო ნაბიჯები გადადგა და დღესვე შეუერთდე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს?
a იხილეთ დანართი «რა არის „დიდი ბაბილონი“», სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის „დიდი ბაბილონი“ ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის სიმბოლო.