ᲗᲐᲕᲘ 6
„მადლითა და ძალით სავსე სტეფანე“
ჩვენთვის მაგალითია სინედრიონის წინაშე სტეფანეს ქადაგება.
1—3. ა) როგორ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სტეფანე და როგორ შეხვდა ამ მდგომარეობას? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
ᲘᲔᲠᲣᲡᲐᲚᲘᲛᲘᲡ ტაძართან ახლოს, დიდ და შთამბეჭდავ დარბაზში ნახევარწრიულად მსხდომი 71 მოსამართლე სტეფანეს გასასამართლებლად შეკრებილა, და სტეფანეც სინედრიონის წინაშე დგას. მოსამართლეები, ძლევამოსილი და გავლენიანი მამაკაცები ზიზღით უყურებენ იესოს მოწაფეს. სასამართლო მღვდელმთავარ კაიაფას მოუწვევია, რომელიც რამდენიმე თვით ადრეც უძღვებოდა სინედრიონს, როცა იესო ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, ეშინია სტეფანეს?
2 მის სახეზე საუცხოო რამ იკითხება. მოსამართლეები უყურებენ და ხედავენ, „რომ სახე ანგელოზის სახეს“ მიუგავს (საქ. 6:15). ანგელოზები იეჰოვას მაცნეები არიან, ამიტომ მათ არაფრის ეშინიათ და არასდროს კარგავენ სიმშვიდეს. სტეფანესაც უშიშარი და მშვიდი გამომეტყველება აქვს, რაც ზიზღით შემყურე მოსამართლეებსაც კი არ რჩებათ უყურადღებოდ. რა არის მისი სიმშვიდის მიზეზი?
3 ამ კითხვის პასუხი ქრისტიანებს ბევრ რამეს გვასწავლის. ამ თავიდან გავიგებთ, რატომ აღმოჩნდა სტეფანე ამ რთულ მდგომარეობაში, სასამართლოს წინაშე წარდგომამდე როგორ იცავდა თავის რწმენას და რაში უნდა მივბაძოთ მას.
„ხალხი . . . წააქეზეს“ (საქმეები 6:8—15)
4, 5. ა) რას აკეთებდა სტეფანე კრებისთვის? ბ) რა გაგებით იყო ის „მადლითა და ძალით სავსე“?
4 როგორც უკვე დავინახეთ სტეფანე ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრებისთვის ბევრ რამეს აკეთებდა. ის იმ შვიდ თავმდაბალ კაცს შორის იყო, რომლებიც მზად იყვნენ, მოციქულებს დახმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან ძღვენი ჰქონდა მიღებული, ის თავმდაბალი იყო, და ეს აშკარად ჩანდა. საქმეების 6:8-ში ვკითხულობთ, რომ სტეფანე ზოგი მოციქულის მსგავსად „დიდ საკვირველებებსა და სასწაულებს ახდენდა“. ისიც წერია, რომ ის „მადლითა და ძალით [იყო] სავსე“. რა იგულისხმება „მადლითა და ძალით სავსეში“?
5 სიტყვა „მადლი“ ბერძნულიდან შეიძლება აგრეთვე „მადლიერებად“ ითარგმნოს. სტეფანე კეთილი, რბილი, მადლიანი ადამიანი იყო და ყველას სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. ის დამაჯერებლად საუბრობდა ისე, რომ მსმენელი ადვილად რწმუნდებოდა მის გულწრფელობაში და იმაში, რომ, რასაც ასწავლიდა მისივე კეთილდღეობას ემსახურებოდა. ის ძალით იყო სავსე, ანუ იეჰოვას სული მოქმედებდა მასზე, რადგან თავმდაბლად ემორჩილებოდა წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ნაცვლად იმისა, რომ ღვთისგან ბოძებულ ძღვენს და თავის ნიჭს გაეყოყოჩებინა, ის დიდებას იეჰოვას მიაგებდა, მსმენელი კი ყოველთვის სიყვარულს გრძნობდა მისგან. მაგრამ არც ის არის გასაკვირი, რომ მოწინააღმდეგეები მას საშიშ ადამიანად მიიჩნევდნენ.
6—8. ა) რა ბრალდებები წაუყენეს სტეფანეს და რატომ? ბ) რატომ არის ქრისტიანებისთვის საყურადღებო სტეფანეს მაგალითი?
6 ერთხელაც მოწინააღმდეგეები შეედავნენ სტეფანეს, „მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ იმ სიბრძნესა და წმინდა სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა“.a გაღიზიანებულებმა „ჩუმად შეაგულიანეს კაცები“ მისთვის ცრუ ბრალდებების წასაყენებლად; „მერე ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები წააქეზეს“, შეიპყრეს სტეფანე და სინედრიონს წარუდგინეს (საქ. 6:9—12). მოწინააღმდეგეებმა ორი ბრალდება წაუყენეს — ღვთის გმობა და მოსეს გმობა. რას გულისხმობდნენ ამ ბრალდებაში?
7 ცრუმოწმეები ამბობდნენ, რომ სტეფანე „ამ წმინდა ადგილის“, იერუსალიმის ტაძრის, წინააღმდეგ ლაპარაკით ღმერთს გმობდა (საქ. 6:13), მოსეს კანონში ჩაწერილი ადათ-წესების შეცვლით კი — მოსეს. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებები იყო, რადგან იუდეველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტაძარს, წვრილმანებს მოსეს კანონიდან და იმ უამრავ ადათ-წესს, რომელიც კანონს თვითონვე დაუმატეს. ასე რომ, ამ ბრალდებებით იმის თქმა უნდოდათ, რომ ეს კაცი საშიში იყო და სიკვდილს იმსახურებდა.
8 სამწუხაროა, რომ ხშირად სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები მსგავს მეთოდებს მიმართავენ ღვთის მსახურების შესავიწროებლად. მოწინააღმდეგეები ზოგჯერ მთავრობას აქეზებენ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. როგორ უნდა შევხვდეთ ცრუ ბრალდებებს? სტეფანეს შემთხვევიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ.
„ძლევამოსილ ღმერთზე“ გაბედულად ქადაგება (საქმეები 7:1—53)
9, 10. რას ამბობენ კრიტიკოსები სინედრიონის წინაშე სტეფანეს გამოსვლაზე, მაგრამ რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?
9 როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, როცა სტეფანეს ბრალს სდებდნენ, ანგელოზივით უშფოთველი სახე ჰქონდა. ბრალდებების მოსმენის შემდეგ კაიაფა სტეფანეს მიუბრუნდა და ჰკითხა: „სიმართლეა, რასაც ესენი ამბობენ?“ (საქ. 7:1). და სტეფანეს სიტყვის ჯერიც დადგა.
10 ზოგი კრიტიკოსის თვალსაზრისით სტეფანეს ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია, თუმცა ბევრი ილაპარაკა. სინამდვილეში, სტეფანემ იმის არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა, როგორ დავიცვათ სასიხარულო ცნობა (1 პეტ. 3:15). გავიხსენოთ, რაში დასდეს ბრალი სტეფანეს. იმაში, რომ ტაძრის შეურაცხყოფით ღმერთს გმობდა, კანონის წინააღმდეგ ლაპარაკით კი — მოსეს. სტეფანემ მოკლედ განიხილა ისრაელის ისტორიის სამი მონაკვეთი და რამდენიმე კონკრეტულ საკითხს გაუსვა ხაზი. განვიხილოთ სამივე მონაკვეთი.
11, 12. ა) რა მიზანს ემსახურებოდა აბრაამის მაგალითის მოყვანა? ბ) რატომ გაახსენა სტეფანემ მსმენელებს იოსების შემთხვევა?
11 პატრიარქების ეპოქა (საქ. 7:1—16). სტეფანემ სიტყვა იმით დაიწყო, რაშიც ვერავინ შეედავებოდა, და აბრაამის მაგალითი მოიყვანა, რადგან იუდეველები მას დიდი რწმენის გამო განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. გაიხსენა, რომ „ძლევამოსილი ღმერთი“ აბრაამს პირველად შუამდინარეთში ეჩვენა (საქ. 7:2). აღთქმულ მიწაზე ხიზნად მცხოვრებ კაცს არც ტაძარი ჰქონია და არც მოსეს კანონი. მაშ, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ღვთის ერთგულება ტაძარსა და კანონზე იყო დამოკიდებული?!
12 სტეფანეს მსმენელები დიდ პატივს სცემდნენ აბრაამის შთამომავალ იოსებსაც. სტეფანემ გაახსენა მათ, რომ მართალ იოსებს ღვიძლი ძმები ავიწროებდნენ, ისრაელის ტომთა წინაპრები, და მონადაც კი გაყიდეს. მაგრამ ღმერთმა სწორედ მისი ხელით გადაარჩინა ისრაელი შიმშილობის ჟამს. სტეფანემ კარგად იცოდა, რა მსგავსება იყო იოსებსა და იესო ქრისტეს შორის, მაგრამ მსმენელის ყურამდე სათქმელის მიტანა რომ დასცლოდა, ჯერ არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი.
13. როგორ გააბათილა სტეფანემ წაყენებული ბრალდება და რისი ხაზგასმა სურდა ამ პასუხით?
13 მოსეს ისტორია (საქ. 7:17—43). ვინაიდან სინედრიონის წევრთა უმეტესობა სადუკეველები იყვნენ, რომლებიც ებრაული წერილებიდან მხოლოდ მოსეს წიგნებს სცნობდნენ, სტეფანემ დიდხანს ილაპარაკა მოსეზე. მან მსმენელს დაანახვა, რომ დიდ პატივს სცემდა მოსესაც და კანონსაც, რითაც წაყენებული ბრალდება გააბათილა (საქ. 7:38). აღნიშნა რომ, იოსებისა არ იყოს, მოსესაც უარყოფდნენ, თანაც ისინი, ვის გადარჩენასაც ცდილობდა. პირველად მაშინ უარყვეს, როცა 40 წლის იყო, და 40-ზე მეტი წლის შემდეგაც არაერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ მისი უფლებამოსილება.b სტეფანე ნელ-ნელა იმ ძირითად აზრს აყალიბებდა, რომ ღვთის ხალხი ხშირად უარყოფდა ღვთის რჩეულ წინამძღოლს.
14. რისი თქმა უნდოდა სტეფანეს მოსეს მაგალითით?
14 სტეფანემ მსმენელს შეახსენა, რომ მოსეს წინასწარმეტყველების თანახმად ღმერთს ისრაელისთვის მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი უნდა მოევლინა. ვინ იქნებოდა ის და როგორ შეხვდებოდა მას ხალხი? სტეფანე ამ კითხვას დასკვნაში გასცემდა პასუხს, მანამდე კი სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მაშინ, როცა იეჰოვა ალმოდებული ბუჩქიდან ელაპარაკა, მოსე მიხვდა, რომ იეჰოვას შეეძლო ნებისმიერი ადგილი გამოეცხადებინა წმინდად. მაშ, სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვას თაყვანისცემა მხოლოდ ერთ ადგილას, იერუსალიმის ტაძარში შეიძლებოდა? მოდი გავიგოთ.
15, 16. ა) რატომ მოიყვანა სტეფანემ კარავი მაგალითად? ბ) რატომ მოიხსენია სოლომონის ტაძარი?
15 კარავი და ტაძარი (საქ. 7:44—50). სტეფანემ მოსამართლეებს ისიც გაახსენა, რომ იერუსალიმის ტაძრამდე ღმერთმა თაყვანისცემისთვის მოსეს კარავი ააგებინა. გაბედავდა ვინმე და იტყოდა, რომ ტაძარი თავისი მნიშვნელობით აღემატებოდა კარავს, რომელშიც თავად მოსე სცემდა თაყვანს ღმერთს?
16 იერუსალიმის ტაძრის აგების შემდეგ სოლომონმა ლოცვაში ღვთის შთაგონებით მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც მოგვიანებით სტეფანემ სინედრიონს გაუმეორა: „უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქ. 7:48; 2 მატ. 6:18). მართალია, იეჰოვას შეუძლია თავისი ნების შესასრულებლად ტაძარი გამოიყენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გარეშე ხელი შეეშლება თავისი ნების განხორციელებაში. მაშ, რატომ უნდა ფიქრობდნენ მისი თაყვანისმცემლები, რომ ხელით ნაშენები სახლის გარეშე წმინდა თაყვანისმცემლობა შეუძლებელი იქნებოდა? სტეფანემ თავისი მსჯელობა ესაიას წიგნიდან მოყვანილი ციტატით დააგვირგვინა: „ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა — ფეხსადგამი. როგორ ტაძარს ამიშენებთ?! — ამბობს იეჰოვა. — ან სადაა ჩემი მოსასვენებელი ადგილი?! განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?!“ (საქ. 7:49, 50; ეს. 66:1, 2).
17. ა) როგორ ამხილა სტეფანემ თავისი ბრალმდებლების სიცრუე? ბ) როგორ გააბათილა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები?
17 ზემოთ მოყვანილმა მსჯელობამ, ალბათ, დაგარწმუნათ იმაში, რომ სტეფანემ ჭკვიანურად ამხილა თავისი ბრალმდებლების სიცრუე. მან მსმენელს დაანახვა, რომ თავისი განზრახვის შესასრულებლად დროისა და გარემოების შესაბამისად იეჰოვა სხვადასხვა რამეს იყენებს. მათ, ვინც მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა იერუსალიმის მშვენიერ ტაძარსა და მოსეს კანონში ჩამატებულ ადათ-წესებს, მხედველობიდან რჩებოდათ, სინამდვილეში, რა მიზანს ემსახურებოდა კანონი და ტაძარი. ასე რომ, სტეფანემ მნიშვნელოვანი კითხვა წამოჭრა — განა კანონისა და ტაძრის მიმართ მოკრძალება საუკეთესოდ იეჰოვას მორჩილებით არ გამოიხატება? ამ სიტყვებით სტეფანემ შესანიშნავად გაამართლა თავისი მოქმედებები, რადგან იეჰოვას მორჩილებისთვის უკან არაფერზე დაუხევია.
18. რაში უნდა მივბაძოთ სტეფანეს?
18 რას ვსწავლობთ სტეფანეს მსჯელობიდან? მან კარგად იცოდა წმინდა წერილები. ასე რომ, ჩვენც გულმოდგინედ უნდა ვისწავლოთ ბიბლია, რათა სწორად გადავცეთ „ღვთის სიტყვა“ (2 ტიმ. 2:15). გულისხმიერსა და ტაქტიან სტეფანეს ისეთი აგრესიული მსმენელი ჰყავდა, რომ შეიძლება წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ის იმ საკითხებს შეეხო, რაშიც მსმენელებიც ეთანხმებოდნენ და რაც მათთვის ხელშეუხებლად წმინდა იყო. მის ლაპარაკში პატივისცემა იგრძნობოდა, უფლებამოსილებს ასე მიმართავდა: „მამებო“ (საქ. 7:2). მის მსგავსად ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება ჩვენც „რბილად და პატივისცემით“ უნდა გადავცეთ ხალხს (1 პეტ. 3:15).
19. როგორ განუცხადა სტეფანემ იეჰოვას განაჩენი სინედრიონს?
19 მართალია, ხალხს რბილად და პატივისცემით გადავცემთ ჭეშმარიტებას, მაგრამ იმის შიშით, რომ გული არ ვატკინოთ, თავს არ ვიკავებთ სიმართლის თქმისგან, და იეჰოვას განაჩენს არ ვარბილებთ. სტეფანე ამაშიც სამაგალითო იყო. როცა დარწმუნდა, რომ სინედრიონის წინაშე მოყვანილი მტკიცებულებები გულქვა მოსამართლეების დამოკიდებულებას არ შეცვლიდა, თავისი სიტყვის ბოლოს წმინდა სულით შთაგონებულმა გაბედულად განაცხადა, რომ იოსების, მოსესა და წინასწარმეტყველთა უარმყოფელი წინაპრებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ ისინი (საქ. 7:51—53). ისიც უთხრა, რომ სწორედ ამ მოსამართლეთა მოკლული იყო მესია, რომლის მოსვლაც მოსესა და სხვა წინასწარმეტყველებს ჰქონდათ ნაწინასწარმეტყველები; განა შეიძლებოდა ამაზე უხეშად დარღვეულიყო მოსეს კანონი?!
„უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“ (საქმეები 7:54—8:3)
20, 21. რა რეაქცია ჰქონდა მხილებულ სინედრიონს და როგორ განამტკიცა იეჰოვამ სტეფანე?
20 მოსამართლეებმა ვერ უარყვეს სტეფანეს სიტყვების ჭეშმარიტება და რისხვით აენთნენ; უკვე შეურაცხადები „კბილებს აღრჭიალებდნენ“. ეს ერთგული მოწაფე ადვილად მიხვდა, რომ თავისი მოძღვრის, იესოს მსგავსად, მოწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდა.
21 მოსახდენთან შესახვედრად სტეფანეს სიმამაცე სჭირდებოდა, და სწორედ ამ დროს უჩვენა იეჰოვამ ხილვა, რაც მხნეობას შემატებდა. მან იხილა ღვთის დიდება და იეჰოვას მარჯვნივ მდგარი იესო! როგორც კი სტეფანემ ხმამაღლა თქვა, რასაც ხედავდა, მოსამართლეებმა ყურებზე ხელები მიიფარეს. რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია? ცოტა ხნით ადრე იესოს იმავე სასამართლოს წინაშე ჰქონდა ნათქვამი, რომ მესია იყო და მალე მამის მარჯვნივ იქნებოდა (მარ. 14:62); სტეფანეს ხილვამ კი იესოს სიტყვების ჭეშმარიტება დაუდასტურა სინედრიონს, რომელსაც მესიის გაცემა და სიკვდილი ედებოდა ბრალად! ამის შემდეგ ყველა ერთად წამოიშალა სტეფანეს ჩასაქოლად.c
22, 23. როგორ შეხვდა სტეფანე სიკვდილს და რატომ უნდა ვიყოთ სტეფანესავით მტკიცენი?
22 იესოს მსგავსად სტეფანეს სიკვდილის წინ არც სიმშვიდე დაუკარგავს, არც იეჰოვას მიმართ ნდობა, და ისიც თავის მკვლელთა შეწყალებას ითხოვდა. მან ამოთქვა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“ და, ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხედავდა იეჰოვას გვერდით მდგარ კაცის ძეს. შეუძლებელი იყო სტეფანეს არ ხსომებოდა იესოს მანუგეშებელი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოან. 11:25). მან სიკვდილის წინ ხმამაღლა ილოცა: „იეჰოვა, ნუ მოჰკითხავ მათ ამ ცოდვას“ (საქ. 7:59, 60).
23 სტეფანე ქრისტეს მიმდევართაგან პირველი იყო, რომელიც წამებით მოკლეს (იხილეთ ჩარჩო „სტეფანე იესოზე ქადაგებისთვის მოკლეს“). სამწუხაროდ, ის პირველი იყო და არა უკანასკნელი. ჩვენს დროშიც მოუკლავთ იეჰოვას ერთგული მსახურები რელიგიურ ფანატიკოსებს, პოლიტიკურ დაჯგუფებებსა და სხვა აგრესიულ მოწინააღმდეგეებს. სტეფანეს მსგავსად ჩვენც მტკიცენი უნდა ვიყოთ, რადგან იესო უკვე მეფობს და მამისგან ნაბოძებ უდიდეს ძალას ფლობს. მას ვერაფერი დაუდგება წინ და თავის ერთგულ მიმდევრებს აუცილებლად დაუბრუნებს სიცოცხლეს (იოან. 5:28, 29).
24. რა ბრალი მიუძღოდა სავლეს სტეფანეს სიკვდილში და რა კვალს დატოვებდა სტეფანეს სიკვდილი ქრისტეს მიმდევრებზე?
24 სტეფანეს ჩაქოლვას თვალყურს ადევნებდა ახალგაზრდა კაცი სავლე. ის იწონებდა სტეფანეს მოკვლას, და თვით მკვლელების ტანსაცმელსაც კი დარაჯობდა. ამ ამბის შემდეგ მალევე თვითონ ააგორა იესოს მიმდევართა დევნის ტალღა. სტეფანეს სიკვდილი დიდ კვალს დატოვებდა ქრისტეს მიმდევრებზე, ბევრ ქრისტიანს გაამხნევებდა და სიკვდილამდე ერთგულებისკენ აღძრავდა. უფრო მეტიც, სავლე, რომელიც მოგვიანებით პავლეს სახელით გახდებოდა ცნობილი, მთელი გულით ინანებდა სტეფანეს სიკვდილში მონაწილეობას (საქ. 22:20). მართალია, სტეფანეს სისხლი ედო ვალად, მაგრამ გავიდოდა დრო და თავის თავზე იტყოდა: „ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი“ (1 ტიმ. 1:13). ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ მას არასდროს დავიწყებია სტეფანე და მისი შთამბეჭდავი ქადაგება. პავლეს არაერთხელ უმსჯელია იმ საკითხებზე, რასაც სტეფანე შეეხო (საქ. 7:48; 17:24; ებრ. 9:24). საბოლოოდ, პავლე ფეხდაფეხ მიჰყვა „მადლითა და ძალით სავსე“ სტეფანეს რწმენისა და გაბედულების მაგალითს. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე?
a ზოგი მოწინააღმდეგე „გათავისუფლებულთა სინაგოგიდან“ იყო. ისინი შესაძლოა ერთ დროს რომაელთა ტყვეები ყოფილიყვნენ ან გათავისუფლებული მონები, რომლებიც იუდეველი პროზელიტები გახდნენ. ზოგი მათგანი ტარსოსელი სავლეს სამშობლოდან, კილიკიიდან იყო, თუმცა ამ მუხლებიდან არ ჩანს, თვითონ სავლე იყო თუ არა იმ კილიკიელებს შორის, რომლებიც წინ ვერ აღუდგნენ სტეფანეს.
b ბიბლიაში სტეფანეს სიტყვების გარდა სხვაგან არსად წერია ის, რომ მოსეს ეგვიპტეში ჰქონდა განათლება მიღებული, რამდენი წლის იყო ეგვიპტიდან გაქცევისას და რამდენ ხანს დარჩა მიდიანში.
c როგორც ჩანს, სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლებას არ აძლევდა რომის კანონი სინედრიონს (იოან. 18:31). როგორც უნდა ყოფილიყო, სტეფანე გაშმაგებულ ბრბოს შეეწირა და არა სასამართლო განაჩენს.