თავი 31
ძალიან ხშირად ხომ არ ვუსმენ მუსიკას?
რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა შენთვის?
□ მუსიკის გარეშეც შეიძლება ცხოვრება
□ უმუსიკოდ ვერ გავძლებ
როდის უსმენ ხოლმე მუსიკას?
□ მგზავრობისას
□ მეცადინეობის დროს
□ ყოველთვის
როგორი მუსიკა მოგწონს და რატომ? ․․․․․
ადამიანები ისე ვართ შექმნილი, რომ მუსიკის მოსმენა მეტ-ნაკლებად ყველას გვსიამოვნებს. ზოგ ახალგაზრდას საერთოდ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მუსიკის გარეშე. 21 წლის ამბერი, ამბობს: „უმუსიკოდ არ შემიძლია. მუსიკა ყოველთვის ჩართული მაქვს, მაშინაც კი, როცა ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ, სადმე მივდივარ ან ვმეცადინეობ“.
მუსიკა მხოლოდ ნოტების ლოგიკური კომბინაცია არ არის. ის სულის სიღრმემდე აღწევს. არის მომენტები, როცა მუსიკას „დროულად ნათქვამ სიტყვაზე“ არანაკლები ძალა აქვს და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს (იგავები 15:23). 16 წლის ჯესიკა ამბობს: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი არავის ესმის. საკმარისია საყვარელ ჯგუფს მოვუსმინო და ვხვდები, რომ მარტო მე არ ვგრძნობ თავს ასე“.
მუსიკა და ოჯახური ურთიერთობები
შენს საყვარელ მუსიკაზე მშობლებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. ერთი ბიჭი ამბობს: «მამაჩემი მეუბნება ხოლმე: „ნუ აღრიალებ! ტვინი წაიღო!“». შეიძლება დაგღალა გამუდმებულმა შენიშვნებმა და ფიქრობ, რომ მშობლები ყველაფერს აზვიადებენ. „დაავიწყდათ, რომ თვითონაც იყვნენ ახალგაზრდები?! დავიჯერო, მათ მშობლებს მოსწონდათ ის, რასაც უსმენდნენ?!“ — ასე გამოთქვამს უკმაყოფილებას ერთი გოგო. 16 წლის ინგრიდსაც მსგავსი აზრი აქვს: „მშობლები წარსულით ცხოვრობენ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს გემოვნება“.
ინგრიდის აზრი საფუძველს მოკლებული არ არის. ძველი და ახალი თაობის გემოვნება ბევრ რამეში არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს ასე იყო ყოველთვის. მაგრამ განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გამუდმებული კამათის მიზეზი არ უნდა გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადე საერთო ენა გამონახო მშობლებთან. თუ ისინი ბიბლიური ნორმებით ცხოვრობენ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ბიბლია დაგანახვებთ, თუ რა არის მიუღებელი და რა — უბრალოდ გემოვნების საკითხი. თქვენ უნდა შეთანხმდეთ ორ საკითხზე: 1) რას „ქადაგებს“ მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც უსმენ, და 2) რამდენ ხანს უნდა უსმინო მუსიკას. ჯერ პირველ საკითხს შევეხოთ.
რას „გიქადაგებს“?
მუსიკა შეიძლება საკვებს შევადაროთ. ჯანსაღი საკვების ზომიერად მიღება სასარგებლოა. არაჯანსაღი საკვები კი, თუნდაც მცირე რაოდენობით, საშიშია ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე მიმზიდველი ის არის, რაც სასარგებლო არაა. ამის თქმა შეიძლება როგორც საკვებზე, ისე მუსიკაზე. ახალგაზრდა სტივი უკმაყოფილოა: „არც ერთ სიმღერას, რომლის მელოდიაც მომწონს, ნორმალური ტექსტი არა აქვს“.
თუ მელოდია მოგწონს, მართლა ასე დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტს? ამ კითხვას რომ უპასუხო, დაფიქრდი: ვინმემ შენი მოწამვლა რომ მოინდომოს, ძმარში ჩაგიყრის საწამლავს თუ ლამაზად მორთულ ტორტში გაურევს? ღვთის ერთგულმა მსახურმა, იობმა თქვა: „განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს, და სასა — საჭმლის გემოს?!“ (იობი 12:11). ამიტომ ნუ მოტყუვდები მიმზიდველი მელოდიით და ‘სიტყვების გასარჩევად’ დაუკვირდი სიმღერის სათაურსა და ტექსტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიმღერის ტექსტი გავლენას მოახდენს შენს აზროვნებაზე.
სამწუხაროდ, თანამედროვე სიმღერების ტექსტებში ბევრგანაა ფრაზები სექსზე, ძალადობასა და ნარკოტიკებზე. იქნებ ფიქრობ, რომ ასეთი ტექსტი შენზე არ მოქმედებს? ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ „საწამლავმა“ უკვე დაიწყო მოქმედება.
ვინ ან რა გიყალიბებს გემოვნებას?
შეიძლება თანატოლები გიბიძგებენ იმისკენ, რომ მოუსმინო ქრისტიანისთვის შეუფერებელ მუსიკას. შოუ-ბიზნესსაც დიდი გავლენა აქვს. რადიოს, ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით მუსიკა იქცა სერიოზულ ბიზნესად, რომელშიც მილიარდები ტრიალებს. მარკეტინგის სპეციალისტებს დიდ თანხებს უხდიან იმისთვის, რომ ხალხის მუსიკალური გემოვნება ჩამოაყალიბონ.
თუ თანატოლებსა და მასმედიაზე იქნება დამოკიდებული, რას მოუსმენ და რას არა, შენ დაკარგავ არჩევნის თავისუფლებას და სხვისი მონა გახდები (რომაელები 6:16). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ასეთ საკითხებში არ დავყვეთ ქვეყნიერების ზეგავლენას (რომაელები 12:2). ამისათვის ‘გაწაფული უნდა გქონდეს აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). როგორ დაგეხმარება „აღქმის უნარი“ მუსიკის არჩევაში? ყურადღება მიაქციე ქვემოთ მოცემულ რჩევებს.
გაფორმება. ხშირ შემთხვევაში გაფორმებისთვის ან თუნდაც სარეკლამო მასალისთვის თვალის შევლება საკმარისია შინაარსის გასაგებად. ძალადობრივი, სექსუალური ან მაგიური გამოსახულებები ალბათ უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ მუსიკაც შეუფერებელია.
ტექსტი. დაუკვირდი სიტყვებს. ნამდვილად გინდა, რომ ეს სიტყვები მოისმინო ან კვლავ და კვლავ გაიმეორო? შეესაბამება ტექსტი შენს ღირებულებებსა და ქრისტიანულ პრინციპებს? (ეფესოელები 5:3—5).
როგორ მოქმედებს შენზე? „ბევრი რამ, რასაც ვუსმენდი, ცუდ ხასიათზე მაყენებდა“, — ამბობს ფილიპი. მუსიკას დიდი ძალა აქვს და შეუძლია დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე. შენზე როგორ მოქმედებს ის, რასაც უსმენ? დაფიქრდი: „ცუდი ფიქრები ხომ არ მომდის ამ მუსიკის ან სიტყვების მოსმენის შემდეგ? თანდათან ჩემს მეტყველებაშიც ხომ არ შემოდის ჟარგონები, რომლებსაც სიმღერაში ვისმენ?“ (1 კორინთელები 15:33).
სხვების აზრი. მოსწონთ მშობლებს სიმღერები, რომლებსაც უსმენ? ჰკითხე მათ, რას ფიქრობენ ამაზე. იფიქრე თანაქრისტიანებზეც. ვინმე ხომ არ დაბრკოლდება? როცა ადამიანი სხვების აზრს ითვალისწინებს, ეს მის მოწიფულობაზე მეტყველებს (რომაელები 15:1, 2).
ამ რჩევების მხედველობაში მიღება დაგეხმარება ისეთი მუსიკის შერჩევაში, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს და, ამავდროულად, საფრთხეს არ შეუქმნის შენს სულიერობას. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი.
რას ნიშნავს „ძალიან ხშირად“?
კარგ მუსიკას, ჯანსაღი საკვების მსგავსად, დასაწუნი არაფერი აქვს. მაგრამ ერთი იგავი გვაფრთხილებს: „თაფლი იპოვე? იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს, რათა მეტი არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო“ (იგავები 25:16). თაფლი ცნობილია სამკურნალო თვისებებით. თუმცა, როგორც ამბობენ, მეტისმეტი არაფერი ვარგა. ასე რომ, საჭიროა ზომიერება.
ზოგ ახალგაზრდას მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მაგალითად, ჯესიკა გულწრფელად ამბობს: „სულ მუსიკას ვუსმენ — მაშინაც კი, როცა ბიბლიას ვკითხულობ. მშობლებს ვეუბნები, რომ ეს კონცენტრირებაში მეხმარება. მაგრამ მათ არ სჯერათ ჩემი“. შენც ასე ხომ არ ფიქრობ?
როგორ უნდა განსაზღვრო, თუ სად არის ზომიერების ზღვარი? დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:
რამდენ საათს ვუსმენ მუსიკას დღის განმავლობაში? ․․․․․
რა თანხას ვხარჯავ თვეში მუსიკისთვის? ․․․․․
მიქმნის პრობლემებს ეს ყველაფერი მშობლებთან ურთიერთობაში? თუ ასეა, დაწერე, როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. ․․․․․
ნაბიჯები ზომიერებისკენ
თუ მუსიკის მოსმენა ძალიან დიდ დროს გართმევს, საკუთარ თავს შეზღუდვები დაუდგინე, რათა არ გასცდე ზომიერების საზღვრებს. მაგალითად, თუ მთელი დღე ყურსასმენებით („ნაუშნიკებით“) დადიხარ ან სახლში შესვლისთანავე მუსიკას რთავ, იქნებ ღირდეს, რომ გადაეჩვიო ამას.
ზოგჯერ წყნარი გარემოც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამეს სწავლობ. სტივი ამბობს: „თუ მუსიკა გამორთული მაქვს, უკეთესად ვითვისებ ყველაფერს“. შენც მოსინჯე — სწავლის დროს მუსიკა გამორთე და ნახავ, რომ გონებას უკეთესად მოიკრებ.
ცხადია, რომ დრო ბიბლიისა თუ ბიბლიური ლიტერატურის წაკითხვასა და შესწავლასაც უნდა დაუთმო. იესო ქრისტე დროდადრო წყნარ ადგილზე მიდიოდა ფიქრისა და ლოცვისთვის (მარკოზი 1:35). თუ შესწავლისთვის მშვიდ ატმოსფეროს არ შეიქმნი, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შენს სულიერ ზრდას.
როგორ მოიქცევი?
მუსიკის მოსმენით სიამოვნების განცდის უნარი ღვთისგან გვაქვს ბოძებული. მაგრამ არსებობს საფრთხეც, რომელიც კარგად ჩანს მარლინის სიტყვებში: „ისეთი სიმღერებიც მაქვს, რომლებიც პრინციპში გადასაყრელია, მაგრამ მელოდიის გამო ვერ ველევი“. ასეთი მოქმედებით მარლინი ისევ თავის თავს აყენებს ზიანს. ნუ გაიმეორებ მის შეცდომას. ნუ დაემონები მუსიკას და ნუ დაუშვებ, რომ ცუდმა სიმღერებმა გონება მოგიწამლოს. სიმღერების შერჩევისას უერთგულე ქრისტიანულ ნორმებს. სთხოვე ღმერთს ხელმძღვანელობა და დახმარება. მათთან იმეგობრე, ვინც იზიარებს შენს რწმენას.
მუსიკა განტვირთვის კარგი საშუალებაა. მან შეიძლება პრობლემები დაგავიწყოს ან დაგამშვიდოს, როცა თავს მარტოდ გრძნობ. თუმცა მუსიკა მთავრდება და პრობლემები პრობლემებად რჩება. ნამდვილ მეგობარს კი ვერც ერთი სიმღერა ვერ შეგიცვლის. ასე რომ, მხოლოდ მუსიკით ნუ იცხოვრებ. კარგ მუსიკას რა ჯობია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
დროდადრო დასვენება და გართობა შენც გჭირდება. როგორ დაგეხმარება ბიბლიური პრინციპები დროის სასიამოვნოდ გატარებაში?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს, და სასა — საჭმლის გემოს?!“ (იობი 12:11).
რჩევა
როცა გინდა, მშობლებს დაანახვო, თუ რატომ მოგწონს ესა თუ ის სიმღერა ან ჯგუფი, ეცადე, პატივი სცე მათ მუსიკალურ გემოვნებასაც.
იცოდი, რომ . . . ?
თუ არ გინდა, მშობლებმა შენი საყვარელი სიმღერები მოისმინონ, შეიძლება ეს იმის ნიშანი იყოს, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებელ სიმღერებს უსმენ.
რა უნდა გავაკეთო
მუსიკას ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი რომ ჰქონდეს ․․․․․
თუ თანატოლები შემომთავაზებენ ქრისტიანისთვის შეუფერებელი სიმღერების მოსმენას, ვეტყვი, რომ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არ არის უმნიშვნელო, თუ რას მოუსმენ და რას არა?
● რის მიხედვით უნდა განსაზღვრო, რომელი სიმღერების მოსმენა არ ღირს?
● როგორ უნდა შეიყვარო სხვადასხვა სტილის მუსიკა?
[ჩანართი 259 გვერდზე]
„ზოგჯერ მოსმენის დროს უცებ ვხვდები, რომ ამ სიმღერას არ უნდა ვუსმენდე და მაშინვე ვრთავ. რომ არ გამოვრთო, ვიცი, თავის მართლებას დავიწყებ და ბოლომდე მოვუსმენ“ (კამერონი).
[ჩარჩო⁄სურათები 258 გვერდზე]
შეიყვარე სხვადასხვა სტილის მუსიკა
საჭმელებიდან დღეს ალბათ ბევრი რამ გიყვარს. ხუთი წლის ასაკში კი ეს ასე არ იქნებოდა, რადგან ყველაფერი გასინჯულიც არ გექნებოდა. იმავეს თქმა შეიძლება მუსიკაზე. ნუ შემოიფარგლები ერთი სტილით. სხვა სტილის მუსიკასაც „გაუსინჯე გემო“.
შეგიძლია ისწავლო რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. გარდა იმისა, რომ ეს საინტერესო იქნება, სწავლის პროცესში შოუ-ბიზნესის მიერ შემოთავაზებულ „მენიუს“ გასცდები და სხვადასხვა სტილის მუსიკასაც გაეცნობი. როგორ უნდა გამონახო დრო სწავლისთვის? ნაკლები დრო დაუთმე, მაგალითად, ტელევიზორს ან კომპიუტერულ თამაშებს. წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი ციტატებიც.
„დაკვრა ძალიან მომწონს. ამაში შემიძლია მთელი ჩემი გრძნობები ჩავდო. ახალი სიმღერების სწავლამ სხვადასხვა სტილის მუსიკა შემაყვარა“ (ბრაიანი, 18 წლის, უკრავს გიტარას, დოლს და ფორტეპიანოს).
„მეცადინეობის გარეშე კარგად დაკვრას ვერ ისწავლი. მეცადინეობა კი ყოველთვის არ გეხალისება. მაგრამ როცა კარგად გამოგდის რაიმე ნაწარმოების შესრულება, გიხარია და ძალიან კმაყოფილი ხარ“ (ჯეიდი, 13 წლის, უკრავს ალტს).
„ცუდი დღის შემდეგ ან უხასიათოდ ყოფნისას გიტარაზე დაკვრა ძალიან მეხმარება. წყნარი მუსიკა მამშვიდებს და სიამოვნებას მანიჭებს“ (ვანესა, 20 წლის, უკრავს გიტარას, ფორტეპიანოს და კლარნეტს).
„ადრე ვფიქრობდი, რომ სხვებივით კარგად ვერასდროს დავუკრავდი. მაგრამ ბევრს ვმეცადინეობდი და დღეს ძალიან მიხარია, როცა კარგად ვუკრავ რამეს. ახლა უკეთ ვაფასებ სხვების შრომას, როცა მათ მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს ვუსმენ“ (იაკობი, 20 წლის, უკრავს გიტარას).
[სურათი 255 გვერდზე]
ჯანსაღი საკვები, როცა ზომიერად ვიღებთ, სასარგებლოა, არაჯანსაღი კი — თუნდაც მცირე რაოდენობით — საზიანო. ასეა მუსიკაც.